ისტორიული EURO შოკი - კვირის პალიტრა

ისტორიული EURO შოკი

საქართველოს ისტორიაში ახალი "საუ­კუნის" ათვლა დაიწყო. ქართველმა ხალხმა ერთ დღესაც სულ სხვა რეალობაში გავიღვიძეთ, სადაც ვართ გამარჯვებული, ერთიანი და ბედნიერი... გვიხარია და ვტირით... ვტირით ყველაფერზე, რაც ამ ბედნიერების მომტან მომენტებს უკავშირდება... როგორც ამბობენ, ვერც ერთი სპორტის სახეობა ვერ აერთიანებს ადამიანებს ისე, როგორც ფეხბურთი. სპორტის არც ერთ სახეობას არ შესწევს იმის ძალა, გამარჯვება ეროვნულ დღესასწაულად აქციოს... და ჩვენ გავიმარჯვეთ...

პირველი გოლი... პირველი ქულა... ისტორიული გამარჯვება და ჯგუფიდან გასვლა... თან რა გამარჯვება... ეს არის მომენტები, როდესაც ყველა წუთი სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება... ამბები, რომლებსაც "შვილიშვილებს მოვუყვებით"... ზღაპარი, რომლის ბოლო ისეთი "კეთილი" გამოდგა, ვერც ერთ ოცნებაში რომ ვერ წარმოვიდგენდით... აღმოჩნდა, რომ ეს რეალობაა და ჩვენ ეს შევძელით.... ჩვენ ყველამ დავიჯერეთ და ვირწმუნეთ, რომ შეგვიძლია!

აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე იყო... გავიზარდეთ... საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის უდიდეს ჩემპიონატზე მერვედფინალში იასპარეზა. ყველას დაუმტკიცა, რომ აქ არის ჩვენი ადგილი და ნებისმიერ ნაკრებთან შეუძლია თამაში და მოგება. შეუძლია იყოს ლიდერი...

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო თამაშები აჩვენა. თურქეთთან მატჩის შემდეგ მსხვილი გამოცემები წერდნენ, რომ იმ დროისთვის ეს იყო "EURO 2024"-ზე საუკეთესო თამაში. ტურნირის სენსაცია კი საქართველო-პორტუგალიის თამაში გამოდგა.

ახლა ცოტა შორიდან დავიწყოთ...

"ზღაპარი" რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო, რომლის გზაც რთული და გრძელი აღმოჩნდა. 26 მარტის ღამე ყველა ქართველის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ეს იყო დღე, როცა 4 მილიონი ადამიანის გული ერთად, ერთ რიტმში ძგერდა... 26 მარტს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაწერა ისტორია... თუმცა ეს იყო წიგნის პირველი ნაწილი, რომელსაც ლოგიკური გაგრძელება აქვს... და ჩვენ გადავედით ახალ "თავზე", რომელიც ზღაპრული და საოცნებოა. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, ვოცნებობდით, ვიბრძოდით და მივიღეთ ნანატრი გამარჯვება. 26-მა მარტმა შეცვალა საფეხბურთო ცხოვრების მიმდინარეობა. 26 მარტის ღამე არ იყო მხოლოდ ფეხბურთი, ეს იყო ეროვნული გაერთიანების დღე. მომდევნო დღეები კი იყო საერთო სახალხო ზეიმი... დიდი დრო დაგვჭირდა აქ მოსასვლელად, მაგრამ დღეს იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ.

18 ივნისს გერმანიაში, დორტმუნდში, ათასობით გულანთებული გულშემატკივარი შევიკრიბეთ. მთელი ერი დავირაზმეთ, რომ გავმხდარიყავით ნაწილი იმ დიდი ზეიმის, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა საქართველოს მოუტანა. ეს იყო ემოცია, რომლის აღწერა სიტყვებით გამიჭირდება. ზეიმი ქომაგების შეკრებით და "სიგნალ იდუნა პარკამდე" მსვლელობით დაიწყო...

18 ივნისს კონტინენტის ყველაზე გავლენიან საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიული ხმა გაისმა! ეროვნული ჰიმნი და ქართული დროშა პირველად აფრიალდა! შეუძლებელია ამ დროს გული არ აგიჩუყდეს, ეს იყო უდიდესი სიამაყის გრძნობა, ამ დროს ფიქრობ ყველაფერზე - საიდან დაიწყე, რა გამოიარე და ახლა სად ხარ. რა ძალისხმევა დაგჭირდა აქამდე მოსასვლელად.

საქართველოს ხმა ძალიან ხმამაღალი­ აღმოჩნდა, მთელმა მსოფლიომ გაიგო ქართველების მებრძოლი ხასიათის შესახებ. თურქეთთან თამაში ნამდვილი დიდგორი­ იყო! თურქების ალყაში მოქცეულებს ერთ­ხელ არ დაგვიხევია უკან, ვიბრძოდით­ ბოლომდე! ვიბრძოდით გამარჯვებისთვის! არავის დაგვიზოგავს თავი - არც ფეხბურთელებს და არც გულშემატკივრებს...

