"ქართული სასწაული უკვე მოვახდინეთ - აი, რა შეუძლია ერთიანობას!" - კვირის პალიტრა

"ქართული სასწაული უკვე მოვახდინეთ - აი, რა შეუძლია ერთიანობას!"

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პროცესი გადაფარა. ბოლო კვირებია საქართველო საფეხბურთო ციებ-ცხელებით ცხოვრობს. ჩემპიონატის დებიუტანტის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებამ და მერვედფინალში გასვლამ ჩვენს ქვეყანაზე მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ქართველების თავდადებული თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. "ევრო 2024"-ის ყველაზე დიდი შოკი" უწოდა პორტუგალიელების ქართველებთან მარცხს "ნიუ-იორკ თაიმსმა". "საქართველო, სად იყავი ამდენ ხანს? სად იყავი მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში? საქართველოს ნაკრების ტექნიკამ და სიმამაცემ ამ ქვეყანას უამრავი მეგობარი შესძინა", - წერს ესპანური გამოცემა "სპორტი". უპრეცედენტოა ქართველი საზოგადოების გულშემატკივრობაც. ფეხბურთმა მოახერხა ჩვენი გაერთიანება. "როგორც არ უნდა დასრულდეს ევროპის ჩემპიონატი, საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და, ალბათ, გამარჯვებულიც, რადგან ძნელი წარმოსადგენია, სადმე ისე გააერთიანოს ხალხი ამ წარმატებამ, როგორც ჩვენთან", - დაწერა სოციალურ ქსელში ვეტერანმა ფეხბურთელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, რასაც ძნელია არ დაეთანხმო. ინტერვიუ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძესთან სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

sharashenidze_35d62.png

- საქართველო საფეხბურთო რუკიდან გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გაქრა. იმჟამინდელი ეროვნული მოძრაობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ეროვნული ლიგა, რომელიც, ფაქტობრივად, მოიკვეთა საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებიდან, ვერ ვმონაწილეობდით მნიშვნელოვან ტურნირებში. 90-იან წლებში გვქონდა პატარ-პატარა წარმატებები, რადგან ნიჭიერი თაობა გვყავდა, მაგრამ მან მნიშვნელოვანი ვერაფერი გააკეთა, რადგან იმ მძიმე წლებში დიდი წარმატების მიღწევა შეუძლებელი იყო. შემდგომ გვქონდა, სულ ცოტა, 20-წლიანი კატასტროფული ჩავარდნა, რომელიც ამ ბოლო ხანს ამოვქაჩეთ, თუმცა, დამეთანხმებით, 20 წელიწადი ძალიან ბევრია. როდესაც ვერაფერს აღწევ და ხარ სადღაც 125-ე მსოფლიო რეიტინგში, რა თქმა უნდა, არავის ეცოდინება და ემახსოვრება შენი საფეხბურთო ტრადიცია. ამჟამინდელი პროცესები კი აჩვენებს, რომ ნელ-ნელა ქართველმა, უფრო სწორად, ახალი თაობის ფეხბურთელებმა, ალღო აუღეს მსოფლიო საფეხბურთო ცხოვრებას, კონკურენტული ბრძოლის უნარები გამოიმუშავეს და გამოავლინეს. თუ გსურს წარმატების მიღწევა, სწორედ კონკურენციაში უნდა მიიღო მონაწილეობა, ამისთვის კი საჭიროა დისციპლინა, სტაბილურობა, გუნდურ თამაშში ჩართვა, რაც ქართველ ფეხბურთელებს ბოლო წლებში უჭირდათ. ეს თაობა გაცილებით ახლოს არის მენტალურად ცივილიზებულ სამყაროსთან, არ უჭირს გუნდური თამაში, აქვს განათლება, იცის უცხო ენა და ამ ყველაფრის დამსახურებაც არის, რომ, ბოლოს და ბოლოს, რაღაცას მიაღწია. წარმატებისთვის მარტო ნიჭი არ კმარა. ეს კარგად გამოჩნდა 90-იან წლებში, როდესაც ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავდა. ძლიერი მენტალიტეტი და ადაპტაციის უნარიც უმნიშვნელოვანესია. აშკარაა, ეს ყველაფერი ახალ თაობას აქვს. ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ჩვენს ხალხს უბრუნებს თვითრწმენას, გამარჯვების სიხარულს და აჩვენებს, რისი მიღწევა შეიძლება შრომით. ამ ბიჭებმა შრომით მიაღწიეს ყველაფერს, წავიდნენ ევროპაში ისე, რომ მათ არავინ იცნობდა, და დღეს მსოფლიო აალაპარაკეს. იქნებ დაგვაფიქროს იმან, თუ რამდენი რამის მიღწევა შეიძლება გუნდური თამაშით, რაც ქართველებს უჭირთ ხოლმე.

