პუტინი ნატოს თვითმფრინავებს ემუქრება - წავლენ თუ არა იმ ნაბიჯზე რუსები, რომელმაც შესაძლოა, დიდი ესკალაცია გამოიწვიოს?! - კვირის პალიტრა

პუტინი ნატოს თვითმფრინავებს ემუქრება - წავლენ თუ არა იმ ნაბიჯზე რუსები, რომელმაც შესაძლოა, დიდი ესკალაცია გამოიწვიოს?!

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ახალმა მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე მფრენი ამერიკული და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების სადაზვერვო თვითმფრინავები ზრდიან საჰაერო ინციდენტების ალბათობას რუსეთისა და ნატოს შორის და თავის გენშტაბს დაავალა შესაბამისი ზომების განხორციელება, რომ აიკრძალოს ასეთი ფრენები...

დასავლეთის პილოტირებული და უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები მართლაც თითქმის შეუწყვეტლივ საჰაერო მონიტორინგს ახორციელებენ რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ყირიმის ნახევრკუნძულის მიმართულებით, მაგრამ ამას ახდენენ შავი ზღვის თავზე ნეიტრალური საჰაერო სივრციდან, რითაც ისინი არ არღვევენ რაიმე სახის საერთაშორისო კანონებს...

1-sha-1719575650.jpg
ამერიკულ სადაზვერვო RC-135W Rivet Joint-ში ეკიპაჟისა და ოპერატორების ოცკაციანი ჯგუფი იმყოფება და შავი ზღვის თავზე, ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში მის წინააღმდეგ სახიფათო „საჰაერო ხულიგნობის“ გამეორება რუსმა მფრინავებმა წესით ვერ უნდა გაბედონ, თუმცა...

თავის მხრივ რუსული სადაზვერვო თვითმფრინავებიც არ აკლებენ ნეიტრალური საჰაერო სივრციდან ბალტიის ზღვაში ნატოს ქვეყნების სანაპირობის დაზვერვას და ამისთვის მათ პასუხს ვერავინ სთხოვს.

მაშინ რამ გააცოფა ასე რუსეთის გენერალიტეტი, რომ შავი ზღვის თავზე დასავლეთის სადაზვერვო საფრენ აპარატებზე „საჰაერო ნადირობის“ დაწყებას აანონსებს?

საქმე ის არის, რომ თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურით აღჭურვილ ამერიკულ უპილოტო საფრენ აპარატებს, მათ შორის „რიპერსა“ და „ტრიტონს“ რამდენიმე ასეული კმ-ის სიშორეზე შეუძლია საზვერვო ინფორმაციის მოპოვება და კრემლში არც თუ უსაფუძვლოდ ეჭვობენ, რომ ამ სადაზვერვო დრონებით მოპოვებული ინფორმაცია ოპერატიულ რეჟიმში გადაეცემა უკრაინის გენშტაბს და უკრაინელი სამხედროების მიერ მალევე გაშვებული ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები ანექსირებულ ყირიმში ადვილად და ზუსტად „აგნებენ“ რუსი ოკუპანტების მობილურ რადიოლოკატორებს თუ საზენიტო რაკეტების გამშვებ დანადგარებს...

ერთხელ რუსეთმა „კუდი მოიქნია“ და 2023 წლის 14 მარტს შავი ზღვის თავზე, ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში რუსულმა Су-27 ტიპის გამანადგურებელმა თვითმფრინავმა ამერიკულ უპილოტო მზვერავს MQ-9 Reaper-ს ჯერ საავიაციო ნავთი გადაასხა თავზე, შემდეგ კი ძრავის ხრახნი დაუზიანა, რასაც 30 მლნ დოლარიანი დრონის შავ ზღვაში ჩავარდნა მოჰყვა...

რუსეთი კი უარობდა თავის „საქციელს“, მაგრამ ამერიკული დრონის ვიდოკამერამ ყველაფერი დააფიქსირა და მოასწრო ოპერატორისთვის ამ ვიდოკადრების გადაცემა...

