ლეგენდები საქართველოდან... და ლეგენდარული გულშემატკივარი - კვირის პალიტრა

ლეგენდები საქართველოდან... და ლეგენდარული გულშემატკივარი

დასავლეთ იბერია პირინეის ნახევარ­კუნძულის ძველი დასახელებაა, აღმოსავლეთ იბერია, ანუ ქართლის სამეფო - ჩვენი წინაპრების ქვეყანა. ვინ იცის, რამდენი საუკუნეა, იბერიის გაბრწყინებას ველით. იქნებ კიდევ დიდხანს მოგვიწიოს ლოდინმა, მაგრამ... სანამ ჩვენი წილი იბერია გაბრწყინდება, ჩვენ გავიბრწყინეთ "დასავლეთიბერიელებთან" - პორტუგალიას მთავარ ვარსკვლავთან ერთად ვაჯობეთ და ევროპის ჩვენთვის სადებიუტო ჩემპიონატზე მერვედფინალში გავედით, ესპანეთთან კი... კვირა საღამოს გამართული მატჩი ხომ ყველამ ნახეთ, მათაც კი, აქამდე ფეხბურთს ალმაცერად რომ უყურებდით...

"ქართველებო, აქამდე სად იყავით?!"

dsc08534-1719786228.jpg

მთავარია, საქართველოს ნაკრებმა­ უკვე მოიგო ისტორიული შედეგიც, ნეიტრალური­ მაყურ­ებლის გულიც და თუ The Guardian-ს დავესესხებით­, "მეორე ფავორიტი გუნდის" სტატუსიც! ანუ იქცა ნაკრებად, რომელსაც თავისი ეროვნული ნაკრების შემდეგ, ყველაზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი გულშემატკივრობდა!

აუტსაიდერად მიჩნეულმა გუნდმა, რომელსაც ქვეჯგუფში მხოლოდ ბოლო ადგილისთვის იმეტებდნენ, საყოველთაო სიყვარული და პატივისცემაც დაიმსახურა და პლეი-ოფის საგზურიც. აქამდე სად იყავითო, ეკითხებიან ქართველ ფეხბურთელებს. ევროპის ბევრი ქვეყნის ბევრმა გულშემატკივარმა ახლაღა აღმოაჩინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, აღმოაჩინა და ერთი ნახვით შეიყვარა, რაც ნიშნავს, რომ პირველად ან ხელმეორედ აღმოაჩენს ჩვენს ქვეყანასაც, გაუჩნდება სურვილი, კიდევ უფრო კარგად გაიცნოს, თავისი თვალით ნახოს (პირველად ან კიდევ ერთხელ!) ქვეყანა, რომელსაც ასეთი თავგანწირვით, ასე ლაღად, ასე შედეგიანად (შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი, სამი გოლის გამტანი გიორგი მიქაუტაძე გახდა!) შეუძლია ფეხბურთის თამაში. რომელსაც ასეთი საოცარი გულშემატკივრები ჰყავს...

აქამდე სად ვიყავით?! ვინ მოთვლის, ქართველი ფეხბურთელების რამდენმა თაობამ სცადა დიდ საფეხბურთო ტურნირზე­ მოხვედრა. რამდენი ტაში, ცრემლი, იმედგაცრუება გვახსოვს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. რამდენმა ჩვენებურმა გაიბრწყინა მანჩესტერის, მილანის, ამსტერდამისა თუ ევროპის სხვა ქალაქების სტადიონებზე, მაგრამ... მათი ინდივიდუალური წარმატება, საკლუბო თუ სანაკრებო გოლები საკმარისი არ აღმოჩნდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად...

აი, სად ვიყავით. აი, ამდენი ხნით რატომ დაგვიანდა წლების განმავლობაში ნანატრი ოცნების ახდენა. სიზმრისა, რომელსაც ჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა ერქვა, 26 ივნისიდან კი - კონტინენტის პირველობის მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ თამაში!