- ფაქტია, მოდის ახალი თაობა, მოაქვს დიდი ენერგეტიკა და ახლებური მიდგომები, რაც ჩანს ამ ბიჭების წარმატებიდანაც. ეს წარმატება როგორ აისახება საზოგადოდ ამ თაობაზე? იქნება თუ არა ბიძგი ახალ-ახალი მწვერვალების დასაპყრობად არა მართო სპორტსა და კერძოდ, ფეხბურთში, არამედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა სფეროში?

- რა თქმა უნდა, ამან შეიძლება შეასრულოს ერთგვარი ორთქლმავლის ფუნქცია, თუ ამას არ გადაფარავს ქართული პოლიტიკა. თვალნათე\ლია, რომ

ქართული პოლიტელიტა, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, როგორ ჩამორჩენილია საერთო განვითარების ტემპს. ქართველი საზოგადოება, მათ შორის ჩვენი ფეხბურთელებიც, გაცილებით წინ წავიდნენ, ვიდრე ქართული პოლიტელიტა. ჩემი აზრით, ეს შეიძლება იყოს ხელისშემშლელი ფაქტორი და მნიშვნელოვნად დაგვხიოს უკან.

ხომ ხედავთ, სად არიან ჩარჩენილები, რაზე ჩხუბობენ და კამათობენ... მეტიც, იმ ერთიანობაში, რაც ამ საფეხბურთო ზეიმმა მოუტანა, სცადეს არეულობისა და განხეთქილების შეტანა, ფეხბურთელების პოლიტიკური ნიშნით დაყოფაც კი სცადეს. არის გიჟური შეთქმულების თეორიები, რაც შეურაცხმყოფელია განსაკუთრებით მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლისთვის. თურმე ვიღაცები მას თითს უქნევენ და ასწავლიან, ვინ გამოიყვანოს მოედანზე და ვინ არა. ეს ხომ ნამდვილი სიგიჟეა. მახსოვს, 90-იან წლებში იყო ხოლმე ასეთი გიჟური შეთქმულების თეორიები, რომ თურმე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალები ჩაწყობილი და გაყიდული იყო. როგორც ჩანს, აქედან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდნენ ვიღაც-ვიღაცები. ამას ემატება კიდევ ეს პოლიტიკური სიგიჟე და ერთობლიობაში ვიღებთ მძიმე სურათს. მიხარია, რომ ეს არ აისახა ჩვენს ნაკრებზე, გაუძლო ამ წნეხს და შესანიშნავად ითამაშა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ რამესთან მოუწიათ გამკლავებამ - ჯერ ამხელა ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდათ, რაც უდიდესი წნეხია, ამას დაემატა ეს პოლიტიკური სიგიჟეები.

იმედია, არ გააგიჟებენ საბოლოოდ სანიოლს და დარჩება ნაკრებში ამ ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც.

დარწმუნებული ვარ, მას ბევრი შეთავაზება ექნება, მაგალითად, უკვე ითქვა, რომ ირლანდიას სურს მისი მიწვევა. თუმცა ისე ჩანს, რომ ძალიან შეუყვარდა ქართული ფეხბურთი, რაც მაიმედებს, რომ არ წავა.

- მართალია, ფეხბურთმა გადაფარა პოლიტიკური პროცესები, მაგრამ, ფაქტია, წინასაარჩევნო კამპანიები ნელ-ნელა გახურდება. მოგეხსენებათ, მომავალი არჩევნები ჩვენი საგარეო კურსის თაობაზე რეფერენდუმადაც კი შეფასდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ შეაფასებთ დღეს პოლიტიკურ ველზე არსებულ ვითარებას და სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციური ძალების შანსს?

