ანომალიური სტიქია საქართველოში: საიდან "გაჩნდა" ქარბორბალა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ იცის - რას პროგნოზირებენ სპეციალისტები - კვირის პალიტრა

ანომალიური სტიქია საქართველოში: საიდან "გაჩნდა" ქარბორბალა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ იცის - რას პროგნოზირებენ სპეციალისტები

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ჯერ არნახული სტიქიური მოვლენა დაფიქსირდა. ქარბორბალამ ამოატრიალა მანქანები, წააქცია ხეივნები, ამოთხარა ზეთის ხილის ხეები, დააზიანა ალავერდის მონასტრის ინფრასტრუქტურა - გუმბათიდან ჩამოაგდო ჯვარი. რამ გამოიწვია კახეთისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის უჩვეულო მოვლენა, რომელ რეგიონში რა ტიპის სტიქიებს უნდა ველოდოთ და როგორი ზაფხული შეიძლება გვქონდეს წელს, ამის შესახებ მეტეოროლოგი სვეტა ნიორაძე გვესაუბრება.

- ქარბორბალა ჩვენი რეგიონისთვის, განსაკუთრებით, კახეთისთვის მართლაც უჩვეულოა. შარშან სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ახალქალაქში დაფიქსირდა მსგავსი ქარიშხალი. ადრე მსგავსი რამ არც ერთ რეგიონში არ ყოფილა. ზოგადად, საქართველოში ქარბორბალა იმდენად იშვიათი მოვლენაა, რომ არც კი აღვრიცხავთ.

- ალბათ, ზღვისპირა რეგიონებში მაინც დაფიქსირებულა.

- დიახ, ზღვისპირა რეგიონებში არის, მაგრამ იქაც ძალზე იშვიათად და მცირე მასშტაბის. ამ დრომდე არანაირი მონიტორინგი არ ყოფილა, ამის შემდეგ რა იქნება, ვერ გეტყვით.

- კახეთში რა გახდა ქარიშხალის გამომწვევი მიზეზი?

- გუშინ, საქართველოს მთელი მასშტაბით ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. კახეთში, კერძოდ თელავში, 32 გრადუსი იყო. ამასთან, მიწიდან ზემოთ, ერთ კილომეტრში შედარებით გრილი, ნოტიო ჰაერის მასები ვრცელდებოდა. ჩვენ ინფორმაციაც გავავრცელეთ იმის შესახებ, რომ დღის ბოლოდან ამინდი გაუარესდებოდა. ასეც მოხდა. საქართველოში ყველგან იწვიმა, ზოგან ქარი გაძლიერდა. რაც შეეხება ალავერდს, იქ შიდა-მასიური ლოკალური პროცესი განვითარდა, რაც გამოიხატა ამ ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით.

- შესაძლებელია, ეს უჩვეული ქარიშხალი კლიმატის ცვლილებითაც იყოს განპირობებული?

- კლიმატის ცვლილებამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა - არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ ასეთი პროცესის გააქტიურებაც კლიმატის ცვლილებებით იყოს განპირობებული, თუმცა, დადასტურებულად ვერაფერს ვიტყვით, ამისთვის კვლევების ჩატარებაა საჭირო.

- შეიძლება მსგავსი პროცესები ისევ განმეორდეს?

- რადგან პრეცედენტი უკვე იყო, არ არის გამორიცხული, ეს მომავალშიც განმეორდეს.

- უახლოეს დღეებში როგორი ამინდებია მოსალოდნელი?

- დღეს მთელი დღის განმავლობაში არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, მაგალითად, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ძლიერი, ზოგან ძალიან ძლიერი წვიმა მოვა ელჭექის თანხლებით. მოსალოდნელია სეტყვაც. აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან იწვიმებს, ძირითადად კი ძლიერი ქარი იქნება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. ხვალიდან უკვე გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში. თუმცა, დროდადრო ხანმოკლე წვიმები მაინც იქნება. ეს არამდგრადი ამინდები, სავარუდოდ, 8 ივლისამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ზოგადად ზაფხულს, ნორმასთან შედარებით 2%-ით ცხელი ზაფხული გვექნება. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ცალკეულ დღეებში ძლიერი წვიმები და ქარი იყოს.

- ღვარცოფულ და ზვავსაშიშ პროცესებსაც ხომ არ უნდა ველოდოთ?

- რა თქმა უნდა, ძლიერ წვიმებს ყოველთვის ახლავს ღვარცოფული და ზვავსაშიში პროცესების განვითარება, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში.

. ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)