"ცათა სასუფეველში უფრო შეხვალ ადამიანი, ვიდრე სნობურ, ქართულ ბომონდურ საზოგადოებაში" - რას ჰყვება მაკა შალიკაშვილი პრობლემაზე, რომელსაც 20 წელზე მეტია, უმკლავდება - კვირის პალიტრა

"ცათა სასუფეველში უფრო შეხვალ ადამიანი, ვიდრე სნობურ, ქართულ ბომონდურ საზოგადოებაში" - რას ჰყვება მაკა შალიკაშვილი პრობლემაზე, რომელსაც 20 წელზე მეტია, უმკლავდება

მსახიობი მაკა შალიკაშვილი გულახდილად გვესაუბრა იმ პრობლემაზე, რომელსაც 20 წელზე მეტია, უმკლავდება და მისთვის სარგებელი არ მოუტანია: არც აძლიერებს, არც - მის პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს, პირიქით - ხელს უშლის...

- საერთოდ, ადამიანს უამრავი პრობლემა აქვს, რადგან ამის გარეშე არ ვარსებობთ - ეს ვიცით და ბუნებრივია. ამისთვის გვამზადებენ ჯერ - სახლში (მშობლები), შემდეგ - საბავშვო ბაღში, სკოლაში... სწავლასთან ერთად, პრობლემებზე გველაპარაკებიან, გამოცდილებას გვიზიარებენ, რომ ცხოვრებაში სირთულეებს მომზადებული შევხვდეთ. ეს პრობლემები ადამიანს პიროვნულ ზრდაში, განვითარებაში, გაძლიერებაში გეხმარება, რომ საბოლოო ჯამში, უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბდე. ის პრობლემა, რაც მე მაქვს და რის შესახებაც მინდა გესაუბროთ, საშინლად მიშლის ხელს: ბინა არ მაქვს. ამის გამო, რაც კი ცხოვრებაში შემიძენია, ყველაფერი ფასს კარგავს, როდესაც არ ვიცი ვინ როდის, რატომ და რისთვის გამომიშვებს სახლიდან... უბინაობა პრობლემათა იმ კატეგორიას არ განეკუთვნება, რომელიც გაძლიერებს, ცოდნას და გამოცდილებას გაძლევს, პიროვნულად გზრდის... მე რა პრობლემაც მაქვს, ამის გამო, ჩემთვის ყველაფერი აზრს კარგავს, რადგან თუნდაც ბინის მეპატრონესთან ხელშეკრულების გაფორმებისას, მაინც დროებითი საცხოვრებელი გაქვს. მუდმივად გადასვლა-გადმოსვლა გიწევს... პირადად მე, ამ ტიპის სიახლეების მიღება მიჭირს. ეგ კი არა, საზღვარგარეთ ამიტომ ვერ წავედი ვერასოდეს, რომ სხვაგან ვერაფრით ვიცხოვრებ. ცუდია თუ კარგი, ჩემი ქვეყანა მიყვარს - წარმატება და ბედნიერება აქ მინდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ და ზუსტად ვიცი, რომ "ერთნაირი სულის" ადამიანების მონახვა ყველგან შეიძლება, სხვაგან მაინც ვერასდროს ვიცხოვრებ. ხომ გაგიგონიათ - მსახიობს უნდა შიოდეს და სწყუროდეს, რომ კარგად ითამაშოსო? რა თქმა უნდა, ამას ვეთანხმები, როცა მსახიობს იმდენი საქმე გაქვს, რომ ვერ ჭამ და იცი, რა არის შიმშილი, მაგრამ დიდი განსხვავებაა, როცა გაჭირვების გამო ვერ ჭამ... გაჭირვება ძალიან თრგუნავს და მიწასთან ასწორებს მსახიობის ღირსებას, ყველაფერს... ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, - ბინა რატომ არ გაქვსო? განა იმიტომ არ მაქვს, რომ გარკვეული პრობლემების გამო გავყიდე ან წამართვეს, ან - მამაჩემი დააკავეს და იძულებული გავხდით, ბინა გაგვეყიდა?.. მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ სახლი არ გვქონია ქალაქში, სადაც საბედნიეროდ თუ ჩემდა სამწუხაროდ, ის უნივერსიტეტი მდებარეობს, რომელში ჩაბარებაც მსურდა. თეატრალური უნივერსიტეტი სოფელ იგოეთში ან კასპში რომ ყოფილიყო, დამიჯერე, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა - სნობ ქალაქელებს არ შევაწუხებდი: თბილისში არ "ჩამოვეთრეოდი" და მათ თვალში არ შევეჩხირებოდი, ვისაც ძალიან არ ვუყვარვარ და ამბობენ, - სოფლელი სოფელშიო...

