ვიგებთ და გავდივართ! ისტორიული მატჩის დღე - როგორ დასრულდება კვარა-რონალდოს დუელი?! - კვირის პალიტრა

ვიგებთ და გავდივართ! ისტორიული მატჩის დღე - როგორ დასრულდება კვარა-რონალდოს დუელი?!

გელზენკირხენი, „ფელტინს არენა“. 23:00 საათი (თბილისის დროით). საქართველო-პორტუგალია.

მოგწონთ აფიშა? და სათაურზე რას იტყვით?! არადა, მართლაც ასეა - თუ პორტუგალიის ნაკრების დამარცხება მოვახერხეთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გადის. მისთვის პირველი, ისტორიული ტურნირის პლეი-ოფში!

როგორი საქმეა - ვარსკვლავებით „გაძეძგილი“ ნაკრების დამარცხება დაგეგმო? მაგრამ... ვილი სანიოლს დავესესხოთ: „ტურნირის დაწყებამდე, ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა, მესამე ტურის წინ ჯგუფიდან გასვლის შანსი გექნებათო, ხელს დაუფიქრებლად მოვაწერდი!“. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კიდევ რა გვითხრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა? მოკლედ გეტყვით:

...ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩემი გუნდისთვის დიდი გამოცდილებაა. მჭიდრო გრაფიკის გამო, ძალების აღდგენა რთული იყო, ზოგიერთმა ფეხბურთელმა ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, სხვებმა ნაკლები ითამაშეს, მაგრამ გუნდში 26 მოთამაშე გვყავს და როტაცია შეგვიძლია. თამაშში ახალი ძალის, ენერგიისა და დინამიკის შესატანად, ცვლილებები იქნება, თუმცა, ცხადია, თუმცა მთელი გუნდის შეცვლას არ ვაპირებ....გასულმა მატჩებმა ყველას აჩვენა, რომ საქართველო აქ ყოფნას იმსახურებს. ტურნირის დაწყებამდე გვესმოდა გამაღიზიანებელი საუბრები (მათ შორის, ლეგენდარული ფეხბურთელებისგანაც), რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ყოფნა ფეხბურთისთვის არც ისე კარგია. საბედნიეროდ, ყველას დავუმტკიცეთ, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებთ. შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატი ვერ მოვიგოთ, მაგრამ აქ დამსახურებულად ვთამაშობთ.

...ჩვენთვის, ევროპის ჩემპიონატზე თამაში უკვე არის გამარჯვება. მაგრამ რა გასაკვირია, რომ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, უფრო მეტიც გვინდა. გვინდა, კიდევ უფრო მეტზე ვიოცნებოთ. პორტუგალიას ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ სანამ თუნდაც პატარა შანსი გვექნება, მის გამოყენებას ვეცდებით.

...კიტეიშვილი? ის მზად არის. ისევე, როგორც ყველა, ოცდაექვსივე მოთამაშე. მათ შორის - ლევან შენგელიაც. დანარჩენი თანაგუნდელების მსგავსად, ლევანიც ძალიან ბევრს შრომობს, გუნდში სწორედ ასეთი მოთამაშეები გვჭირდება.

...ზივზივაძეზე უკვე ბევრჯერ ვილაპარაკე. დიახ, შესაძლებელია, პორტუგალიასთან ბუდუმ ითამაშოს. არჩევანის შესაძლებლობა მაქვს, ამიტომაც, ჯერ არ გადამიწყვიტავს, ვინ გავა მოედანზე. ზოგადად, შემადგენლობასთან, ამა თუ იმ ფეხბურთელის მოედანზე გასვლასთან დაკავშირებით საუბრები უკვე გამაღიზიანებელია. შემიძლია გითხრათ, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ! შემადგენლობის არჩევისას მხოლოდ საფებხურთო მიზეზებით ვხელმძღვანელობ! 6-7 თვის წინ, ყველა მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ მიქაუტაძის ნაცვლად ზივზივაძეს ვათამაშებდი, ახლა - პირიქით ხდება... ჩემგან პოლიტიკა შორსაა, ეს თემა ხასიათს მიფუჭებს, მე ფეხბურთის მწვრთნელი ვარ და არ მომწონს, როცა ვიღაც ბრიყვები არასაფეხბურთო მიზეზების გამო მაკრიტიკებენ. ბოდიშს ვიხდი ასეთი სიტყვებისთვის, თუმცა ეს უსაფუძვლო აურზაური კარგად არც ჩემზე მოქმედებს და არც - გუნდზე...

