„ორი წელი ვიცხოვრე მგლებთან“ - კვირის პალიტრა

„ორი წელი ვიცხოვრე მგლებთან“

ბავშვობაში ყველას წაგვიკითხავს "მაუგლი" და გვიფიქრია, რომ ეს დაუჯერებე­ლი ისტორიაა... თუმცა მგლების გარემოცვაში ცხოვრება შესაძლებელი ყოფილა­ და ეს ჩვენმა თანამემამულემ დაამტკიცა. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი­ იასონ­ ბადრიძე უნიკალური ბიოგრაფიის მქონე ადამიანია: მან ორი წელი გაატარა მგლებს შორის და მათი ოჯახის წევრიც კი გახდა. "უკვე 80 წლის ვარ და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ახალგაზრდებს ვასწავლო, გამოცდილება გავუზიარო", - ამბობს ბატონი იასონი, რომლის აზრით, მგელი ყველაზე სიმპათიური და საინტერესო ცხოველია:

- მგლების მიმართ სიმპათია ბავშვობიდანვე გამიჩნდა: თბილისში ვიზრდებოდი, მაგრამ ზაფხულობით ჩემი ოჯახი ქვიშხეთში ისვენებდა. მგლის ყმუილი პირველად სწორედ იქ გავიგონე და გულში ჩამრჩა. მოგვიანებით ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე და გადავწყვიტე ეს იდუმალი და საინტერესო ცხოველი შემესწავლა.

- როგორ გადაწყვიტეთ, რომ მგლებს შორის უნდა გეცხოვრათ?

- გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ცხოველებს ბუნებაში კი არ სწავლობდნენ, არამედ ლაბორატორიებში, ჩაკეტილ სივრცეში. მე გადავწყვიტე მგლების ქცევა მათ ბუნებრივ გარემოში შემესწავლა. სწორედ ამას მოითხოვს ეთოლოგია - მეცნიერება, რომელიც ჩვენთან დღესაც არ არის პოპულარული, რაც ძალიან ცუდია. უნიკალური შესაძლებლობა მომეცა, ველურ ბუნებაში, მტაცებელ ცხოველებთან ერთად მეცხოვრა და მათი ცხოვრების წესი შემესწავლა. მგლებთან 1974-1976 წლებში ვცხოვრობდი ბორჯომის ნაკრძალში, კერძოდ, ზორეთში. იმხანად მგლებს ძალიან ემტერებოდნენ და ხოცავდნენ, მეტიც, ყოველ მოკლულ მგელზე მონადირეს ფულს უხდი­დნენ. რამდენიმე თვე დამჭირდა, რომ ისინი შემომეჩვია: სხეულზე ქსოვილს ვიხვევდი და მათ სავალ ბილიკებზე ვდებდი, დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ მიხვდნენ, რომ სახიფათო არ ვიყავი. პირველად დომინანტი მგლები დამიმეგობრდნენ, მერე კი მთელი ოჯახი, რომელიც 6 მგლისგან შედგებოდა. ამგვარ ჯგუფს შეცდომით ხროვას უწოდებენ, ხროვა რამდენიმე ოჯახის დროებითი გაერთიანებაა, მგლების ოჯახი კი ძალიან საინტერესო, სტაბილური მოვლენაა.

zveli-foto-1719779719.jpg

- როგორ მოახერხეთ მათ ოჯახთან დამეგობრება?