- ამ ე.წ. აგენტების კანონმა და იმ საერთაშორისო რეაქციამ, რაც მის მიღებას მოჰყვა, ძალიან დააზარალა "ქართული ოცნება". სანქციები, პარტნიორებისგან აშკარა იზოლაცია მათ დიდ დარტყმას აყენებს, მაგრამ მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს.

ოპოზიციაში ვერ ითვალისწინებენ ერთ რამეს - არჩევნებში ხმას აძლევს საქართველოს მოქალაქე და არა ვინმე კონგრესმენი ან ევროპარლამენტარი. ამიტომაც საჭიროა მოსახლეობასთან უფრო მეტი მუშაობა. ამ ბოლო დროს შედარებით გააქტიურდნენ მელია და გვარამია, მაგრამ უფრო მეტია სამუშაო. ამის გარდა, 5%-იანი ბარიერის საკითხიც არ არის მარტივი საქმე. მისი გადალახვის 100%-იანი გარანტია ოპოზიციაში "ნაციონალური მოძრაობის" გარდა არავის აქვს. შესაბამისად, საჭიროა შედგეს პატარა ოპოზიციური პარტიების დიდი გაერთიანება. სამი პარტია მაინც რომ გაერთიანდეს, უკვე გაჩნდება შანსი, რომ ერთი მხრივ, "ნაციონალური მოძრაობა" გავა, მეორე მხრივ კი, ეს გაერთიანება შეძლებს ერთობლივად "ქართული ოცნების" დამარცხებასა და კოალიციური მთავრობის შექმნას. იმედია, მოხერხდება გაერთიანება. თუ ჰგონიათ, ცალ-ცალკე მოახერხებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას, ცდებიან, რადგან ეს არ იქნება იოლი. გასათვალისწინებელია, რომ იქნება უმძიმესი და ურთულესი საარჩევნო კამპანია, იქნება ისევ პოლარიზაცია, დაპირისპირება და ა.შ. ხელისუფლებას აქვს არაერთი ბერკეტი ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსი, მოკლედ, ოპოზიციურ ფლანგზე ერთი გაერთიანება მაინც თუ არ შეიქმნა, ძალიან გაუჭირდება ოპოზიციას "ქართული ოცნების" დამარცხება.

დღეს თუ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, მაგალითად, "ლელომ", ჩაატარა კვლევა და ამან აჩვენა, რომ მას შეუძლია ბარიერის გადალახვა, ეს ოქტომბრამდე შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. ესეც გასათვალისწინებელია.

- გასულ კვირას 36-მა ქვეყანამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: "საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ გაიწვიოს ეს კანონი, დაასრულოს მათი დაშინების კამპანია, ვინც ეწინააღმდეგება კანონს და დაიცვას გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიების ხერ­ხე­მალია, რომელიც ეხმარება ანგარიშვალდებუ­ლების, ნამდვილი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენებისგან გამძლეობის უზრუნველყოფაში. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ მთლია­ნად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს ძალის გამოყენების ყველა ფაქტი მშვიდობია­ნი დემონსტრანტების წინააღმდეგ", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს. თუმცა ხელისუფლება ამას ნამდვილად არ გეგმავს. მეტიც, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ გასულ კვირას პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატებს მადლობაც კი გადაუხადა ამ კანონის მიღებისთვის.

- რაღა დაგიმალოთ და, ამ კანონის მიღებას დღემდე რაციონალური ახსნა ვერ მოვუძებნე. როგორც ამბობენ, მათ მეტი ინფორმაცია აქვთ, რაღაც საფრთხეები დაინახეს და ა.შ. რა უნდა დაენახათ ისეთი, არ ვიცი. რას დააკლებდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები? ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნორმალურად იყო, თითქოს ახერხებდნენ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარებას, ხელისუფლება ეკონომიკური მოგების მაქსიმუმს იღებდა რუსეთიდან, მნიშვნელოვანი რაღაცები მიიღო ჩინეთიდანაც, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა, ევროკავშირიდან კი - კანდიდატის სტატუსი. ამ სიტუაციაში ეს გადაწყვეტილება უცნაურ ახირებას ჰგავს.

ვფიქრობ, ამ კანონს უკან არ გაიწვევენ. ჯერ ერთი, იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი დიდ ზეწოლას არ მიმართავს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება არ დგას დღის წესრიგში, რაც ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდი დარტყმა იქნება.

