კალისტრატე ცინცაძე: „ნურავის დააჩაგვრინებთ საქართველოს ეკლესიას, ვინაიდან მისი დაჩაგვრა შეიძლება წინამორბედი გახდეს თვით საქართველოს შეიწროებისა“ - კვირის პალიტრა

კალისტრატე ცინცაძე: „ნურავის დააჩაგვრინებთ საქართველოს ეკლესიას, ვინაიდან მისი დაჩაგვრა შეიძლება წინამორბედი გახდეს თვით საქართველოს შეიწროებისა“

1932 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე გახდა, რომელიც წლების განმავლობაში იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ეს იყო ხანა რეპრესიების, შიშის, ტერორის, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის... 1923 წელს დეკანოზი კალისტრატე ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს. მან მეტეხის ციხეში 3 წელი გაატარა და მიუხედავად უმძიმესი პირობებისა, მორალურად მაინც ვერ გატეხეს.

ვიდრე ავტოკეფალია აღდგებოდა, ქართულ ეკლესიას რუსი ეგზარქოსები მართავდნენ. თავის მემუარებში "ჩემი მოგონებებიდან" კალისტრატე მრავალ შემთხვევას აღწერს... "რად ცდილობთ ჩვენს გარუსებას? ეს ხომ არასოდეს მოხდება: ხალხი, რომელსაც თავის ენაზე მეოთხე-მეხუთე საუკუნეებიდან აქვს ბიბლია, მდიდარი საეკლესიო-საღვთისმეტყველო და საერო ლიტერატურა და უაღრესად განვითარებული ენა, განა შეიძლება გარუსდეს?", - მიმართა კალისტრატე ცინცაძემ ეგზარქოს­ ნიკონს, რომელიც როგორც ყველა ეგზარქოსი, საქართველოში რუსულ პოლიტიკას ატარებდა... ქართველი ერის ღირსეულ სულიერ ლიდერზე ისტორიის დოქტორი მიშა ქართველიშვილი გვესაუბრება:

"მას, როგორც მეცნიერს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ"

- კალისტრატე ცინცაძე დაიბადა 1866 წლის 12 აპრილს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტობანიერში, სასულიერო პირის ოჯახში, რამაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მისი პიროვნება და მომავალი გზა. კალისტრატე ქუთაისის სემინარიაში სწავლის პერიოდიდანვე გამოირჩეოდა განათლებისა და მეცნიერებისადმი ინტერესით და მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ. სწავლას კიევის სასულიერო აკადემიაში აგრძელებს, სადაც მისი სადიპლომო ნაშრომია "ივერიის ეკლესია სასანიდების პერიოდში". ნაშრომი იმდენად საინტერესო გამოდგა, კიევის სასულიერო აკადემიის ხელმძღვანელობამ ავტორს რეკომენდაცია მისცა, რომ სადიპლომო გამოქვეყნებულიყო, რაც იმხანად იშვიათი იყო. მას შეეძლო სამეცნიერო კარიერა გაეკეთებინა, თუმცა საქართველოში ბრუნდება, რადგან დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეკლესიისთვის მსახურება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვალეობა, რომელიც უნდა შეესრულებინა. ძალზე საინტერესოა მისი ჩანაწერები, სადაც იკვეთება, რომ ყოველთვის ცდილობს ემსახუროს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ამ ყველაფრით, ბუნებრივია, ემსახურება თავის სამშობლოს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა, რომელიც კალისტრატემ აირჩია­,­ არის ავტოკეფალისტურ მოძრაობაში მონაწილეობა. ის გამორჩეული მქადაგებელი გახლდათ, მისი ქადაგებები მრევლზე დიდ გავლენას ახდენდა.