- მგლების ხროვაში არის რამდენიმე­ დომინანტი, ყველაფერს სწორედ ისინი ხელმძღვანელობენ. ვიცოდი, რომ უპირველესად სწორედ მათი ნდობა უნდა მომე­პოვებინა. მგლებთან დაახლოებას 4 თვე დასჭირდა. ერთ დღესაც მათ პირისპირ შევეჩეხე: დომინანტი მგლები იყვნენ - ძუ და ხვადი. ნელ-ნელა მომიახლოვდნენ და დაკვირვებით მიყურებდნენ. სულ ცოტა ხანში შებრუნდნენ და ტყისკენ წავიდნენ. ძალიან შემეშინდა, მაგრამ პირველად მაშინ მივხვდი, რომ მათთან დამეგობრება უკვე შეიძლებოდა. რადგან დომინანტი მგლები უკვე მიცნობდნენ, თავიანთ ოჯახშიც მიმიღეს. ამის შემდეგ მათთან ერთად ცხოვრება და ნადირობა დავიწყე. მგლები ნანადირევის ნაწილს თვითონაც ჭამდნენ და მეც მაძლევდნენ უფლებას ხორცის ნაჭერი ამეთალა. ღელის მეორე ნაპირზე გადავდიოდი და ხორცს ვწვავდი, რათა ჩემი ოთხფეხა მეგობრები კვამლის სუნს არ შეეწუხებინა. ასე ვიცხოვრე მათთან ორი წელი. რა თქმა უნდა, ზოგჯერ თბილისშიც ჩამოვდიოდი, ოჯახთან, მაგრამ ცოტა ხანში ისევ მათ ვუბრუნდებოდი.

- ყველაზე მეტად რით გაგაოცეს?

- ბევრი რამით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მგელი ძალიან ჭკვიანი ცხოველია.

დადგენილია, რომ ზრდასრულ მგელს 2-2,5 წლის ბავშვის გონება აქვს და ყველაფერს გააზრებულად აკეთებს. მგელი მონოგამიური ცხოველია: ერთს რომ დაუწყვილდება, მერე სხვას აღარ შეეჯვარება. თუნდაც გულის სწორი მოუკვდეს, სიცოცხლის ბოლომდე მაინც ქვრივად რჩება. წყვილები შვილებს და შვილიშვილებსაც ერთად ზრდიან. დავყვებოდი და ვაკვირდებოდი, რა გონივრულად ჰქონდათ განაწილებული ფუნქციები, როგორ ნადირობდნენ და როგორ ანაწილებდნენ ნანადირევს. ძირითადად, შველსა და ირემზე ნადირობდნენ, ზოგჯერ კურდღელზეც. მგლების ოჯახისთვის კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ნადირობა სავსებით საკმარისია: ნანადირევის ნაწილს ჭამენ, ხოლო ნაწილს - მიწაში ფლავენ და ინახავენ, რომ მარაგი ჰქონდეთ და ლეკვებსაც აჭამონ.

როგორც გითხარით, მეც მინაწილებდნენ, მაგრამ მხოლოდ მათ იმედზე არ ვყოფილვარ: ჩემი კოლეგები მაწვდიდნენ საკვებს, რადგან ეს სამეცნიერო ექსპერიმენტი იყო.

mglebii-1719779720.jpg

- ღამით მათ ოჯახთან ერთად იძინებდით?

- არა, რა თქმა უნდა: ნაბადში ვეხვეოდი და ვიძინებდი. ისეთი ნაბადი მქონდა, რომელიც წყალს არ ატარებდა და მშრალად, თბილად ვიყავი. როცა თვალს მოვეფარებოდი, მესმოდა, როგორ ყმუოდნენ და მეძახდნენ.

დომინანტი მგლების ოჯახში დიდ როლს ასრულებს მანამ, ვიდრე არ დაბერდება, როცა ძალა და მუხლი აღარ ერჩის, მერე მის ადგილს ახალგაზრდებს შორის ყველაზე ძლიერი იკავებს. შვიდ თვემდე ასაკის ლეკვები ერთმანეთს ხშირად ეჯახებიან. ამ დროს მგლის ლეკვმა შეიძლება ისეთი ტრავმა მიიღოს, რომ კიდეც დაიღუპოს. ეს ბუნებრივი გადარჩევის ეტაპია და ვინც გადარჩება, იმათგან ყველაზე ძლიერი დომინანტი ხდება.

- თუ გახსენდებათ ყველაზე დაუვიწყარი დღე იმ ორ წელიწადში?

