"დედაჩემმა გაკვირვებულმა მკითხა, - შენ იყავიო? კივილი დაიწყო, მისაყვედურა, - რატომ დამიმალეო?" - კრისტის "იდუმალი ცხოვრების" დეტალები - კვირის პალიტრა

"დედაჩემმა გაკვირვებულმა მკითხა, - შენ იყავიო? კივილი დაიწყო, მისაყვედურა, - რატომ დამიმალეო?" - კრისტის "იდუმალი ცხოვრების" დეტალები

"მქონდა შეგრძნება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, სხვა ცხოვრება მქონდა",

- ამბობს მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელმაც პროექტში "ვინ ვინ არის?" პეპლის კოსტიუმი მოირგო. კრისტი თავად გვიამბობს, როგორ მოხდა მისი გარდასახვა და როგორ მოახერხა ახლობლებისთვის ისე დაემალა ეს სიახლე, ეჭვი არავის შეჰპაროდა.

- თებერვლის თვის ერთ მშვენიერ დღეს დუტა მირეკავს და მეუბნება, - მარტო ხარო? დუტასთან ვმეგობრობ, მისი ზარი არ გამკვირვებია, მაგრამ შესავალმა ცოტათი დამაბნია, - რა ხდება-მეთქი? ოთახის კარი ჩაკეტე, რაღაც უნდა გითხრა და მინდა მარტო იყოო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პროექტში "ვინ ვინ არის?" ჩართვა შემომთავაზა. ამ პროექტის შესახებ ვიცოდი, მთლიანი გადაცემა - არასდროს, მაგრამ გარკვეული ეპიზოდები მქონდა ნანახი. მაგალითად, მანიკას ნიღბის მოხსნა. დუტამ მითხრა, კარგად დაფიქრდი და გადმომირეკეო. მოკლედ, შევედი ინტერნეტში, ამ გადაცემის გვერდი მოვიძიე, ყველაფერში გავერკვიე და ჩავთვალე, რომ ეს ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იქნებოდა. მგონი ყველა ადამიანს აქვს სურვილი, სცენაზე ერთხელ მაინც იმღეროს. მითხრეს, თანხმობის შემთხვევაში, იცოდე, ეს გზა ადვილი არ იქნება, ამბავი საიდუმლოდ უნდა შეინახო, ოჯახის წევრებსაც არაფერი უნდა უთხარო. ეს იდუმალება ჩემთვის კიდევ უფრო დიდი აზარტი აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც დუტას თანხმობა განვუცხადე, ჩემს პროდიუსერს, ნინუცა ყაჭიაშვილს შევხვდი და ამ დღიდან ჩემი იდუმალი ცხოვრება დაიწყო.

- ამ იდუმალი ცხოვრების დეტალებზე მიამბე, ყველაზე რთული რა იყო?

- არც ერთმა ჩემიანმა ეს ამბავი არ იცოდა და ყველაზე რთული იცი, რა იყო? შინ რომ ვბრუნდებოდი, ემოციას ვერავის ვუზიარებდი. როცა ჩვენს თავს რაღაც ხდება, ხომ გვიჩნდება სურვილი, ახლობლებს ემოცია გავუზიაროთ, მე ამის უფლება არ მქონდა და ეს ჩუმად ყოფნა მაგიჟებდა. კოსტiუმის მორგება, რეპეტიციებზე მალულად სიარული, ძალიან რთული იყო ამის შენახვა. მძღოლი მაკითხავდა და ძალიან კონსპირაციულად ვმოძრაობდი. სანამ დიღომში შევიდოდი, უკანა სავარძელზე ვწვებოდი, მერე ნინუცას ვხვდებოდი, ის ჯდებოდა ჩემთან, მაცმევდა შავ მანტიას, მიკეთებდა დიდ ნიღაბს, მიმიყვანდნენ პირდაპირ კართან. გაფრთხილებული ვიყავი, არ უნდა მელაპარაკა. ყველა წესს ძალიან კარგად ვიცავდი მთელი დღის განმავლობაში და შინ რომ მოვდიოდი, არავის არაფერს ვეუბნებოდი.

