"ჩემი მომავალი? ტელეფონზე ზარს ხმა გავუთიშე... ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, ვიყო ამ ბიჭების მწვრთნელი... საქართველოში ძალიან ბედნიერი ვარ" - რას ამბობს ვილი სანიოლი? - კვირის პალიტრა

"ჩემი მომავალი? ტელეფონზე ზარს ხმა გავუთიშე... ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია, ვიყო ამ ბიჭების მწვრთნელი... საქართველოში ძალიან ბედნიერი ვარ" - რას ამბობს ვილი სანიოლი?

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა საინტერესო ინტერვიუ მისცა TALK SPORTS-ს. ამ არხს "იუთუბზე" პოპულარულობა ნამდვილად არ აკლია. სანიოლმა რამდენიმე ძალიან საინტერესო თემაზე ილაპარაკა:

"დიდი სიურპრიზი იყო უკვე ის, რომ ჩვენ ახლა ვართ ევროპის ჩემპიონატზე. ვიცოდით, რომ არაფერი გვქონდა დასაკარგი. ამიტომ ვთამაშობთ თავისუფლად, ყოველგვარი წნეხის გარეშე. მოთამაშეებმა ეს შესანიშნავად მოახერხეს. თურქეთთან დავმარცხდით, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. უბრალოდ, საოცრება იყო ის, რაც ჩემმა ფეხბურთელებმა გააკეთეს ჩეხეთთან და პორტუგალიასთან მატჩებში...

...როცა მარტში მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის საგზური, მაშინ ბევრის აზრი იყო ის, რომ საქართველოს ნაკრები არ უნდა ყოფილიყო ევროპის ჩემპიონატზე, რადგან ვერ მოვიპოვეთ კონტინენტის პირველობის საგზური რეგულარული შესარჩევი ციკლიდან. ფეხბურთელებისთვის ეს იყო დიდი მოტივაცია! მათ მინდორზე გასცეს პასუხი ყველა კითხვას...

პასუხი გასცეს ისეთ შესანიშნავ გუნდს, როგორიცაა ჩეხეთი და დიდებულ მოთამაშეებს, რომელთაც ასეთ ტურნირებზე ასპარეზობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ვარ ამაყი და გაკვირვებული. არ მეგონა, თუ ასე მაგრად ვითამაშებდით!..

ჩვენ გვყავს 26 ფეხბურთელი, თუმცა, თუ გულწრფელად ვიტყვით, არის პოზიციები, რომლებზეც გვაქვს მოთამაშეთა ნაკლებობა. ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს უკვე მოუხდა სამივე მატჩის სრულად ჩატარება. ისიცაა, რომ პორტუგალიასა და ესპანეთთან გასამართ თამაშებს შორის დიდი შუალედი ნამდვილად არ არის.

ვგრძნობ, რომ გუნდის ზოგიერთი მოთამაშე არის დაღლილი, ზოგიერთი კი თავს კარგად გრძნობს. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ მოახერხებენ ისინი ძალების აღდგენას. შეიძლება, გუნდს სჭირდებოდეს განახლება, მაგრამ ჯერ არის დრო და თავს შევიკავებ გადამწყვეტი პასუხისგან...

ბოლო სამ წელიწადში ესპანეთთან ოთხჯერ ვითამაშეთ და ოთხივე თამაში წავაგეთ. განსაკუთრებით გვახსოვს ის, რომელიც საქართველოში მოგვიგეს - 7:1. ვიცით, რომ ძალიან რთული თამაში იქნება. ევროპის ჩემპიონატის დაწყების დღიდან ესპანეთი საუკეთესო გუნდად მოსჩანს. ამ შეხვედრაშიც ისე გავალთ მინდორზე, როგორც პორტუგალიასთან - არანაირი წნეხი! ვეცდებით, გუნდურად ვითამაშოთ. ფეხბურთში არაერთი სიურპრიზი გვინახავს...

დასაკარგი არაფერი გვაქვს. ფეხბურთელები აღტაცებულები არიან, რადგან ესპანეთის დონის ნაკრებთან გვიწევს თამაში, ვთქვათ, თუ წავაგეთ და ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც პორტუგალიასთან, მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ მიერ ნაჩვენები შედეგი ყველა მოლოდინს აღემატება...

ხვიჩა კვარაცხელია არის ჩვენი ლიდერი, ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. როცა ასეთი დონის ტურნირზე ხართ, ხოლო თქვენი გამორჩეული ფეხბურთელი იბრძვის და არ გამოსდის ისეთი თამაში, როგორიც უნდა, ეს არ არის მარტივი. მას ძალიან კარგი მატჩები არ ჰქონდა თურქეთთან და ჩეხეთთან. ჩვენ ვილაპარაკეთ პორტუგალიასთან მატჩის წინ და მე ვუთხარი მას, რომ ეთამაშა ისე, როგორც თამაშობდა 17 ან 18 წლის ასაკში. ვუთხარი, ბევრი ფიქრი არ გინდა, უბრალოდ, ითამაშე-მეთქი. გააგრძელეთ კითხვა

ქართული ტრიუმფის ფრანგი ავტორი - ვილი სანიოლი: ჩხუბი ზიდანთან, დადანაშაულება რასიზმში და მოკრძალებული პირადი ცხოვრება