„ოპოზიციამ მოახერხა და ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვა“ - კვირის პალიტრა

„ოპოზიციამ მოახერხა და ამომრჩეველი არჩევანის გარეშე დატოვა“

ევროკავშირის უმაღლესმა­ წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელიმ განაცხადა: "ჩვენ შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოსთან. განვიხილავთ მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და გადავხედავთ ევროპის მშვიდობის ფონდიდან საქართველოს მხარდაჭერას". 27 ივნისს კი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო საქართველოში­ დემოკრატიის გამოწვევების შესახებ, სადაც გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რაც ეჭვს ბადებს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა­ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქვეყნის ერთგულებასა და მზადყოფნაზე, შეასრულოს ევროპის საბჭოში წევრობისთვის ნაკისრი ვალდებულებები. ამ დღესვე­ გაავრცელა განცხადება ევროპულმა საბჭომაც, სადაც "მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრების პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებამდე მიჰყავს". ხელისუფლება კი, როგორც პრემიერის პარლამენტში გამოსვლისას გამოჩნდა, არაფრის შეცვლას არ აპირებს. იმავდროულად გაურკვეველია, ოპოზიცია როგორ აპირებს ბრძოლას. სამაგიეროდ, პრეზიდენტის "ქარტიაზე" ხელმომწერი პარტიების ნაწილმა ბრიუსელში ახალ დოკუმენტს მოაწერა ხელი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი და მოვლენების განვითარების რა პერსპექტივა იკვეთება, პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

- კობახიძე ნებისმიერ ფაქტზე საკუთარ წარმოდგენას იქმნის და შემდეგ ჯიუტად მისდევს მათ. ის არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ტყუილში აცხოვრებს და მერე მის დისტრიბუციას ეწევა. ამიტომაც მისი კომენტირება ხშირად შეუძლებელია. დღესაც კი იმას ამბობს, რომ თურმე ამერიკასა და ევროკავშირს კი არ უპირისპირდება, არამედ არარსებულ მასონურ­ ლოჟასა და ომის პარტიას. ისევ ტვინების გამორეცხვით არის დაკავებული და ამის პირველი მსხვერპლი თვითონვეა. მერე ცდილობს ეს "ვირუსი" მთელ საზოგადოებაზე გადაიტანოს. ისეთ უტიფარ რაღაცებს ამბობს, რომ ხვდები, კამათს, კონტრარგუმენტებს აზრი არც აქვს, ისეთ აბსურდამდე მიჰყავს ყველაფერი. მის ანგარიშშიც ზუსტად ეს ვნახეთ, მაშინ, როცა დაწყებული ევროკავშირის პრეზიდენტით, ყველა გვაფრთხილებს, გზას გადაუხვიეთო, კობახიძე ამას არ იმჩნევს.

სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებულია ე.წ. აგრესიული კონფორმიზმი­. არის საზოგადოებაში რაღაც სეგმენტი და შეიძლება ითქვას, საკმაოდ მნიშვნელოვანიც, რომელიც ეძებს არგუმენტებს, თუ რატომ არ აპროტესტებს ხელისუფლების მცდარ პოლიტიკას. არის "ოცნებაში", მათ შორის, მოაზროვნე სეგმენტიც, რომელსაც არ სურს რუსეთი და უნდა ევროპა, მაგრამ ამასთანავე, არ არის მზად, რომ გააკრიტიკოს ხელისუფლება ანტიდასავლური­ პოლიტიკის გამო. კობახიძე მათ ამ ტყუილებით კვებავს და ისინიც ამ ტალღაზე არიან კონფორმიზმის გამო. არა იმიტომ, რომ ვერ ხვდებიან, უბრალოდ, არ სურთ მიხვდნენ.

- კვირის განმავლობაში­ ერთიმეორის მიყოლებით ვის­მენდით ჩვენი საერთაშო­რისო პარტნიორების მწვავე­ განცხადებებს. "ოცნების" დამო­კიდებულება კი მაინც არ შეცვლილა...

