პუტინი ჰიტლერივით ახალ „ბოროტების ღერძს“ ქმნის - კვირის პალიტრა

პუტინი ჰიტლერივით ახალ „ბოროტების ღერძს“ ქმნის

პუტინმა და კიმმა ერთმანეთს „ძმობა შეჰფიცეს“

მსოფლიოში ყველაზე მეტად დასანქცირებულმა რუსეთის ფედერაციამ და ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება დადეს, რამაც ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს უახლოეს მომავალში.

ფხენიანში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დაწყებას ითვალისწინებს.

ჩრდილოეთ კორეაში განსაკუთრებული პატივით დახვდნენ რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც იქ ბოლოს ოფიციალური ვიზიტით თავისი მეოთხედსაუკუნოვანი საპრეზიდენტო კარიერის დასაწყისში, 2000 წელს ჩავიდა და შეხვდა ჩრდილოეთ კორეის დღევანდელი ლიდერის, კიმ ჩენ ინის მამას - კიმ ჩენ ირს.

ფხენიანში პუტინსა და კორეის უზენაეს ლიდერ კიმ ჩენ ინს "მგრძნობიარე შეხვედრა" ჰქონდათ, "მათ ერთმანეთს თავიანთი ფიქრები გაუზიარეს, შემდეგ კი ორივე დასაძინებლად გაემართა. ამხანაგი კიმ ჩენ ინი, როცა ამხანაგ პუტინს საძინებელში მიაცილებდა, მასთან გულისხმიერად საუბრობდა", - მოწიწებით წერს ჩრდილოკორეული ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო KCNA.

sam-1719391536.jpg
ჩრდილოეთ კორეის სწრაფად განვითარებადი ბირთვული და სარაკეტო პროგრამები (დიდი ალბათობით, ჩინეთისა და რუსეთის ფარული დახმარებით) დიდ საშიშროებას უქმნის არა მარტო მეზობელ სამრეთ კორეას, არამედ იაპონიასა და თვით აშშ-საც...

პუტინი კიმ ჩენ ინის მადლიერი უნდა იყოს, რადგან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 10 ათასზე მეტი საზღვაო კონტეინერი გაუგზავნა, რომლებშიც მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი და რაკეტა იყო ჩატვირთული, რამაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინის ფრონტზე ახალ-ახალი შეტევების საშუალება მისცა.

თუმცა ფხენიანში ხელმოწერილი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება ითვალისწინებს "დაუყოვნებლივი სამხედრო და სხვა სახის დახმარებას, თუკი რომელიმე მათგანზე აგრესია განხორციელდა"!

ანუ თუკი ჩრდილოეთი კორეა აქამდეც აწვდიდა რუსეთს საბრძოლო საჭურველს, ახალი ხელშეკრულება უშვებს უკვე... ცოცხალი ძალით დახმარებასაც?!

კრემლი, რომელიც ისედაც გაჰყვირის, უკრაინელები რუსეთის ტერიტორიას ამერიკული რაკეტებით აყენებენ დარტყმებსო, ნიშნავს ნატოს თავდასხმას მთლიანად რუსეთზე და კრემლი ხვალ ხომ არ სთხოვს ფხენიანს ჩრდილოკორეელი მებრძოლებით დაკომპლექტებული ბრიგადების გაგზავნას უკრაინის ფრონტზე?

ყველაფერი შეიძლება, მით უმეტეს, რუსეთი ისედაც ცდილობს უცხოელი დაქირავებულების მიზიდვას უკრაინასთან საბრძოლველად და კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული ჩრდილოკორეელი სამხედროების დახმარება პუტინის ოკუპანტ არმიას, რომელიც უკრაინასთან ომის ჭაობში მესამე წელია "ფართხალებს", სულზე მიუსწრებს.

ფაქტია, იკვრება ერთგვარი "ღერძი", ისეთივე, როგორიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდა ფაშისტურ გერმანიას მუსოლინის იტალიასა და იაპონიასთან.

ამჯერად პუტინი ამ "ღერძს" ქმნის ბელარუსთან, სირიასთან, ირანსა და ჩრდილოეთ კორეასთან, რომელსაც ვენესუელაც შეუერთდება.

გარდა ამისა, აფრიკის კონტინენტის რიგი ქვეყნები აპირებენ აღადგინონ მოსკოვთან ის სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა, რაც საბჭოთა პერიოდში ჰქონდათ.

ჩინეთი თავს იკავებს აშკარად გაუწიოს სამხედრო დახმარება რუსეთის არმიას, თუმცა ხელს არ უშლის ჩინურ კომპანიებს რუსეთს მიჰყიდოს ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, რომელსაც რუსეთი შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების დასამზადებლად იყენებს.

ვინ უფრო ძლიერი გამოვა - 32-ქვეყნიანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თუ რუსეთის გარშემო შემოკრებილი ხუთი ან მეტქვეყნიანი "ღერძი"?

ნატოში გაწევრებულია მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი სახელმწიფო, მძლავრი ეკონომიკითა და ძლიერი სამხედრო პოტენციალით, მეორე მხარეს კი მსოფლიოში ყველაზე დასანქცირებული ხუთი ქვეყანაა, რომელთა ეკონომიკებს სერიოზული პრობლემები აქვს და მიუხედავად ამისა...

დღეს უკრაინის ფრონტს რაც შეიძლება მეტი შეიარაღება, სახარჯი საბრძოლო მასალა და მებრძოლები სჭირდება, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავია, ეს უპირატესობა ნაკლებად აისახება ფრონტზე უკრაინის არმიის დახმარებაში, რადგან ან არასრულყოფილია, ან იგვიანებს, ან თან მოჰყვება აკრძალვა - რუსულ სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არ ესროლოო.