- ალბათ ბევრ ტყუილსაც ამბობდი, არა?

- სულ რაღაცას ვიტყუებოდი. ვინმე თუ დამირეკავდა და იქ ვიყავი, რაღაცას ვიგონებდი. ოჯახის წევრები ხშირად მწერდნენ, სად ხარო? ბუნებრივია, მათაც ვატყუებდი: ხან ვამბობდი, გადაღებაზე ვარ, ჯერ ვერ მოვალ-მეთქი. მაგალითად, პირველი კონცერტის დროს ვთქვი, რომ მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ ვიყავი გასული და გვიან დავბრუნდებოდი (იცინის). ამდენი ტყუილი ცხოვრებაში არ მითქვამს.

- პერსონაჟის არჩევა როგორ მოხდა?

- მითხრეს, შენ პეპელა იქნებიო და დავთანხმდი. ამ პროექტში ყველა კოსტiუმი ძალიან ლამაზია, ყველა პერსონაჟი თავისებურად საინტერესო, მაგრამ ჩემი პეპელა განსაკუთრებით მომწონდა. პირველად ესკიზი მანახvეს და შემდეგ, როდესაც მოსარგებად დამიბარეს, გადავირიე, ისე მომეწონა, მერე ჭუპრიც მომიტანეს, ყველაფერი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო.

- ჟიურის წევრების შეფასებებზე ბევრი იხალისე?

- ძალიან, მათ ვინ აღარ ვეგონე, ეგ მომენტი სასაცილო იყო. ანრიმ დამასახელა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ხმით მიცნო. პროფაილში იყო ერთი მინიშნება, პეპელას არ უყვარს, როცა ვიღაცას ამსგავსებენო. ანრი ძალიან კარგად მიცნობს და თქვა, ახლა ერთადერთი ადამიანი, ამ მიმსგავსების ვერ ატანაზე ვინც მახსენდება, კრისტი არისო. მერე ანრის ეს მომენტი საერთოდ დაავიწყდა. ვნერვიულობდი, ხელებით მიცნობენ-მეთქი, მკლავები შეფუთული არ მქონდა, თეძოები კი "გამიკეთეს". ამბობდნენ, ლამაზი კოჭი აქვსო და პეპელა კოჭლამაზიშვილი დამარქვეს.

- რომელმა შეფასებამ გაგახალისა ყველაზე მეტად?

- ყველა შეფასება სახალისო იყო. როცა ჩემსა და დრაკონს შორის არჩევანის გაკეთების დრო დადგა, ნანიკომ თქვა, დრაკონის წელია და დავტოვოთო, ანრი ითხოვდა, პეპელა დავტოვოთო. საბოლოოდ, ჩემი გაშვება გადაწყდა. პეპელა 3 დღე ცოცხლობსო და 3 კონცერტი მაინც მქონოდა.

- რომ გამოეთიშე, გული დაგწყდა?

- 2 სიმღერა მქონდა ჩაწერილი, მათგან ერთი, არც მეტი, არც ნაკლები, უიტნი ჰიუსტონის სიმღერა იყო და ძალიან მაინტერესებდა, ეს შესრულება სცენაზე როგორი სანახავი იქნებოდა. გული დამწყდა თუ არა? მაინც ვთვლი, რომ მთავარი მონაწილეობაა.

- ოჯახის წევრებმა რა გითხრეს?