- "ოცნებამ" თავი საკუთარი პოლიტიკით ჩიხში შეიყვანა, იმდენად შორს წავიდნენ, რომ უკან დახევის რესურსი აღარ აქვთ. არჩევნები მოდის და ამ ტიპის­ ავტორიტარ რეჟიმებს არა აქვთ რეალური საფუძველი. ამიტომაც ეშინიათ ყველაზე მეტად სისუსტის გამოვლინების, რადგან ჰგონიათ, როგორც კი რამეზე კომპრომისს დაუშვებენ, ეს სისტემა თავზე ჩამოეშლებათ. უკან დასახევი გზა მოიჭრეს და ამ უგუნური პოლიტიკის შედეგად ქვეყანას რუსეთის კლანჭებში მიაქანებენ, თან უტიფრად ამბობენ, ევროპა გვინდაო, მაგრამ ღირსებით და "ორ ფეხზე დგომით". ასეთი გამაოგნებელი უტიფრობით ფუთავენ­ ამ ყველაფერს - ანუ ღირსებას საქართველოში "მურუ­სიძე" დაარქვეს. ევროკავშირს აქვს თავისი წესები და გვეუბნება, ჩემთან თუ გინდათ, ნუ გეყოლებათ სასამართლოში კომპრომეტირებული მოსამართლეები, ნუ შეზღუდავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რადგან ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივ წესრიგშიო, მაგრამ ესენი ამბობენ, ამის გაკეთება ღირსებას გვილახავსო. პარალელურად შემოიტანეს ურაპატრიოტული, ფსევდორელიგიური მოტივები, თურმე დედა ყოფილა დედა და არა მამა, თითქოს ვინმე სხვა რამეს ამბობდეს. ეს ინსტრუმენტები­, რაც ახლა ამათ აქვთ, ჯერ კიდევ საბჭოთა კა-გე-ბეში იყო დანერგილი - რაკი საბჭოთა კავშირი დასავლეთს თავისუფლებასა­ და კეთილდღეობაში კონკურენციას ვერ გაუწევდა, ამგვარ ფსევდოთემებს იგონებდა. ამათაც უტიფრად აიღეს ეს საბჭოთა "შპარგალკები" და ზუსტად იმ ტექნოლოგიით მოქმედებენ.

- ამ ფონზე ოპოზიციის ქმედებები რამდენად ლოგიკურად გეჩვენებათ?

- ოპოზიციამ მოახერხა­ და ამომრჩეველი, რომელიც ხვდება, ეს ხელისუფ­ლება გასაშვებია, არჩევანის გარეშე დატოვა. ხალხი იხვეწება, მოგვეცით არჩევანი, გვითხარით, რას აპირებთ, ხელისუფლება რომ ცუდია, გავიგეთ, მაგრამ თქვენ რომ კარგები ხართ, აგვიხსენით, დაგვარწმუნეთ, ნდობა აღგვიდგინეთო...

- კობახიძის ანგარიშის წარდგენისას ოპოზიცია დარბაზში არ იყო.

- ამ მომენტში სწორად მოიქცნენ, რომ არ შევიდნენ, რადგან ამ პოპულისტურ პროპაგანდას, დედა რომ დედაა და მამა მამაა, ამის მტკიცებასა და სექსუალური უმცირესობების პანდემიად გამოცხადებაზე, რომ თურმე ლამის ჰაერწვეთოვანი გზით არის გადამდები, რა უნდა უპასუხო? ხელისუფლებას სწორედ ეს უნდა, რომ აჩვენოს, აი, ხალხის ინტერესებს, ხალხის კდემამოსილებას ვიცავთ, რომ ხვალ ყველამ "უკუღმართი" ცხოვრება არ დაიწყოს და ამაში ოპოზიცია გვიშლის ხელსო.

- ოპოზიციის ნაწილმა ბრიუსელში ხელი მოაწერა ე.წ. "ერთიანობის დეკლარაციას". ეს გადაწყვეტილება რას უკავშირდება?

- პრეზიდენტის "ქარტია" ისტორიული დოკუმენტია, ერთიანობის სიმბოლო, არა პარტიული ერთიანობის, არამედ სახელმ­წი­ფოებრივი მიზნების ირგვლივ ერთიანობის­ და რაც მთავარია, ინსტიტუცი­ური ლიდერის გარანტიით ხდება ეს ყველა­ფერი. იმ პარტიებმა, ვისაც პრეზიდენტის "ქარტიაზე" აქვთ ხელი მოწერილი, ახლა ეს დოკუმენტი მიიღეს და გაუგებარია, რაში სჭირდებოდათ. ერთმანეთს თავს არ დავეს­ხმებითო და მეორე დღესვე გამოვიდა სააკაშვილი და მელიას და გვარამიას მკვდარ-ცოცხალი უტრიალა. ასე იქცევიან მაშინ, როცა "ქარტიის" ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ, რათა ოქტომბერში გავიდეთ არა ხელისუფლების ასარჩევად, არამედ წავიდეთ სახელმწიფოს გრძელვადიანი ბედის გადასაწყვეტად - დასავლეთში მივდივართ თუ რუსეთში. ამ არჩევნების მიზანი ხომ გაცილებით მაღალია, ვიდრე ის, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში. ეს არის რეფერენდუმი და "ქარტია" ამ რეფერენდუმის ფუნდამენტია, მის ირგვლივ მობილიზაციაა საჭირო.

რუსა მაჩაიძე