ნიჭიერება, ბრძოლის უნარი, თვითრწმენა - ვიპოვეთ ქართველებმა წარმატების ფორმულა... - კვირის პალიტრა

ნიჭიერება, ბრძოლის უნარი, თვითრწმენა - ვიპოვეთ ქართველებმა წარმატების ფორმულა...

როცა ეს სტატია იწერება, ჯერ საქართველო-ესპანეთის მატჩი ჩატარებული არ არის. როგორც არ უნდა დამთავრდეს, ფაქტი ერთია - საქართველოს ნაკრები ჩვენი ეროვნული სიამაყეა. რაც ამ ზაფხულს მოხდა გერმანიაში, ფენომენურია. ეს არის კიდევ უფრო დიდი წარმატების დასაწყისი.

საქართველო ყოველთვის საფეხბურთო ქვეყანა იყო. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე საქართველოს ნაკრებს თბილისის "დინამო" ერქვა.

საბჭოთა წნეხზე გამარჯვებულები

თბილისის "დინამოს" ორმაგი ბრძოლა უწევდა - მოედანზე და რუსი ჩინოვნიკების სიბინძურეებთან. უამრავი ფაქტი არსებობს, როგორ ჩაგრავდნენ „"დინამოს"“ და უპირატესობას მოსკოვურ გუნდებს აძლევდნენ. თუმცა, რაც 1953 წლის სექტემბერში მოხდა, ალბათ, მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. დიახ, ამ დღეს თბილისის "დინამოს" წაართვეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა. მოკლედ, იმ სეზონში "დინამო" პირველ ადგილზე გავიდა. მისი მთავარი კონკურენტი მოსკოვის "სპარტაკი" გახლდათ. გადამწყვეტი მატჩი უნდა ჩატარებულიყო 1953 წლის 4 სექტემბერს. თუ "დინამო" მოსკოვის "ტორპედოს" მოუგებდა, "სპარტაკი" მას ვეღარ დაეწეოდა. გადამწყვეტ მატჩამდე ამოქმედდა მოსკოვი. წარმოიდგინეთ, მთავარი თამაშის წინ თბილისელების მთავარი მწვრთნელი იაკუშინი მოხსნეს და მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ. "დინამო" ლეგენდარულმა ვეტერანმა ბორის პაიჭაძემ ჩაიბარა.

მიუხედავად მოსკოვის ამ კომბინაციე­ბისა, "დინამომ" "ტორპედოს" მოუგო 2:1 (თამაში მოსკოვში ჩატარდა) და სტადიონზე ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ქართველი ფეხბურთელები ჩემპიონები გახდნენ. განაწყენებული მოსკოველი გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა, ტრიბუნებიდან ისროდნენ ბოთლებსა და ქვებს. რა ხდება ხოლმე ამ დროს? დიახ, მასპინძელი მხარე და გუნდი ისჯება. თუმცა 1953 წელს ყველაფერი პირიქით მოხდა. მოსკოვის "ტორპედოს" ხელმძღვანელებს­ დააწერინეს საჩივარი, თითქოს ისინი მსაჯობით იყვნენ უკმაყოფილონი და მაშინვე დააკმაყოფილეს. ზემოხსენებული მატჩის შედეგი გააუქმეს და გადათამაშება დანიშნეს. ამან დინამოელები მორალურად ისე გატეხა, რომ გადათამაშებული მატჩი წააგეს და ჩემპიონობა "სპარტაკმა" იზეიმა. ერთ-ერთი ვერსიით, თბილისის "დინამოს" დასჯა პირადად საბჭოთა კავშირის­ მაშინდელმა მმართველმა ნიკიტა­ ხრუ­შ­ჩოვმა ბრძანა. კაცუნა ხრუშჩოვი­, სტალინის გამო დაკომპლექსებული, ქართველებს ვერ იტანდა. თუმცა თბილისის "დინამოს" შევიწროება პერმანენტულად გრძელდებოდა, მაგრამ კლასსა და თავდადებას ვერაფერს მოუხერხებ. მიუხედავად ყველაფრისა, დინამოელები ორჯერ გახდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და ორჯერ დაეუფლნენ თასს. ქართველი ფეხბურთელების 1981 წლის ევროპულ ტრიუმფზე საუბრით კი თავს აღარ შეგაწყენთ.

original-1719789373.jpg
1953 წლის 4 სექტემბერს "დინამომ" "ტორპედოს" მოუგო 2:1 (თამაში მოსკოვში ჩატარდა) და სტადიონზე ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ქართველი ფეხბურთელები ჩემპიონები გახდნენ. განაწყენებული მოსკოველი გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა, ტრიბუნებიდან ისროდნენ ბოთლებსა და ქვებს. რა ხდება ხოლმე ამ დროს? - დიახ, მასპინძელი მხარე და გუნდი ისჯება. თუმცა 1953 წელს ყველაფერი პირიქით მოხდა. მოსკოვის "ტორპედოს" ხელმძღვანელებს­ დააწერინეს საჩივარი, თითქოს ისინი მსაჯობით იყვნენ უკმაყოფილონი და მაშინვე დააკმაყოფილეს. ზემოხსენებული მატჩის შედეგი გააუქმეს და გადათამაშება დანიშნეს. ამან დინამოელები მორალურად ისე გატეხა, რომ გადათამაშებული მატჩი წააგეს და ჩემპიონობა "სპარტაკმა" იზეიმა...

