„არასოდეს მჭერია ხელში იარაღი, მაგრამ განვიცდი და თავს დამნაშავედ ვთვლი, რომ თბილისის ომი მოხდა“ - კვირის პალიტრა

„არასოდეს მჭერია ხელში იარაღი, მაგრამ განვიცდი და თავს დამნაშავედ ვთვლი, რომ თბილისის ომი მოხდა“

მისი მოსმენა ყოველთვის დიდი სიამოვნებაა. განსაკუთრებულად განიცდის და გულამდე მიაქვს ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება. მთელი არსებით უყვარს თავისი ქვეყანა და სურს ბედნიერ, წარმატებულ, თავისუფალ და ევროპულ საქართველოში იცხოვროს. დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი მწერალი დათო ტურაშვილია.

- იმ საყოველთაო სიხარულით დავიწყოთ­, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა მოგვანიჭეს...

- ყველას მინდა მივულოცო. ის დღეები­ დადგა, რომელსაც ძალიან დიდხანს­ ველოდით. ძალიან მინდოდა მოვხვედრილი­ყავით ჯერ ევროპის და მერე მსოფლიო ჩემპიონატზე. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველის ოცნება ახდა და როდესაც ქუჩიდან სიხარულის ხმები მომესმა, გამახსენდა ჩემი ბავშვობის ქუჩის ხმები, რაზმაძის ქუჩაზე, სადაც გავიზარდე. მახსოვს ქუჩიდან ჩამოვიპარე 1981 წლის 13 მაისს ფეხბურთელების სანახავად, რომ იმ საყოველთაო სიხარულს შევერთებოდი. პატარა ვიყავი და არ გამომიშვეს სახლიდან. ავდექი და აივნი­დან­­ გადმოვძვერი და მაინც წავედი. დილით იმხელა ემოციებში ვიყავი­, ვერ დავიძინე. ასე მემართება ახლაც, ყველა თამაშის მერე ისევ ვერ ვიძინებ. ფეხბურთი არ არის ჩვეულებრივი სპორტი, ასეთ გამარჯვებას კიდევ სხვა წარმატება მოჰყვება. იმიტომ, რომ სიხარულმა, დიმიტრი უზნაძის სიტყვების არ იყოს, "განწყობამ შეიძლება მოიტანოს რადიკალური ცვლილებები". ამის გენიალური­ მაგალითი არგენტინა­ა და მგონია, რომ საქართველო როგორც არგენტინა, დიდი გამარჯვების­ მოლოდინშია­. მინდა ჩვენს ქომაგებს ვუთხრა­ დიდი მადლობა და­ რაც მთავარია, ჩვენს ბიჭებს, რომლებიც თავს არ ზოგავენ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გავხდებით პროფესიონალები. რასაც­ ბუდუ ზივზივაძე აკეთებდა, მიწაზე დაცემული, თავით მაინც რომ ცდილობდა საქართველოს დახმარებოდა, აი, ასე დავეხმაროთ ერთმანეთს და ჩვენს ქვეყანას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ბიჭებს და გიორგი მამარდაშვილს.

- დღევანდელი გადმოსახედიდან, რა გზაც თქვენ გამოიარეთ, სადაც სულ მოვლენების შუაგულში იყავით, რამეს შეცვლიდით?

- შეცდომების გარეშე ადამიანი ვერ ვითარდება და ვერც ასცდება. იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული და იმდენ რამეს ვნანობ, რომ დარჩენილი ცხოვრება არ მეყოფა გამოსასწორებლად.

მე არ ვმონაწილეობდი საშინელ თბილისის ომში და ამისათვის ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ მაგდენი ჭკუა მეყო. არასოდეს მჭერია ხელში იარაღი, მაგრამ განვიცდი­ და თავს დამნაშავედ ვთვლი, რომ თბილისის ომი მოხდა. მაშინ არ მქონდა გააზრებული, რა ტრაგედია მოჰყვებოდა დამოუკიდებლობას, თუკი პირველ ნაბიჯს გადადგამ საქართველოს მოსაკლავად. ამას დღემდე ვერ ვინელებ. ძალიან გვიან მივხვდი, რა დაგვემართა და დიდი დრო დაგვჭირდა და ახლაც გვჭირდება იმ შედეგებიდან გამოსასვლელაც, რაც მაშინ თბილისის ომმა მოიტანა. ჩვენ მაშინ ერთმანეთის სისხლი დავღვარეთ - ყველაზე მეტად ამას ვდარდობ.

