„ადამიანთა ზოოპარკი“ - კვირის პალიტრა

„ადამიანთა ზოოპარკი“

„ევროპის ცენტრში, ბრიუსელში, „ადამიანთა ზოოპარკი“ 1958 წლამდე არსებობდა“

კაცობრიობის ისტორიას ბევრი აუხსნელი, დაუჯერებელი მოვლენა ახსოვს, ზოგიერთი ფაქტი თავის დროზე გახმაურდა და ყველამ დაგმო, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ იდუმალებითაა მოცული. სწორედ ასეთი, დაუჯერებელი და შოკის მომგვრელი მოვლენა გახლდათ "ადამიანთა ზოოპარკები", სადაც "ეგზოტიკური" გარეგნობის ადამიანებს ამწყვდევდნენ და ამუშავებდნენ. მსგავსი "ზოოპარკები" ევროპის ქვეყნებში XIX საუკუნის 70-80-იანი წლებიდან არსებობდა და ძალიან პოპულარული იყო. "ადამიანთა ზოოპარკები" იყო პარიზში, ჰამბურგში, ლონდონში, მილანში და აშშ-ის ქალაქებშიც. ამ სანახაობის მსხვერპლი, ძირითადად, ფერადკანიანი მოსახლეობა ხდებოდა. ამ ამბის კიდევ ერთი დაუჯერებელი ნიუანსია ის, რომ "ზოოპარკის" მცველებს შორის შავკანიანებიც იყვნენ, რომლებიც თანამოძმეებს დაუნდობლად ექცეოდნენ. ამ უცნაურ მოვლენაზე გვესაუბრება პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:

- პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და მირჩევნია ამ ამბავზე ფსიქოლოგის პოზიციიდან გესაუბროთ. მე გაცილებით უარესი ფაქტების შესახებ წამიკითხავს, რადგან კაცობრიობას "ადამიანთა ზოოპარკებზე" არანაკლებ მძიმე შემთხვევები ახსოვს. გავიხსენოთ, საუკუნეების წინ გლადიატორთა ბრძოლას გართობის მიზნით უყურებდნენ, გლადიატორები კი, ძირითადად, მონები იყვნენ. ან კიდევ: გილიოტინით დასჯის სანახავად ისე მიდიოდნენ, როგორც დღესასწაულზე. რა იყო სასეირო და სანახავი? როგორ ხოცავდნენ საბრალო მონები ერთმანეთს, ან როგორ ჭრიდა მომაკვდინებელი მანქანა თავს ცოცხალ არსებას?! სამწუხაროდ, ადამიანში არის ამის რესურსი - ის განსხვავებულ ადამიანს ეჭვით უყურებს­, უფრო მეტიც - ვერ აღიქვამს სრულფასოვან პიროვნებად, რომელსაც პატივი უნდა სცეს. ალბათ, თქვენც გიფიქრიათ, რატომ მიდის ომში ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, რომ მისი გასროლილი ტყვია ვიღაცას მოკლავს. მე ვფიქრობ, თავის საქციელზე სიღრმისეულად არ ფიქრობს და მის შედეგებს მოგვიანებით იმკის. ამის ბრალი იყო, რომ პირველი ატომური ბომბის გადმომგდები მფრინავი ბოლოს ფსიქიატრიულში მოხვდა.

ადამიანი რაღაც მომენტში კარგავს სიბრალულს თავისი მსხვერპლის მიმართ, მას ეს საქციელი შეიძლება სანანებლად გაუხდეს, მაგრამ ცნობიერების ასეთი გაუკუღმართება გამორიცხული არ არის. ფსიქოლოგია ამგვარ ფაქტებს ბლომად იცნობს და უშვებს, რომ ადამიანური ბუნება ყოველთვის კეთილი და ჰუმანური არ არის.

- ბატონო რამაზ, იქნებ "ადამიანთა ზოოპარკებს" მნახველი იმიტომ ჰყავდა, რომ იმდროინდელ ევროპაში ფერადკანიანები უმცირესობაში იყვნენ?