სიზმარში ვართ!

a1712660501-1719786228.jpg

ეს არის მთავარი განცდა, რასაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვგრძნობთ გერმანიაში მყოფი ქართველი ჟურნალისტები. დარწმუნებული ვარ, იგივე შეგრძნება ექნებათ ჩვენი ნაკრების იმ გულშემატკივრებსაც, გერმანიის სტადიონების ტრიბუნებიდან, ანდა საქართველოდან რომ ადევნებენ თვალს ვილი სანიოლის გუნდის თამაშს. ყველაზე სასიამოვნო კი ის არის, რაც არ უნდა დაუჯერებლად გვეჩვენებოდეს, 100%-იანი სიმართლეა - საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგო "ევრო-2024"-ის ჯგუფურ ეტაპზე, დაამარცხა პორტუგალიის უძლიერესი (თუმცა ნაკლებად მოტივირებული) ნაკრები და მერვედფინალში ევროპის სამგზის ჩემპიონ ესპანეთსაც დაეჭიდა.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი გუნდისთვის კონტინენტის პირველობაზე თამაში უკვე წარმატებაა, მაგრამ რაკიღა "სიზმრის" გაგრძელების შესაძლებლობა მოვიპოვეთ, რატომაც არა?! მადა ჭამაში მოდის, შედეგი - თავდაუზოგავი შრომისა და ბრძოლის შემდეგ. ჯგუფური ეტაპის­ ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს და გვაჩუქა კიდეც ფანტასტიკური საღამო - გელზენკირხენის "ვესტფალენ შტადიონის" საუცხოო მინდორზე 2:0 დაამარცხა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალიის ნაკრები და პლეი-ოფისა და კიდევ ერთ იბერიელთან - ესპანეთის ნაკრებთან მატჩის საგზურიც გაინაღდა.

"ფოლადივით მტკიცე დაცვა" - ასე შეაფასა BBC-მ ჩვენი ნაკრების უკანა ხაზის თამაში. ვინც თამაში ნახა (ანუ მთელი საქართველო და ევროპა), დაგვეთანხმება, რომ ზუსტი შეფასებაა: ქართველი ფეხბურთელები ისე ფხიზლად მეურვეობდნენ სიბერეშეპარულ, თუმცა დღემდე უაღრესად სახიფათო კრიშტიანუ რონალდუს, რომ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მხოლოდ ორიოდე სახიფათო დარტყმთ, ყვითელი ბარათითა და გაუთავებელი ჭიჭყინით დაგვამახსოვრა თავი...

sagnol-1719613149-1719786228.jpg

ჰო, ხვიჩასთან გულთბილი საუბრითაც: უკვე ყველამ იცის, რომ სახელგანთქმული პორტუგალიელი ხვიჩა კვარაცხელიას საყვარელი მოთამაშეა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კვარამ გვითხრა კიდეც, მეტოქეების გვარ-სახელებს ყურადღებას არ ვაქცევთ და მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ, მაგრამ იმედია, ნამატჩევს რონალდუს მაისური ჩემთან წამოვაო...

ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი - თამაშის ბოლოს ყველაფერი ხვიჩას დარჩა: კრიშტიანუს მაისურიც, გოლიც, პლეი-ოფის საგზურიც და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც! რონალდუს ჯერ "სალამიც კი არ დაემთავრებინა", რომ კვარამ დედის რძესავით შეირგო მიქაუტაძის იდეალური გადაცემა და... ჯერ ათასობით პორტუგალიელი ქომაგი გააჩუმა, მალევე ყველა, ვისაც თუნდაც ერთი გადაკრული სიტყვაც უთქვამს მასზე. ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ჩასვლის დღიდან ელოდა ამ შანსს და სწორედაც რომ მისი ბავშვობის კუმირთან შეხვედრაში დაამტკიცა - ლეგენდარული კრიშტიანუ რონალდუ უკვე წარსულია, ხვიჩა კვარაცხელია - ფეხბურთის მომავალი...

