კიმ ჩენ ინის "ფეხბურთი" - როგორ გააოცეს ჩრდილოკორეელებმა მსოფლიო და ამ ქვეყნის მმართველის სახიფათო კომბინაცია უკრაინის ომში - კვირის პალიტრა

კიმ ჩენ ინის "ფეხბურთი" - როგორ გააოცეს ჩრდილოკორეელებმა მსოფლიო და ამ ქვეყნის მმართველის სახიფათო კომბინაცია უკრაინის ომში

ისტორიული მოვლენის-პორტუგალიის დამარცხებისა და ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების გასვლის დიდი სიხარულის ფონზე, ძალიან ძნელია შენს ბლოგში ისევ მარტო ომებზე წერო, ამიტომაც ვეცდები გავაერთიანო ამ ორი, სამხედროს და ფეხბურთის თემები, მით უმეტეს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილმა და მილიტარიზებულმა ქვეყანამ-ჩრდილოეთ კორეამ ფეხბურთის მოყვარულებიც რამდენჯერმე გააოცა...

2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, რომელიც ბრაზილიაში მიმდინარეობდა, ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოსიუჟეტი, თითქოს ჩრდილოეთ კორეის ტელევიზია თავის მაყურებელს არწმუნებდა, რომ მათი ქვეყნის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა და მანამდე გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო იაპონიას (7-0), აშშ-ს(4-0),ჩინეთს(2-0) და პლეი-ოფში პორტუგალიას უნდა დაუპირისპირდესო...

მსოფლიოს ბევრმა ცნობილმა და ავტორიტეტულმა საინფორმაციო საშუალებამ აიტაცა ეს ინფორმაცია და სრული სერიოზულობით თანაუგრძნობდნენ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას ისეთი რეჟიმის ხელში,რომელიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებშიც კი თურმე ასე მწარედ ატყუებდა მათ...

სინამდვილეში კი ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიას ასეთი ტელესიუჟეტი საერთოდ არ გაუშვია,ეს ერთგვარი სახალისო ფეიკი გამოდგა,შექმნილი სავარაუდოდ,სამხრეთ კორეული პროპაგანდის მიერ და ის საერთოდ შორს იყო რეალობისგან.

თუმცა ჩრდილოეთ კორეელი ფეხბურთელების სრული ჩამოწერა არ იქნებოდა მართალი,რადგან საქართველოს ნაკრების მიერ გუშინ შექმნილი საოცრების მსგავსად,ჩრილოეთ კორეის ნაკრებმაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარო ერთხელ მართლაც შოკში ჩააგდო...

1966 წლის ფეხბურთის ჩემპიონატზე ინგლისში,დებიუტანტი ჩრდილოეთ კორეის გუნდი,არც მეტი და არც ნაკლები...მეოდხედფინალშიც კი გავიდა...

შესარჩევ ჯგუფში ჯერ საბჭოთა კავშირთან წააგო 0-3(საბჭოთა ნაკრებში თამაშობდნენ ანზორ კავაზაშვილი,მურთაზ ხურცილავა და გიორგი სიჭინავა),მეორე მატჩში ჩილეს დაუზავდა 1-1 და ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ნამდვილი სენსაცია მოახდინა,როდესაც 1-0 დაამარცხა...იტალია,სწორედ ის „სკუადრა აძურა“,რომელსაც მსოფლიო ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავდნენ...(ისე რაღაცით ხომ წააგავს ამ ევროპის ჩემპიონტზე საქართველოს ნაკრების მიერ ჯგუფში გავლილ რთულ გზას-პირველ თამაშში წაგება,მეორეს ფრედ დამთავრება და ბოლო მატჩში სენსაციური გამარჯვება ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ გუნდთან...)

შესაბამისად პლეი-ოფში ამ ჯგუფიდან საბჭოთა კავშირი და ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის ნაკრებები გავიდნენ,ხოლო ჯგუფში ჩარჩნენ ჩილე და მანამდე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იტალია...

მეოთხედფინალში კორეელების მეტოქე პორტუგალიელები გახდნენ, თამაში ძალზე დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა, თავად წარმოიდგინეთ-პირველი ტაიმის 25-ე წუთისთვის ჩრდილოეთ კორეელებს უკვე...სამი ბურთი ჰქონდათ შეგდებული ჟოზე პერეირას კარებში და რომ არა ამ ჩემპიონატის აღმოჩენა-ეუსებიო, კორეელები მეორე სენსაციას მოახდენდნენ, იტალიის ჯგუფში ჩატოვების შემდეგ, პორტუგალიის მეოთხედფინალიდან გამოგდებით...