- მსოფლიოს მრავალფეროვნებას ჩვენ კინოფილმებისა და ტელევიზიის წყალობით გავუშინაურდით, მაშინდელი ევროპა­ კი ამ ფორმით ეცნობოდა ეგზოტიკურ ქვეყნებს, მათ მოსახლეობას. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ადამიანებს ისე ეპყრობოდნენ, როგორც ზოოპარკში დამწყვდეულ ცხოველებს. ეს იყო ეტაპი, როცა ადამიანი ნაკლებად ჰუმანური იყო და მისგან განსხვავებულ ადამიანს პატივს არ სცემდა.

"კუ-კლუქს-კლანი" გავიხსენოთ - არც ისე შორეულ წარსულში თეთრკანიანები­ შავკანიანებს მარტო იმიტომ მიიჩნევდნენ­ დამნაშავეებად, რომ მათ განსხვავებული ფერის კანი ჰქონდათ. ალბათ, თქვენ მკით­ხავთ, ეს ხომ ადამიანთა­ უფლებების დარღვევააო? - და მეც გიპასუხებთ:

ადამია­ნთა უფლებები ყოველთვის ირღვეოდა. იყო დრო, როცა გლადიატორების ბრძოლას დიდი სიამოვნებით უყურე­ბდნენ, როცა ინდოეთში, უძველესი ისტორიის ქვეყანაში, ქმარი რომ იღუპე­ბოდა, მარტო ცოლებს კი არა, მონებსაც წვავდნენ. მსოფლიოში დღესაც არის ქვეყნები, სადაც ცოლებს მეუღლის ღალატის გამო ცხვირს ან ყურებს აჭრიან. ისტორიაში ბევრი საჩოთირო ფურცელია და "ადამიანთა ზოოპარკიც" ერთ-ერთი მათგანია. ალბათ, ჩვენს მკითხველს გააკვირვებს ის ამბავიც, რომ ასეთი "ზოოპარკი" 1958 წლამდე არსებობდა, თანაც ევროპის ცენტრში - ბრიუსელში. თუმცა რა უნდა გვიკვირდეს, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს ადოლფ ჰიტლერი ადამიანის ტყავისაგან ხელთათმანებს აკეთებდა?

aborigenebi-1719766791.png

- თუმცა "ადამიანთა ზოოპარკების" უმრავლესობა სწორედ ჰიტლერის ბრძანებით გაუქმდა...

- არც ეს მიკვირს, რადგან ჰიტლერის მსგავს ამოუხსნელ პერსონებს ასეთი უკიდურესობები ხშირად ახასიათებთ. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ნაცისტების "ჰუმანურობა" საყოველთაოდ იყო ცნობილი: მათ ძალიან უყვარდათ ყვავილები, ცხოველები, მაგრამ პარალელურად საკონცენტრაციო ბანაკებს ხსნიდნენ და საშინელებებს სჩადიოდნენ. ადამიანს დიდ ბოროტებასთან ერთად დიდი სიკეთის ჩადენაც შეუძლია და მსოფლიოს ისტორია ამის ნათელი გამოვლინებაა.

გერმანელებმა მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი ცოდვები მოინანიეს და სინანულს დღემდე გრძნობენ, მაგრამ ამას დიდი განსაცდელი და ქვეყნის დანგრევა დასჭირდა:­ როცა დაინახეს, რომ თითქმის მთელი გერმანია დანგრეული იყო, მიხვდნენ, რომ მწარედ მოტყუვდნენ... ამ სიტუაციამ დიდი როლი შეასრულა, რომ სინანული გასჩენოდათ. ადამიანები ცუდისგან ხშირად ქმნიან დადებით მოვლენებს და ეს კარგია. ასე მოხდა ამერიკაში, სადაც მთელი ევროპის "ფსკერი" გაემგზავრა და იქ დასახლდა. ავანტიურისტი მიგრანტები ახალ ცხოვრებას ეძებდნენ და ამ მიზნით ადგილობრივი მოსახლეობა გაანადგურეს. ამერიკის კონტინენტის ახალმა მკვიდრებმა იარაღით ცხოვრება დაიწყეს. მათი ყოფის აუცილებელი ნაწილი ფიზიკური ძალადობა გახდა, მაგრამ ბოლოს რა მოხდა? - ქვეყანამ, რომელიც ძალადობით შეიქმნა, მსოფლიოში ყველაზე კანონმორჩილი საზოგადოება შექმნა.