დორტმუნდში ძალიან ბევრი თურქი ცხოვრებს. შესაბამისად, სტადიონზე ჩვენი­ მეტოქე გუნდის ბევრი გულშემატკივარი მოვიდა. პროცენტული განაწილება, დაახლოებით 80:20-ზე, მათ სასარგებლოდ იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სამაგალითო გულშემატკივრობა გვეჩვენებინა არა მხოლოდ თურქებისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, 90 წუთის განმავლობაში არც ერთი ქართველი წამით არ დამჯდარა და არ გაჩერებულა. ჩემთვის ეს იყო სამაგალითო გულშემატკივრობა. სტადიონზე ცოტანი ვიყავით, მაგრამ ვიცოდით, მთელი საქართველო ზურგს გვიმაგრებდა...

პირველი გოლი! დაინგრა სტადიონი და დარწმუნებული ვარ, მატჩის 32-ე წუთზე დაინგრა საქართველო. ეროვნული ნაკრების პირველი გოლი კონტინენტის ყველაზე გავლენიან ჩემპიონატზე... და თურმე ეს ზღაპრის მხოლოდ პირველი ნაწილი ყოფილა... თურქეთის კარში გატანილი გიორგი მიქაუტაძის გოლი იყო ძალიან ხმამაღალი ჩემთვის... 26 მარტს, როდესაც საბერძნეთის ნაკრები დავამარცხეთ და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ, თითქოს ტვირთი­ ჩამოგვეხსნა, მიუღწეველს მივაღწიეთ, ნავსი გავტეხეთ. 120 წუთი დაძაბული ველოდებოდით შედეგს....

გიორგი მიქაუტაძის გატანილი გოლის შემდეგ ნაკრების კაპიტნის გურამ კაშიას რეაქცია, როცა ჟორჟი ხელში აჰყავს - იქ ჩანს ყველა ის ემოცია, რაც საქართველოს ნაკრებმა 30 წლის განმავლობაში დღემდე გამოიარა - სიხარული, ტკივილი, შრომა­ და ყველასთვის იმის დანახება, რომ შეგვიძლია, გვეკუთვნის, ღირსნი ვართ ვიდგეთ იქ, სადაც დღეს ვდგავართ.

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ უცნობმა მითხრა, 1:1-ს ვიგებთო. მართლაც ასე იყო... და დღემდე ასე ვთვლი, თურქეთთან მატჩში ვერ მოვიგეთ, თუმცა გავიმარჯვეთ... გავიმარჯვეთ ჩვენი ერთიანობითა და სიყვარულით...

როგორც კი დასრულდა თურქეთ-საქართველოს მატჩი, ზუსტად იმ წუთიდან ველოდებოდი ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრას. რატომ? იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ აფრიალებულიყო საქართველოს დროშა... კიდევ ერთხელ აჟღერებულიყო ეროვნული ჰიმნი... კიდევ ერთხელ დაუღალავად გვექომაგა ჩვენი ნაკრებისთვის და გვეგრძნობინებინა, რომ მათთან ერთად ვართ, რომ თურქეთთან მარცხი არაფერს ნიშნავდა ჩვენთვის, რადგან კიდევ უფრო გავძლიერდით და გავერთიანდით...

დორტმუნდიდან ჰამბურგში ჩასვლისთანავე პატარა თბილისში მოვხვდი, ყოველ ნაბიჯზე ქართველებს ვხვდებოდით. უცნობი ადამიანები ერთმანეთს ვესალმებოდით, მოგებასა და წარმატებას ვუსურვებდით როგორც ჩვენს გუნდს, ისე ქვეყანას.

22 ივნისს ჰამბურგში ქართველი გულშემატკივრის გაორმაგებული რაოდენობა შევიკრიბეთ. მთელ ქალაქს გავაგონეთ ქართული "სიმღერა"... ჰამბურგში ფოლკსპარკშტადიონზე ეროვნულ ნაკრებს ნამდვილი საშინაო მატჩი გავუმართეთ. ჩეხებთან დაპირისპირების დროს ბევრი ვინერვიულეთ, გვეგონა, წავაგებდით, მაგრამ კარში ნამდვილი კედელი - გიორგი მამარდაშვილი იდგა. "მამარდამ" ჩვენი კარი 11-ჯერ გადაარჩინა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. შეხვედრის ბოლოს გულიც დაგვწყდა, შეგვეძლო მოგება, მაგრამ შანსი ხელიდან გავუშვით. ჩეხეთთან მატჩში საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული - პირველი­ ქულა მოიპოვა.

თამაშიდან გამოსულს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელები შემხვდნენ. გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფებს არიგებდნენ, სურათებს იღებდნენ და რაც მთავარია, ზეიმობდნენ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულის მოპოვებას.

შოთი არველაძემ თამაშების განხილვა არ ისურვა, თუმცა პორტუგალიის ნაკრებს რომ მოვუგებდით, დარწმუნებული იყო.