- ასეთ დამოკიდებულებას დღესაც გრძნობთ?

- კი, ბატონო. ადრეულ ასაკშიც ვგრძნობდი და დღესაც. ცათა სასუფეველში უფრო შეხვალ ადამიანი (თუ ქრისტეს მეგობარი იქნები), ვიდრე სნობურ, ქართულ ბომონდურ საზოგადოებაში.

- ცხოვრების რომელიმე ეტაპზე გქონიათ შანსი, ბინა შეგეძინათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვეღარ შეძელით?

- არასოდეს. ჩემი ხელფასით ბინას ვერასოდეს შევიძენდი და ვერც ახლა შევიძენ, რადგან ეს წარმოუდგენელია: 3 თეატრში ვმუშაობ და თანხას ვაგროვებ, რომ გადავიხადო ქირა, აბიტურიენტ შვილს მივხედო... ჯერ ავადმყოფი მამა მყავდა, ახლა დედას და მამიდას სჭირდებათ მიხედვა... საოცრება ხდება: რაკი კარგად გამოვიყურები, კარგად მაცვია, მხიარულ განწყობაზე ვარ, ბინის მეპატრონეები გიჟდებიან, ისე უნდათ, რომ ქირა გამიძვირონ. თუკი ტელეეკრანზე ჩანხარ, ჰგონიათ, რომ ბევრი ფული გაქვს, მილიონებს გიხდიან... მილიონობით მხოლოდ მაყურებლების სიყვარული, სოციალურ ქსელებში - კომენტარი, ვიდეოების "ნახვა", "მოწონება" მაქვს და არა - ფული.

- ამჟამადაც ქირით ცხოვრობთ?

- კი. 13 წელი ერთ-ერთი ქალბატონის ბინაში ქირით ვცხოვრობდი. საერთოდ, ძალიან მოწესრიგებული გადამხდელი ვარ. გამორიცხულია, ადამიანს გადახდა დავუგვიანო - "ურიის ვალს" ავიღებ და გადავიხდი, რადგან ვიცი, რომ რაკი ბინას აქირავებს, ე.ი. თანხა სჭირდება. ბოლოს მეპატრონემ მითხრა, - ბინას ვყიდიო. ყოველდღე მყიდველი მოჰყავდა, რაც აბსოლუტურად გასაგებია. გარკვეული თანხა გადავუხადე, რითიც გამოთვალა და ახალ მეპატრონეს თარიღი დაუსახელა - მაკა ამა და ამ დღეს მიდისო. ეს ისე გააკეთა, რომ ჩემთვის არც უკითხავს, ახალი ბინა ვიპოვე თუ არა, როდის გადავიდოდი, როდის შევძლებდი ჩემი ნივთების გადატანას... როცა მისი ბინის დაქირავება დავიწყე, მაშინ იქ ფაქტობრივად, არაფერი იყო. შესაბამისად, საწოლი და სხვა ავეჯი, საჭირო ნივთები თავად მივიტანე. ახლა იმის ღირსადაც არ ჩამაგდო, ეკითხა, - როდის მიდიხარო? იმ ქალბატონს, ვინც ბინა შეიძინა, ვულოცავ, რა თქმა უნდა - დღეს ბინის შეძენა დიდი ბედნიერებაა. თავად მასთან, სახლის ახალ მეპატრონესთან მომიხდა დალაპარაკება, რომ ჩემთვის ბინის დასაცლელად დრო მოეცა. მოკლედ, ბინის თავდაპირველმა მეპატრონემ ფაქტობრივად, ქუჩაში გამომაგდო.

- 13 წლის განმავლობაში, მასთან მეგობრული ურთიერთობა არ ჩამოგიყალიბდათ?

- კი, იდეაში, ჩამოყალიბებული იყო... ძირითადად, ყოველ ზაფხულს ქირას მიმატებდა - წინააღმდეგ შემთხვევაში, ბინას გავარემონტებ და უცხოელებზე გავაქირავებ, რა პრობლემააო? იმის გამო, რომ აქეთ-იქით სიარული არ შემეძლო, გაურემონტებელ, საშინელ სახლში ვცხოვრობდი, 32 კვმ-ში. ამბობდა, - ყველა ფულს "აკეთებს", მე რატომ არ უნდა "გავაკეთოო"?!.

- ახლა სხვა ბინის პოვნა იოლად მოახერხეთ?

