ქართველი გენერლის პროგნოზი: გადავა თუ არა ზელენსკის არმია კონტრშეტევაზე - რა ხდება ფრონტზე, რომელიც 1500 კილომეტრზეა გადაჭიმული - კვირის პალიტრა

ქართველი გენერლის პროგნოზი: გადავა თუ არა ზელენსკის არმია კონტრშეტევაზე - რა ხდება ფრონტზე, რომელიც 1500 კილომეტრზეა გადაჭიმული

გთავაზობთ ეპიზოდს გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 24 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა.

- რუსები ვერ ახერხებენ შეტევის წარმატებით გაგრძელებას, ძალიან უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა აქვთ, უკრაინელები კი ახერხებენ თავდაცვის ფრონტის შენარჩუნებას. ასე რომ, ჯერჯერ­ობით წარმატება-მარცხზე ლაპარაკი­ ბუნდოვანია, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ რუსები უკვე ვეღარ ახერხებენ შეტევის განვითარებას, უკრაინელები კი ახერხებენ ფრონტის შენარჩუნებას და ზოგიერთ მიმართულებაზე კონტრშეტევაზეც გადადიან.

- რუსეთი რატომ ვერ ახერხებს შეტევას?

- ამის ბევრი მიზეზია და პირველი ის, რომ უკრაინამ მიიღო დაპირებული შეიარაღება და მისი საცეცხლე ზემოქმედების­ შესაძლებლობები დღეს გაცილებით მაღალია,­ რაც მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც თავდაცვაში ხარ და ახერხებ მოწინააღმდეგის მომარაგების, კომუნიკაციების ხაზებზე მუდმივად დარტყმას. მეორე ფაქტორი ის არის, რომ რუსებმა­ რატომღაც, ვერ შექმნეს დარტყმების დაჯგუფება, კვლავ ყველა მიმართულებას უტევენ და არა აქვთ გამოკვეთილი ძირითადი­ მიმართულება, დამხმარე მიმართულება და ა.შ., რაც, მათი მინუსია და ამას ემატება პრობლემები ტექნიკასა და შეიარაღებაში.

- ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტი, ფაქტობრივად, შეიარაღების პრობლემას უკავშირდება. ფხენიანს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთს დაეხმაროს?

- რუსეთი უკვე იღებს ჩრდილოეთ კორეისგან იარაღს. გარდა ამისა, შესაძლებელია კორეამ რუსეთის სასიკეთოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შეიტანოს ომის თეატრში, თუკი ჩრდილოეთი კორეა სამხედრო კონტინგენტს გაგზავნის, ოღონდ კორეიდან წავიდნენ და კორეელები დიდი სიამოვნებით იომებენ რუსეთის მხარეს.

- აშშ-ის გადაწყვეტილებამ, რომ უკრაინას შეუძლია ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას, ფაქტობრივად, შეცვალა რეალობა, მაგრამ არის ეს საკმარისი?

- ყველაფერი თანდათანობით ხდება, უკრაინას იარაღის გამოყენების სრულ თავისუფლებასაც მისცემენ, თუკი უკრაინისთვის მძიმე მდგომარეობა გაგრძელდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს არსებული მოცემულობით, რუსეთი აღწევს თავის შეტევებში კულმინაციის წერტილს, რაც გულისხმობს იმას, რომ მას შეტევების გაგრძელება აღარ შეუძლია, უჭირს და ამ წერტილს თუ მიაღწევს, მაშინ შეტევებს ვეღარ გააგრძელებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთი დამარცხდება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი გადავა თავდაცვაზე და დაიწყებს ისევ ძალის მოკრებას. გამაგრდება დაკავებულ ტერიტორიებზე და შეეცდება პარტნიორების გამონახვას დამატებითი შეიარაღების მისაღებად. დღეს მაინც არ იღებს იმ რაოდენობით, რამდენიც სჭირდება, თანაც ნახევრად არალეგალური გზებით. თუმცა, იმდენად დიდი ფრონტია, ფაქტობრივად, უკვე 1500 კილომეტრზეა გადაჭიმული­ და თუ რუსებმა კონკრეტული მიმართულება არ გამოკვეთეს, ძალიან გაუჭირდებათ მოქმედება.

- იქნება ეს მოლაპარაკებაზე გადასვლის ეტაპი?

- ამის შანსი არის და პუტინის განცხადებებიც ამის მიმანიშნებელი იყო. ფრონტის ხაზზე ვითარება განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად დაიწყება მოლაპარაკებები.

- რამდენად საფუძვლიანია საუბარი, რომ რუსეთმა გააძლიერა ბირთვული ქობინებით წვრთნების ჩატარება და ეს ზრდის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს?

- ნატომაც განაცხადა, რომ ეს ბლეფია, თითქოს რუსეთმა ბელარუსში ბირთვული­ იარაღით ჩაატარა წვრთნა. კრემლს სურს აჩვენოს, თითქოს ისევ ძალიან ძლიერია, მაგრამ რუსეთი ბირთვულ იარაღს ვერ გამოიყენებს, რადგან პასუხი იმდენად მძიმე იქნება, რომ ახლა ამის გაკეთება არ უღირთ. რუსეთს აქვს უფრო მეტი ტაქტიკური ბირთვული ქობინი, მაგრამ არან­აკლები თანამედროვე იარაღია ნატოს შეიარაღებაში, ვიდრე ეს ტაქტიკური ბირთვული ქობინებია, მით უმეტეს, ამ ქობინებსაც გამოყენება უნდა. თუკი ჩამოუგდეს, საარტილერიო ჭურვი იქნება თუ საავიაციო ბომბი, რა მნიშვნელობა აქვს, რა ქობინი ექნება?

- შარშან ამ დროს ძალიან აქტუალური­ იყო უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლის საკითხი. წელს ამაზე ლაპარაკი არ არის...

- ნუ ვიტყვით, რომ არ არის, კონტრშეტევისთვის პირობები უნდა ჩამოყალიბდეს. მოწინააღმდეგე უნდა იყოს შეჩერებული, მას უნდა ჰქონდეს მიყენებული შესაბამისი ზარალი, მისი მეორე ეშელონები და რეზერვები უნდა იყოს მოწყვეტილი მოწინავე დაჯგუფებისგან და შენ უნდა გქონდეს საიმისო ძალა, რომლითაც შეძლებ კონტრშეტევაზე გადასვლას. როდესაც ამ პირობებს დააკმაყოფილებს უკრაინა, ის შეძლებს­ კონტრშეტევასაც.

წაიკითხე ვრცლად: „რუსეთს რომ ულხინდეს, ჩრდილოეთ კორეას არ სთხოვდა დახმარებას“