შოიგუ და გერასიმოვი სამხედრო დამნაშავეებად გამოცხადნენ - როდის გადაინაცვლებენ ისინი თბილი კაბინეტებიდან ციხის საკანში?! - კვირის პალიტრა

შოიგუ და გერასიმოვი სამხედრო დამნაშავეებად გამოცხადნენ - როდის გადაინაცვლებენ ისინი თბილი კაბინეტებიდან ციხის საკანში?!

რუსეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრ შოიგუსა და მოქმედ გენშტაბის უფროსს გერასიმოვს გენერლების მუნდირის პატიმრის ტანსაცმელზე გაცვლის რეალური საფრთხე დაემუქრათ მას შემდეგ, რაც International Criminal Court-მა ანუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ჰააგაში ისინი სამხედრო დამნაშავეებად გამოაცხადა, უფრო მეტიც, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებშიც დასდო ბრალი...

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მართალია ჰააგაში მოღვაწეობს, მაგრამ იგი არ არის „გაეროს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო“.

ICC-ი იკვლევს მსოფლიოში გენოციდის, სამხედრო დანაშაულებების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების და დანაშაულებრივი აგრესიის ფაქტებს და გამოაქვს ვერდიქტი დამნაშავეების, როგორც ქვეყნების, ისე კერძო პირების მიმართ.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო“-ს მონაწილეები ხდებიან ის ქვეყნები, რომლებსაც „რომის სტატუსი“ აქვთ რატიფიცირებული-ასეთი ქვეყანა 123-ა, მათ შორის ჩვენი საქართველოც, თუმცა ამ სასამართლოს იგნორირებას უკეთებს აშშ, ჩინეთი, ინდოეთი,ი სრაელი, ირანი და ბოლო წლებში უკვე რუსეთიც, რომელმაც უკან გაიტანა თავისი არარატიფიცირებული ხელმოწერა.

1-sas-1719397353.jpg
ჰააგაში, ამ დარბაზში „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ“ სამხედრო დამნაშავედ თავად რუსეთის პრეზიდენტი პუტინი გამოაცხადა, თუმცა კრემლში ამას დაცინვით შეხვდნენ...

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ“ 2022 წელს სამხედრო დამნაშავეებად სცნო 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულებებისთვის, ოსი სეპარატისტების სამი ლიდერი-სანაკოევი, მინძაევი, გუჩმაზოვი და ისინი ჰააგაში გამოიძახა...მაგრამ ჩავიდა კი ვინმე?

ეს საერთაშორისო სასამართლო შოიგუსა და გერასიმოვს ბრალს სდებს 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო დანაშაულში, რაც გამოიხატა უკრაინის ქალაქებისა და ენერგეტიკის ინფრაქსტრუქტურის დაბომბვებზე ბრძანებების გაცემაში.

შოიგუ და გერასიმოვი პირველი რუსი მაღალჩინოსნები როდი არიან, რომლებსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებს-პირველობა თავად...რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ეკუთვნის...

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ“ 2023 წლის 17 მარტს რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდენები გამოსცა, რადგან ისინი ბრალდებულები არიან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების არაკანონიერ დეპორტაციაში.

2024 წლის 5 მარტს კი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის ვიქტორ სოკოლოვისა და რუსეთის შორი მოქმედების ავიაციის სარდლის სერგეი კობილაშის უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებებისთვის დაპატიმრებების ორდერებიც გამოსცა...

სხვათა შორის, ეს სწორედ ის კობილაშია,რომელიც აგვისტოს ომის დროს ქართულ სოფლებს ბომბავდა და მისი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ,კატაპულტირებული და პარაშუტით დაშვებული კობილაში ქართული სოფლის ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ქალმა დროებით შეიფარა,რის შემდეგაც მისი ევაკუაცია რუსებმა შვეულმფრენით განახორციელეს. პუტინმა მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა და მოიერიშეთა საავიაციო პოლკის მეთაური მალევე შორეული მოქმედების ავიაციის სარდალი გახადა-სწორედ კობილაშის დაქვემდებარებაში მყოფი სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიდან სისტემატურად უშვებენ ფრთოსან რაკეტებს უკრაინული ქალაქების მიმართულებით...

ჰააგის „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილ ვერდიქტებს დაპატიმრებების თაობაზე რუსეთში აინუნშიც არ აგდებენ, მაგრამ „რომის სტატუსის“ მონაწილე ასზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე თუ გამოჩნდნენ ამ სასამართლოს მიერ ძებნილი პირები, მაშინ ამ ქვეყნების სამართალდამცავები ვალდებულნი იქნებიან ისინი აუცილებლად დააპატიმრონ...

თუმცა ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ თუნდაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი შოიგუ და მითუმეტეს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, რომელიმე სახელმწიფომ თავის ტერიტორიაზე დააკავოს...