გეოპოლიტიკური საბედისწერო ქალი? - მარინ ლე პენის რევანში და ემანუელ მაკრონის განსაცდელი: საფრთხე, რომელიც საფრანგეთსა და ნატოს ემუქრება - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური საბედისწერო ქალი? - მარინ ლე პენის რევანში და ემანუელ მაკრონის განსაცდელი: საფრთხე, რომელიც საფრანგეთსა და ნატოს ემუქრება

„საფრანგეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ერთადერთი პოზიტიური შედეგი იქნებოდა ემანუელ მაკრონის ცენტრისტული პარტიის „აღორძინების“ გამარჯვება, მაგრამ, როგორც სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები მოწმობენ, მას წარმატების მიღწევის ძალიან მცირე შანსები აქვს. არჩევნების შედეგებით ნებისმიერ შემთხვევაში დაზარალდებიან პარიზის მოკავშირეები: უკიდურესად მემარჯვენე ძალების გამარჯვების შემთხვევაში უკრაინას საფრანგეთის დახმარება შეუწყდება, ხოლო უკიდურესად მემარცხენეები იქადნებიან, რომ საფრანგეთს ნატოს შემადგენლობიდან გაიყვანენ“, - ნათქვამია ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ფრანგი ულტრამემარჯვენეებისა და ულტრამემარცხენეების საგარეო პოლიტიკა შემაშფოთებელია: მათი გამარჯვების შემთხვევაში დასავლეთი და ნატო დასუსტდება“.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

მას შემდეგ, როცა 2009 წელს საფრანგეთი ნატოს სამხედრო სარდლობის გაერთიანებულ სტრუქტურაში დაბრუნდა და ამით პრეზიდენტ შარლ დე გოლის მიერ 1965 წელს მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა, პარიზი აშშ-სა და მთლიანობაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიმედო პარტნიორად იქცა. დღეს საფრანგეთი აქტიურად მონაწილეობს ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის უსაფრთხოების დაცვაში რუსეთისაგან - სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას, ხოლო ფრანგული თვითმფრინავები შავი ზღვის აკვატორიაში პატრულირებენ... პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მხარდამჭერად გადაიქცა. იგი კიევს სამხედრო ინსტრუქტორების მრავალრიცხოვანი ჯგუფის გაგზავნას პირდება, ასევე აცხადებს, რომ უკრაინას ფრანგულ ავიაგამანადგურებლებს - „მირაჟებს“ მიაწოდებს.

მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში შეიძლება გაურკვეველი და არასტაბილური პერიოდი დადგეს, რომელსაც შეუძლია ეჭვქვეშ დააყენოს პარიზის მიერ ნაკისრები ვალდებულებები. ეს დაკავშირებულია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოულოდნელ გადაწყვეტილებასთან - პარლამენტის (ეროვნული კრების) ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან, რომლის პირველი ტური - 30 ივნისს გაიმართება, მეორე კი - 7 ივლისს. როგორც 24 ივნისს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით ირკვევა, გამარჯვებისთვის ძლიერი პოზიციები აქვს „ეროვნული გაერთიანებას“ მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით (36%), მეორე ადგილზეა მემარცხენეთა ალიანსი - 29,5%. ემანუელ მაკრონის პროევროპულ ცენტრისტულ პარტიას კი მხარს უჭერს მხოლოდ 20%.

საფრანგეთის პრეზიდენტისათვის საპარლამენტო არჩევნების შედეგების პროგნოზები ძალიან სარისკოა და შეიძლება ემანუელ მაკრონი საკმაოდ უმნიშვნელო ფიგურად გადააქციოს. არ არის გამორიცხული, რომ მას საგარეო პოლიტიკის გატარება შეეზღუდოს: ფრანგულ მთავრობაში ევროსკეპტიკოსები ან ნატოსკეპტიკოსები მომრავლდებიან, პრეზიდენტი კი მათი სახით ბარიერებს წააწყდება. უკიდურესად მემარჯვენე და უკიდურესად მემარცხენე პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა, უკეთეს შემთხვევაში, უწესრიგობებს შექმნის - როგორც ფრანგებისთვის, ისე მათი მოკავშირეებისთვის, უარეს შემთხვევაში კი ფრანგულ დიპლომატიურ ავტორიტეტს ძირი გამოეთხრება, რაც, თავის მხრივ, ნატოს დაასუსტებს.

დასავლეთის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს უკიდურესად მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“, რომლის პარტიული მოღვაწეები ზოგჯერ ისე ლაპარაკობენ, თითქოსდა კრემლის მიერ მომზადებულ სცენარს კითხულობენ. მარინ ლე პენის პარტია არ მალავს თავის მტრულ დამოკიდებულებას უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, ხოლო მისი ერთ-ერთი ლიდერი, პოტენციური პრემიერ-მინისტრი ჟორდან ბარდელა გამორიცხავს როგორც ფრანგი სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნას უკრაინაში, ასევე კიევისათვის შორი მოქმედების რაკეტებისა და თვითმფრინავ „მირაჟების“ მიწოდებას.

რაც შეეხება უკიდურესად მემარცხენეების ალიანსს, ისინი შედარებით უფრო აქტიურები არიან უკრაინის მხარდაჭერაში, მაგრამ სურთ საფრანგეთის გაყვანა ნატოს შემადგენლობიდან. 2022 წელს ჟან-ლიუკ მელანშონმა, რომლის პარტია ამჟამად ალიანს „ახალ სახალხო ფრონტში“ დომინირებს, საფრანგეთს ნატოდან გასვლას მოუწოდებდა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უსარგებლო ორგანიზაციად თვლიდა. მემარცხენეთა წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება ისრაელის მოქმედების დაგმობას ღაზას სექტორში, მაგრამ მასში არაფერია ნათქვამი ნატოზე, ამერიკაზე და ჩინეთზე.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო