"საოცრად ცელქი იყო, მოსვენებულს ვერ დაინახავდი. საბა ყოველი თამაშის წინ მირეკავს და მეუბნება..." - რას ჰყვება საბა კვერკველიას დედა - კვირის პალიტრა

"საოცრად ცელქი იყო, მოსვენებულს ვერ დაინახავდი. საბა ყოველი თამაშის წინ მირეკავს და მეუბნება..." - რას ჰყვება საბა კვერკველიას დედა

საბა კვერკველიას ცხოვრებაში ბურთი ადრეული ბავშვობიდან არსებობს.

ცელქი და მოუსვენარი ბიჭის დასამშვიდებლად, ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო. ჯერ კიდევ პატარა საბას მამას უთხრეს, ამ ბიჭისგან დიდი ფეხბურთელი დადგებაო. მწვრთნელის წინასწარმეტყველება ახდა. დღეს სოლომონ (საბა) კვერკველია საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველია და იმ გამარჯვების სიხარულში, რომელსაც ქვეყანა ეზიარა, თავისი წვლილი მიუძღვის. საბას შესახებ უფრო მეტს მისი დედა, დალი თარგამაძე გვიამბობს.

- ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ახლა ისტორიული და ძალიან ემოციური დღეები აქვს, წინ მნიშვნელოვანი მატჩები ელოდებათ, ძალიან დიდი შემართებით არიან და იმედია, გაგვახარებენ. როდესაც საბა თამაშობს, ყოველთვის სანთლებს ვანთებ და ვლოცულობ. 26 მარტს, ბიჭებმა რომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს, ამ თამაშის დროსაც ხატებთან ვიდექი და ვლოცულობდი, სტადიონზე არ წავედი. ჩემი შვილები, სიძეები, ოჯახის ყველა წევრი თამაშს სტადიონზე ესწრებოდა. ტელევიზორს რომ ვუყურებდი, ძალიან ვცდილობდი, თავი ხელში ამეყვანა, მაგრამ დიდი ემოცია მაინც მქონდა, ჩემს სტიქიაში ვიყავი. წარმოიდგინეთ, მატჩი რომ დასრულდა, იმ საყოველთაო სიხარულის ფონზე აღმოვაჩინე, რომ თამაშის ზოგიერთი დეტალი არ მახსოვდა, გადავახვიე და უკვე მშვიდად, ხელახლა ვუყურე. ბუნებრივია, ჩემი ფიქრები საბას გარშემო ტრიალებდა, მას თავისი ქვეყნის კარი უნდა დაეცვა. ბერძნებს ჩვენი კარისკენ ბურთი რომ მოჰქონდათ, მეგონა, მახვილი მოდიოდა და სულ ვცდილობდი, საბა და ბიჭები ჩემი ლოცვით გამეძლიერებინა. პენალტების სერია რომ დაიწყო, მაშინ ვიფიქრე, ეს უფლის ნებაა, ღმერთმა დაუშვა, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ-მეთქი. მართლაც, გავიხარეთ.

- ამ თამაშის შემდეგ, როგორი იყო საბასთან თქვენი შეხვედრა?

- დავურეკეთ. ისეთი აჟიტირებული იყო, ისეთი გახარებული, - დე, ხომ კარგად ხარ-მეთქი? - კი, დე, უბედნიერესი ვარო. დილის 5 საათზე მოვიდა ჩვენთან, მეუღლესთან ერთად. ყველანი უზომოდ ბედნიერები ვიყავით, თავადაც კმაყოფილი იყო, ჩვენ რომ ბედნიერებს და გახარებულებს გვხედავდა.

- მიამბეთ, როგორი ბავშვი იყო საბა და როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში?

