"მალე ვაპირებ დაბრუნებას. 18 წელია ნიუ-იორკში ვარ. ძალიან მწყდება გული იმის გამო, რასაც ახლა ვხედავ..." - კვირის პალიტრა

"მალე ვაპირებ დაბრუნებას. 18 წელია ნიუ-იორკში ვარ. ძალიან მწყდება გული იმის გამო, რასაც ახლა ვხედავ..."

ბოლო ათწლეულებში ჩვენს სამშობლოს ემიგრაციის არნახულმა ტალღამ გადაუარა

და ქვეყანა არაერთმა ნიჭიერმა, სასიქადულო ადამიანმა დატოვა, მათ შორისაა ყველასთვის საყვარელი მსახიობი ხათუნა იოსელიანი.

- ჩვენი პირველი შეკითხვა ბავშვობას ეხება: სად გაატარეთ ბავშვობა და იმ წლებში თუ ოცნებობდით მსახიობობაზე?

- მე დავიბადე თბილისში, ზემელზე, ყოფილ მოსკოვის ქუჩაზე. ექიმების ოჯახში გავიზარდე. ისეთი ხალხი გვსტუმრობდა - მსახიობები, მომღერლები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, რომ მათი შემხედვარე, ბავშვობიდანვე მხოლოდ მსახიობობაზე ვოცნებობდი. საბოლოოდ როდის გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი პროფესია იქნებოდა? - ალბათ მაშინ, როცა ჩემი პირველი ეპიზოდი გადავიღე მოკლემეტრაჟიან ფილმში ,,კედელი": მასში ჩემი ძმა - საშკა იოსელიანი თამაშობდა. მაშინ ისიც პატარა იყო. ახლაც მახსოვს, გადაღებაზე როგორ წავყევი. რეჟისორმა პატარა ეპიზოდი მანდო. მახსოვს, რომ გადასაღები მოედანი ჯადოსნურ სამყაროდ მომეჩვენა და მივხვდი, ეს ჩემი სამყარო იყო!

- ალბათ, მსახიობებს შორის თქვენი კერპებიც გყავდათ.

- დიახ, ასე იყო. თანაც, დედას ყველა ფილმზე დავყავდი, რასაც თბილისში აჩვენებდნენ. საოცარი მსახიობები იყვნენ მაშინ, მაგრამ ჩემი კერპები ვივიენ ლი და ავა გარდნერი იყვნენ. ქართველი მსახიობებიც ძალიან მიყვარდა. საოცარი თაობა იყო, რომელმაც არაერთი ვარსკვლავი გვაჩუქა! არც კი ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, მაგრამ სესილია თაყაიშვილი განსაკუთრებით მომწონდა, მისი სამსახიობო ოსტატობა ხომ საერთოდ, მაგიჟებდა!

- ძალიან ბევრ ფილმში გაქვთ ნათამაშევი. სერიალები, რომელშიც თქვენ მონაწილეობდით, მთელ საქართველოში პოპულარული იყო, მაგრამ მაინც მიჩნდება ერთი შეკითხვა - კინო უფრო ძვირფასია თქვენთვის თუ თეატრი?

- თეატრი ცოცხალი ორგანიზმია, მაყურებლის ენერგიაა, ამიტომ მას ვერაფერი შეედრება. მიყვარს სცენაზე დგომა და ამ დროს თავს ყველაზე მსუბუქად, ლაღად ვგრძნობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კინო არ მიყვარს - კამერასთან მუშაობაც დიდ სიამოვნებას მგვრის.

- საყვარელი როლები თუ გაქვთ?

- ყველა როლი მიყვარს! "შთამომავლობაში" ფატი გურიელი ვითამაშე - ეს სპექტაკლი გოგი ქავთარაძემ დადგა მარჯანიშვილის თეატრში. ადრე ამ როლს ვერიკო ანჯაფარიძე თამაშობდა. გამორჩეულად მიყვარს გერტრუდას როლი, რომელიც ლილი იოსელიანის „ჰამლეტში" ვითამაშე. დიდი შრომა ჩავდეთ "თეატრალურ სარდაფში", სადაც სიამოვნებით ვთამაშობდი და ბევრი როლის ჩამოთვლა შემიძლია, რომელმაც სიხარული, სახელი და ხალხის სიყვარული მომიტანა.