- თქვენი აზრით, რატომ?

- მიხვდნენ, რომ ძალადობით ნორმალურ ქვეყანას ვერ ააშენებდნენ. სწორედ ამიტომ დაიქირავეს პოლიცია, საუკეთესო კანონმდებლობა შექმნეს და ისეთი სახელმწიფო ჩამოაყალიბეს, რომელიც დღეს დემოკრატიისა და კანონმორჩილების სიმბოლოა. ასე რომ, უარყოფითი ისტორია ზოგჯერ უკეთესი მომავლის საფუძველი ხდება ხოლმე. დღევანდელ ამერიკაში თეთ­რკანიანი რომ ხარ, პრივილეგია აღარ არის. პირიქით, ყველას გვახსოვს, ამ რამდენიმე წლის წინ შავკანიანის მოკვლისთვის აშშ-ში რა მოძრაობა დაიწყო: თეთრკანიანი ამერიკელები აფროამერიკელებს უჩოქებდნენ და პატიებას სთხოვდნენ. ეს იმ ერის მონანიება იყო, რომელსაც თავის დროზე "კუ-კლუქს-კლანი" ჰყავდა და მისგან განსხვავებულ ადამიანებს ზემოდან დაჰყურებდა. ამიტომ ვამბობ, რომ დღევანდელი მსოფლიო გაცილებით ჰუმანური გახდა. არც ერთ ნორმალურ ადამიანს, რომელსაც თავისი შვილებისა და ოჯახის მომავალი ადარდებს, სხვა ადამიანის ჩაგვრა და დამცირება არ უხარია. ბედნიერებაა, რომ ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ: გილიოტინა, გლადიატორთა ბრძოლები, საკონცენტრაციო ბანაკები თუ "ადამიანთა ზოოპარკები" ბნელ წარსულს ჩაბარდა.

galiashii-1719766791.jpg

კაცობრიობის სირცხვილი

1889 წელს, მხოლოდ პარიზის "ადამიანთა ზოოპარკს" 18 000 000-მდე მნახველი ჰყავდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ სანახაობის მსხვერპლი ძირითადად აბორიგენები და აფრიკელები იყვნენ. თუმცა ზოოპარკის მცველებსა და მომვლელებს­ შორისაც იყვნენ შავკანიანები და პრივილეგიიდან გამომდინარე, საკუთარი რასის წარმომადგენლებს სასტიკად ექცეოდნენ. 1900-იანი წლების დასაწყისში შავკანიანებმა წამოიწყეს პროტესტი, რომელიც მიზნად ისახავდა "ადამიანთა ზოოპარკების" გაუქმებას, თუმცა უშედეგოდ... პირიქით, ლონდოში ათასობით შავკანიანი სასტიკად დასაჯეს... მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "ადამიანთა ზოოპარკები" გაუქმდა. გაგიკვირდებათ და ამ საქმის პირველი ხელმომწერი გახლდათ ფაშისტების ლიდერი ადოლფ ჰიტლერი. ევროპის ყველა ქვეყანაში გაუქმდა "ადამიანთა ზოოპარკები", თუმცა ბრიუსელში ექსპოზიცია 1958 წელსაც გაიმართა... პარიზში ის ტერიტორია, სადაც შავკანიანები ჰყავდათ დატყვევებული, მიტოვებულია. რამდენიმე წლის წინ პარიზის მერიამ გადაწყვიტა იქ პარკი გაეშენებინა, თუმცა საზოგადოება ამ აზრმა აღაშფოთა, - მათ არ სურთ კოლონიალიზმის იმ საშინელი დროების გახსენება, ურჩევნიათ, ის ადგილი, რომელიც წარსულის ამ სამარცხვინო ლაქას ინახავს, მიტოვებული იყოს...

ხათუნა ჩიგოგიძე