- საოცრად ცელქი იყო, მოსვენებულს ვერ დაინახავდი. საბას 10 და 7 წლით უფროსი დები ჰყავს. თავის სიცელქით ეს ბავშვებიც კი დაღლილი ჰყავდა. მოიფიქრეს, საბას ენერგიულობა რომ განემუხტათ, ამის ერთ-ერთი საშუალება ბურთი იყო. როგორც კი ფეხი აიდგა, მას შემდეგ არის ბურთიც საბას ცხოვრებაში. უცნაურია, მაგრამ პატარა ასაკიდანვე გამორჩეული მოძრაობები ჰქონდა. ჯერ ეზოს ბავშვებთან ერთად თამაშობდა, მერე - უბნის ბავშვებთან. უბანში თამაში რომ დაიწყო, საღამოს ის ბავშვები ერთმანეთთან ლაპარაკობდნენ, თამაშებს განიხილავდნენ, ზოგჯერ კამათობდნენ კიდეც. ჩემი მეუღლე, მეზობლის კაცები ბავშვებს თამაშებზე ხშირად დაჰყვებოდნენ. 5 წლის იყო საბა, სტადიონზე რომ მივიყვანეთ. იქ დახვდნენ მწვრთნელები: ჟორა შენგელია, გივი პაპავა, ისინი სხვა ბავშვებს ავარჯიშებდნენ. ჩემს მეუღლეს უთხრეს: ჯერ პატარაა, მაგრამ მოიყვანე, გუნდთან ერთად მაინც ვავარჯიშებთ, მისი ასაკის არავინ გვყავსო. მოხალისედ მიიღეს. შემდეგ 7 წლის ასაკში 9 წლიანების გუნდში ჩაირიცხა. ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებოდა, რომ უფროსი ბავშვებისთვის კონკურენცია გაეწია. ბუნებრივია, ეს მისი განვითარებისთვის ძალიან კარგი იყო. მწვრთნელის პრაქტიკაში პირველი შემთხვევა გახლდათ, რომ პატარა ბიჭი ასაკით მასზე უფროს გუნდში ჩარიცხა.

- საბას პირველი წარმატება გაიხსენეთ?..

- რეგიონული ჩემპიონატები ტარდებოდა. ქალაქების გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. საბას გუნდმა იმერეთის თასი მოიგო. ტურნირი ქუთაისში ჩატარდა. საბას, როგორც საუკეთესო მცველს, საათი აჩუქეს. ვთვლი, რომ ამ წუთიდან საბას წარმატების დროის ათვლა დაიწყო. მის წარმატებებზე მერე ბევრჯერ დაიწერა, ყველა ჟურნალს და გაზეთს ვინახავ. არ მახსოვს, ბავშვობიდან მოყოლებული, ვარჯიში ერთი დღეც გაეცდინოს ან წასვლა დაზარებოდეს. კონკურენცია ყოველთვის იყო და ამ ბრძოლას საბა თავს წარმატებით ართმევდა.

- 2013 წელი იყო, როდესაც ეროვნული ნაკრების წევრი გახდა, ხოლო 2014 წელს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რა განცდა იყო ეს თქვენთვის?

- დიახ, ეს საბასთვის და მისი ოჯახისთვისაც ძალიან დიდი სიხარული გახლდათ. 12 წლის იყო, თავი რომ გამოიჩინა, ყველა ტურნირზე ამჩნევდნენ და აღნიშნავდნენ, რომ კარგი მოთამაშეა. თბილისში სინჯებზე წავიყვანეთ. გია ხიზანიშვილთან მოხვდა, მაგრამ საბას დარჩენა არ უნდოდა, ჩემს მწვრთნელებს ხომ ვერ ვუღალატებო?! როდესაც ჩემმა მეუღლემ გია ხიზანიშვილს მიზეზი გაუმხილა, მან თქვა, რას ამბობთ, ამ ბავშვს განვითარება სჭირდება, აქ დატოვეთ, დიდი მომავალი ელოდება, ხელს ნუ შეუშლითო. ჟორა შენგელიას დავურეკეთ. შევატყვეთ, გული დასწყდა, მაგრამ თქვა, ბავშვის განვითარებისთვის ასე სჯობს, დაეთანხმეთო. ასე მოხდა საბას თბილისში გადაბარგება. 2 წელი მისი მწვრთნელი გია ხიზანიშვილი იყო. შემდეგ ეტაპზე თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში გადავიდა და ცნობილი ფეხბურთელის, ვახტანგ კოპალეიშვილის გუნდში მოხვდა. ეს დიდი ტრიუმფი იყო საბას კარიერაში.

- როგორი ადამიანია საბა, რა პიროვნული თვისებებით არის გამორჩეული?