- ეს ის დღე იყო, როდესაც სიკვდილს გადამარჩინეს: ტყეში სიარულისას უეცრად დათვს შევეჩეხე, კარგა ხანს ვიდექი გაოგნებული და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ ეტყობა, ჩემმა მეგობრებმა გაიგეს, მოირბინეს და ვიდრე დათვი თავს დამესხმებოდა, შეებრძოლნენ და კანჭები დაუკბინეს. დათვს შეეშინდა და გაიქცა. დომინანტმა ძუმ და ხვადმა გადამარჩინეს, რომლებიც თავიდანვე კარგად დამხვდნენ და ყოველთვის კარგად მექცეოდნენ. რა სამწუხაროა, რომ ადამიანები ხშირად სწორედ დომინანტ მგლებს ხოცავენ, ხაფანგებს უგებენ და იჭერენ. ასეთ დროს ოჯახში რჩებიან ახალგაზრდები, რომლებსაც ნადირობა არ შეუძლიათ. სწორედ ასეთი მგლები ჩამოდიან სოფლებში და შინაურ ცხოველებს იტაცებენ. სიმართლე უნდა ითქვას, ინფორმაცია მგლების მიერ მიყენებულ ზარალზე ხშირად გაზვიადებულია: მგლებმა წელიწადში შეიძლება 50-100 სული ცხვარი მოინადირონ. ეს ძალიან მცირე რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ათიათასობით ცხვარია.

borjomi-1719779719.jpg

- ბატონო იასონ, მაუგლის მსგავსად, მგლებს სხვა ბავშვებიც გაუზრდიათ - მსოფლიოში რამდენიმე ასეთი შემთხვევა გახმაურდა. რით ახსნით ამ მოვლენას?

- ნებისმიერ ზრდასრულ მგელს ერთი წლის ასაკიდან ძლიერი მშობლიური ინსტინქტი უყალიბდება. ამიტომ ბავშვური ფორმები და საერთოდ, პატარა ბავშვის სუნი მათზე თითქოს მაგიურად მოქმედებს და არ ერჩიან. ჩემი პატარა შვილებიც უპრობლემოდ ურთიერთობდნენ 1-1,5 წლის მგლებთან, როდესაც მგლის ლეკვებს სახლში ვზრდიდი და ვაკვირდებოდი. ქალაქს და ოჯახს მხოლოდ მაშინ დავუბრუნდი, როდესაც დავრწმუნდი, რომ ყველაფერი შევისწავლე, რის შესწავლაც მინდოდა. საკანდიდატო დისერტაციაც მგლებზე დავიცავი და სადოქტოროც. ახლა უკვე ვიცი, რომ ზოგ შემთხვევაში ნადირი უფრო გააზრებულად იქცევა, ვიდრე ადამიანი, რომ სიყვარული, ერთგულება, მხარდაჭერა მგლებისთვის უცხო ნამდვილად არ არის. ეს შესანიშნავად აღწერა დიდმა ვაჟა-ფშაველამ, "ბუნების მესაიდუმლესაც" სწორედ ამის გამო არ ვუწოდებთ? ჩემს გაზრდილ მგლებს ტყეში 9 წლის შემდეგ შევხვდი. უნდა გენახათ, როგორ გაიხარეს და რა დღეში იყვნენ, როცა დამინახეს. მაშინვე მიცნეს და ჟრიამულით შემეგებნენ.

- ცნობილია, რომ თქვენზე ფილმის გადაღებას ბი-ბი-სი აპირებდა, რატომ გადაიფიქრეს?

- ეს პროექტი ძალიან ძვირი დაჯდებოდა: უზარმაზარი ვოლიერები უნდა აეგოთ, სადაც ექვსი მგელი მაინც უნდა ყოფილიყო. მგლებს კვება ხომ უნდოდათ? თანაც, გადაღება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდებოდა და აქაური თანამშრომლები უნდა აეყვანათ - ეს ყველაფერი ძალიან ძვირი უჯდებოდათ და ამიტომ თქვეს უარი.

- რას ურჩევთ მოლაშქრეებს ან მოგზაურებს, რომლებიც ტყეში მგელს შეეჩეხებიან?

- არ უნდა გაიქცნენ, არავითარ შემთხვევაში! ეს კატეგორიულად აკრძალულია, იმიტომ, რომ მგელი მტაცებელია და გამოდევნების ინსტინქტი აქვს. თუ ახლომახლო ხეს ხედავთ, უმჯობესია ახვიდეთ და დაელოდოთ, როდის დატოვებს მტაცებელი იქაურობას. როდესაც თავის გზაზე წავა, ჩამოხვალთ და თქვენს გზას გაუყვებით.

ხათუნა ჩიგოგიძე