გერმანიაში ყოფნისას ჩვენი ნაკრების ყველა მატჩს, რამდენიმე ვარჯიშს და პრესკონფერენციას დავესწარი და თამამად შემიძლია ვთქვა - ხვიჩა კვარაცხელია დღითი­ დღე იზრდება როგორც მოთამაშე, როგორც პიროვნება, როგორც ვარსკვლავი...­ მარტივ მაგალითად პორტუგალიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მისი ქცევაც გამოდგება: პროვოკატორი რუსი "ჟურნალისტის" პროვოკაციულ კითხვას (ევროპის პირველობაზე თამაში გირჩევნია, თუ რუსეთის ჩემპიონატშიო?!) აუღე­ლვებლად უპასუხა - არც ლოზუნგების ძახილი დაუწყია და არც იმაზე ხაზგასმა, რომ რუსულ ჭაობში ყოფნას ყველაფერი სჯობს, მით უმეტეს, ევროპის ჩემპიონატზე თამაში! უპასუხა დინჯად და ღირსეულად - პრესკონფერენცია მხოლოდ პორტუგალიასთან მატჩს ეძღვნებაო...

გუნდი

საქართველოს ნაკრები და ფურორი ტყუილად არ გვიხსენებია.

ჩვენმა გუნდმა­ ყველა გააოცა - ერთიანობით და ინდივიდუალურადაც: გიორგი მიქაუტაძემ სამ შეხვედრაში ამდენივე ბურთი გაიტანა და ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა. გიორგი მამარდაშვილმა ფანტასტიკურ თამაშს მოგერიებული ბურთების საოცარი­ სტატისტიკაც მიამატა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა, ჩაკვეს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ვარდნების რაოდენობის მიხედვით, ტრადიციულად შეუჩერებელი იყო ქოჩორაშვილი, გადამწყვეტი როლი შეასრულა კიტეს ელეგანტურმა და შედეგიანმა მოძრაობებმა და სხვ.

უფრო სწორად, მთელი გუნდი თავდა­უ­ზოგავად იბრძოდა და რომელიმე მოთამაშის გამორჩევა არასწორად მიმაჩნია, მაგრამ, შეიძლება ლუკა ლოჩოშვილი არ ახსენო?!­ მარცხენა ფლანგზე მისი შეყვანისთვის ვილი სანიოლი მთელმა საქართველომ გააკრიტიკა, თუმცა ფრანგმა მწვრთნელმა ჩვეულ სიჯიუტეს არ უღალატა და ლუკამაც გაუმართლა - მისი ამპლუისა და სისწრაფის მცველისთვის წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა - პორტუგალიელი ვიზავი პენალტზე "წამოიკიდა"...

და გველესიანი, კაშია, კვირკველია? ვეტერანი მცველები ბევრჯერ გაგვიკრიტიკებია, მაგრამ ფაქტია, ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩში, ყველა მათგანმა ძალიან საიმედოდ ითამაშა. საერთოდაც, მთელი გუნდი ერთ სულ და ერთ ხორც იყო, ერთმანეთს იდეალურად აზღვევდნენ და... აკი გაგვაბედნიერეს კიდეც.

dsc01579-1719786229.jpg

სანიოლი

ვილი სანიოლი არაერთხელ გამიკრიტიკებია. დღესაც მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ისევ საშუალო დონის სპეციალისტია და საქართველოს ნაკრებთან ერთად იზრდება­, მაგრამ... ფაქტია, რომ ამ წარმატების დიდი წილი სწორედ ფრანგ მწვრთნელზე მოდის. ვილის მთავარ პლუსად გუნდის გაერთიანება მიმაჩნია, დისციპლინაც და როგორც აღმოჩნდა, თავისებური სიჯიუტეც შემადგენლობის არჩევისას, ან კონკრეტული მოთამაშის "ამოჩემებისას" რომ ახასიათებს ხოლმე. შედეგს ყველა ვხედავთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში სწორედ ფრანგმა მწვრთნელმა გაგვიყვანა და თუნდაც ყველაფერი მის იღბალს, VAR-ს ან მსაჯების კეთილგანწყობას დავაბრალოთ, ფაქტია, ჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მერე კი ამავე ტურნირის მერვედფინალშიც ვილი სანიოლმა გაგვიყვანა... ამ კაცმა შექმნა გუნდი, რომლის ყველა წევრს ერთნაირად უხარია და სწყინს - ძირითადი შემადგენლობის ბიჭებსაც და მათაც, ვისაც მხოლოდ ხუთი წუთით ან საერთოდ არ მოუწია მოედანზე გასვლამ...