ამერიკულმა მხარემ ფაქტობრივად „ჩაყლაპა“ ეს ყველაფერი და რუსებს თითქოს „ხახვივით შერჩათ“ „ოინბაზობა“, თუმცა ამის შემდეგ პენტაგონმა შავი ზღვის თავზე სადაზვერვო ფრენების განსახორციელებლად MQ-9 Reaper-ზე ბევრად ძლიერი, სტრატეგიული დაზვერვის რეაქტიული RQ-4B Global Hawk-ი გამოაგზავნა, რომელიც ბევრად მაღლა და სწრაფადაც დაფრინავდა...

ორიოდე დღის წინ კი რუსმა სამხედრო პროპაგანდისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმ ის შესახებ, რომ შავი ზღვის თავზე თითქოს ამერიკული სტრატეგიული უპილოტო მზვერავი RQ-4 Global Hawk-ი ჩამოვარდა...

2-sha-1719575705.png

Flightradar24-ის ინტერნეტ-რესურსზე კარგად ჩანს, რომ შავი ზღვის თავზე, ნეიტრალურ სივრცეში ფრენისას სადაზვერვო RC-135W Rivet Joint-ს უსაფრთხოებისთვის ორი Eurofighter Typhoon-ი აცილებს...

ამერიკული მზვერავი „ქორის“ ჩამოვარდნის ფაქტი ტყუილი გამოდგა, ის დაბრუნდა იტალიის სიგონელას აეროდრომზე, თუმცა შეიძლება ასე არ მომხდარიყო, რადგან შავი ზღვის თავზე 16 კმ-ის სიმაღლეზე ფრენისას, მას თავზე თითქმის 2 800 კმ/სთ სიჩქარით გადაუფრინა რუსულმა ზებგერითმა გამანადგურებელ-გზაგადამჭრელმა МиГ-31-მა, რითაც გამოიწვია დიდი ტურბოლენტობა და ამერიკულმა „ქორმა“ სავარაუდოდ ვარდნა დაიწყო, თუმცა ოპერატორებმა მოახერხეს მართვის ხელში აღება და ის სასწრაფოდ დააბრუნეს ბაზირების აეროდრომზე...

ერთი ამერიკული უპილოტო მზვერავი მასზე საავიაციო ნავთის გადასხმით ჩამოაგდეს, მეორე ძლიერ ტურბოლენტობაში მოაქციეს და კინაღამ ისიც შავი ზღვის ტალღებში ჩაძირეს, მაგრამ რას იზავენ დღეს, როდესაც შავი ზღვის თავზე სადაზვერვო ფრენების განხორციელება ამერიკულმა RC-135W Rivet Joint-მა გადაიბარა, რომელიც ოთხძრავიან პილოტირებულ თვითმფრინავს წარმოადგენს?

პილოტირებული ამერიკული თვითმფრინავის მიმართ ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში ისეთივე სახიფათო „საჰაერო ოინების“ ჩატარება, რაც რუსმა სამხედო მფრინავებმა უპილოტო დრონებს გაუბედეს, აღარ გამოვა,რადგან ამას შეიძლება ნატოელი მფრინავებისა და ოპერატორების დაღუპვაც მოჰყვეს, რაც უკვე ღია სამხედრო აგრესიად შეფასდება და დაუყოვნებელი პასუხიც არ დაიგვიანებს...

ამასთან ამერიკულ მზვერავ თვითმფრინავს შავი ზღვის თავზე უკვე ორი ბრიტანული გამანადგურებელი Eurofighter Typhoon-ი აცილებს, რაც რუსული „სუ“-ებისა თუ „მიგ“-ების პილოტებს კარგად დააფიქრებს, სანამ ამ მზვერავ „ბოინგს“ ცხვირწინ ზებგერითი სიჩქარით ჩაუფრენენ ან მასზე საავიაციო ნავთის გადასხმას დააპირებენ...