შრი-ლანკა უკრაინის ფრონტზე დაღუპული თანამემამულეებისთვის რუსეთისგან ღირსეულ კომპენსაციას ითხოვს... - კვირის პალიტრა

შრი-ლანკა უკრაინის ფრონტზე დაღუპული თანამემამულეებისთვის რუსეთისგან ღირსეულ კომპენსაციას ითხოვს...

ის, რომ უკრაინის ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში ათასობით მიგრანტი იბრძვის-ზოგი ფულს დახარბებული, ზოგიც მოტყუებით და ზოგიც ძალით წაყვანილი, არახალი ამბავია...

ორიოდე დღის წინ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბისტრიკინმა ღიად განაცხადა, რომ მისმა უწყებამ 30 ათასზე მეტი ის მიგრანტი დააკავა, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს და მათგან 10 ათასი მიგრანტი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (როგორც კრემლი „მორცხვად“ უწოდებს რუსეთ-უკრაინის იმ ფართომასშტაბიან ომს, რომლის მსგავსი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გამართულა) ზონაში გააგზავნა...

გასაგებია, რომ აქ ლაპარაკია უფრო შუა აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან რუსეთში სამუშაოს საძებნად (თუნდაც მეეზოვებად) ჩასულ ტაჯიკებზე თუ უზბეკებზე, მაგრამ გარდა ამისა რუსი სამხედროები ფრონტის ხაზზე მობილიზებას უკეთებენ იმ მიგრანტებსაც, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ რუსეთის მოქალაქეობა...

ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა კი შრი-ლანკა აღმოჩნდა...

შრი-ლანკა, კუნძული-სახელმწიფოა ინდოეთის სამხრეთით და ის 1972 წლამდე ცეილონად იწოდებოდა.

ის 6 ათას კმ-ზე მეტადაა დაშორებული მოსკოვიდან, მაგრამ შრი-ლანკელი მიგრანტები დახარბდნენ შეთავაზებულ, მათთვის დიდ თანხებს და ამ სიშორიდან ჩავიდნენ რუსეთში, სადაც მალევე ფორმა ჩააცვეს, ხელში „კალაშნიკოვი“ დააჭერინეს და თავი უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე უკრეს...

შრი-ლანკის პარლამენტში დიდი აურზაური ატყდა, როდესაც უკრაინის ფრონტზე დაჭრილმა თანამემაულეებმა თავის ხელისუფლებას დახმარება და სასწრაფოდ უკან წაყვანა სთხოვეს - არსებული ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსმა სამხედროებმა ფრონტის ხაზზე ათასამდე შრი-ლანკელი გააგზავნეს, რომელთაგან 17 დაიღუპა, ბევრად მეტი კი დაიჭრა/დაშავდა. ამის შემდეგ მოსკოვში სასწრაფოდ ჩაფრინდა შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა რუსეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრების მოადგილეებთან.

2-shri-1719662322.jpg
შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრი და დელეგაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც მივიდა,უკრაინის ფრონტზე დაღუპული და დაჭრილი შრი-ლანკელების ოჯახებისთვის ღირსეული კომპენსაციის გაცემის კატეგორიული მოთხოვნით...

ამ შეხვედრებზე შრი-ლანკის მხარემ მოსთხოვა რუსეთს უკრაინის ფრონტზე დაღუპული 17 შრი-ლანკელის ოჯახებისთვის, ასევე დაჭრილებისთვის სათანადო კომპენსაციების გაცემა, ხოლო საბრძოლო მოქმედებების ზონაში მყოფი თანამემამულეებისთვის ხელშეკრულებების დაუყოვნებლივ გაუქმება და სამშობლოში დაბრუნებაზე ხელის არ შეშლა.

როგორც ირკვევა, თავის დროზე შრი-ლანკაში ჩასული იყვნენ ე.წ. რუსი დამქირავებლები, რომლებიც ეძებდნენ შრი-ლანკის არმიის ყოფილ მოსამსახურეებს და მათ „ოქროს მთებს“ ჰპიდებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის სანაცვლოდ.

ამ შეთავაზებამ ასეულობით შრი-ლანკელი მამაკაცი მოხიბლა, ისინი ტურისტული ვიზებით ჩავიდნენ რუსეთში, მაგრამ მალევე უკრაინის ფრონტზე მოხვედრის შემდეგ, ილუზიები გაუქრათ - ისეთ ომში მოვხვდით, რომ ცოცხლები ვერ გადავრჩებით, სასწრაფოდ წაგვიყვანეთ აქედანო- ფრონტის ხაზიდან ასეთ შეტყობინებებს აგზავნიდნენ ისინი სამშობლოში, რამაც შრი-ლანკაში პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია და საგარეო საქმეთა მიინისტრი დაუყოვნებლივ მიავლინეს მოსკოვში, თანამემამულეების ომის „ხახიდან“ დასახსნელად...

ადრე დაახლოებით ასეთივე სიტუაცია შეიქმნა იმ კუბელებთან დაკავშირებითაც, რომლებიც დიდი გასამრჯელოს შეპირების სანაცვლოდ რუსეთის არმიის რიგებში ჩაეწერნენ - მიუხედავად იმისა, რომ ჰავანა კარგ ურთიერთობაშია მოსკოვთან, კუბის ხელისუფლებამაც აკრძალა თანამემამულეების მონაწილეობა რუსეთ-უკრაინის ომში.

3-shri-1719662322.png
რუსეთის საოკუპაციო ძალების ფორმაში გამოწყობილი ეს შრი-ლანკელი მებრძოლი ჯერ კარგ ხასითზეა... უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნამდე...

დაქირავებულები უკრაინის არმიის მხარესაც იბრძვიან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან უკრაინის მოქლაქეები, უკრაინის კანონი ნებას რთავს მათ ოფიციალურად გახდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და მიიღონ იგივე შეღავათები და გასამრჯელო, რასაც რუს ოკუპანტებთან მებრძოლი უკრაინელი სამხედროები იღებენ.

ამ ომში ორივე მხრიდან 1,5 მლნ-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს, რომელთა შორის უცხოელი მებრძოლების პროცენტული წილი მინიმალურა და ის ამინდს ვერ ქმნის.

თუმცა, შეიძლება ბევრი რამ კარდინალურად შეიცვალოს, თუკი კიმ ჩენ ინი პუტინის დასახმარებლად უკრაინის ფრონტზე ჩრდილოეთ კორეის რეგულარული არმიის დანაყოფებს ან უფრო უარესი, შენაერთებს გადაისვრის - ფანატიკოსი ჩრდილოკორეელი მებრძოლები შრი-ლანკელებივით ტირილით არ სთხოვენ თავის ხელისუფლებას სასწრაფოდ უკან დაგვაბრუნეო, ისინი იქნებიან ბევრად საშიში უკრაინის მხარისთვის, ვიდრე რუსი ოკუპანტებისთვის მიწოდებული ჩრდილოკორეული ჭურვები თუ რაკეტები...