მთავარ მწვრთნელთან ერთად, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოვიდა ხვიჩა კვარაცხელიაც:

...მთელი გუნდი მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშებთ. ვღელავ თუ არა ჩემი ბავშვობის კუმირის - კრიშტიანუ რონალდუსტან შეხვედრის წინ? არა. ბევრჯერ მიოცნებია მის წინააღმდეგ თამაშზე, დიახ, ახალგაზრდა აღარ არის, აღარც ევროპაში თამაშობს, მაგრამ ამას მნიშნელობა არ აქვს - ბედნიერი ვარ, ლეგენდარული ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშის შანსი რომ მეძლევა. ოცნებები ხდება და იმედი მაქვს, თამაშის შემდეგ რონის მაისურიც ჩემთან წამოვა...

...ვიცით, რომ ურთულესი მატჩი გველის, მაგრამ მეტოქეს უკვე გარანტირებული აქვს ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა და მგონია, რომ მოტივაცია ჩვენ მეტი გვექნება. მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ბევრს ისიც არ სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებდით ვითამაშებდით, მაგრამ აქ ვართ და ჯერ კიდევ გვაქვს ბრძოლის გაგრძელების შანსი. ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ახალი ისტორიის დასაწერად. არ ვუყურებთ მეტოქის გვარებს, მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ იმის მიუხედავად, ვინ ითამაშებს პორტუგალიის ნაკრებში.

...სადაც ჩემს ნაკრებს, ჩემს ქვეყანას დასჭირდება, იმ პოზიციაზე ვითამაშებ. კლუბში, უფრო ხშირად, ვინგერად მიწევს ხოლმე თამაში, უფრო მეტად ვარ კონტრშეტევაზე ორიენრტირებული, მაგრამ ვიმეორებ, სადაც საჭირო ვიქნები იქ ვითამაშებ. უნდა ელოდეოთ თუ არა ჩემგან მეტს? ცხადია, რადგან ამ ტურნირზე, ბოლომდე ჯერ არ გამომიმჟღავნებია ჩემი შესაძლებლობები და დიდი იმედი მაქვს, ამის შანსი პორტუგალიასთან მატჩში მომეცემა...

მეათე დღეა, გერმანიაში ვარ (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით), ჩვენი ნაკრების ყველა მატჩი, რამდენიმე ვარჯიშს და პრესკონფერენციას დავესწარი და თამამად შემიძლია ვთქვა - ხვიჩა კვარაცხელია დღითი-დღე იზრდება როგორც მოთამაშე, როგორც პიროვნება, როგორც ვარსკვლავი... მარტივ მაგალითად გუშინდელ პრესკონფერენციაზე მისი ქცევაც გამოდგება: პროვოკატორი რუსი „ჟურნალისტის“ პროვოკაციულ კითხვას (ევროპის პირველობაზე თამაში გირჩევნია, თუ - რუსეთის ჩემპიონატშიო?!) აუღელვებლად უპასუხა - არც ლოზუნგების ძახილი დაუწყია და არც იმაზე ხაზგასმა, რომ რუსულ ჭაობში ყოფნას ყველაფერი სჯობს. მით უმეტეს - ევროპის ჩემპიონატზე თამაში! უპასუხა დინჯად და ღირსეულად, რომ პრესკონფერენცია მხოლოდ პორტუგალიასტან მატჩს ეძღვნება...

და ბოლოს, რაც შეეხება შემადგენლობასა და ჩვენს შანსებს: დღეს დილით ველაპარაკე ჩემს პორტუგალიელ კოლეგას (რომელმაც, გუშინ დეტალურად გამომკითხა ამბები ქართული ფეხბურთის, ჩვენი მოლოდინებისა და ქართველი ქომაგის ემოციების შესახებ), რომელმაც დაადასტურა,, რომ პორტუგალიის ნაკრებში მინიმუმ 8-9 ცვლილება იქნება. ოღონდ, დიდი ალბათობით, რონალდუ მაინც ითამაშებს, რადგან მიმდინარე ტურნირზე გოლი ჯერაც არ გაუტანია, რაც, მისტის უჩვეულო ამბავიაო...

ვნახოთ, რას მოგვიტანს დღევანდელი საღამო. ვნახოთ, როგორ დასრულდება კვარა-კრიშტანუს დუელი...

ხვიჩას ნათქვამი გავიმეოროთ: ოცნენბები ხდება! საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და... ჯერ კიდევ აქვს შანსი, მერვედფინალში გავიდეს.

მოგება ქვეჯგუფში მესამე ადგილის (და დიდი ალბათობით - მერვედფინალში გასვლის) გარანტია იქნება. მეორე ადგილის დასაკავებლად კი, ორი ბურთის სხვაობით გამარჯვება გვჭირდება...

გელზენკირხენი, „ფელტინს არენა“. 23:00 საათი (თბილისის დროით). საქართველო-პორტუგალია.

მოგწონთ აფიშა? ჰოდა, დაელოდეთ 23:00 საათს და უქომაგეთ ჩვენს გუნდს, რომელმაც ერთი ოცნება უკვე აქცია რეალობად...

რატი შელეგია, გელზენკირხენი

(სპეციალურად საიტისთვის)