ექსპერტების ვარაუდით, 2024 წელი ბოლო წლებში ყველაზე ცხელი იქნება - კვირის პალიტრა

ექსპერტების ვარაუდით, 2024 წელი ბოლო წლებში ყველაზე ცხელი იქნება

ცხელი დღეები დაიწყო და ექსპერტები­ ვარაუდობენ, რომ 2024 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება. ამის პირველ მიზეზად კლიმატის ცვლილება სახელდება, ამასთან,­ ატმოსფეროში სათბურის აირებს საწვავის­ მოხმარება ზრდის, რაც საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდას განაპირობებს. წინასწარი შეფასებით, წელსაც მთელ მსოფლიოში ტემპერატურა 1-2 გრადუსით მოიმატებს. რამდენად ცხელი დღეები გველოდება საქართველოში, ამ კითხვით გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსს, ხათუნა ქოქოსაძეს მივმართეთ.

- ჩვენ ვამბობდით, რომ ივნისში ნორმასთან შედარებით მაღალი ტემპერატურა იქნებოდა და ასეც მოხდა - ყველაზე მაღალი ტემპერატურა­ უკვე დაფიქსირდა 5 ივნისს ქუთაისში - 37 გრადუსი. ივნისში აღმოსავლეთ საქა­რთველოში ყველაზე მაღალი 35 გრადუსი­ იყო, ასეთივე ტემპერატურა იყო რამდენიმე დღის განმავლობაში­ თბილისშიც. ამ ზაფხულს ტემპერატურა საქართველოში 1-2 გრადუსით მაღალი იქნება ნორმასთან შედარებით, ნალექი კი ნორმის ფარგლებში. ცალკეულ დღეებში დაბლობსა და ბარში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება 39-42 გრადუსამდეც კი. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში 37-40 გრადუსამდე მოიმატებს, მაღალმთიან რაიონებში კი 37-39 გრადუსამდე. მაღალი იქნება ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოშიც, განსაკუთრებით ივლისი-აგვისტოს პირველ ნახევარში.

- წვიმები თუ იქნება ივლის-აგვისტოში?

- დიახ, ცალკეულ დღეებში იქნება როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთში სეტყვაც არის მოსალოდნელი. როცა ასეთი მაღალია ტემპერატურა, გადახურებულ ზედაპირზე შემოდის შედარებით გრილი ჰაერის მასა და ღრუბლების გააქტიურებას იწვევს, ასეთი ღრუბლებისთვის კი თავსხმა ნალექი და სეტყვაა დამახასიათებელი.

- წყალმოვარდნები მოსალოდნელია?

- თუ ძლიერი ნალექი იქნება, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს მდინარეებზე. თუმცა ეს ჰიდროლოგებისთვის რთული საპროგნოზოა იმ თვალსაზრისით, რომ თუ ამას წინ უძღვის ძალიან მშრალი პერიოდი, მაშინ ერთმა ძლიერმა წვიმამ შეიძლება ძალიან არ იმოქმედოს მდინარეებზე, თუ იქ ნიადაგი უკვე შემზადებული არ არის...

მაგალითად, შარშან გადაბმულად 39 გრადუსი იყო თითქმის ერთი კვირის განმავლობაში... იმ ზაფხულს შოვში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მართალია, მარტო წვიმის გავლენა არ ყოფილა, გეოლოგიური ფაქტორებიც იყო, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ წვიმამაც პროვოცირება მოახდინა. მსგავსი ტრაგედიისგან ღმერთმა­ დაგვიფაროს, მაგრამ ძლიერ წვიმებს თუ ნიადაგიც მომზადებული დახვდა, ეს, რა თქმა უნდა, მდინარეებზე გავლენას ახდენს.

- ამ დღეებში რიკოთზეც ძლიერი წვიმის შედეგად უზარმაზარი მასა ჩამოიშალა. მსგავსი­ საშიშროება არსებობს?

- ძალიან წვიმიანი პერიოდი უფრო ივნისისთვის არის დამახასიათებელი, რადგან­ გაზაფხულის უხვი ნალექი ივნისს უფრო გადმოჰყვება ხოლმე.

- ზაფხულის არდადეგები დაიწყო და ზღვის სეზონისთვის ბევრი ემზადება, ზღვის კურორტებზე როგორი ამინდი იქნება?

- როგორც აღვნიშნე, მთლიანად საქართველოში ნორმასთან შედარებით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. საკურორტო რეგიონებშიც, ზღვის სანაპირო იქნება თუ მთიანი და მაღალმთიანი რეგიონები, ყველგან მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება. ასე რომ, ზაფხული ცხელი იქნება.