- 1990-იანების თაობას „დაკარგულ თაობასაც“ უწოდებენ... იმ წლებმა ყველას რაღაც წაართვა, მაგრამ თქვენ ყველაზე ძვირფასი ადამიანი - ძმა დაკარგეთ! როგორი განცდაა, როდესაც ახლობელი ადამიანი ქვეყნისთვის სიცოცხლეს სწირავს?!

- ჩემი ოჯახიდან ორი ძმა დაიღუპა: საშკა იოსელიანი და კოკი წეროძე. კოკი ჩემი ბიძაშვილი იყო, მაგრამ ერთ სახლში გავიზარდეთ. ეს მოუშუშებელი ტკივილი და ენით უთქმელი განცდაა, ეს არის სინანულიც და ამავდროულად, სიამაყეც. ყველა ის ახალგაზრდა გმირი იყო, ვინც მაშინ თავი გადადო, სამშობლო ყველაზე წინ დააყენა და სიცოცხლე შესწირა!

- ვიცით, რომ 2006 წლიდან აშშ-ში ცხოვრობთ. როგორია შორიდან დანახული საქართველო, მისი დღევანდელობა?

- 18 წელია აქ ვარ - ნიუ-იორკში. ამ ქვეყნის მადლიერი ვარ, რადგან ჩემი ოჯახი ფეხზე დააყენა და რთული წლები გადაგვატანინა, მაგრამ ჩემს საქართველოს არაფერი შეედრება! ძალიან მწყდება გული იმის გამო, რასაც ახლა ვხედავ: როგორც ზემოთ აღვნიშნე, ორი ძმა დავკარგე რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახლა ისევ უკან გვაბრუნებენ? გამოდის, რომ ყველაფერი ფუჭი ყოფილა?! კი მაგრამ, „მეგობარმა" რუსეთმა არ დაგვიხოცა ამდენი ვაჟკაცი?! არ ვეთანხმები ამ პოლიტიკას და რუსეთის მომხრეც არასდროს ვიქნები! არ მიყვარს უმადური ადამიანები, რომლებმაც ამერიკის და ევროპის დახმარებით სული მოითქვეს და ახლა მათ მტრად აცხადებენ.

- ქალბატონო ხათუნა, ისიც ვიცით, რომ ამერიკაშიც ქართულ საქმეს აკეთებთ და ქართულ თეატრს ემსახურებით.

- დიახ, ნიუ-იორკის "ქართული კულტურის ცენტრმა" მომცა საშუალება, ისევ ქართულ კულტურას ვემსახურო. ამ ცენტრის დამფუძნებლები არიან ვიქტორ სირელსონი და მისი მეუღლე - ლია ბახტურიძე-სირელსონი. ამ წლების განმავლობაში, ქართველ ბავშვებსაც ვასწავლიდი და პარალელურად, ქალბატონ ლიკას სპექტაკლებშიც ვთამაშობდი. შემდეგში რეჟისორის ფუნქცია მეც შევითავსე და საბავშვო სპექტაკლები დავდგი, კერძოდ: „ნაცარქექია", "სამი გოჭი,", "ჰელადოსი", „შთამომავლობა", "თეთრი ბაირაღები" და ა.შ. ახლა ახალგაზრდა რეჟისორი, გიორგი წითური, მუშაობს ახალ პიესაზე და პატარა ეპიზოდს დავჯერდი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

- დაბოლოს, ალბათ დაბრუნებაზე ბევრჯერ გიფიქრიათ. როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში დაბრუნება და როდის?

- ჩემთან ერთად, უკვე 9 წელია ცხოვრობს ჩემი ქალიშვილი მაკა შენგელია. მალე ვაპირებ დაბრუნებას. მე ცუცა კაპანაძესთან ერთად ჩამოვედი აქ და დაბრუნებითაც ჩემს საყვარელ ცუცასა და მაკასთან ერთად დავბრუნდები. იქ არის ჩემი ადგილი, ჩემი შვილიშვილი საშკა, ჩემი დები, ძმა - მიშა, ნათესავები, მეგობრები, ახლობელთა საფლავები და რაც მთავარია, ჩემი გული იქ არის - საქართველოში!

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"