„დიახ, ბაიდენის მდგომარეობა ნამდვილად კატასტროფულია“ - კვირის პალიტრა

„დიახ, ბაიდენის მდგომარეობა ნამდვილად კატასტროფულია“

ვროკავშირმა უკრაინასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმა. რა მიმართულებით იცვლება მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორი განწყობა ყალიბდება საქართველოს მიმართ და რა გამოწვევების წინაშეა ქართველი ხალხი, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე გვესაუბრება:

- უკვე გამოიკვეთა, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი ღერძი არის უკრაინა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ პროცესს ვეთიშებით, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს სამეული დაიშლება­ ანუ ჩვენ ამოვვარდებით. სავარაუდოდ, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოვდება უკრაინა-მოლდოვას­ მიმართულებით და თუ ამ დროისთვის მზად არ ვიქნებით, შემდეგი ტალღისთვის­ მოგვიწევს დალოდება. შემდეგი ტალღისთვის კი შეიქმნება სომხეთი-საქართველოს კალათა. ერევანში გახშირდა ევროინტე­გრა­ციის შესახებ განცხადებები და არ არის გამორიცხული, საფრანგეთმა, რომ­ე­ლიც­ სომხეთის გულშემატკივარია, ამ საქმეში დიდი როლი ითამაშოს. ეს ჩვენთვის­ ცუდიც არის და კარგიც: ცუდია იმით, რომ უახლოეს მომავალში ვერ შევძლებთ იმ გეოპოლიტიკური შესაძლებლობის გამოყენებას, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად შეიქმნა, ხოლო კარგია იმით, რომ შორეულ პერსპექტივაში მაინც გვრჩება კიდევ ერთი შანსი.

- ამერიკის­ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპიც არ აკეთებს დამაიმედებელ­ განც­ხადებას. მისი შეფასებით, "უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, მას ეწურება ჯარის­კაცების რაოდენობა". ამასთან, ტრამპმა ბაიდენი უკრაინისთვის დახმარების გამო გააკრიტიკა, ვოლოდიმირ ზელენსკის კი ყველაზე დიდი ვაჭარი უწოდა.

- ფასი, რომელსაც უკრაინა ახლა იხდის, საქართველომ უკვე გადაიხადა, რუსულ იმპერიალიზმთან ბრძოლას ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ცუდი ის არის, ქართველი ხალხის სისხლითა და ოფლით მოპოვებულ დივიდენდებს­ "ქართული ოცნება"“ დაუნანებლად ანიავებს. ძალიან მიკვირს„"ოცნების"“ ლიდერების,­ ნიშნის მოგებით რომ ამბობენ, ნახეთ, უკრაინაში რა ხდებაო. ნუთუ არ ახსოვთ,­ რომ ჩვენ ეს ყველაფერი გამოვი­არეთ აფხაზეთში, ცხინვალში, რუსეთის ინსპირირებულ სამოქალაქო თუ აგვისტოს ომებში?! რუსებმა ჩვენ იმაზე მეტი ტერიტორია წაგვართვეს, ვიდრე დღეს უკრაინას აქვს დაკარგული. რაც შეეხება ტრამპს, ის ხომ თავად ყველაზე დიდი ვაჭარია?! ამ წუთებში ის სახელმწიფოს არ წარმოადგენს და არც მის სიტყვებს აქვს ფასი. თუ გაიმარჯვებს, მერე კი ბატონო, სხვა ამბავი იქნება, თუმცა იანვრამდე მაინც ვერ გახდება პრეზიდენტი.

მოცემულ რეალობაში ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა გვინდა, რისთვის დავღვარეთ სისხლი,> იმისათვის ხომ არა, რომ რუსეთის დღის წესრიგის ნაწილი გავმხდარიყავით?!

- დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის საარჩევნო დებატებმა ცხადყო, რომ მოქმედი პრეზიდენტი არ არის შესაშურ მდგომარეობაში. ამერიკელი საზოგადოების ნაწილი ბედის ირონიად მიიჩნევს, რომ 300-მილიონიან ქვეყანაში ტრამპსა და ბაიდენს შორის უწევთ არჩევანის გაკეთება.

- დიახ, ბაიდენის მდგომარეობა ნამდვილად კატასტროფულია, დებატების შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შანსი, მინიმუმ, განახევრდა. ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ვისკონსინში, მიჩიგანში, არიზონასა და ნევადაში­ მოსახლეობის განწყობა რადიკალურად შეი­ცვალა ბაიდენის საწინააღმდეგოდ. ორი ვარიანტია - ან ბაიდენის მდგომარეობა და რეიტინგი უნდა გამოსწორდეს, რაც წარმოუდგენელია, ან დემოკრატებმა ის სხვა კანდიდატით შეცვალონ. დემოკრატიული პარტიის ყრილობა რამდენიმე დღეში გაიმართება და გამოჩნდება, რა გამოსავალს იპოვის ეს პოლიტიკური ძალა.

- ვინ შეიძლება იყო მისი ალტერნატივა?

