აფხაზი გიდები რუსების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

აფხაზი გიდები რუსების წინააღმდეგ

საკურორტო სეზონი დაიწყო და ოკუპირებულ სოხუმში აფხაზები და რუსები ტურისტულ სფეროს ვერ იყოფენ. რუსების­ დავალებით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლა­მენტი ამზადებს შეთანხმებას, რომ რუს გიდებს აფხაზეთში გიდობა­ აკრძალული ჰქონდათ, შეზღუდვა მოეხსნებათ და მუშაობას ლეგალურად­ შეძლებენ.­ ამ ცვლილებების გამო აფხაზების­ აღშფოთება არ ცხრება, ამბობენ, რომ რუსი გიდები ამახინჯებენ "აფხაზეთის ისტორიას", ტურისტებს ეუბნებიან, რომ აფხაზეთი რუსეთის ნაწილია, ამახინჯებენ ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს, არ იციან, როგორ მოიქცნენ საკულტო ადგილებში. გარდა ამისა, რუსების ამ ბაზარზე შემოსვლის ნებართვა ნიშნავს, რომ აფხაზები შემოსავლის გარეშე­ დარჩებიან. ამიტომაც დე ფაქტო ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ დაიცვას "საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები" და რუსებს გიდად მუშაობის ნება არ მისცეს. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ტურიზმის დე ფაქტო მინისტრი იძულებული გახდა გადამდგარიყო.

"დროა დავირქვათ გუბერნია"

რუსი გიდების შესაძლო დაშვებაზე ინფორმაცია თავდაპირველად ერთ-ერთ აფხაზურ ტელეგრამ-არხზე გავრცელდა. დაიწერა, რომ სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩმა მოითხოვა რუსი გიდებისთვის მოქმედი აკრძალვის გაუქმება და დე ფაქტო ხელისუფლება რუს კოლეგას საკითხის სწრაფად მოგვარებას დაჰპირდა. ინფორმაციას სოხუმში საპროტესტო გამოხმაურებები მოჰყვა. სპეციალური­ შტა­ბიც კი შეიქმნა, სადაც პირველივე დღეს ტურიზმის სფეროში დასაქმებული და მათი მხარდამჭერი­ 1000-ზე მეტი კაცი გაერთიანდა.­ მათ წერილები მისწერეს "პრეზიდენტს", "პრემიერ-მინისტრსა" და "ტურიზმის მინისტრს", ითხოვეს შეხვედრა. შეხვედრისას დე ფაქტო პრემიერმა სერგეი შამბამ პროტესტის მონაწილეებს განუცხადა,­ რომ არანაირი ცვლილებები არ იგეგმება. ტურიზმის "მინისტრმა"­ თეიმურაზ ხიშბამ კი თქვა, რომ ის მათ უფლებებს დაიცავს,­ მაგრამ ამ განცხადებიდან მეორე დღეს ხიშბა თანამდებობიდან გადადგა. ამან უფრო დაარწმუნა ყველა, რომ ცვლილებები იქნება და "მინისტრიც" სწორედ ამ ცვლილების წინააღმდეგ წასვლას შეეწირა.

მწვავე განხილვები გაიმართა დე ფაქტო პარლამენტშიც. "ხელისუფლების" თქმით, 2020 წელს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოითხოვს აფხაზური კანონები რუსულს დაუახლოვდეს და ამიტომაც რუსებს ტურიზმის სფეროში მუშაობის უფლება უნდა მიეცეთ.

"2016 წელს რუსეთში კანონი მიიღეს,­ რომელიც საექსკურსიო საქმიანობის უფ­ლებას­ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს­ აძლევს. ჩვენს ქვეყანაში მიღებულია ცვლი­ლე­ბები, რომლებიც ამის უფლებას მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს აძლევს. რუსული და ჩვენი კანონი მსგავსია, თუმცა­ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - აფხაზეთის მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეებიც არიან. ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც რუსული მოქალაქეობა აქვთ, რუსე­თში საექსკურსიო საქმიანობით დაკავება შეუძლიათ, რასაც ვერ ვიტყვით რუსებზე. მათ, საწყლებს, აფხაზეთში მუშაობა არ შეუძლიათ. ასეთი არასამართლიანი მიდგომა გამოდის", - განაცხადა ოზგანმა.

დიდი პოლემიკის შემდეგ "პარლამენტში"­ ითქვა, რომ ცვლილებები უკვე გადაწყვეტილია, ამას "რუსეთთან სტრატეგიული მოკავშირეობა" ავალდებულებთ და ახალი შეთანხმებით რუსეთის მოქალაქეებს უფლება მიეცემათ გიდად გაჰყვნენ მაქსიმუმ 9-კაციან ტურისტულ ჯგუფებს.

ამ ხმაურიან განხილვას გამოეხმაურა ოპოზიციონერი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი, "იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ხელისუფლება ავირჩიეთ მხოლოდ ჩვენი მოკავშირეობის ვალის შესასრულებლად და თუკი ასეა, მაშინ დროა დავირქვათ გუბერნია".

"ჩვენს ისტორიას ამახინჯებენ"

რუს ტურისტებში აფხაზეთი დიდი პოპულარობით სარგებლობს, სოჭში დასასვენებლად მყოფი რუსები ერთი დღით ჩადიან აფხაზეთში და ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ. ყველაზე პოპულარულია ახალი ათონის მღვიმე და რიწის ტბა. აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს 1 მლნ-ზე მეტი ტურისტი ჩავიდა, მათ შორის ექსკურსიის მონაწილეთა რაოდენობამ 936 591 კაცი შეადგინა. წლებია, ზაფხულში სოჭიდან ყოველ დილით რამდენიმე ასეული საექსკურსიო ავტობუსი­ თუ მიკროავტობუსი მიდის რუსეთის საზღვრამდე, სადაც მათ აფხაზეთის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ხვდებიან და კონკრეტული ადგილების დათვალიერებაში ეხმარებიან. არცთუ იშვიათია, როდესაც­ სოჭიდან მომავალ ტურისტებს რუსი გიდი ახლავთ, რის გამოც­ ზოგჯერ ჯარიმდებიან კიდეც. ჯარიმის ოდენობა­ პირველ ჯერზე 18.000 რუბლი, მეორე ჯერზე კი 30.000 რუბლია, თუმცა იმდენად იშვიათი იყო შემოწმება და დაჯარიმება, რომ რუსები ამ საქმიანობას მაინც ეწევიან. ამის გამო უკმაყოფილება ორივე მხარეს არის - რუსები თავისუფლად მუშაობას ითხოვენ, აფხაზები კი რუსი გიდების დაჯარიმებას. ამჯერად, ამ ბრძოლაში რუსები იმარჯვებენ, მათ მალე გიდობაში ხელს აფხაზები ვერ შეუშლიან და სოჭიდან ექსკურსიებს უკვე მხოლოდ რუსი გიდები გამოჰყვებიან.

აფხაზეთში გიდების შემოსავალი საკმაოდ მაღალია და ამ საქმიანობით 700-ზე მეტი კაცია დაკავებული. ზაფხულში, ტურისტული სეზონის პიკზე, გიდების რაოდენობა ორმაგდება მასწავლებლების ხარჯზეც, რომლებიც სასკოლო არდადეგებზე ამ გზით დამატებით შემოსავალს შოულობენ. აფხაზი გიდების თქმით, ერთ სეზონზე­ დაახლოებით 700.000 რუბლს (დაახლოებით 8.000 დოლარი) გამოიმუშავებენ. რუსებს ჰყავთ საკუთარი მიკროავტობუსები და მინივენები, ასევე სოჭში ტურისტებთან კავშირი მათ უფრო აქვთ, ვიდრე აფხაზებს, და გამოდის, აფხაზი გიდი მალე აღარ იარსებებს. სწორედ ამიტომაც ეწინააღმდეგებიან რუსი კოლეგების საკუთარ ტერიტორიაზე შეშვებას. აფხაზური საექსკურსიო კომპანიების თქმით, თუ ეს ცვლილება ამოქმედდება, აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით 13% საარსებო წყაროს გარეშე დარჩება.

აფხაზი გიდების პრეტენზიაა ისიც, რომ რუსები მათ ისტორიას ამახინჯებენ, ტურისტებს უყვებიან, რომ მთიდან ჩამოსულმა აფხაზებმა განდევნეს ბარის აფხაზები, რომ აფხაზეთი რუსეთის ნაწილია.

"აბა რა ეგონათ აფხაზებს?!"

მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი:

- რუსი ტურისტების ბევრი პრეტენზია იწერება, მაგრამ­ აფხაზეთის მთავარი მიმზიდველობა სიიაფეა რუსეთის შავი ზღვის კურორტებთან შედარებით და ამის გამოა, რომ წელს უკვე 120 000 დამსვენებელია რუსეთიდან ჩასული. ძირითადად არიან დაბალბიუჯეტიანი ტურისტები,­ განსაკუთრებით რუსეთის სიღრმიდან, ვთქვათ, ციმბირიდან და პატარა ქალაქებიდან. თუმცა ჩივილი მუდმივად არის გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო: პრობლემაა მოუწყობელი ბინები, კონდიცირებისა და მაცივრების არქონა, დანაგვიანებული სანაპიროები... ახლა ამას დაემატა ვირუსი, რომელიც სოჭის მხარეშიც არის, მაგრამ აფხაზეთში მეტად მძვინვარებს და განსაკუთრებით პატარა ბავშვებში. აფხაზური სამედიცინო სფერო ხომ ნულს ქვემოთაა და წარმოიდგინეთ, რა ვითა­რებაა. გარდა ამისა­, ხშირია რუსების მოტყუება, ზედმეტი­ თანხების გამოძალვა, უხარისხო საკვებით მოწამვ­ლის ფაქტები, მნიშვნელოვანი ფაქტორია ძალადობაც. ცოტა ხნის წინ ფსოუზე საზღვართან და ასევე გუდაუთაში მოხდა ორი შეტაკება, მოკლულია ერთი და დაჭრილია რამდენიმე ადგილობრივი. აფხაზი სამართალდამცველების თქმით, სროლა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. ამ ფაქტმა გამოიწვია რუსი ტურისტების დიდი ნაკადის­ უკან გაბრუნება. აფხაზები ამბობენ, ჩვენ ვართ აქ ბატონ-პატ­რონი და ისე უნდა მოიქცეთ, როგორც ჩვენ გვინდაო. კანონებიც კი შემოიღეს ტურისტებისთვის, სანაპიროს გარეთ შილიფად ჩაცმულობა დასჯადია. ტურისტებს სულ ახსენებენ, რომ ისინი არიან ძველ, ისტორიულ აფხაზურ მიწაზე და პატივისცემით უნდა მოიქცნენ. რუსებში კი სხვა ფსიქოლოგიური ფაქტორი მუშაობს, ნებისმიერმა რუსმა იცის, რომ აფხაზეთი არის კვაზისახელმწიფო, რომელსაც მოსკოვი ინახავს, ამიტომ, როგორც რუსებს სჩვევიათ, ასეთ რეგიონებში უყვართ ისე მოქცევა, როგორც საკუთარ სამფლობელოში...

ძალიან საინტერესო ვითარებაა. აფხა­ზი გიდები მხოლოდ გიდები არ არიან, არამედ გარკვეული ბიზნესსტრუქტურების მუშაკებიც. მაგალითად, გიდი დამატებით იღებს ფულს, რომ ტურისტული­ ჯგუფი კონკრეტულ რესტორანში ან კონკრეტულ მოვაჭრესთან თუ დასასვენებელ სახლში­ მიიყვანოს. თან, ამას უხეშად აკეთებენ. რუს ტურისტებს ეს მოჰბეზრდათ, ურჩევნიათ კვალიფიციური რუსი გიდი აიყვანონ სოჭში, რომელიც მხოლოდ თავისი პროფესიული საქმიანობით შემოიფარგლება. ეს დიდ დაძაბულობას იწვევს. ახლა რუსები ითხოვენ მათ მოქალაქეებს გიდობის საშუალება მიეცეთ. მათ ჯერ კიდევ 2020 წელს ერთიანი რუსულ-აფხაზური­ საკანონმდებლო სივრცე შექმნეს. ამას აფხაზების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებდა. ახლა მოსკოვი ყველა სფეროში ითხოვს რუსულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდეს აფხაზური კანონებიც. ეს ეხება ყველა სფეროს. აფხაზებს რაც უნდოდათ, ის მიიღეს.

- აფხაზები ჩივიან, რომ რუსი გიდები უსამსახუროდ დატოვებენ, ასევე ამახინჯებენ ისტორიას, რომ აფხაზეთი რუსეთის ნაწილია...

- აფხაზეთის ისტორიაში­ ბევრი რამ არის ხელოვნური და მოგონილი, რაც აფხაზმა ფსევდომეცნიერებმა შექმნეს. თავის­ მხრივ, რუსებმაც შექმნეს აფხაზეთისა და საერთოდ კავკასიის ისტორია ისე, როგო­რც აწყობდათ. პრაქტიკულად, ორი ხელოვნურად შექმნილი ისტორიის ჭიდილია, აფხაზი გიდიც ტყუის და რუსიც. ის, რომ რუსები უფრო რუსულ იდეოლოგიურ ნარატივს ავითარებენ, გასაკვირი არც არის.

- როგორ დასრულდება გიდების ეს "აჯანყება" სოხუმში - რუს გიდებს მისცემენ ლეგალურად მუშაობის უფლებას?

- კანონი პრაქტიკულად მიღებულია, ახლა დე ფაქტო პარლამენტში კონკრეტული­ ნაწილის დახვეწაზე მსჯელობენ. აფხაზების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეცაა, გიდი, რომელიც სოჭიდან ჩამოდის, ისიც რუსეთის მოქალაქეა. საკითხის ასე დაყენება, მე, აფხაზს, მაქვს ორი პასპორტი და როცა გიდი ვარ, მაშინ "აფხაზეთის პასპორტი" უნდა იყოს განმსაზღვრელი, ხოლო როცა რუსეთში მივდივარ, რუსეთის პასპორტიო, ეს მიდგომა მოსკოვში უკვე მოჰბეზრდათ.

აბა რა ეგონათ, ჩვენ რომ თავზე გვას­ხდნენ თავის დროზე?! საბჭოთა პერიოდში აბსოლუტური პრეფერენციები ჰქონდათ ეთნიკურ აფხაზებს, ადმინისტრაციულ თანამდებობებს ეხებოდა თუ ტურიზმის განვითარებას. თავისუფლად შეეძლოთ ყველაფერი ეკეთებინათ. ახლა ეს რუსებთანაც მოინდომეს, მაგრამ რუსებს მოჰბეზრდათ ტყუილად აფხაზების რჩენა და გაუთავებელი საყვედურები. ძალიან გაამწარა რუსები ბიჭვინთის აგარაკებისა და აპარტ-ოტელების თემებმა. ისე გამოდის, რომ აფხაზებს სურთ მოსკოვიდან მუდმივად იღებდნენ­ ფულს, მათი ბიუჯეტის 70% ჩამოკიდებულია რუსულ ტრანშებზე, ამ დროს კი რუსების ფეხის გაშლა აფხაზურ საკანონმდებლო სივრცეში არ უნდათ. ახლა ნელ-ნელა­ აფხაზებს უწევთ დათმონ ყველაფერი ის, რასაც რუსები ითხოვენ. აფხაზეთში ყველაფერი რუსეთის ხელშია და რაც არ უნდა იხტუნაონ აფხაზებმა, არაფერი გამოუვათ. ალბათ, დაუტოვებენ რაღაც კვოტურ პროცენტს, 30-35% აფხაზი გიდი იქნება, დანარჩენი რუსი. რუსი თავისას მაინც გაიტანს.

ეკატერინე ბასილაია