"რონალდუ მაინც რონალდუა. საქართველოს ნაკრები ამ ჩემპიონატის აღმოჩენა გახდა. ჩვენმა გუნდმა დამტკიცა, რომ ქართველები ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ" - კვირის პალიტრა

"რონალდუ მაინც რონალდუა. საქართველოს ნაკრები ამ ჩემპიონატის აღმოჩენა გახდა. ჩვენმა გუნდმა დამტკიცა, რომ ქართველები ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ"

საქართველოს ნაკრებმა, თავისი ლაღი, ცეცხლოვანი თამაშით, ევროპა გააოცა, ქართველ გულშემატკივრებს კი, დიდი ხნის ოცნება აუსრულა: ევროპის ჩემპიონატზე ისე ითამაშა, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ამ წარმატების ერთ-ერთი თვითმხილველი, ფოტოჟურნალისტი გოგა ჩანადირიც გახლავთ:

- მე ძალიან გამიმართლა და 26 ივნისის თამაშის დროს, გელზენკირხენის სტადიონზე ვიყავი. ალბათ, ეს დღე არც მე დამავიწყდება და არც მათ, ვინც ჩვენს ნაკრებს გულშემატკივრობდა. სტადიონზე საოცრად შთამბეჭდავი და ლამაზი გარემო იყო. დიდი ინტერესი გამოიწვია იმან, რომ ჩვენს ახალგაზრდა ვარსკვლავებთან "ფეხბურთის" მეფედ" წოდებულ კრიშტიანუ რონალდუს უნდა ეთამაშა. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ საქართველო-პორტუგალიის თამაშს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოგებას თითქმის არავინ ვარაუდობდა, მაინც მოვიგეთ და ყველა გავაოცეთ.

- რა დაამტკიცა ამ მოგებით ჩვენმა ნაკრებმა?

- ის, რომ ჩვენი გუნდი ძალიან ლამაზ, ინდივიდუალურ ფეხბურთს თამაშობს და მისი სტილი არავის სტილს არა ჰგავს. 26-მა ივნისმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ძალიან აკლია და ენატრება რომანტიკული ფეხბურთის მიმდევარი გუნდები. დღეს ხომ ყველაფერი კომპიუტერიზებულია... ამის გამო, ყველამ იცის, ბურთი ვინ როდის უნდა გადააწოდოს და როგორ გაიტანოს. დიახ, ქართველები რომანტიკულ, ბუნებრივ და ლაღ ფეხბურთს თამაშობენ, რითაც მთელი მსოფლიო გააკვირვეს და მოხიბლეს.

- მიუხედავად ამისა, პორტუგალიასთან მოგების იმედი ბევრს არ ჰქონდა. თქვენი აზრით, როგორ მივაღწიეთ ამ საოცარ შედეგს?

- ჯერ ერთი, ჩვენს კართან დგას "კედელი", რომელიც არც ერთ ბურთს არ ატარებს - ეს არის გიორგი მამარდაშვილი, რომელიც უკვე აღიარეს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ. გვყავს ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებმაც ამ თამაშში მთელი ძალა და ენერგია ჩააქსოვეს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართველებმა ყველა თამაშში ძალიან ლამაზი ფეხბურთი აჩვენეს. ჩვენი გუნდი თავს ღირსეულად იცავდა და ღირსეულად უტევდა, ის არ დაემსგავსა გუნდებს, რომლებიც მხოლოდ ბურთის შენარჩუნებაზე ფიქრობენ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ბურთი მრგვალია და შეიძლება ისეთ გამოცდილ ფეხბურთელსაც არ გაუმართლოს, როგორიც რონალდუა. საბედნიეროდ, ბურთი ვერ გაგვიტანა, მაგრამ ამით მის ღირსებას არაფერი დაკლებია - რონალდუ მაინც რონალდუა.

- თქვენი დაკვირვებით, როგორ მოუგო ჩვენმა ნაკრებმა ასეთ ძლიერ და გამოცდილ გუნდს?

- უნდა ვაღიარო, რომ პორტუგალიას ყველაფერი ჩვენზე მეტი ჰქონდა: კლასი, გამოცდილება, ბოლოსდაბოლოს, მათ გუნდში რონალდუ თამაშობდა, მაგრამ მაინც მოვიგეთ. ეს იმიტომ, რომ ფეხბურთში ლოგიკური გათვლები ხშირად, არ მოქმედებს, ამიტომ, ზოგჯერ გამოუცდელი გუნდები იმარჯვებენ გაცილებით ძლიერ და გამოცდილ გუნდებთან პაექრობაში. ჩვენმა გუნდმაც, ყველა ლოგიკური გათვლა თავისი ლამაზი, თავდადებული ფეხბურთით დაამარცხა. ისე, მე ვფიქრობ, რომ თურქებთანაც არ უნდა წაგვვეგო, მაგრამ წავაგეთ და ამის კომპენსაცია ყველას გასაოცრად, პორტუგალიასთან თამაშში შევძელით. ამიტომ, პორტუგალიასთან მატჩი ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ქართველი გუშემატკივრებისთვის, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ძალიან კარგი ქომაგობა იციან. გერმანიაში უამრავი ქართველი ჩავიდა, ისინი ბოლომდე ერთგულად ქომაგობდნენ საყვარელ გუნდს და სტადიონზეც დიდი რაოდენობით იყვნენ. განსაკუთრებით, ჩეხეთთან თამაშის დროს.