ვილი სანიოლმა ბიჭებს ზეწოლასთან გამკლავებაც ასწავლა: მოედანზეც და მის მიღმაც. მწვრთნელმა გუნდის კიდევ უფრო შეკვრა და გაერთიანება შეძლო, ბიჭებმა - მთელი საქართველოს!

...ყველა ჩემი უცხოელი კოლეგა ან გულშემატკივარი, რომელსაც გერმანიაში ყოფნისას ველაპარაკე, საუბარს საქართველოს ნაკრების ქებით იწყებდა, ეს რა გუნდი გყოლიათ, როგორ იბრძვით, აქამდე სად იყავითო?!

აქამდე სად ვიყავით, ყველამ ვიცით. დღეს კი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და არამხოლოდ დებიუტანტის ან გამოცხადებული აუტსაიდერის როლში - "მეორე ფავორიტი გუნდის" სტატუსით. ნაკრებად, რომელსაც თავისი ეროვნული ნაკრების შემდეგ ყველაზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი გულშემატკივრობდა!

მხოლოდ ვიდეოჩანაწერში ვნახე, რა სიგიჟე ხდებოდა საქართველოს ქალაქებში პორტუგალიის დამარცხებისა და "ევრო-2024"-ის მერვედფინალში გასვლის შემდეგ. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი (და გაზეთის უახლოეს ნომრებში დავწერ კიდეც), რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ქართველი გულშემატკივარიც ავიდა ქომაგობის ახალ სიმაღლეზე. დორტმუნდის, ჰამბურგისა და გელზენკირხენის საუცხოო აკუსტიკის მქონე უზარმაზარი ტრიბუნები ქართული შეძახილებით გავაყრუეთ და ბიჭებს ვაგრძნობინეთ, რომ მარტო არ იყვნენ მათთვის უჩვეულო ტურნირზე, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი რომ ჰქვია!

არ ვიცი, როდის გაბრწყინდება იბერია, მაგრამ დასავლეთიბერიელებთან უკვე გავიბრწყინეთ... მთავარი კი მაინც ის არის, რომ გაბრწყინებული თვალები ჰქონდა ყველა ქართველს, ვინც კი ივნისში გერმანიაში ვნახე.

სიხარულით, სიამაყით, სიყვარულით­ გაბრწყინებული - თავისი ქვეყნის, ფეხბურთელების, ყველა ქართველის სიყვარულით... 26 მარტის მსგავსად დორტმუნდში, ჰამბურგში, გელზენკირხენსა თუ კიოლნშიც უცხო ადამიანები ვუღიმოდით ერთმანეთს, ვულოცავდით, წარმატებას ვუსურვებდით... ეს წუთები ბედნიერების მომტანიც არის და იმაზე დამაფიქრებელიც, რა იქნებოდა, ქართველებს სულ ასე რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენი ქვეყანა, ყველაფერი ქართული, ყოველდღე და ყველაფერში ასეთი ერთსულოვნები რომ ვიყოთ?

ჰოდა, იქნებ სიყვარულითა და სიამაყით აღსავსე ასეთმა დღეებმა მაინც გაგვახსენოს, რომ სწორედ სიყვარულია ყველაფრის საწყისი, რომ "სიყვარულს უშენებია" და... უნდა ააშენოს კიდეც ერთიანი­, წარმატებული, მტერ-მოყვრის გამრჩევი და მიმხედავი საქართველო.

გელზენკირხენი-კიოლნი