ის, რომ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები დაიწყო მოლდოვასა და უკრაინასთან, ჩვენთან კი არა, როგორც ჩანს, არ მიაჩნიათ "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო არგუმენტად. ბოლოს და ბოლოს, იტყვიან, უკრაინა ომშია და ეს მოლაპარაკებები რა ხეირია მისთვისო. საქართველოს ხელისუფლებაზე დიდი ზეწოლა შეუძლია ამერიკას, თანაც იოლად, რადგან ეს არის ერთი ქვეყანა, გადაწყვეტილების მიღებაც უფრო მარტივად შეუძლია, ვიდრე ევროკავშირს, მაგრამ აშშ-ში ახლა არჩევნებია და ჯერ საქართველოსთვის ვერ მოიცლიან. როგორც ჩანს, ამ ფაქტორების გათვალისწინებით "ქართულ ოცნებას" არ ეშინია და ამიტომაც არ გეგმავს ამ კანონის გაწვევას. სავარაუდოდ, იმედი აქვთ, რომ აშშ-ც და ევროკავშირიც შეეგუებიან ამ კანონის მიღებას, ჩაიქნევენ ხელს და გააგრძელებენ მათთან ურთიერთობას რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია მათთვის, თუნდაც გეოპოლიტიკიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, სომხეთი ამ ბოლო ხანს დასავლეთისკენ გადაერთო, მაგრამ მასთან დასაახლოებლად მათ საქართველო სჭირდებათ, ერთგვარად კორიდორი ვართ მათთვის. თუ საქართველო არ იქნება დასავლეთთან, სომხეთიც დაიკარგება. ეს აძლევს ამ ხელისუფლებას დასავლეთთან ვაჭრობისთვის მშვენიერ ბერკეტს. მშვენივრად სარგებლობენ ჩვენი გეოგრაფიით, იმით, რომ ჩვენ კავკასიის გასაღები ვართ. ამიტომაც იმედი აქვთ, რომ დასავლური სამყარო, ბოლოს და ბოლოს, ამ კანონის მიღებას აღარ გააპროტესტებს. თუ ოპოზიციამ ვერ მოაბა თავი ერთიანობას და წააგო არჩევნები, შეიძლება ასეც მოხდეს.

- გასულ კვირას ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, მანამდე კი შეიქმნა "ქართული ქარტია" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინადადებით. როგორ ფიქრობთ, ეს ორი ინიციატივა ერთი პროცესის ნაწილია?

- ჩემი აზრით, ერთი ტენდენციის ნაწილია. ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - რაც არ უნდა ქარტიებსა და დეკლარაციებზე მოაწერონ ხელი, თუ ვერ მოხერხდა გაერთიანება, ამ ყველაფერს აზრი არ ექნება. მეორე თემაა სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, რომელიც ბოლო დროს ოპოზიციამ გმირად გამოაცხადა, მათ შორის მათაც, ვინც ამ სამი წლის წინ სასტიკად ლანძღავდნენ. თუმცა საკითხავია, სალომე ზურაბიშვილი რამდენად გამოდგება გამაერთიანებლად. მას ძალიან რთული ხასიათი აქვს. ამაში დამეთანხმება ყველა, ვისაც კი მასთან უთანამშრომლია ან უმუშავია. შესაბამისად, მისი ამბიციები ოპოზიციას ან გამოადგება, ან არა... მან თქვა, რომ სურს გახდეს მეორე ვადით პრეზიდენტი, თუმცა მაინც მგონია, რომ მისი ფიგურის ქოლგის ქვეშ გაერთიანება ნაკლებად მოსალოდნელია.

დასასრულ, მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა ფეხბურთზე - ამის შემდეგ რაც არ უნდა მოხდეს ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენ ქართული სასწაული უკვე მოვახდინეთ. ისევ და ისევ გავიმეორებ - ჩვენი ნაკრების თამაში გვაჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია წარმატებისთვის დისციპლინა და გუნდური თამაში. ამასთანავე, როცა ვიღაც წარმატებას აღწევს, იქნებ ვაცადოთ, დავეხმაროთ და შევეცადოთ არ გავხვიოთ ქართული პოლიტიკის სიგიჟეებში.