"პორტუგალიური კარუსელი საწინააღმდეგო მხარეს დატრიალდა: საქართველო თავის მდიდარ საფეხბურთო ისტორიას აგრძელებს" - რას წერენ პორტუგალიური და გერმანული გამოცემები - კვირის პალიტრა

"პორტუგალიური კარუსელი საწინააღმდეგო მხარეს დატრიალდა: საქართველო თავის მდიდარ საფეხბურთო ისტორიას აგრძელებს" - რას წერენ პორტუგალიური და გერმანული გამოცემები

გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ქართველების თამაშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა“, რომელშიც გადმოცემულია კომენტარები ევროპის ჩემპიონატში საქართველო-პორტუგალიის ნაკრები გუნდების მატჩის შემდეგ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს ნაკრების სენსაციურმა გამარჯვებამ პორტუგალიასთან გამართულ მატჩში (რომელმაც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტების - ქართველების „პლეი-ოფში“ გაყვანა უზრუნველყო), უდიდესი ემოციები გამოიწვია არამარტო თვითონ მოთამაშეებში, არამედ, გუნდის მთავარ მწვრთნელში და რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივრებში.

სასწაულები კიდევ ხდება...

„ჩვენ უკვე ისტორიაში შევედით. არავის სჯეროდა, რომ ჩვენ პორტუგალიელებს ვაჯობებდით, მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართველი ფეხბურთელების გუნდს ეს შეუძლია“, - აღნიშნა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მოთამაშემ ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც პორტუგალიასთან მატჩის პირველივე წუთებში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

„ეს სასწაულებრივია. თბილისელებს და საერთოდ ქართველებს ამაღამ არ დაეძინებათ“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ქართველმა ჟურნალისტმა დათო ლობჟანიძემ BBC 5-ის ეთერში.

მატჩის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა.

448971667-1017395143087512-13761266753305800-n-1719468467.jpg

მწვრთნელების აზრით...

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხაზი გაუსვა, რომ მისი „გუნდის თამაშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა“. მისი თქმით, მატჩის წინ მან ფეხბურთელებს მოუწოდა გაეხსენებინათ, თუ როგორ თამაშობდნენ ისინი 16-17 წლის ასაკში, მიზანმიმართულად, ყოველგვარი სხვა აზრების გარეშე“.

თავის მხრივ, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის გუნდისთვის რთული იყო აჰყოლოდა ისეთ ინტენსიურ თამაშს, როგორსაც ქართველებმა თამაშობდნენ. „დიახ, ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ საქართველოს გუნდის შესაძლებლობები... აშკარაა, რომ ქართველებმა თავიანთი ისტორიული მატჩი ითამაშეს. ჩვენ კი უკვე უზრუნველყოფილი გვქონდა ჯგუფში პირველი ადგილი“, - აღნიშნა პორტუგალიელი ფეხბურთელების მწვრთნელმა.

ზეიმი თბილისში

საქართველოს ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა დროშებით ხელში, რომ მეტოქესთან გამარჯვება და ეროვნული ნაკრების მერვედფინალში წარმატებით გასვლის გამო სიხარული გამოეხატათ. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოკადრების მიხედვით, ქართველები ცეკვავენ, მღერიან და პირდაპირ ქუჩებში შლიან საზეიმო სუფრებს.

წყარო

პორტუგალიის გაზეთი „პუბლიკო“ (Publico) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პორტუგალიური კარუსელი საწინააღმდეგო მხარეს დატრიალდა: საქართველო თავის მდიდარ საფეხბურთო ისტორიას აგრძელებს“ (ავტორი - ნუნო სოუზა, გელზენკირხენიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

მდიდარი ისტორიის მქონე გუნდმა სძლია ისეთ ძლიერ გუნდს, რომელმაც ჩემპიონატის შემდგომ ეტაპზე გასვლის უფლება ნაადრევად მოიპოვა. საქართველო თავის ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, სენსაციურად დაასრულა გათამაშება - პორტუგალიას ორით ნოლი მოუგო.

პორტუგალია და საერთოდ, მთელი საფეხბურთო ევროპა აცნობიერებდა იმ საფრთხეს, რომელსაც მათ მოწინააღმდეგე შეუქმნიდა - საქართველოს დასაკარგი არაფერი ჰქონდა...

ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპელები უკიდურესად გააოცეს - ახალბედა, რომელმაც ტიტულიანი მეტოქე დაამარცხა. ვილი სანიოლიმ რობერტო მარტინესს აჩვენა, რომ დიდი და სახელოვანი ფეხბურთელების ინდივიდუალური თვისებები ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხიან თამაშს.

ხვიჩა კვარაცხელია და კრიშტიანუ რონალდუ

საქართველო თავისი საფეხბურთო ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტში იმყოფება. ქართველი გულშემატკივარ-ქომაგების რეაქცია ყველაფრის მთქმელია - ისინი ოვაციებით პასუხობდნენ თავიანთი გუნდის წარმატებას. მათ იციან, რომ პორტუგალიის მარცხის შემდეგ ესპანეთი კიდევ უფრო ფრთხილი იქნება ახალბედა ვარსკვლავთან თამაშის დროს.

წყარო