დამოუკიდებლობა ხომ მოვიპოვეთ 1991 წელს, მაგრამ თავისუფლება მაინც ვერ მოვიპოვეთ, იმიტომ, რომ თავისუფლება არის აზროვნება და სწორედ ეს ყოფილა ყველაზე რთული, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობით დაგვრჩა. არადა, შოთა გვყავს­ ქართველებს, რომელიც ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ამბობდა, რომ ეს სამყარო უთვალავი ფერით არის, რომ ვერ იქნება ერთი ფერის და უნდა აიტანო განსხვავებული აზრი.

დღეს ჩვენი შვილები უყურებენ, როგორ ეზიზღებათ უფროსებს ერთმანეთი. რა არის ჩვენი სოცქსელები? ყველა მეუბნება, "ფეისბუკზე" გვერდი გააკეთეო. რატომ? რომ ვლანძღო და მლანძღონ? ან ვინ გავლანძღო? ხალხი რამდენ ენერგიას ხარჯავს ზიზღსა და სიძულვილში და არ შემიძლია ამ ყველაფრის მონაწილე ვიყო, არ შემიძლია ეს გავიზიარო. ვერ შევიძულებ ადამიანებს­ იმის გამო, რომ არ ვეთანხმები... კარგი სახელმწიფო იმასაც ნიშნავს, რასაც დავით აღმაშენებელი აკეთებდა, რომ იმ განსხვავებულსაც შეუძლია ცხოვრება და არსებობა. ანუ დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ მთავარია, გავხდეთ თავისუფლები, თავისუფლად მოაზროვნეები. დღეს ეს ყველაზე მეტად გვაკლია.

- შეუძლებელია "ჯინსების თაობა" არ ვახსენო. წიგნის ანოტაციაშიც კი გიწერიათ, რომ არსებობს ორი მოსაზრება და ორი სიმართლე. თქვენთვის, როგორც ავტორისთვის, ვინ არიან "ჯინსების თაობის" პერსონაჟები?

- იცით, ალბათ, რომ 17 ენაზეა წიგნი თარგმნილი და ესე იგი, რამდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი ამ წიგნის გამო და რამდენ აუდიტორიასთან მიკონტაქტია.

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტად მინდოდა გამოეცათ, რუსეთი იყო, მაგრამ დაბლოკეს, არადა, სინამდვილეში მაგათთვის დავწერე. ეს ხომ 2008 წელს გამოვეცით, მე არ გამოვცემდი, აღარ მინდოდა ამ ტრაგედიაზე წერა, მაგრამ ეს ჩემი პასუხი იყო, მინდოდა­ მათ წაეკითხათ... იმ ქვეყნებში, სადაც წავსულვარ, ყველაზე ხშირად ამას მეკითხებიან, ვინ იყვნენ ისინი - ტერორისტები­ თუ თავისუფლებისათვის მებრძოლი ახალგაზრდები? ვფიქრობ, რომ თვითმფრინავის გატაცება, რა იდეაც არ უნდა გქონდეს, გინდაც ცუდი საბჭოთა­ კავშირიდან გაიტაცე და გინდა გადასარევი იაპონიიდან, მაინც ტერორია. როცა ადამიანები ასეთი რისკის ქვეშ დგანან და შეიძლება შეეწირონ,­ რა იდეა შეიძლება იყოს იმაზე ძვირფასი, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეა. მე წიგნი დავწერე საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლზე. მინდოდა მომეყოლა, საბჭოთა კავშირი რა საშინელი ქვეყანა იყო, რომ ადამიანი აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა. ის სულ ტყუილი და პროპაგანდაა, ისედაც ხომ წავიდოდნენო. 45-ე გატაცების მცდელობა იყო. წარმოგიდგენიათ, თვითმფრინავის 45-ე გატაცება თურქეთის მიმართულებით? გეგას დედასაც კი, ქალბატონ ნათელასაც არ წამოსცდენია, რომ ისინი არ იყვნენ დამნაშავეები, მაგრამ მათზე დამნაშავე იყო სასტიკი სახელმწიფო, რომელმაც სასამართლო და გამოძიება კი არ დანიშნა, არამედ საჩვენებელი პროცესი, რათYა­ სამაგალითოდ დაესაჯათ, რომ მსგავსი აღარავის გაებედა...

- დღეს რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, პოლიტიკურ პროცესებს ვგულისხმობ, როგორ უყურებთ, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე?

