„ექსტრემალურ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების უნარით ქართველ მეზღვაურებს ვერავინ შეედრება“ - კვირის პალიტრა

„ექსტრემალურ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების უნარით ქართველ მეზღვაურებს ვერავინ შეედრება“

შორეული ნაოსნობის კაპიტნის წოდება გამძლეობასა და ერთგულებასთან არის დაკავშირებული - თუ ზღვაში განსაცდელია, კაპიტანმა გემი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დატოვოს, როცა სხვები უკვე სამშვიდობოს არიან გასული. შორეული ნაოსნობის კაპიტანი მამუკა კუნჭულია ამ თვისებებთან ერთად კეთილი ნების ელჩის წოდებასაც ატარებს - კი, თურმე ზღვაზეც არსებობს მსგავსი მისია. ამასობაში, თავადაც­ არ დაუთვლია მსოფლიოს ზღვებითა­ და ოკეანეებით რამდენჯერ შემოუარა, რამდენ ნავსადგურს მიადგა, ავსტრალიიდან კანადის ჩათვლით. ამიტომ კაცობრიობის ყველა ხალხი გაიცნო, რა დროსაც უფრო დარწმუნდა, რომ ცხოვრებაში ორი რამ არის მთავარი: ადამიანად დარჩენა და ადამიანის გადარჩენა. და კიდევ იმაშიც, რომ ქართველი მეზღვაურებისთვის ნებისმიერი გზა ხსნილია, მათ ყველა გემზე პატივისცემით ელიან არაერთი მიზეზის გამო - მათ შორის მთავარი ექსტრემალურ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარია, მასთან ერთად კი ზღვისკენ თანდაყოლილი ლტოლვაც და მასთან ბრძოლაც. თავად კაპიტან მამუკა კუნჭულიასაც­ მეკობრეთა ტყვეობით დაწყებული, 12-ბალიანი შტორმებით დამთავრებული ზღვის ყველა განსაცდელი აქვს გამოვლილი და ხმელეთიდან ყოველ ჯერზე კვლავ ზღვაზე ბრუნდება. ხმელეთზე მისი 4 შვილი და საქართველო რჩება: რუკაზე თითქმის უხილავი ქვეყანა, რომელიც მამაცი მეზღვაურივით ჯიუტად იბრძვის ოკეანეებზე ადგილის მოპოვებისათვის! ამ ოკეანეებსა და ზღვებში უკვე საქართველოდან 18 000 მამაცი მეზღვაური დაცურავს, რაც ცოტა როდია.

- მეზღვაურობა მარტივი პროფესია­ ნამდვილად არ არის. ნერვების რამხელა გამოცდაა, როდესაც ახალგაზრდა კაცი, პირველ ჯერზე მაინც, თვეების განმავლობაში­ ხმელეთს ვერ ხედავს და მხოლოდ უსასრულო და ერთსა და იმავე სივრცეს უცქერს ოკეანეში. ამას ემატება ახლობლების მძაფრი მონატრება, საყვარელი ადამიანების სიშორე - ახალგაზრდა მეზღვაურებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა შეყვარებულზე საუბარი და მისი ნატვრაა. ამას კიდევ ემატება საკვებსა და სრულიად განსხვავებული ხასიათისა და რელიგიის ადამიანებთან შეგუება. ამ ყველაფერს ზოგიერთი ვერ უძლებს, ამიტომ ხმელეთზე მოხვედრის შემდეგ გემზე აღარც ბრუნდება. თუმცა არა მათი უმეტესობა, ვინც მეზღვაურობა მტკიცედ გადაწყვიტა. დღეს მსოფლიო ნაოსნობაში ჩვენი მეზღვაურების სახელი უკვე პოპულარულია. ყველა საზღვაო ქვეყნის გემი ცდილობს მათ აყვანას. როდესაც დამქირავებელი ქართველი მეზღვაურის მოწესრიგებულ დოკუმენტაციაში იყურება, იცის, რომ ეს ის ხალხია, რომელსაც შეიძლება ენდოს.

- რატომ ენდობიან ასე ქართველებს?

- პირველ რიგში, საქართველომ, როგორც საზღვაო სახელმწიფომ, ავტორიტეტი უკვე მოიპოვა სხვადასხვა საზღვაო დავალების შესრულებით. ამას ემატება­ ქართველი მეზღვაურების ექსტრემალურ სიტუაციებში ქცევის თვალში საცემი განსხვავება ყველა სხვა მეზღვაურთან შედარებით. არაერთი ქვეყნის მეზღვაური შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების უნარით ქართველ მეზღვაურებს ვერავინ შეედრება. ვფიქრობ, ამ თვისებების საყრდენი მაინც ჩვენი წარსული და ისტორია უნდა იყოს. ჩვენ ხომ მუდამ ექსტრემალურ სიტუაციაში გვიხდებოდა ცხოვრება და გაძლების უნარი სწორედ ამ სიტუაციაში გამოვიმუშავეთ. ამის მაგალითი გემებზე ხშირად მქონია, თუმცა საილუსტრაციოდ, ალბათ, ყველაზე კარგი ნიგერიელი მეკობრეების თავდასხმა და მათი სამკვირიანი ტყვეობა იქნება.