მეორე მხარეს კი, რუსეთის საოკუპაციო ძალებს, ამგვარი შეზღუდვა არა აქვთ, სისტემატურად და დაუნდობლად ბომბავენ უკრაინის ქალაქებს და გამუდმებით უტევენ ფრონტის ხაზის ხუთ-ექვს მონაკვეთზე.

მართალია, პუტინის არმია კვლავ ფლობს საბრძოლო ინიციატივას, მაგრამ მისი წინსვლა ფრონტზე მინიმალურია მაქსიმალური საბრძოლო დანაკარგების ფონზე.

sam3-1719391537.jpg
ჩრდილოკორეული საარტილერიო ჭურვებისა და ბალისტიკური რაკეტების შემდეგ გამოჩნდებიან თუ არა ჩრდილოკორეელი მებრძოლებიც უკრაინის ფრონტზე?

ახლა პუტინს ჰაერივით სჭირდება როგორც ჩრდილოკორეული, მართალია, ხშირად უხარისხო, მაგრამ უკვე გამზადებული და იაფი საარტილერიო ჭურვები და რაკეტები, ასევე ცოცხალი ძალით დახმარება - რუსული სოფლებიდან ძალით მობილიზებულებით ან 200 ათასი რუბლს დახარბებულებით (რომ აღარაფერი ვთქვათ პატიმრებზე) დაკომპლექტებული რუსეთის საოკუპაციო არმია წინ დიდად ვერ მიიწევს.

კიმ ჩენ ინის განკარგულებაშია მილიონზე მეტი რიცხოვნობის რეგულარული არმია და შეუძლია 4 მლნ რეზერვისტის მობილიზებაც. სამხედრო დისციპლინა კიმის არმიაში მაღალ დონეზეა, ისინი თავისი ლიდერის მზეს ფიცულობენ და ერთი სიტყვაც ეყოფათ მისთვის თავის გასაწირად.

თუკი კინ ჩენ ინმა შეიარაღებისა და საბრძოლო საჭურვლის (რომელსაც ათწლეულების განმავლობაში აგროვებდნენ მისი ბაბუა და მამა) გარდა, პუტინს ჩრდილოკორეელი მებრძოლებით დაკომპლექტებული საბრძოლო დანაყოფებიც გაუგზავნა უკრაინის ფრონტზე დასახმარებლად, ეს ძალიან ბევრ რამეს შეცვლის.

მართალია, ჩრდილოეთ კორეის არმიას 70 წელზე მეტია არ უომია და რეალური საბრძოლო გამოცდილება არა აქვს, მაგრამ თავისი ლიდერის ფანატიკური მორჩილებით გამოირჩევა და მის ყველა ბრძანებას შეასრულებს.

მიუხედავად ყოველივე ამისა, მოგება შეიძლება უკრაინამაც ნახოს, რადგან რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული შეთანხმებით გაღიზიანებულმა სამხრეთ კორეამ გამორიცხული არ არის, გადახედოს თავის პოლიტიკას უკრაინისთვის ლეტალური იარაღის არმიწოდების თაობაზე, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან იცავს, და უკრაინისთვის 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებისა და საზენიტო საშუალებების მიწოდება დაიწყოს.

კრემლის ბინადარი პუტინიც გრძნობს ამ დიდ საშიშროებას მისი ოკუპანტი არმიისთვის უკრაინის ფრონტზე (როგორც წესი, სამხრეთკორეული წარმოების ნატოს სტანდარტის 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები ხარისხით და მიზანში მოხვედრის სიზუსტით ბევრად აღემატება ჩრდილო კორეის მიერ რუსეთის საოკუპაციო არმიისთვის გაგზავნილ საბჭოთადროინდელ 152 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, რაც უკრაინის ფრონტზე უკვე გამოჩნდა) და ამიტომაც წინასწარ აფრთხილებს სამხრეთ კორეის ხელისუფლებას, რომ ლეტალური იარაღის უკრაინისთვის მიწოდება იქნება ძალიან დიდი შეცდომა. იმედია, ეს არ მოხდება და თუკი მაინც მოხდა, მაშინ ჩვენც მივიღებთ შესაბამის ზომებს, რაც სამხრეთ კორეის დღევანდელ ხელისუფლებას ნამდვილად არ მოეწონებაო.

რას გულისხმობდა ამ მუქარაში რუსეთის პრეზიდენტი? იმას ხომ არა, რომ ჯერ კიდევ 71 წლის წინ, 1953 წლის 27 ივლისს, რუსეთი 38-ე პარალელზე გავლებული დემილიტარიზებული ზონის (რომელმაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ომი შეაჩერა) დარღვევაში დაეხმარა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს, ისევე, როგორც 1950 წლის 25 ივნისს სტალინმა მის ბაბუას, კიმ ირ სენს უბიძგა სამხრეთ კორეაზე თავდასხმისკენ?

ასეთ შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ევროპული ომი აზიურ ომშიც შეიძლება გადაიზარდოს და ჩვენი პლანეტა მესამე მსოფლიო ომის დაწყების წინაშე დააყენოს, მით უმეტეს, ჩრდილოეთ კორეას აქვს ბირთვული იარაღი და მისი შორ მანძილზე გადამტანი რაკეტები, ხოლო თუკი პუტინი მხოლოდ "ბირთვულ შანტაჟს" დასჯერდება, მისი ახალგაზრდა და ფიცხი პარტნიორი კიმ ჩენ ინი შეიძლება უფრო შორსაც წავიდეს და სამხრეთ კორეაზე (ან სულაც იაპონიაზე და თვით აშშ-ზეც კი) ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების გასაშვებ ღილაკს დააჭიროს თითი.