"როგორც კი სკოლა დავამთავრე და სასწავლებლად თბილისში გადმოვედი, ქალბატონ ნინო სუხიშვილთან მივედი"
"ცეკვამ მაპოვნინა საკუთარი თავი..." - კესო ნონიაშვილი სცენის მიღმა
„...როგორც კი სკოლა დავამთავრე და თბილისში სასწავლებლად გადმოვედი, მივედი ქალბატონ ნინო სუხიშვილთან და გავესაუბრე. მან სტაჟიორთა ჯგუფში ჩამსვა და მითხრა, რომ ყველაფერი ჩემს შრომასა და მონდომებაზე იქნებოდა დამოკიდებული. სულ რამდენიმე თვეა, რაც "სუხიშვილების" სტაჟიორთა ჯგუფში ვცეკვავ და ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდო, ავითვისო და გავითავისო ის განუმეორებელი სტილი, რომელსაც "სუხიშვილები" ქმნიან", - ამბობს კესო ნონიაშვილი...
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ნარდის თამაში, აუზში ცურვა, გიტარის ჰანგებზე სიმღერა, საინტერესო საუბრები ყოველთვის ბედნიერების მომგვრელი იყო და ძალიან ტკბილად მახსენდება. ასეთმა გარემომ ჩემს ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა... მთელი ბავშვობა საოჯახო დღესასწაულებზე მუსიკის თანხლებით, დედის რიტმულ მოძრაობებს რომ ვუყურებდი, სულ მინდოდა, მისთვის მიმებაძა..."
"ანსამბლში ცეკვის გაგრძელება დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც იმ პერიოდში ოჯახს არ ჰქონდა და დედა ამის გამო თავს იკავებდა. სწორედ ქორეოგრაფის დაჟინებული თხოვნისა და ყველანაირი ხელშეწყობის (როგორც ფინანსური, ისე მორალური) წყალობით გავხდი ანსამბლ "ფრესკას" წევრი და იმ დღიდან მოყოლებული დაუღალავი შრომა, დისციპლინა, მუდამ პროგრესისკენ სწრაფვა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა..."
"სუხიშვილებში" ცეკვის ბედნიერება ჩემს ქორეოგრაფას, ელენე რატიანსაც ხვდა წილად. იქ მიღებული გამოცდილების შედეგად ყოველ რეპეტიციაზე მაგალითად მოჰყავდა დიდი ნინო რამიშვილის საშემსრულებლო მანერა, მისი ხასიათი. "სუხიშვილების" წარმატებულ მოღვაწეობას ხშირად უსვამდა ხაზს, რამაც ჩემში აღძრა სურვილი, მეც მეცადა ბედი ამ ლეგენდარულ ანსამბლში. როგორც კი სკოლა დავამთავრე და სასწავლებლად თბილისში გადმოვედი, ქალბატონ ნინო სუხიშვილთან მივედი..."
"ახალი ცეკვები თავიდან ბოლომდე ქართული სულით არის გაჟღენთილი, ოღონდ იმ სულით, რომელიც დღევანდელ ქართველს აქვს. თანამედროვეს კლასიკად ქცეული ძველი ქართულ ცეკვა ასაზრდოებს. აქედან გამომდინარე, რთულია რომელიმეს მიანიჭო უპირატესობა. ამიტომაც ამბობს ბატონი ილიკო სუხიშვილი, რომ ძველიც უნდა გააგრძელო და ახალიც აკეთო. მე, როგორც მოცეკვავე, ძველისა თუ ახლის შესრულებისას ერთნაირ სიამოვნებას, თავისუფლებასა და სიყვარულს ვგრძნობ..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 27 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.
მანანა გაბრიჭიძე