- გოგა, როგორ ფიქრობთ, მაინც, რა აკლიათ ქართველ გულშემატკივრებს?

- მე ვიტყოდი, რომ ქართველებმა საუკეთესო გულშემატკივრობა იციან, უფრო მეტიც: მათ შეძლეს და სოციალური ქსელიც კი დაიპყრეს, რაც ძალიან კარგია: ეს, საქართველოსთვის დამატებითი რეკლამაა. ამის გამო, ჩვენი ქვეყანა სულ უფრო საინტერესო ხდება მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებებისთვის. რა გვაკლია? - ალბათ, უფრო ომახიანი სიმღერები გვჭირდება, რომ ჩვენი გუნდი გავამხნევოთ. ასეთი სიმღერები ძალიან ბევრ ნაკრებს აქვს და მხოლოდ "ზღაპრის ბოლო კეთილია" საკმარისი არ არის.

- პორტუგალიასთან მატჩის ყველაზე ამაღელვებელი ეპიზოდი რა იყო?

- მე ძალიან მომეწონა, როცა მატჩის ბოლოს კვარაცხელია რონალდუსთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და მისი მაისური მიიღო. ეს მარტო ხვიჩასთვის არ ყოფილა მნიშვნელოვანი, ეს ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, განსაკუთრებით, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც თამაშს ახლა იწყებენ. ისინი ხედავენ, რას ნიშნავს, როცა შენი ქვეყნისთვის მთელი გულით შრომობ... არანაკლები შთაბეჭდილება დამიტოვა ფოტომ, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა "დინამის" აკადემის გახსნის დროს გადაიღეს: ამ ფოტოზე ისინი პატარები არიან და თავიანთი კერპის - რონალდუს გვერდით დგანან. მაშინ ისინი 11-12 წლისანი იყვნენ და ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე რონალდუს პირისპირ ითამაშებდნენ. ეს ფოტო ყველა გულშემატკივრისთვის გულშიჩამწვდომი და ამაღელვებელი სანახავია.

- ადრე, ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა გუნდს ქომაგობდნენ, თქვენ თუ გყავდათ რჩეული გუნდი?

- მე ყოველთვის მომწონდა გერმანული ფეხბურთი და გერმანული გუნდები, მაგრამ ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ, როცა შენი ქვეყნის გუნდს გულშემატკივრობ. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ მას შეუძლია მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშოს. მხოლოდ მამარდაშვილი და კვარაცხელია კი არა, კიდევ რამდენი კარგი ფეხბურთელი გაიცნო მსოფლიომ და ეს ჩვენი სამშობლოსთვის დიდი მიღწევაა. მადლობა ამ ბიჭებს და რა თქმა უნდა, ნაკრების მთავარ მწვრთნელს - ვილი სანიოლის. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და ასეთი ლამაზი ფეხბურთიი აჩვენა მსოფლიოს. მას ზოგჯერ აკრიტიკებენ, მაგრამ მწრთვნელი მწრთვნელია და ყველაზე კარგად იცის, რა სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს. მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ნაკრების წარმატებაში წვლილი შეიტანა - ფეხბურთის ფედერაციით დაწყებული ექიმებამდე...

- თუმცა, მთავარი როლი ამ წარმატებაში მაინც ჩვენმა ფეხბურთელებმა შეასრულეს.

- დიახ, ამ ნიჭიერმა სპორტსმენებმა საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნეს. მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, ზივზივაძე, დავითაშვილი... არც კი ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, რადგან ერთმანეთზე უკეთესი მოთამაშეები გვყავს! სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საქართველოს ნაკრები ამ ჩემპიონატის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. ამ ბიჭებს წინ კიდევ ბევრი თამაში აქვთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ვარსკვალავები კიდევ ბევრჯერ გაიბრწყინებენ. მათ შეძლეს და საქართველო მთელ მსოფლიოში ასახელეს. მათ იმაზე მეტი გააკეთეს, რაც შეეძლოთ - ღირსეულად იასპარეზეს და ყველა თამაშში თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი ჩადეს. დღეს, ძალიან ბევრი ცნობილი გამოცემა წერს, რომ ჩვენმა გუნდმა სამაგალითო ფეხბურთი ითამაშა. მადლობა მათ იმ ლამაზი წუთებისთვის, რომელიც გვაჩუქეს.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)