1894 წელს კალისტრატე რუსულენოვან ჟურნალ "პასტი­რში" აქვეყნებს ცნობილ ნარკვევს "საქართ­ველოს ეკლესიის ავტოკეფალია", სადაც­ ისტორიულ წყარო­ებზე დაყრდნობით ასაბუთებს, რომ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ისტორიულად ეკუთვნოდა. ეს იმ პერიოდში უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ, რადგან ავტოკეფალისტური მოძრაობა ჯერ ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო. საინტერესოა, რომ კალისტრატე ყოველთვის ცდილობს თავისი სამეცნიერო ნაშრომები ორ ენაზე შეასრულოს (განსაკუთრებით ავტოკეფალისტურ თემაზე), ქართულ ენაზე, ქართული მოსახლეობისთვის რომ ყოფილიყო გასაგები, და რუსულზე, რითაც უფრო რუსულ საიმპერატორო კარს და ზოგადად, რუს საზოგადოებას ატყობინებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიკურობას და მის ისტორიულ მნიშვნელობას. ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს ეკლესია თავისი ისტორიით, მრავალფეროვანი წარსულით აღემატებოდა რუსეთის ეკლესიას და მასზე დაქვემდებარება 1811 წლის შემდეგ (რაც გაუქმდა საქართველოს ეკლესიის­ ავტოკეფალია და ჩვენი ეკლესია რუსეთის ეკლესიის სინოდის ნაწილი გახდა), უკანონობა იყო.

საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ სასულიერო პირებისთვის ­მძიმე წლები დაიწყო - დევნიდნენ, აპატიმრებდნენ, ხოცავდნენ, ეკლესიებს კი ანგრე­ვდნენ. 1923 წელს ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის კალისტრატეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მან პატიმრობა მეტეხის ციხეში უმძიმეს პირობებში გაატარა.

"ვართ დატუსაღებულნი 1923 წლიდან ჩეკას მიერ და ვიმყოფებით N2 გამასწორებელი სახლის საკნებში, რვა თვის წამების შემდეგ გადაგვიყვანეს N1 გამასწორებელ სახლში. აქ გავიგეთ, რომ ვიმყოფებით­ უზენაესი სასამართლოს ბრალმდებლის განკარგულებაში, მაგრამ ჩვენ არავინ დაგვკითხა", - განცხადებით მიმართა მან საბჭოთა­ რესპუბლ­იკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

კალისტრატეს მეუღლე ოტილია ტომასი­ გერმანელი იყო, რომელიც უკრაინაში გაიცნო. როდესაც კალისტრატე ეპისკოპოსი­ გახდა და ბერადაც აღიკვეცა, ისინი უკვე ცალკე ცხოვრობდნენ. მის მეუღლეს უკავშირდება კათოლიკოს-პატ­რიარქ ამბროსი ხელაიას მიერ გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმის გერმანულ ენაზე თარგმნა. ეს საკითხი ბოლომდე დაზუსტებული არ არის, თუმცა ვერსიის დონეზე ასეა.

"კალისტრატე აბათილებს ჰიპოთეზას, რომ რუსთაველი ათეისტი იყო"

- კალისტრატე ცინცაძე მრავალმხრივად განვითარებული მოღვაწე იყო. ის დაინტერესებული იყო "ვეფხისტყაოსნითაც" და სამეცნიერო ნაშრომები მიუძღვნა რუსთაველის დიდებულ პოემას. საბჭოთა პერიოდში მისი ნაშრომები დიდ ცენზურას გადიოდა და, ბუნებრივია, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო. 1966 წელს "ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო პერიოდში გამოქვეყნდა სტატიების კრებული შოთა რუსთაველზე, სადაც ერთი სტატია ეკაშვილის ფსევდონიმითაა. როგორც შემდგომში მეცნიერებმა გაშიფრეს, ფსევდონიმი სწორედ კალისტრატე ცინცაძეს უნდა ეკუთვნოდეს. ამ საკითხზე მის პირად არქივშიც არის ინფორმაცია. ეს სტატია მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა ქართველი სასულიერო პირები, სამღვდელოება, იდეოლოგიიდან გამომდინარე, იმდაგვარად წარმოეჩინა, თითქოს ისინი "ვეფხისტყაოსნის" მდევნელები­ იყვნენ, არადა, პირიქით, თუ სადმე ხდებ­ოდა "ვეფხისტყაოსნის" გადაწერა და თუ რომელიმე ინსტიტუცია ხელს უწყობდა ამ გენიალური პოემის გავრცელებას, სწორედ ეკლესია იყო. მასში ძალიან საინტერესო მომენტია რუსთაველის მსოფლმხედველობა­სთან დაკავშირებით - ავტორი ამბობს, რომ რუსთაველის მსოფლმხედველობა ქრისტიანულია, ღვთისმეტყველებაზე დამყარებული და არა აგნოსტიკური. ისეთი საბჭოთა პროპაგანდა მიდიოდა, თითქოს შოთა ათეისტი იყო და ეს ჰიპოთეზა კალისტრატე ცინცაძის ნაშრომში არგუმენტირებულად გაბათილებულია.