- სულ ოთხი კანდიდატი განიხილება: კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, რომელიც პოპულარული და გავლენიანი პოლიტიკოსია; ვიცე-პრეზიდენტი კამელა ჰარისი, არცთუ დიდი წონის პოლიტიკოსი; ჰილარი კლინტონი, რომლის შანსიც ასევე ძალიან მცირეა, თუნდაც იმიტომ, რომ ადრე ის დონალდ ტრამპმა დაამარცხა; და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ყველაზე რეალური კანდიდატები არიან გევინ ნიუსომი ან რომელიმე სხვა შტატის გუბერნატორი.

- ტრამპი ამბობს, რომ ის მოაგვარებს რუსეთ-უკრაინის ომს მანამ, სანამ 20 იანვარს თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს, ბაიდენს კი საქმე მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავს. თავის მხრივ, ბაიდენი­ ამბობს, რომ მესამე მსოფლიო ომი სწორედ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში გვემუქრება. შეიძლება თუ არა ტრამპი ომის დასრულების ფორმულად განიხილავდეს ზელენკის მოლაპარაკების მაგიდასთან იძულებით დასმას?

- ტრამპის ნაბიჯების წინასწარ გათვლა შეუძლებელია. როდესაც პრეზიდენტი იყო, რაც არ უნდა გაეკეთებინა, ყოველთვის არაპროგნოზირებადი იყო. ის არ არის პოლიტიკოსი, არც იდეოლოგია აქვს, კონკრეტულ მომენტში მოქმედებს ისე, როგორც იმწუთას მიიჩნევს საჭიროდ. ამას მისივე ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობდნენ. შესაბამისად, არავინ იცის, რა შეიძლება გააკეთოს გამარჯვების შემთხვევაში. ნამდვილად ამბობს, რომ სჭირდება "ხელშესახები გამარჯვება", მაგრამ ვერავინ გეტყვით, რას მიიჩნევს ასეთი ტიპის გამარჯვებად - ზელენსკის იძულებით დასმას მოლაპარაკების მაგიდასთან თუ უკრაინის გამარჯვებას.

ტრამპს უყვარს საკუთარ თავზე სხვების გამარჯვების მიწერა. ზელენსკის მოლაპარაკებაზე იძულება­ შეიძლება ნამდვილად იყოს მისი ერთ-ერთი ვერსია, მაგრამ არა მგონია, რეალური იყოს, ვინაიდან ასეთი ნაბიჯის შედეგმა შეიძლება­ ტრამპის და საზოგადოდ, ამერიკის რეიტინგის მკვეთრი ვარდნა გამოიწვიოს. ეს ძალიან დიდი რისკია.

- რეალურია რუსეთის დასუსტება იმდენად, რომ საქართველოს ხელი­სუფლებამ საგარეო პოლიტიკის გატარებისას­ კრემლის ინტერესების უგულებელყოფა შეძლოს? ჩვენ უკვე დიდი ხანია ველით რუსეთის დასუსტებას, მაგრამ შედეგს ჯერ ვერ ვხედავთ. მეტიც, პუტინი ამბობს, რომ აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა განლაგებაც.

- პუტინი ომის დაწყების დღიდან იმუქ­რება, მათ შორის "ცივი ომითაც", მაგრამ დასავლელი პოლიტიკოსების აზრი აღარ იცვლება. პირიქით, ყველა ხვდება, რომ რუსეთი ჩიხშია შესული. ერთადერთი, რაც შეიძლება მართლაც სახიფათო იყოს, არის რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივად წამოწყებული ომები, ასევე­ კონფლიქტების ინსპირირება სხვადასხვა ქვეყანაში. პრინციპში, "ცივი ომი" უკვე არის და შეიძლება უფრო აქტიურ ფაზაში­ გადავიდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთ-ჩინეთის ავტოკრატიული ღერძი მხარს დაუჭერს ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ომებს. ასეთ ვითარებაში მსოფლიო აუცილებლად გაიყოფა ორ ნაწილად და საქართველო დადგება არჩევანის წინაშე, ვისკენ ან რისკენ არის. ასეთ შემთხვევაში, რაც არ უნდა გვინდოდეს, ნეიტრალურ პოზიციას ვერ დავიჭერთ.

რაც შეეხება მესამე მსოფლიო ომს, რომლის გაჩაღებას ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს აბრალებენ, მე ამის კონტურებს ვერ ვხედავ. ამაზე მეტი რაღა უნდა ქნას რუსეთმა, როგორღა უნდა დაძაბოს ვითარება? ახლა ესკალაცია მხოლოდ დასავლეთს შეუძლია. ერთადერთი, რაც რუსეთს შეუძლია, ბირთვული იარაღის გამოყენებაა. თუმცა პუტინი ამის გამკეთებელი რომ ყოფილიყო, აქამდე გამოიყენებდა. თუ რუსეთის ტერიტორიაზე არ დაიწყო დაპყრობითი ომი, არა მგონია, ბირთვული იარაღის გამოყენება რეალურად დადგეს კრემლის დღის წესრიგში.

ხათუნა ბახტურიძე