- "მაგრამ ღმერთი არ გასწირავს, კაცსა შენგან განაწირსა" - ეს დამემართა: სრულიად შემთხვევით, გოგონა ვიპოვე, ვინც ბინას აქირავებდა... ვისაც გადაბარგება გამოუცდია, იცის, ეს რა ჯოჯოხეთური შრომაა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია. რა თქმა უნდა, გაჭირვებათა ნაირსახეობა არსებობს, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში, საკუთარი გასაჭირი ყველას რთულად მიაჩნია. ის ფაქტი არ გვაწყნარებს, რომ შეიძლება, ვიღაც საერთოდ, ქუჩაში ცხოვრობს. მესმის, რომ ყველას თავისი პრობლემა აქვს. სხვათა შორის, ისიც კარგად მაქვს გაცნობიერებული და ზუსტად ვიცი, რომ მილიონერებსაც უამრავი პრობლემა აქვთ - უპრობლემო არავინაა. არც ერთ ტელეგადაცემაში არ მივსულვარ და არ მითქვამს, - მთავრობამ ბინა მაჩუქოს-მეთქი. არავინ არის ვალდებული, ბინა მაჩუქოს. შეგვიძლია, იმდენი ვიშრომოთ, რომ გარკვეული შემოსავალი გვქონდეს, მაგრამ მათთვის, ვინც წლების განმავლობაში ქირით ვცხოვრობთ, გარკვეული შეღავათი უნდა არსებობდეს, ჩვენი შემოსავლის დათვლის საფუძველზე, რომ ბანკზე დამოკიდებული არ ვიყო და ბოლოს რაღაც მაინც შემრჩეს, რადგან 3 წელიწადში 50 წლის ვხდები. 70 წლის რომ გავხდები, სესხის გადახდა მაშინ უნდა დავასრულო?..

- ბანკიდან სესხი გაქვთ აღებული?

- არა. ამჟამად, სესხი არ მაქვს, მაგრამ სესხის გარეშე ბინას ვერ შევიძენ. 20 წელზე მეტია, რაც თბილისში ჩამოვედი და იმ დროიდან ქირით ვცხოვრობ...

- თავის გატანას როგორ ახერხებთ?

- ძალიან ბევრს ვმუშაობ. როგორც გითხარით, 3 თეატრში ვარ დაკავებული. ამბობენ, - მსახიობი ერთ თეატრში უნდა იყოს. არ შეიძლება, ბევრგან მუშაობდესო. ერთ თეატრში მუშაობისთვის იმდენს რომ მიხდიდნენ, რასაც სამში მუშაობისას ვიღებ (ესეც არაა საკმარისი), ერთგან ვიმუშავებდი, მთელ შრომას იქ "ჩავანთხევდი" და შედეგს "დავდებდი", რა პრობლემაა? კი, მესმის, როცა ბევრგან მუშაობ, ნაკლები შედეგი "იდება" - ეს გასაგებია და ამაში პროფესიონალებს ვეთანხმები, მაგრამ როცა სხვა საშუალება არ არის?.. ამიტომ 3-4 თეატრში კი არა, მსახიობები ყველგან ვიმუშავებდით, რომ შეგვეძლოს, ისეთი მცირე ხელფასი გვაქვს. ზოგი მსახიობი ტელევიზიაში მუშაობს, ზოგს ქმრის თუ ცოლის ბაბუამ დაუტოვა ქონება და ალბათ, ასე იყიდეს ბინები, თორემ ჩვენი ხელფასით ეს შეუძლებელია. მე აბსოლუტურად მარტო ვარ, ასეთი არავინ მყავს... ყველაფრის მიუხედავად, მხიარული, ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან იმ პროფესიით ვარ დაკავებული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, უამრავი მაყურებელი მყავს, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ. დიდი სამეგობრო მყავს. ყველა სადღაც მეპატიჟება. ამიტომ როდესაც ვისვენებ და სადმე ვარ "წამოპლაკული" (როგორც ჩემ შესახებ ამბობენ ხოლმე) და ვიცინი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მილიონი დოლარი ვიშოვე ან ზღვის პირას სახლი ვიყიდე და უზრუნველად ვარ; ეს ნიშნავს, რომ ძალიან კეთილი, გულისხმიერი, მაგარი მეგობრები მყავს!.. ამ ზაფხულს ჩემი შვილი და ჩემი უმცროსი მეგობარი ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. ამიტომ ამ ამბებით მოცული და დაინტერესებული ვარ... ასევე, გორის თეატრიდან მსახიობები ბათუმში მივემგზავრებით - 5 დღეს იქ გავატარებთ. თუ საკურორტო ქალაქში სადმე მნახეთ, იცოდეთ, რომ თეატრიდან ვარ გასტროლზე და მილიონი არ მიშოვია...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"