ეს გახმაურებული ამბავი 2011 წელს მოხდა. როდესაც ოკეანეში, აფრიკის ახლოს, ნიგერიელი მეკობრეები დაგვესხნენ თავს და ჩვენი გემი გაიტაცეს. გემზე ხუთი ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ და არც ერთ მათგანს არ გამოუჩენია იმდენი შემართება, რამდენიც ქართველ მეზღვაურებს. ახლაც თვალწინ მიდგას: ვხედავ, როგორ უახლოვდება ნიგერიელი მეკობრეების ე.წ. უფროსს ჩვენი ერთ-ერთი, ამჟამად გარდაცვლილი ქართველი ოფიცერი და როგორ უხსნის, რომ ჩვენ ღირსეული ხალხი ვართ და ცუდად ვერ მოგვექცევა; რომ ჩვენც შინ, ისევე როგორც მათ, გველოდებიან ოჯახები, მშობლები, შვილები­. ეს ისეთი განსხვავებული პასუხი იყო ტყვეობაზე, რომ არათუ სხვა ეროვნების მეზღვაურები, თავადაც ინტერესით ვაკვირდებოდი, მით უფრო მაშინ ჯერ კიდევ კაპიტანი არ ვიყავი. ყოველი ქართველის ქმედება ამ სიტუაციაში წარმოადგენდა ჩვენი ბუნებრივი თვისებების გაგრძელებას, რომ თავისუფლების დაკარგვას არ შევეგუოთ და რითაც შეგვიძლია ვიბრძოლოთ. ეს არის ჩვენი მებრძოლი სული და ასეთი დამოკიდებულებების გამო მეკობრეები ქართველებს მართლაც განსხვავებულად გვექცეოდნენ.

- სწორედ მებრძოლი სულის გამო ჰყავდათ არმიაში ქართული ლეგიონები მეზობელ მუსლიმანურ სახელმწიფოებს და ქრისტიანულსაც: ევროპაშიც უამრავ ქართველს უბრძოლია. თუმცა, ალბათ, ტყვეობას თავისუფლებაში ბრძოლა და სიკვდილი სჯობს.

- კი, ტყვეობაზე მძიმე შეგრძნება, ალბათ, არც არსებობს. პირადად ჩემზე ამან იმდენად იმოქმედა, რომ ტყვეობის შემდეგ­ იმ დღეებზე სამი თვის განმავლობაში­ კრინტს ვერ ვძრავდი. თუმცა დრო რომ გავიდა, კურიოზებიც კი გამახსენდა...

- საინტერესოა, ტყვეობაში რა კურიოზი შეიძლება იყოს?

- როდესაც ნიგერიელი მეკობრეები­ შემოიჭრნენ და გემი დაიკავეს, გემის საჭესთან­ სანდო მეკობრე დააყენეს. ეს რომ ჩვენმა კაპიტანმა დაინახა, რომელმაც იცოდა,­ ამას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ერთი მეზღვაურულად, გვარიანად შეიკურთხა ისე ხმამაღლა, მეკობრეების მეთაურმა­ თურმე გაიგო, რაც თქვა და წამსვე საპასუხო რეაქცია ჰქონდა - თუ არ მოგწონს, თავად მართეო, კაპიტანს მოუხმო და საჭე მიუგდო. ამ დროს გემის საჭე კაპიტანმა არ უნდა მართოს. თუმცა ჩვენმა კაპიტანმა გემი მშვენივრად მართა, რა თქმა უნდა, ხალისით არა, მაგრამ სამშვიდობოს მაინც ვიყავით...

0dd2fe30-5de2-4ac8-93d9-ca2641529c92-1-1719779135.jpg

- საინტერესოა გემზე რელიგიური განსხვავებულობის საკითხი. სხვადასხვა რელიგიის ეკიპაჟი როგორ თანაარსებობს?

- მშვიდობიანად. თუ გემზე მშვიდობა არ არის, ვერ იცურებს. მშვიდობის გარდა, პატივისცემაც აუცილებელია. მუსლიმანები განსაზღვრულ საათებში ლოცულობენ. ამ დროს ზოგიერთი გემზეც კი საქმეს სხვებს­ აბარებს და ლოცულობს. როდესაც ამ დროს ჩაუვლი და პატივისცემას გამოხატავ, იცით, ამას უკან როგორი პატივისცემითვე გიბრუნებენ? ძალიან დიდი! თუმცა­ გემზე არც მართლმადიდებელი მინახავს ხატებისა და ლოცვის გარეშე, ოღონდ როცა მარტო რჩება კაიუტაში, უმეტესად მაშინ ლოცულობს, მაშინ ესაუბრება უფალს. მქონია შემთხვევა, როდესაც გემზე პატარა ეკლესიები აუგიათ სხვადასხვა­ მასალით. მყავდა მეზღვაური, რომელმაც გემზე ასანთის ღერებით იმ მასშტაბის ეკლესია გააკეთა, რომ გაგაოცებდათ. ზღვა განსაცდელით არის სავსე. ამიტომ იქ მეზღვაურები უფალს ყოველთვის ესაუბრებიან.