მაგრამ ეუსებიომ შეუძლებელი შეძლო და პირველი ტაიმის 27 და 43 წთ-ებზე ორი ბურთი შეუგდო კორეელებს, რასაც მეორე ტაიმში კიდევ ორი მიაყოლა(ამ ოთხიდან ორი პენალტით), ერთი გოლითაც ჟოზე აუგუშტუ წაეხმარა და 5-3 საბოლოო ანგარიშით დაამარცხეს ფხენიანიდან ნისლიან ალბიონში ჩაფრენილი კორეელების საინტერესო ნაკრები.

ჩრდილოეთ კორეის ნაკრები მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე 2010 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოხვდა.

კორეელების ჯგუფში აღმოჩნდნენ ბრაზილია,პორტუგალია და კოტ-დივუარი,თუმცა ამჯერად მათ ვეღარ შესძლეს 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სენსაციის გამეორება და სამივე მატჩში დამარცხდნენ: ბრაზილიასთან 2-1, კოტ-დივუართან 3-0, ხოლო პორტუგალიასთან კი გამანადგურებელი ანგარიშით 7-0...

ამ თამაშების ტელეტრანსლიაცია ჩრდილოეთ კორეაშიც ხორცილდებოდა და ადგილობრივ გულშემატკივრებს ვერავინ მოატყუებდა-წაგებულ თამაშს მოგებულად თვით კიმ ჩენ ირიც კი ვერ შეატყუებდა...

მას შემდეგ 14 წელი გავიდა და კიმ ჩენ ირის მემკვიდრე კიმ ჩენ ინიც აპირებს საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ჩაკეტილი ქვეყნის გაყვანას, ოღონდ არა საფეხბურთო მოედანზე სპორტული ბრძოლისთვის, არამედ უკრაინის სტეპებში ფრონტის ხაზზე რუსი ოკუპანტების დასახმარებლად...

20 ივნისის ჩემი ბლოგის სტატიაში -„გამოჩნდება თუ არა კიმ ჩენ ინის არმია უკრაინის ფრონტზე?! - პუტინისა და კიმის "ძმობის წიგნი", რომელიც დასავლეთს დიდ საფრთხეს უქმნის“ - გამოვთქვამდი ვარაუდს, რომ პუტინისა და კიმ ჩენ ინის ფხენიანში „ჩახუტების“ შემდეგ მოსალოდნელი გახლდათ ჩრდილოკორეელები მებრძოლების გამოჩენა უკრაინის ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო ძალების დასახმარებლად, მით უმეტეს, რომ ჩრდილოკორეულ საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს პუტინის არმია თითქმის ერთი წელი ისედაც იყენებს უკრაინელების წინააღმდეგ...და, აი, სამხრეთკორეულ წყაროებზე დაყრდნობით, დასავლეთელი ანალიტიკოსები აცხადებენ, თითქოს კიმ ჩენ ინი შეუთანხმდა პუტინს ოკუპირებული დონბასის „აღდგენის“ მიზნით იქ ჩრდილოეთ კორეის საინჟინრო ჯარების დანაყოფების გაგზავნის თაობაზე.

1,3 მლნ-იან ჩრდილოეთ კორეის არმიას არანაკლებ ათი საინჟინრო ბრიგადა ჰყავს, რომლებიც შეიძლება არ მიიჩნევიან ძირითად შემტევ ძალად, მაგრამ დანაღმვითი-განაღმვითი სამუშაობის შესრულება და საინჟინრო ფორტიფიკაციების მოწყობა შეუძლიათ.

მაგრამ, აქ მთავარი არის ის, რომ უკრაინის ფრონტზე შეიძლება მოხვდნენ სხვა ქვეყნის ოფიციალური შეიარაღებული ძალების მებრძოლები, რაც რუსეთ-უკრაინის ომის საზღვრებს ზრდის და ამ ომის საერთაშორისო ესკალაციას ახდენს, რადგან მოსკოვ-ფხენიანის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის შემყურე სამხეთ კორეამაც შეიძლება დაიწყოს შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდება უკრაინისთვის,რასაც კიევი სეულს ომის დაწყების დღიდან კულუარულად დაჟინებით სთხოვს...