პატრიარქად კურთხევა...

- 1932 წელს, მას შემდეგ, რაც კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III გარდაიცვალა, პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე გახდა. მანამდე კალისტრატე ცინცაძე მიტროპოლიტად ამბროსი ხელაიას ლოცვა-კურთხევით ხდება (დეკანოზი კალისტრატე ნინოწმინდელი ეპისკოპოსის ხარისხში­ აიყვანა).­ თვითონაც ინტელექტუალურად განვითარებული, ღრმა სულიერების მქონე­ ამბროსი­ ხელაია ცდილო­ბდა ეკლესიაში ისეთი­ ხალხი დაწინაურებულიყო, როგორიც­ ცინცაძე იყო. ჩვენს ეკლესიას არნახულ ათეისტურ პერიოდში უწევდა ყოფნა და კალისტრატეს წინაშე მრავალმხრივი­ ამოცანა იდგა. ერთ-ერთი უპირველესი იყო ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის გადარჩენა. მართალია, იურიდიულად საბჭოთა­ ხელისუფლება სინდისის თავისუფლებას აღიარებდა და შესაბამისად, რწმენის­ და აღმსარებლობის თავისუფლებასაც, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე და ქვეყანაში მიმდინარეობდა აგრესიული­ ანტირელიგიური პროპაგანდა. კალისტრატე მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ეკლესიის, თუნდაც წმინდად ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით განვითარებაზე ეზრუნა. შემორჩენილია სხვადასხვა სასულიერო პირთან გაგზავნილი მისი წერილები, სადაც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არ შეიძლება ეკლესიების დანგრევა, რადგან გარდა წმინდა სასულიერო მნიშვნელობისა, ისინი ხუროთმოძღვრების ძეგლებიცაა. ძალიან საინტერესოა ერთი წერილი, რომელიც 1946 წლით თარიღდება­ და რომელსაც ერის სულიერი ლიდერი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს კანდიდ ჩარკვიანს უგზავნის და მას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უფლების დაცვას სთხოვს. წერილში კალისტრატე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესია უძველესი კულტურული დაწესებულებაა, მან ჩვენი ხალხი გადაარჩინა გათათრებას და გარუსებას, შეუნარჩუნა ეროვნული სახე, ამიტომ ეკლესიის წინააღმდეგ ასეთი ბრძოლა დაუშვებელია და მაქსიმალურად ცდილობს მისი ყურადღება მიიქციოს იმ საჭირბოროტო საკითხებზე, რომლებიც ჩვენს ეკლესიას აქვს. "გულმოდგინეთ გთხოვთ, ნურავის დააჩაგვრინებთ საქართველოს ეკლესიას, ვინაიდან მისი დაჩაგვრა შეიძლება წინამორბედი გახდეს თვით საქართველოს შეიწროებისა", - წერს პატრიარქი.