- იმხელა სიამოვნებას ვიღებ, რომ თვითონ ფეხბურთის შეფასება არ მომწონს. ძალიან მიხარია, რომ დღეს კიდევ ერთი გოლი გავიტანეთ. ქულა ავიღეთ. ერთი წავაგეთ, ერთი ფრე და ახლა მოგება დაგვრჩა. იმედიან მოგებით დავასრულებთ ამ ჯგუფის სამ თამაშს და შემდეგი თამაშებისთვის მოვემზადებით. მინდა ეს ზეიმი ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. ყველაფერი ძალიან მომეწონა, უბედნიერესი ადამიანი ვარ...

ქვეჯგუფის ბოლო თამაშის მოგების იმედი ჰქონდა თემურ ქეცბაიასაც:

- ჩეხეთთან ფრე ლოგიკური შედეგია. კი, ბოლოს ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, რომ გაგვეტანა და სამი ქულაც აგვეღო­, მაგრამ ფრეც კარგი შედეგია. პირველი თამაში უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ჩეხეთის ნაკრებიც არ იყო ადვილი გუნდი. ბოლო თამაში არც ისეთი ადვილი გველოდება, მაგრამ იმედია, გავიმარჯვებთ.

ლეგენდარული ფეხბურთელებისგან განსხვავებით, სპორტის ჟურნალისტ ბიძინა ბარათაშვილთან შეხვედრით ცოტა მეტი გავიგე, რას ფიქრობდა თამაშების შესახებ.

2-1719788423.jpg

- თურქეთთან არ უნდა წაგვეგო, თუმცა პოზიტივი ის არის, რომ გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა. ეს აღნიშნა ყველამ, არა მარტო გულშემატკივრებმა და ქართველებმა, არამედ უცხოელმა სპეციალისტებმაც. დორტმუნდში თამაშის შემდეგ თურქები გვაჩერებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ კარგი თამაში ვითამაშეთ. შედეგის გარდა, ყველაფერი კარგი იყო იმ მატჩში. რაც შეეხება ჩეხეთთან თამაშს, მამარდაშვილი გახდა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი, მან ბრწყინვალედ ითამაშა. თუმცა ამ თამაშით ავიღეთ პირველი ისტორიული ქულა, რაც საოცარი შედეგია...

ის, რომ ქართველები გერმანიაში ასე ორგანიზებულად ვქომაგობდით ნაკრებს­ და მსვლელობებს ვმართავდით, ამაში უდიდესი წვლილი აქვს "ფან საელჩოს", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გოჩა თანდარაშვილია­.

- ანგარიშს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, აქა ვართ და ქართველ გულშემატკივარს გვაქვს ეს ემოციები. პირველ თამაშზე გული დაგვწყდა, არ უნდა წაგვეგო. ამ თამაშზე ბოლოს ისე გამოვიდა, რომ უნდა მოგვეგო. ფეხბურთი ხო ეგაა - ემოცია... ჩვენ აქ ყოფნით ვართ ბედნიერი და ერთად ვზეიმობთ. დანარჩენი ტაქტიკური სქემები მეორეხარისხოვანია ჩემთვის...

P.S. ჩეხეთთან მატჩის შემდეგ ჩემი გერმანული მოგზაურობა დასრულდა, საქართველოში 1 ქულა ჩამოვიტანე. თუმცა მთავარი­ ბედნიერება თურმე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მელოდა... ისტორიული 3 ქულა და მერვედფინალის საგზური...

დებიუტანტ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მონაპოვარი ბევრი გვაქვს: გიორგი მიქაუტაძე - „EUღO 2024"-ის ბომბარდირი; გიორგი მამარდაშვილი - ყველაზე მეტი სეივი; ხვიჩა კვარაცხელია - ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლინგი; გიორგი ჩაკვეტაძე - ყველაზე მეტი ართმევა.

თუ ვიქნებით ერთიანი, დავიჯერებთ, ვირწმუნებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ! საქართველოს ნაკრებსა და ქართველ გულშემატკივარს მთავარი უკვე მოგებული გვაქვს - საქართველოს ხმა ისმოდა კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ ჩემპიონატზე...

ზღაპარი არ დასრულებულა, ის ახლა დაიწყო... შევხვდებით ევროპაზე...

საერთაშორისო სპორტის გამოცემები საქართველოს ნაკრებს აღმოჩენას უწოდებენ, პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ კი მისი თამაშით გაოცებული იყვნენ.

BBC: "საქართველომ ისტორია დაწერა და "ევრო 2024"-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით პირველ მსხვილ სატურნირო ეტაპს მიაღწია".

Reuters: "ისტორიული ევროშოკი".

CNN: "ქვეყნის ისტორიაში პირველ დიდ ტურნირზე ასპარეზობისას საქართველომ "ევრო 2024"-ზე გულშემატკივრების გული დაიპყრო უშიშრობითა და მაღალი ინტენსივობის ფეხბურთით".

The New York Times: "საქართველო-2, პორტუგალია-0 - "ევრო 2024"-ის ყველაზე დიდი შოკი, რონალდუს იმედგაცრუება და დიდებული კვარაცხელია".

Deutsche Welle: "საქართველომ დაამარცხა პორტუგალია რონალდუსთან ერთად და სენსაციურად გავიდა "ევრო 2024"-ის პლეიოფში. არ შეიძლება არ აღინიშნოს ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაშის მაღალი დონე".

სოფო კაჭარავა