- მიგრანტებიც ღმერთის იმედად მიცურავენ ევროპისაკენ გასაბერი ნავებით... ხმელთაშუა ზღვა სავსეა ჩაძირული სირიელი, ერაყელი, მაროკოელი, ავღანელი მიგრანტების გვამებით. ცნობილია, რომ მათგან­ არაერთი ქართულმა ეკიპაჟმაც გადაარჩინა სიკვდილს და გემზე აიყვანა.

- ეს უმძიმესი სურათია. ამჟამად განსაკუთრებით მაროკოშია ურთულესი მდგომარეობა, რომელთანაც ძალიან ახლოს არის საფრანგეთი და ხალხი ხმელთაშუა ზღვის გადალახვით ცდილობს მისვლას, თანაც გასაბერი ნავებით. წარმოიდგინეთ გასაბერი ნავი, რომელიც 20 კაცს იტევს და 60 კაცი ჯდება, მათ შორის ფეხმძიმე ქალებიც. ამასობაში შეიძლება ნავი დინებამ გაიტაცოს და დასაღუპად ატივტივოს­. განწირულმა ადამიანებმა საკვებისა და წყლის გარეშე გაატარონ სიცოცხლის ბოლო დღეები. ერთადერთი გამართლება ამ დროს რომელიმე ჩავლილი გემია, რომელიც მიგრანტებს თუ დაინახავს, უშველის, კიბეს ჩაუშვებს და ხალხს გემზე აიყვანს. თუმცა ბევრი მაინც იღუპება, რადგან შეიძლება ნავი შორეული ნაოსნობის გემებმა ვერ დაინახონ.

ჩვენს ქართველ მეზღვაურებსაც ჰყავთ­ უამრავი მიგრანტი გადარჩენილი. თავადაც მქონია ზღვაზე განწირული ადამიანების გადარჩენის შემთხვევა. ბევრი შიშის, შიმშილისა და წყურვილისაგან იმდენად არის დაოსებული და ფსიქიკაარეული, კარგა ხანს უცნაურად იქცევა. მსგავსზე კაპიტან ალექსანდრე სურმანიძის მეზღვაური წერდა: როდესაც გასაბერი ნავებიდან იმ ხალხის ამოყვანა დავიწყეთ, რომლებმაც ზღვაში 9 დღე გაატარეს, ზოგიერთი ნავიდან ხტებოდა და ვერ ხსნიდა, რატომო. კაპიტანმა ვაჟა მანჯგალაძემაც 34 მიგრანტი გადაარჩინა ზღვაში სიკვდილს.

- უცნაური მიზიდულობა აქვს ზღვას, როცა მშვიდია, გგონია, ყოველთვის მშვიდად გაგატარებს, გაცდუნებს, ამასობაში წამში 12-ბალიანი ტალღებით შეიძლება უფსკრული გააჩინოს და ადამიანი ჩაითრიოს. მეზღვაურები იმიტომაც ხართ მამაცები, რომ ამის არ გეშინიათ.

- სიმამაცე შიშს არ გამორიცხავს. შიში ცოცხალი ორგანიზმის თვისებაა. თუმცა როგორც კაპიტანს ამ დროს გემის­ გამძლეობაც მამშვიდებს. ყველა ხომალდი, რომლებზეც ეკიპაჟი ამყავს, ვიცი, რომ მყარი უნდა იყოს და სწორად მართვისას მსგავსს გაუძლოს. თანამედროვე გემები იძლევა ამის საშუალებას, თორემ მთისოდენა ტალღები ნამდვილად საზარელი სანახავია დამწყები მეზღვაურებისთვის, რომლებიც შესაძლოა ხმას არ იღებენ, მაგრამ მათ შიშს მათივე გაფართოებული თვალები გასცემს. ამ დროს კაპიტნის სიმშვიდე და საუბარი ჯადოსნურად მოქმედებს. ისე კი ჯოჯოხეთური შტორმები კაპიტნების მეხსიერებაშიც მუდამ რჩება, ოღონდ როგორც მორიგი განსაცდელის გადალახვის გამოცდილება და რწმენა. მსგავსი ატლანტის ოკეანეში გავიარე, როდესაც მართლაც მთებისოდენა 12-ბალიან ტალღებში აღმოვჩნდით გემით, რომელსაც ნაფოტივით ათამაშებდა.

- ასეთ გრიგალს არა, მაგრამ ზურგის ქარს ნამდვილად გისურვებთ, კაპიტანო, თქვენ და სხვა მეზღვაურებს ჩვენი ქვეყნის სასახელოდ.

- გმადლობთ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს 18 000 კაცი მართლაც ძლიერი და სანდო ხალხია, რომელიც ბევრ განსაცდელს ითმენს, მაგრამ მუდამ ცდილობს ჩვენი ქვეყნის სახელი არ შეარცხვინოს.