მოვიგეთ! ისტორია დაიწერა! საქართველომ პორტუგალიას შეუსრულა! - კვირის პალიტრა

მოვიგეთ! ისტორია დაიწერა! საქართველომ პორტუგალიას შეუსრულა!

ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია.

q2-1719438130.jpg

წინა მატჩთან განსხვავებით ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ოთხი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, წიტაიშვილის, მექვაბიშვილის და დვითაშვილის ნაცვლად სასტარტოში გველესიანი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა. პორტუგალიელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი დატოვა, რომლებმაც თურქეთთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა - კოშტა, პალინია და რონალდო.

დებიუტში მიქაუტაძემ ბურთი ცენტრში ინასიუს ჩაუჭრა, წინ წაიწია, კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან დიოგუ კოშტას თქვენი მოწონებული გაუტანა. მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა „ჯვაროსნები“ თავს კომპაქტურად იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. რონალდოს შორიდან საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კრიშტიანო პენალტს ითხოვდა და მსაჯმა ემოციების ზედმეტად გამოხატვისათვის გააფრთხილა. მერე ხვიჩა დრიბლინგისას წააქციეს, საჯარიმო თვითონ შეასრულა, გველესიანი გადაცემას ვერ შესწვდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ცოტა ხანში გველესიანმა რონალდოს დარტყმა დაუბლოკა და გატანა არ დაანება. დანილომ მოედნის ცენტრში "კვარას" ბრძოლაში იდაყვი სახეში ჩაარტყა, თუმცა მან თამაშის გაგრძელება შეძლო. ბოლოს ფელიქსის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

qomagebi-1719438826.png

მეორე ტაიმი მეტოქის იერიშებით დაიწყო, მერე ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა. ვიზავის საჯარიმოში ლოჩოშვილი სილვამ წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და მიქაუტაძემ გაიტანა. ის სამი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. ტრავმირებული ლოჩოშვილი წიტაიშვილმა შეცვალა. რობერტო მარტინესმა რონალდო გაიყვანა მოედნიდან. ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. მიქაუტაძემ კვარაცხელიას ნაცვლად შეცვლაზე შესული დავითაშვილი გაიყვანა მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ, მაგრამ ზურიკომ მიზანს ააცილა. კომპენსირებულ დროში ლუზიტანების შეტევებს შედეგი არ მოჰყვა და გავიმარჯვეთ!

miqautadzeeeeeeeeee-1719434091.jpg

sportall.ge