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის 34-წლიანი გზა - ლიტვიდან "ევრო 2024"-მდე

ქართულმა ფეხბურთმა დამოუკიდებ­ლობის გამოცხადება საქართველოს სახე­ლმწიფოს "დაასწრო". ქართული ეროვნული ჩემპიონატი 1990 წლიდან იმართება. იმ დროიდან, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლა წარმოუდგენელი ჩანდა. 1990 წლის 27 მაისს ოფიციალურად დაიბადა საქართველოს ნაკრები. ჩვენმა გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა ლიტვის ნაკრებთან. გაიმარჯვა მეგობრობამ - 2:2.

საბჭოთა კავშირი 1991 წლის ბოლოს­ დაიშალა. თუმცა უეფას ორი წელი დასჭირდა, რომ ეს "დაეჯერებინა". ზუსტად ამდენ ხანს იყო ქართული ფეხბურთი იზოლაციაში. თუმცა შემდეგ ქართულ ფეხბურთს ევროპისკენ კარი გაუხსნეს. ეს პირველი ნაბიჯებიც ძალიან საინტერესოა.

ეს იყო ბნელი, მშიერი და საშიში 90-იანები. თუმცა მთავარი ის იყო, რომ ქართველ გულშემატკივარს ჰქონდა დიდი ამბიცია. სჯეროდა, რომ ქართველ ფეხბურთელებს ნებისმიერი გრანდის დამარცხება შეეძლოთ. მაშინაც მართლა უნიჭიერესი თაობა იყო. მაშინაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლიდან დაიწყო ჩვენთვის საერთაშორისო თავგადასავალი. ჯგუფში გვყავდა ევროპის მომავალი ჩემპიონი გერმანია, ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ბულგარეთი (თუნდაც მხოლოდ ხრისტო­ სტოიჩკოვი რად ღირს), ასევე ვარსკვლავებით დაკომპლექტებული უელსი­ და მოლდოვა.

პირველი მატჩი თბილისში მოლდოვასთან გვქონდა და, რა თქმა უნდა, აზრი იყო ერთი -„გავხევთ“ შუაზე ჩვენი არველაძეებით, ქინქლაძით, ქეცბაიათი და სხვა უნიჭიერესი ფეხბურთელებით. მოლდოვას მართლაც "თავზე ვასხედით" მთელი მატჩის განმავლობაში, ლამის გადავტეხეთ კარის ძელები, თუმცა... მოლდოველები ლამის ერთადერთხელ გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე, ერთადერთხელ დაარტყეს კარში და გაგვიტანეს. ეს გულშემატკივრებისთვის თავზე მეხის დაცემასავით იყო.

მეორე მატჩი ვარსკვლავურ ბულგარეთთან გვქონდა გასვლაზე, სადაც ყურებჩამოყრილ გულშემატკივარს ეშინოდა, დიდი ანგარიშით არ წაგვეგო. წავაგეთ 2:0 თუმცა ვერავინ იტყოდა, რომ ბულგარეთი რაიმეთი სჯობდა საქართველოს.

შემდეგ იყო უელსის თბილისში სტუ­მრობა. მეორე დღეს ევროპული სპორტული გაზეთები აჭრელდნენ სათაურებით: "სენსაცია თბილისში!". ოფიციალურ მატჩში პირველი გოლის ავტორი გახდა თემურ­ ქეცბაია, საქართველომ კი ეს მატჩი 5:0 მოიგო. შემდეგ უელსს ალბანეთიც მივაყოლეთ და დადგა დიდი დღე... საქართველოში ჩამოვიდა გერმანია.

თქვენი მონა-მორჩილი, რომელიც მაშინ­ მოზარდი იყო, ამ მატჩს ესწრებოდა და დღესაც არ ამოსდის ის სურათი თავიდან. ჩაბნელებული ქუჩები და განათებული სტადიონი, რომელიც აშკარად საჭიროებდა ხელის შევლებას, და ამ სტადიონზე მყოფი­ 110 ათასი კაცი. სხვადასხვა ფორმაში­ ჩაცმული პოლიციელები და სამხედროები, რომლებიც უფრო სტალინგრადიდან გამოქცეულებს ჰგავდნენ, ვიდრე სამართალდამცავებს. თუმცა ეს არ გვაინტერესებდა. გერმანიასთან გვინდოდა მოგება! და მორჩა!­ რა ფრე, რის ფრე! თუმცა... გერმანელებმა ცივი წყალი გადაგვასხეს. მშვიდად, აუღელვებლად მოგვიგეს.

