რატომ უნდა შეცვალოთ ძველი ლამინირებული მოწმობა ახალი აიდი ბარათით - კვირის პალიტრა

რატომ უნდა შეცვალოთ ძველი ლამინირებული მოწმობა ახალი აიდი ბარათით

შეკითხვებს პასუხობს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.

ცოლთან ოფიციალურად გაცილებული არა ვარ. კანონის ფარგლებში როგორ მოვიპოვო შვილების ნახვის უფლება?

- როდესაც ერთ-ერთ მშობელს ეზღუდება შვილთან ურთიერთობა და არ ეძლევა შესაძლებლობა ბავშვის ნახვის, აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად უნდა მიმართოთ სასამართლოს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მოითხოვოთ შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა. თავად მიუთითებთ ნახვის დღეებისა და საათების რაოდენობას, არდადეგებზე წაყვანის პერიოდს. თუ გსურთ, ღამე დარჩენით წაიყვანოთ, ესეც უნდა აღნიშნოთ, ხოლო სასამართლო იმსჯელებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

მეზობლიდან ჩამომდის წყალი. ხელოსანმა სპეციალური აპარატურით შეამოწმა და დაადასტურა, რომ ნამდვილად ამ ადამიანის ბინიდან ჩამოდის წყალი. ის უარს ამბობს თავისი მილის შეკეთებაზე. არ ვითხოვ მოყენებული ზარალის ანაზღაურებას, ვითხოვ მხოლოდ მილის შეკეთებას. როცა კატეგორიულ უარზეა, როგორ ვაიძულო რომ გააკეთოს?

- თუ წყალი ჩამოდის, უშუალოდ ფაქტის დასაფიქსირებლად უნდა მოხდეს პოლიციის გამოძახება და ოქმით დაფიქსირდეს წყლის ჩამოსვლის ფაქტი, ის, რომ ზიანი მეზობლის მხრიდან მომდინარეობს. აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან მეზობელი თავისი ნებით არ ახდენს ხელშეშლის აღკვეთას, უნდა მოხდეს სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა, რათა აღიკვეთოს მეზობლის მხრიდან ზიანის მომტანი ქმედება.

როგორ გავიგო ვარ თუ არა მემკვიდრე? ძმა მთხოვს მინდობილობას მამაჩემის ქონებაზე, მამა 25 წლის წინ გარდაიცვალა.

- თქვენც და თქვენი ძმაც ხართ პირველი რიგის მემკვიდრეები, თუმცა მემკვიდრეს აქვს ვალდებულება მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდროს გასახსნელად. როდესაც 6 თვე გასულია, თქვენ უნდა დაადასტუროთ ფაქტობრივი ფლობა, რაც ნიშნავს, რომ მოგიწევთ დამტკიცება, მიუხედავად იმისა, რომ არ მიგიმართავთ ნოტარიუსისთვის მამის გარდაცვალებიდან 6 თვეში, თქვენ ფლობთ ამ ქონებას, უვლით, ცხოვრობთ და ასე შემდეგ. ფაქტობრივი ფლობის დასადასტურებლად დაგჭირდებათ სასამართლოსთვის მიმართვა.

მეგობარს ჰყავს მანქანა ლიზინგში, რომელიც ნაწილებად გაიყიდა, კერძო აღმასრულებელი ეძებს მანქანას. მესამე წელია მეგობარი საზღვარგარეთაა. მის სახელზე მხოლოდ ერთი სახლია, რომლის მესაკუთრედ ის და მისი ორი შვილი წერია. ამ შემთხვევაში რა მოხდება?

- ლიზინგის საგანი სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, არის ლიზინგის გამცემის საკუთრება, ამიტომ როდესაც მანქანის მფლობელი ახდენს ლიზინგის საგნის განადგურებას დაშლით თუ სხვა გზით, იგულისხმება, რომ მან გაანადგურა სხვისი ნივთი, რაც სისხლის სამართლის საქმეა. რაც შეეხება თანხის კრედიტორის მიერ დაბრუნებას და მოვალის სახელზე ბინის არსებობას, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბინის თანამესაკუთრე შვილი, სრულწლოვანია თუ არასრულწლოვანი.

ქუჩაში ამეკიდა პედოფილი და ავტობუსშიც ამომყვა. ჩუმად მოვახერხე ფოტოს გადაღება. რა შემიძლია მოვიმოქმედო? სახელი და გვარი არ ვიცი, უბრალოდ, ფოტო მაქვს. პოლიციის გარდა სხვა რა გზა არის?