- ბავშვობიდანვე მიზანდასახული იყო, საოცრად მშრომელი და მონდომებული. ფეხბურთის თამაშის პარალელურად, თავიდან კარგად სწავლობდა, მაგრამ შემდეგ ფეხბურთი ხელის შემშლელი აღმოჩნდა, ხშირად უწევდა გაკვეთილების გაცდენა, რის გამოც ძალიან ვნერვიულობდი. თბილისში რომ გადავიდა, 3 სკოლა გამოიცვალა, ყველა სკოლას თავისი წესი ჰქონდა, გაკვეთილებზე დასწრებას რომ ვერ ახერხებდა, ნიშანს აღარ უწერდნენ. მის მწვრთნელს დაველაპარაკე, აღარ ვიცი, რა გავაკეთო-მეთქი. ნუ ნერვიულობთ, ქალბატონო დალი, ჩვენ ფეხბურთშიც ნიჭიერი ბიჭები გვჭირდება. სწავლის ნიჭი რომ აქვს, მიხარია, ეს იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთშიც ნიჭიერი იქნებაო.

საბამ სამი ბუმბერაზი ადამიანის ხელში გაიარა: ვახტანგ კოპალეიშვილი, თენგიზ სულაქველიძე და რეზო ჩელებაძე - ამ ადამიანებს დიდი წვლილი მიუძღვით მის წარმატებაში. 17 წლის იყო, ეროვნულ ნაკრებში რომ მოხვდა. მტკიცე ხასიათით, შრომისმოყვარეობით და პრინციპულობით ყოველთვის გამოირჩეოდა. საბა საკუთარ თავს მუდამ გამოცდას უწყობდა. ამბობდა, - აბა, ამას თუ შევძლებო?..

- ყურადღებიანია? ხშირად გეხმიანებათ?

- ძალიან ყურადღებიანია, თითქმის ყოველდღე გვირეკავს, სულ ცდილობს გაგვახაროს, სიურპრიზები სჩვევია, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

- ალბათ სასიამოვნოდ გაოცებულიც არაერთხელ დაგტოვათ, არა?

- ერთი დღე გამორჩეულად მახსოვს, ფეხზე ტრავმა ჰქონდა მიღებული, ფინეთში გაუშვეს გამოკვლევაზე. ბიჭი ნერვიულობდა ამ ტრავმის გამო, არ ეძლეოდა საშუალება, რომ ეთამაშა, ამას განიცდიდა, გაღიზიანებული იყო და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ჩემზე იზრუნა, საჩუქრად სუნამო ჩამომიტანა. რომ დავინახე, სახტად დავრჩი. - შვილო, შენ ამის ჯავრი გქონდა? როგორ შეძელი-მეთქი? - და ამეტირა. აქედან ჩანს, მისთვის ჩემი გახარება რამდენად მნიშვნელოვანია. საბა ყოველი თამაშის წინ მირეკავს და მეუბნება: დედა, დღეს თამაში მაქვს, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო. მამამისი მისი პირველი კრიტიკოსია, ყოველი თამაშის შემდეგ ურეკავს და ეკითხება, - აბა, სოლომონიჩ, რას იტყვი? შენი აზრი მაინტერესებსო.

- ბაბუის სახელი დაარქვით?

- დიახ, მაშინ ასე გადავწყვიტეთ. რომ წამოიზარდა, ჩემმა უფროსმა ქალიშვილმა ზიზიმ თქვა, სოლომონი გრძელი სახელია, ხომ შეიძლება, საბა დავუძახოთო და ყველა საბას ვეძახით.

- საბას ოჯახზე მიამბეთ.

- 2 წელია დაოჯახებულია, მისი მეუღლე გახლავთ მარიამ წულაია, რომელიც ჩემს შვილს მხარში უდგას და ბედნიერები არიან.

- საბას რამდენი შვილი ჰყავს?

- საბას პირველი ქორწინებიდან ძალიან კარგი გოგო და ბიჭი ჰყავს: ნიაკო და გიორგი. მამა ძალიან უყვართ, ამაყობენ, მის თამაშებზე დადიან, გულშემატკივრობენ. საბა თბილი და მზრუნველი მამაა.

- მადლობა ინტერვიუსთვის, ჩვენს საამაყო ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ!

- ამ დღეებში წინ 2 თამაში გველოდება, მოწამეთაში წავალ, ვილოცებ, შევთხოვ ჩვენი ბიჭების გამარჯვებას და ასე, ჩემებურად ვუგულშემატკივრებ.

P.S. ინტერვიუ ჩაწერილია 16 ივნისს.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"