პატრიარქის ბრძოლამ ნაყოფი გამოიღო - რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა

- ვითარება რადიკალურად იცვლება მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წლიდან, როდესაც სტალინის გადაწყვეტილებით რელიგიისადმი დამოკიდებულება იცვლება, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებას­ ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა ეკლესიისადმი, უბრალოდ, იმ კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო იყო ეკლესიისთვის ყურადღება მიექციათ თუნდაც იმისთვის, რომ "არასანდო" დაწესებულება უფრო გაეკონტროლებინათ. ქართველმა სასულიერო­ პირებმა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ხელმძღვანელობით ძალიან სწორად აუღეს ალღო სიტუაციას. იმ პერიოდში ქვეყნდება სასულიერო პირების წერილები, სადაც მრევლს მოუწოდებენ, ილოცონ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებისთვის­ და სრულიად აშკარაა, რომ ეკლესია ცდილობს მაქსიმალურად დიპლომატიური და ლოიალური პოზიცია დაიკავოს. შედეგმაც არ დააყოვნა, კერძოდ, 1943 წელს რუსეთის სინამდვილეში საპატრიარქო ხელისუფლება აღდგა და შემდგომში, იმავე წელს, რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა. მანამდე, 1917 წელს ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ეკლესია არ აღიარებდა, კანონიკურად არ მიიჩნევდა ჩვენს ეკლესიას, თუმცა კალისტრატე ცინცაძის კონკრეტულმა ნაბიჯებმა ჩვენი ეკლესიისთვის სასარგებლო შედეგი მოიტანა. ცნობილია, რომ თუნდაც კონსტანტინეპოლის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის აღიარებისგან თავს იკავებდა, სანამ რუსეთი არ აღიარებდა. ეს ძალიან დიდი გამარჯვება იყო, რაშიც კალისტრატეს დიდი წვლილი მიუძღვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, არის კალისტრატეს ზრუნვა და ჩართულობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმინდა ნაწილების ეკლესიაში დაბრუნება. როგორც ვიცით, 20-იან წლებში, როცა საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა, ადრეულ წლებშივე მოწამეთას ეკლესიიდან წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმინდა ნაწილები გამოიტანეს და მუზეუმის საწყობში გადაიტანეს. ეს ყველაფერი ანტირელიგიური პროპაგანდის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, კერძოდ, ფართო საზოგადოებაში მიდიოდა იმაზე აპელირება,­ რომ ეს იყო ჩვეულებრივი ძვლები. კალისტრატე ცინცაძე 1948-1949 წლებიდან უამრავ წერილს უგზავნიდა ცენტრალურ ხელისუფლებას. ერთ წერილში პირდაპირ ცდილობს გამოიყენოს სტალინთან პირადი ნაცნობობა (ისინი ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიიდან იცნობდნენ ერთმანეთს) და ხელისუფლებას მიუთითებს, რომ თუკი ეს საკითხი ისე არ გადაწყდა, როგორც საჭიროა და ეკლესიის ინტერესები მოითხოვს, ჩვენ იძულებული ვიქნებით ჩავრიოთ იოსებ სტალინი, რომელიც არ გვინდა მოვაცდინოთ ამ მნიშვნელოვან საკითხზეო. საბოლოოდ, ეს საკითხი კალისტრატეს სიცოცხლეში ვერ გადაიჭრა, მხოლოდ 1954 წელს დასრულდა და ჩვენს ეკლესიას წმინდანთა ნაწილები დაუბრუნეს.