- მოცემულ შემთხვევაში კომპეტენტურ უწყებას სწორედ პოლიცია წარმოადგენს. პოლიცია მსგავს შემთხვევაში უზრუნველყოფს პირის უსაფრთხოების დაცვას. რაც შეეხება ფოტოს გადაღებას, ამის უფლება აქვს პირს, ასევე აქვს უფლება ეს ფოტო გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი უფლებების დასაცავად ეს საჭიროა.

ბინის დაგირავება მინდა. მეპატრონე არ ტვირთავს ბინას იპოთეკით და მეუბნება, რომ გამიკეთებს სესხის ხელშეკრულებას, სადაც ეწერება, რომ მექნება ბინაში ცხოვრების უფლება. ეს საშიშია?

- გამოდის, იარსებებს მხოლოდ სესხი, რომელიც არ იქნება უზრუნველყოფილი და თუ თანხის დაბრუნებას საფრთხე შეექმნება, მოვალის ბინა შეიძლება არ იქნეს გამოყენებული გამსესხებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის. ამიტომ აღნიშნული ვითარება შეიცავს რისკებს.

თუ წყვილს ოფიციალურად ხელი არ აქვს მოწერილი, მამისთვის ალიმენტის დაკისრება მაინც მოხდება?

- ალიმენტი ინიშნება არასრულ­წლოვანი შვილის სასარგებლოდ, ამდენად არ არის სავალდებულო წყვილი იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.

რა შემთხვევაში შეუძლია მსჯავრდადებულს ხანმოკლე პაემნით ისარგებლოს? არა აქვს მძიმე მუხლი წარდგენილი. სიმსივნით დაავადებული დედა ჰყავს ძალიან მძიმედ. გამონაკლისის სახით მისცემენ დედის ნახვის უფლებას და ვის მივმართოთ?

- ბრალდებულს/მსჯავრდადებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს ახლო ნათესავებთან ხანმოკლე პაემნის უფლება, ამ წრეში, ცხადია, მოიაზრება დედაც. პენიტენციარული დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანმოკლე პაემანი შეიძლება იყოს ერთიდან ორ საათამდე ვადით. დედამ აუცილებლად თან უნდა იქონიოს ბრალდებულის/მსჯავრდადებულის დაბადების მოწმობა; ბრალდებულის/მსჯავრდადებულის დედის პირადობის მოწმობა.

როგორ ხდება დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება?

- დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოები: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (იუსტიციის სახლი), ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო - მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებულ/გაცემულ დოკუმენტებზე.

პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ცვლილება არა მაქვს! თან დიდი ნაწიბური დამრჩა, ექიმმა, გადაიხადე და ოპერაციას თავიდან გაგიკეთებო, მე კი უფასოდ გაკეთებას ვითხოვ. ასეთ დროს ვინ დაიცავს ჩემს უფლებებს.

- გადასახედია ის ხელშეკრულება, რომელიც პაციენტსა და კლინიკას შორის არის გაფორმებული, დეტალურად არის სანახავი, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ოპერაციას, თუ საერთოდ არის მსგავსი გაწერილი ხელშეკრულებით. ამასთან გასარკვევია ის, რომ ნაიარევი, რომელიც დარჩა, ექიმის ბრალეული ქმედებით არის გამოწვეული, თუ მსგავსი შედეგი ექიმზე არ არის დამოკიდებული.

ვცხოვრობთ ავარიულ 9-სართულიან საცხოვრებელში, დასკვნით მესამე ხარისხის ავარიულობაა. მოსახლეებს არ სურთ ჩანაცვლების პროგრამაში ჩასმა და არც მერიის ექსპერტს ენდობიან. მაინტერესებს, რომ ვუჩივლოთ იმ მოსახლეებს, ვინც ამ საფრთხეს ვერ აღიქვამენ და გვტოვებენ დანარჩენ ნაწილს საფრთხის წინაშე, რამდენად იქნება ჩვენს მხარეს კანონი?

- მოცემულ საკითხზე ძალიან ბუნდოვანი გარემოებაა აღწერილი, რაზეც ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ, ვისაც რაიმე საფრთხის შესახებ არ ესმით, ვერავინ აიძულებს აზრის შეცვლას.

- მაქვს ლამინირებული პირადობის მოწმობა, რომელსაც აწერია უვადო. გავიგე, რომ იცვლება პირადობის მოწმობები. მაშინაც უნდა გამოვცვალო, თუ ეს მე არ მეხება?

- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1-ლი ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. 2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას. 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს. ასე რომ, ამ შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ ნებისმიერ იუსტიციის სახლს და თანხის გადახდის გარეშე შეგიცვლიან ახალი აიდი ბარათით ძველ ლამინირებულ მოწმობას.