- ჩვენ საერთოდ უცნაური ხალხი ვართ. ყველას შესახებ ყველაფერი ვიცით, შეგვიძლია მთელ მსოფლიოს დავეხმაროთ, მაგრამ ერთადერთი, ვისაც ვერაფერი მოვუხერხეთ, საკუთარი ქვეყანაა.

- რას გულისხმობთ?

- რუსულ კანონს. 1921 წელს, როცა მეორედ მოგვადგა რუსეთი,­ უნივერსიტეტის­ რექტორი დიდი ივანე­ ჯავახიშვილი იყო და თვითონ აღებდა აუდიტო­რიის კარს და ეუბნებოდა სტუდენტებს, მე ახლა თქვენ უნდა მოგიწოდოთ სწავლისკენ, მაგრამ რუსეთი მოდის ისევ და თუ ახლა არ დავიცავით რუსეთისგან საქართველო, სწავლას აზრი აღარ ექნებაო. ამათ რა ქნეს? ამ კანონით ლანგრით მიუტანეს ჩვენი თავები რუსებს! და ამას ჩემდა გასაოცრად უამ­რავი მომხრეც ჰყავს...

არ შეიძლება ძალაუფლება ერთ კონკრეტულ პარტიას ჰქონდეს, იმიტომ, რომ აბსოლუტური ძალაუფლება ისე მოქმედებს­ ადამიანებზე, რომ ვერ უძლებენ. მე ხალხი მახსოვს ოპოზიციაში, იდეებისათვის რომ კვდებოდნენ, და მერე ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, იმ იდეებსვე ებრძოდნენ. ამიტომ 2020 წელს უნდა დაეთმო ბიძინა ივანიშვი­ლს და დაცვის სამუდამო გარანტია ექნებოდა. მე და ჩემი მეგობრები, თანამოაზრეები, უამრავი ადამიანი, სამუდამოდ მის დაცვაში ვიქნებოდით. დაეთმო ერთპარტიულობა, ყოფილიყო ურთიერთკონტროლი, ბალანსი და გადანაწილება, ახლა ხომ რამდენიმე ნაბიჯით წინ ვიქნებოდით?

ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში ჩვენი მეფე ფარსმან ქველი ჩავიდა რომში და იქ დაუდგეს ძეგლი, გავიხსენოთ კოლხი მედეა, ევროპაში მისი გათხოვება. წარმოიდგინეთ, 3000 წლის ამბავია. ამას ვერაფერი მოგვწყვეტს და ვერაფერი დაგვაშორებს­.

ჩვენ დასავლეთის გარდა ახლა მოკავშირე­ არავინ­ გვყავს. სულ მეუბნებიან ხოლმე, რუსები არიან მარტო დამპყრობლები, რა, თურქეთი არ არისო? დიახ, ოსმალეთის იმპერია დამპყრობელი იყო, დიახ, გვებრძოდა და ბევრი უბედურებაც მოგვიტანა, მაგრამ 1923 წლის შემდეგ, რაც შეიქმნა თურქეთის რესპუბლიკა, არცერთ თურქ ჯარისკაცს არცერთი ქართველი ჯარისკაცი არ მოუკლავს. არცერთი ხელშეკრულება არ დაურღვევია თურქეთს საქართველოსთან, რუსეთმა კი ერთ საუკუნეში ორჯერ დაარღვია­ - 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და მერე 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საზღვრები დაგვინგრია და ახლაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. დამპყრობელია რუსეთი! დაგვიპყრობს ამერიკა, ამერიკას შევებრძოლებით! დაგვიპყრობს იაპონია, ვებრძოლოთ იაპონიას! რა არის აქ გაუგებარი?

ჩვენ უკვე იმ ზღვრამდე ვართ, სადაც ჩვენი მომავალი უნდა გადაწყდეს. პირველად მოხდა, რომ ნიჭთან, სილამაზესთან, სითამამესთან, თავისუფლებასთან ერთად გაჩნდა­ კეთილგონიერება. ჩვენ ხომ ზეენერგეტიკულები ვიყავით, ათასი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ასეთი გონიერი თაობა არ ვყოფილვართ. იმის ნაცვლად, რომ გიხაროდეს, შენს სამშობლოს ასეთი თაობა ჰყავს, რას ებრძვი, რას ლანძღავ? მოუსმინე! კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას: მოუსმინეთ, მოუსმინეთ ამ სასწაულ თაობას!

რუსუდან შაიშმელაშვილი