გერმანელებთან საპასუხო მატჩის წინ კიდევ გვქონდა გასვლის შანსი და პირველი გოლი ქეცბაიამ გაიტანა! ჩაბნელებული თბილისი ემოციებისგან ინგრეოდა (მაშინ ბევრ უბანში დენი არ იყო და მატჩის რეპორტაჟს ხაზის რადიოში ვუსმენდით). სამ­წუხაროდ, გერმანელებმა დარჩენილ დროში 4 გოლი შეგვიგდეს. ასე დასრულდა პირვ­ელი ევროოცნებები. არადა, გასასვლელად სულ ცოტა დაგვაკლდა. თუმცა პირველი გრანდი მაინც გავაგორეთ. თბილისში ბულგარეთს მოვუგეთ. ის ევროპის ჩემპიონატი გერმანიამ მოიგო.

ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპთან აღარასოდეს ვყოფილვართ. ერთხანს გულშემატკივარი და ფეხბურთის ფედერაციაც ამბიციებს ინარჩუნებდა. მაგალითად, ერთ-ერთი ქართველი მწვრთნელი ნაკრების თავკაცის პოსტიდან იმიტომ მოხსნეს, როგორ თუ ინგლისთან უემბლიზე წააგეო.

შემდეგ დაიწყო ქართული ფეხბურთის მრავალწლიანი რუხი პერიოდი. ნაკრები ვერ თამაშობდა, გულშემატკივრის ამბიციები­ იკლებდა. როგორი მწვრთნელები არ გამოიცვალა ნაკრებმა - ქართველე­ბით დაწყებული და უცხოელი ტოპმწვრთნელებით დამთავრებული. კი იყო მცირე გამონათებები, მაგრამ არა ისეთი, რომ გულშემატკივარში ძველი ამბიციები დაებრუნებინა. თუმცა, თუ სადმე სამართალი იყო, ჩვენკენაც უნდა გადმოეხედა განგებას... და გადმოიხედა იმ ქართველი გმირების სახით, რომლებიც გვყავს; და ფრანგი ვილი სანიოლის სახით, რომელმაც ქართული სპორტის დიდების დაფაზე თავისი განსაკუთრებული ადგილი უკვე დაიმკვიდრა.

original-1-1719789373.jpg

არის თუ არა ჩვენი ფეხბურთელების წარმატება კანონზომიერი?!

რა თქმა უნდა, კანონზომიერია. შემთხვევით შეიძლება ერთი მატჩი მოიგო, მაგრამ შემთხვევით ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში ვერ გახვალ. უნიჭიერეს თაობას­ დაემთხვა სწორი მიდგომა. ნიჭიერები ყოველთვის გვყავდა, მაგრამ გვაკლდა ბრძოლის უნარი და რაც მთავარია, იმის რწმენა, რომ დიახ, შეგვიძლია მოგება. ნიჭიერება, ბრძოლის უნარი, თვითრწმენა - ვიპოვეთ ქართველებმა წარმატების ფორმულა...

ამ ბიჭებმა მენტალიტეტი ჩვენ, გულშემატკივრებსაც კი შეგვიცვალეს. წარმოიდგინეთ, ვინმეს თუნდაც რამდენიმე თვის წინ რომ ეთქვა, საქართველოს ნაკრები "ევრო 2024"-ის მერვედფინალში ესპანეთს შეხვდებაო, რა თქმა უნდა, გიჟად შევრაცხავდით. დღეს კი ნებისმიერ ნაკრებს რომ შევხვდეთ, თუნდაც ბრაზილიას ან არგენტინას, დიახ, ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგება იქნება.

"აქამდე სად იყავი, საქართველო?!" - წერდა ერთ-ერთი უცხოური გამოცემა საქართველო-პორტუგალიის მატჩის შემდეგ. ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ საქართველოს ათი საგარეო საქმეთა სამინი­სტროც რომ ჰქონოდა, ვერ გააკეთებდა მსოფლიო მასშტაბით (ევროპის ჩემპიონატს მთელი მსოფლიო უყურებს. დაწყებული აფრიკით და სამხრეთ ამერიკით დამთავრებული) იმდენს, რამდენიც ქართველმა ფეხბურთელებმა­ შეძლეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიომ და პირველ რიგში, ევროპამ, თითქოს თავიდან აღმოაჩინეს საქართველო. საინტერესოა, ევროპის ჩემპიონატის დღეებში „გუგლში“ რამდენმა ადამიანმა დასერჩა ჩვენი ქვეყნის სახელწოდება თავის ენაზე.

მოკლედ, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს "ევრო" ჩვენთვის, ალბათ, არც ერთ ჩვენგანს არასოდეს დაავიწყდება ის ემოციები, რაც მივიღეთ. ჩვენ კიდევ წინ ამერიკა, მექსიკა და კანადა გველოდება, სადაც 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. დარწმუნებული ვარ, იქაც არანაკლებ ხმაურიანად გავისვრით!

გიორგი კვიტაშვილი