- ძალიან სასაცილო მომენტი იყო: იმ დღეს, როდესაც ვიცოდი, რომ პროექტს ვეთიშებოდი, ჩემთან მეგობარი იყო მოსული. მე, დედა და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით, ჩაის მივირთმევდით. ყველამ იცის, ტელევიზორს არასდროს ვრთავ, არ მიყვარს. იმ საღამოს რომ ჩავრთე, დედას ცოტათი კი გაუკვირდა, მერე მითხრა, ხმას ჩაუწიე, ვსაუბრობთო. არა, მინდა ამ გადაცემას ვუყურო-მეთქი. პეპელა რომ გამოვიდა, ჩემებმა თქვეს, რა საყვარელიაო. გადაცემა ფინალისკენ რომ წავიდა, ვთქვი, ეს მომენტი ყველაზე მეტად მაინტერესებს, ვინ გავარდება-მეთქი. პეპელამ ნიღაბი რომ მოიხსნა, დედაჩემიც ინტერესით უყურებდა. თავიდან თქვა, - ვაიმე, ვინ არის? კრისტი, შენ რა ძალიან გგავსო, მაგრამ მალევე მიხვდა, რაც ხდებოდა და მერე კიდევ უფრო გაკვირვებულმა მკითხა, - შენ იყავიო? კივილი დაიწყო, ამაზე ვიხალისე. მისაყვედურა, - რატომ დამიმალეო? - დედა, არ შეიძლებოდა და როგორ მეთქვა-მეთქი?!

- ნატალიას რეაქცია როგორი იყო?

- ნატალია თბილისში არ იყო, დედაჩემმა ლინკი გაუგზავნა, ხომ მიხვდა რაშიც იყო საქმე და მოსწერა: "შენ იცოდი?" მინდა გითხრა, რომ ცოტათი გამიბრაზდნენ.

- ტყუილების თქმის გამო, უხერხულ სიტუაციაში ხომ არ ჩავარდნილხარ?

- ვაიმე! ერთ დღეს დალი ჩიტალაძე მირეკავს და მეუბნება, დღეს "ვინ ვინ არის" "ლაივია" (პირველი კონცერტი "ლაივი" იყო, მერე ჩაწერაზე გადავიდნენ), ძალიან გთხოვ, წავიდეთო. ვაიმე, არ მცალია-მეთქი. - მიდი რა, მოინდომე, ასეთი გადაუდებელი რა საქმე გაქვსო? ამ პროექტის გამო, როცა ტყუილს ვამბობდი, ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ის, ვისაც ვატყუებდი, ხვდებოდა, რომ სიმართლეს არ ვეუბნებოდი. როცა კარავში ვიჯექი, ყველას მაშინ უნდებოდა დარეკვა. ახლა ყველა მეუბნება, ისე როგორ მოახერხე, ერთხელ ეჭვიც არ შეგვპაროდაო.

- იმ პერსონაჟებიდან, რომლებიც ახლა პროექტში არიან, ფავორიტი გყავს?

- ყველა პერსონაჟს ძალიან ვგულშემატკივრობ. ხომ არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ ჩემი მხარდაჭერა გულწრფელია.

- რომელიმე პერსონაჟის გამოცნობა თუ მოახერხე?

- ჯადოქარზე ვფიქრობ ერთ ადამიანს, ვნახოთ, ის აღმოჩნდება თუ არა, ძალიან მაინტერესებს.

- რა რჩევას მისცემ მომავალ მონაწილეებს?

- აუცილებლად დათანხმდით, მაგრამ იცოდეთ, ტყუილების თქმა დაგჭირდებათ და ეს ძალიან ძნელია. შეგრძნება მქონდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, სხვა ცხოვრება მქონდა. ამ პროექტზე ძალიან კარგი გუნდი მუშაობს, ყველა მათგანი თავის საქმის პროფესიონალია. მადლობა დუტას, ნინუცას, თეა თელიას, შემოქმედებითი ჯგუფის თითოეულ წევრს. თუ ვიმღერებდი, არ მეგონა, შეუძლებელი შემაძლებინეს. ძალიან დიდი მონდომებით, პროფესიონალიზმით უდგებიან საქმეს და ეს მათ პროდუქტზეც აისახება. ამ პროექტს წარმატებას ვუსურვებ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"