105962101-1802037336604084-4009611379384689355-n-1719766232.jpg

"ლოცვანი" მრევლისთვის

- კალისტრატე კარგად აცნობიერებდა, რომ ეკლესიის მომავალი განათლებულ სასულიერო პირებზე იყო დამოკიდებული. მისი წერილებიდან ჩანს, რომ ის მუდმივად ცდილობს საქართველოში სასულიერო სემინარიის გახსნას, რათა შესძლებოდათ სასულიერო განათლების მიღება. სამწუხაროდ, მისი ცდეები მარცხით დამთავრდა, საბჭოთა ხელისუფლება ამაზე არ დათანხმდა, ეშინოდათ, რომ ეს ჩვენს ეკლესიას­ გააძლიერებდა და შესაძლოა სემინარია ეროვნული განათლების კერადაც ჩამოყალიბებულიყო. სამაგიეროდ, კალისტრატეს დიდი დამსახურებით მოხერხდა და დაიბეჭდა "ლოცვანი" 5000-იანი ტირაჟით, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იყო. კალისტრატეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი გაგზავნილ ბევრ წერილში კარგად ჩანს, რომ "ლოცვანი" აღარ იშოვება,­ მრევლი კი ითხოვს და მისი დაბეჭდვა კალისტრატემ დიდი ძალისხმევით მოახერხა. გარდა ამისა, პატრიარქი მაქსიმალურად ცდილობდა კავშირი დაემყარებინა სხვა ეკლესიების წარმომადგენლებთან. ჯერ დაიწყო საკავშირო მასშტაბით, შემდგომში სოციალისტური ბანაკის ეკლესიების წარმომადგენლებთან. ამით ცდილობდა დაეძლია საუკუნოვანი იზოლაცია, რომელშიც ჩვენი ეკლესია რუსეთის გამოისობით აღმოჩნდა... მისი ურთიერთო­ბები, პიროვნული ხიბლი იმდენად დიდი იყო, რომ დიდი სიმპათიით სარგებლობდა სხვა ქვეყნების სასულიერო პირებში. ამას ადასტურებს ის აუარებელი დეპეშა, რომელიც მისი გარდაცვალების დროს ჩამოვიდა...

ამბროსის და კირიონის თანამოაზრე და თანამებრძოლი

- კალისტრატე ცინცაძე 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქაც დასრულდა. ის სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. ამ ადამიანმა თავისი პიროვნებით, განსწავლულობით, თავისი ქვეყნისა და ეკლესიის სამაგალითო ერთგულებით და სიყვარულით განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და, ალბათ, ლოგიკური იყო, რომ 2016 წლის 22 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ის წმინდანად შერაცხა.

კალისტრატე ცინცაძის როლი მრავალმხრივია, უპირველესად ავტოკეფალისტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს - არ არსებობს ავტოკეფალისტური მოძრაობის არც ერთი ეპიზოდი, რომელშიც არათუ მონაწილეობა არ მიეღოს, არამედ მისი აქტიური მოთავე არ ყოფილიყოს. შემდგომში, როცა 1917 წელს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა მოხდა, ის საკათალიკოსო საბჭოს წევრია და მაქსიმალურად ცდილობს ეკლესიის განვითარებაზე ზრუნვას. კალისტრატე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს განათლებას. ხელი შეუწყო ისეთ გამოცემას, როგორიც იყო ჟურნალი "სვეტიცხოველი" (სამწუხაროდ, 4 ნომერზე მეტი არ გამოსულა). 1918-21 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება ეკლესიისადმი მაინცდამაინც დიდი გულშემატკივრობით არ გამოირჩეოდა, ცდილობდნენ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გაემიჯნათ და სეკულარისტული პოლიტიკა გაეტარებინათ. არადა, იმ კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენს ეკლესიას სახელმწიფოს სახით მხარდამჭერი სჭირდებოდა, თუნდაც ფინანსურად­. 1921 წლიდან, როცა საქართველოში საოკუპაციო რეჟიმი მყარდება, რომელიც აგრესიულად ათეისტურ იდეოლოგიას ემსახურება, ბუნებრივია, ეკლესიისთვის აღარავის ეცალა. კალისტრატე ცინცაძე ყოველთვის იყო ეკლესიის და ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, რასაც მან ღირსეულად გაართვა თავი. გახლდათ ამბროსის და კირიონის ღირსეული მემკვიდრე, მათი თანამოაზრე და აქტიური თანამებრძოლი ქვეყნისთვის თუ ეკლესიისთვის. აღსაყდრების შემდეგ, ის მაქსიმალურად ცდილობს უფრო ზომიერი პოზიცია დაიკავოს და სახელმწიფოსთან დაპირისპირებას მოერიდოს. მას კომპრომისებზეც უწევს წასვლა იმიტომ, რომ ეკლესია, როგორც ინსტიტუციური ერთობა გადასარჩენი იყო. შეიძლება თამამად ითქვას, რომ იმ დროისთვის ერთადერთი სწორი ნაბიჯი გახლდათ. ეს ისეთი რანგისა და დონის პიროვნებაა, მასზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი.