აკაკი რამიშვილის აუხდენელი სურვილი - კვირის პალიტრა

აკაკი რამიშვილის აუხდენელი სურვილი

სამწუხაროდ, ჩემი თაობა აკაკი რამიშვილის სახელს არ იცნობდა. ვიცოდით მხოლოდ, რომ ის საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის ვაჟი იყო. ბოლშევიკებმა ნოე რამიშვილს "საქართველოს ბოროტი გენია" შეარქვეს. ეს ჩემთვის ცნობილი იყო, ბატონი აკაკის შესახებ კი არაფერი ვიცოდი...

იდგა 1991 წელი. ვაჟა მთავრიშვილსა­ და ჩემს უკრაინელ მეგობრებთან ერთად ხალხთა ანტიბოლშევიკური ბლოკის (აბნ) აღორძინებაზე ვმუშაობდი. უკრაინელ ნაციონალისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა ანატოლი ლუპინოსმა გამომიგზავნა იმ ემიგრანტული ორგანიზაციების სია, რომლებიც­ აბნ-ის შემადგენლობაში­ შედიოდნენ. მათ შორის ქართველთა ეროვნული ორგანიზაციაც იყო. მას აბნ-ში აკაკი რამიშვილი და ნინო ალშიბაია წარმოადგენდნენ.

- ეს რომელი რამიშვილია? - შევეკითხე ლუპინოსს.

- ნოე რამიშვილის ვაჟი, - მომიგო მან. - ნოე რამიშვილი ჟორდანიას მთავ­რობაში შედიოდა და შინაგან საქმეთა­ მინისტრის პოსტი ეკავა.

- ეგ ვიცი! აკაკის შესახებ კი არაფერი მსმენია!

- კეთილი, გამოგიგზავნი მასზე მასალებს.

ბატონმა ანატოლიმ დანაპირები შეასრულა. ასე მივიღე პირველი მასალები აკაკი რამიშვილზე. ის იმ უკრაინული ორგა­ნიზაციების მიერ იყო მომზადებული, რომლებიც ბატონ აკაკი რამიშვილთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ. ინფორმაცია საკმაოდ მწირი იყო და აკაკი რამიშვილის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დავიწყე.

როგორ ყალიბდებიან პატრიოტებად

აკაკი რამიშვილი 1916 წელს დაიბადა. ოთხი წლის იყო, როცა საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია-ანექსია მოახდინა. აკაკის ბავშვობამ და ყრმობამ ემიგრაციაში გაიარა. მიუხედავად ამისა, ის მტკიცე პატრიოტად ჩამოყალიბდა. ამაში დიდი როლი ითამაშეს მისმა მშობლებმა, განსაკუთრებით მამამ ნოე რამიშვილმა.

- საქართველოს მენშევიკური მთავრობა ერთიან ძალას არ წარმოადგენდა. იყვნენ მემარჯვენე მენშევიკები, რომელთა პოზიცია ეროვნული იყო და მემარცხენე მენშევიკები. ნოე რამიშვილი მემარჯვენეებს განეკუთვნებოდა, - წერს უკრაინული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი სიმონ პეტლიურა (1877-1926).

მართლაც, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას ნოე რამიშვილი შეურიგებელი იყო ყველა ანტისახელმწიფოებრივი ელემენტის მიმართ. მან სასტიკად ჩაახშო თბილისში სომხური ბურჟუაზიის გამოსვლები, ანტიქართული აჯანყებები აფხაზეთისა თუ ცხინვალის რეგიონებში. ის მხარს უჭერდა ქართული არმიის შექმნას და მიუხედავად ნოე ჟორდანიას წინააღმდეგობისა, ამ მიმართულებით ბევრი გააკეთა.

- ჟორდანია და სხვა მენშევიკები არმიის შექმნას ხელს უშლიდნენ. მიზეზი მარტივი იყო: ქართველ ოფიცერთა უმრავლესობა თავად-აზნაურთა წრიდან გახლდათ. ჟორდანიაც მათ არ ენდობოდა, - წერს პეტლიურა.

თავისი ეროვნული და სახელმწიფოებრივი პოზიციის გამო ნოე რამიშვილი ბოლშევიკებს სასტიკად სძულდათ. ის რომ ყოფილიყო მთავრობის მეთაური, შესაძლოა საქართველოს ბედი ცოტა სხვაგვარად წარმართულიყო. ასეა თუ ისე, 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია-ანექსია შეძლო. ნოე რამიშვილი ემიგრაციაში წავიდა, თუმცა თავისი ეროვნული პოზიცია ბოლომდე შეინარჩუნა. ის სათავეში ედგა ქართველი ემიგრანტების იმ ჯგუფს, რომელიც შეიარაღებული გზით რუსი დამპყრობლების განდევნას ცდილობდა. იყო 1922-24 წლებში საქართველოში გაშლილი პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ნოე რამიშვილი იმათ რიგებს განეკუთვნებოდა, რომლებმაც 1924 წლის აჯანყება მოამზადეს. თავისი შვილებიც მან პატრიოტული სულისკვეთებით აღზარდა.

- ქართული ენა რომ ვიცოდი, ეს ჩემი დედ-მამის დამსახურებაა! ისინი ქართულს "დედა ენით" გვასწავლიდნენ. მამამ ქართული პატრიოტული ლექსები გვასწავლა, - იგონებდა შემდგომში აკაკი რამიშვილი.

ნოე რამიშვილი 1930 წელს პარიზში ქართველმა ემიგრანტმა პარმენ ჭანუყვაძემ მოკლა. ქართველი ემიგრანტები ჭანუყვაძეს საბჭოთა აგენტად მიიჩნევდნენ. ამას უკრაინელებიც ეთანხმებოდნენ.

- ჭანუყვაძე გპუ-ს (შს სახკომის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო) დავალებით მუშაობდა! - წერდა უკრაინული ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწე მიკოლა ჩებოტარიოვი.

უმამოდ დარჩენილმა აკაკიმ პატრიოტული პოზიცია შეინარჩუნა. ის პოლონეთის სამხედრო სკოლაში შევიდა, მისი დამთავრების შემდეგ კი სამსახური პოლონეთის ჯარში განაგრძო. აქ მან ბევრი ქართველი ოფიცერი გაიცნო. მათი უმრავლესობა ტაბახმელას ბრძოლის მონაწილე იყო.

- ამ ხალხთან ურთიერთობა ჩემთვის ნამდვილი სკოლა იყო. ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს თამარ მეფის დროინდელ რაინდებს ვესაუბრებოდი! - იგონებდა შემდგომში აკაკი რამიშვილი.

ქარიშხალი

1939 წელს ჰიტლერული გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.

- დედამიწას არნახულმა ქარიშხალმა გადაუარა, - წერდა შემდგომში უინსტონ ჩერჩილი.

ამ ქარიშხალმა აკაკი რამიშვილს უმკაცრესი გამოცდა მოუწყო. როგორც პოლონეთის არმიის ოფიცერი, ის ნაცისტების წინააღმდეგ იბრძოდა. ვარშავა ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ დაეცა. პოლონეთი სსრ კავშირმა და ჰიტლერულმა გერმანიამ გაიყვეს. დასავლეთი უკრაინა და დასავლეთი ბელორუსია სსრკ-მა შეიერთა, პოლონეთის დანარჩენი ნაწილი ჰიტლერელებმა.

აკაკი რამიშვილი იმ პოლონელ ჯარისკაცებს შორის იყო, რომლებიც პოლონეთიდან რუმინეთში გადავიდნენ, აქედან კი ისინი საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადაიყვანეს, მაგრამ მალე საფრანგეთიც ნაცისტებმა დაიპყრეს. აკაკი რამიშვილი პოლონეთის ჯარების ნაშთებთან ერთად შვეიცარიაში გადავიდა.

- აქ შვეიცარიელებმა ინტერნირება გაგვიკეთეს, - იგონებდა შემდგომში აკაკი რამიშვილი.

pages-from-chveni-shecdomebi-1918-1921-1719789774.jpg

ორი წლის შემდეგ რამიშვილი ბანაკიდან გაიქცა. ომი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. მალე მოკავშირეთა ძალებმა პარიზი გაათავისუფლეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი აკაკი რამიშვილი ინგლისში ჩავიდა. აქ მან სამედიცინო განათლება მიიღო და მოგვიანებით ექიმად დაიწყო მუშაობა.

"ცივი ომის კომანდოსის" რიგებში

დაპყრობილ ერთა ანტიიმპერიული კოალიცია ჯერ კიდევ 1943 წელს შეიქმნა უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის (ოუნ) ინიციატივით. ეს მოხდა ჟიტომირის ტყეებში. 1945 წელს ბერლინი დაეცა. ნაცისტურმა გერმანიამ არსებობა შეწყვიტა. ბევრს ეგონა, რომ მსოფლიოში მშვიდობა და იდილია დაისადგურებდა.

- სიმართლე გაცილებით მკაცრი აღმოჩნდა! მალე დაიწყო ცივი ომი! ის ყოველ წამს შეიძლებოდა მესამე მსოფლიო ომში გადაზრდილიყო, - წერდა საბჭოთა მწერალი იულიან სემიონოვი.

სსრ კავშირმა შეძლო აღმოსავლეთ ევროპაში მარიონეტული კომუნისტური რეჟიმების დამყარება. პრორუსული კომუნისტური დიქტატურები აღმოსავლეთშიც დამკვიდრდა. ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, ვიეტნამის ნაწილი - ეს არასრული ჩამონათვალია. მოსკოვში უკვე ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ მალე წითელი დროშა მთელ მსოფლიოში აფრიალდებოდა...

პასუხად ამერიკელები ქმნიდნენ ორგანიზაციებს, რომელთა მიზანიც სსრ კავშირის შიგნიდან აფეთქება იყო. ჟიტომირის ტყეებში დაწყებულმა საქმემ თავისი გაგრძელება პოვა. დაპყრობილ ხალხთა ანტიიმპერიული კოალიცია ხალხთა ანტიბოლშევიკურ ბლოკად (აბნ) გადაიქცა. მასში შედიოდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, შუა აზიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მათ აღმოსავლეთ ევროპის პატრიოტული ორგანიზაციებიც შეუერთდნენ: ბულგარელები, პოლონელები, რუმინელები, ჩეხები, სლოვაკები, ხორვატები, სერბები, სლოვენები, ალბანელები. აბნ-ის რიგებში იღვწოდნენ ისეთი ცნობილი პოლიტიკოსები, როგორებიც იყვნენ: იაროსლავ სტეცკო, მისი მეუღლე სლავა სტეცკო, დოქტორი დოჩევი (ბულგარეთი), კოლომან ბილიჩი (ხორვატია), დოქტორი ემელიანი (რუმინეთი) და სხვ. აბნ-თან თანამშრომლობდნენ ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსები: ოლე-ბიორნ კრაფტი (დანია), ივან-მატეო ლომბარდო (იტალია) და ა.შ.

- აბნ-ი ცივი ომის წინა ხაზზე იმყოფებოდა! ამიტომაც მას ცივი ომის კომანდოსსაც უწოდებდნენ, - წერდა ცნობილი ფრანგი სოვეტოფილი-ჟურნალისტი ალენ გერენი.

აბნ-ის საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა აკაკი რამიშვილი. ის ქართულ ანტისაბჭოთა ორგანიზაცია "ევროპასთან დამაკავშირებელ ჯგუფს" ედგა სათავეში.

ეპილოგი

რამიშვილი იმ ქართველ ემიგრანტ-პოლიტიკოსთა რიცხვს განეკუთვნებოდა, ვისაც ქართულ-უკრაინული ერთიანი ანტიიმპერიული ფრონტის შექმნისა სჯეროდა. მეტიც, ის დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ ასეთი ფრონტის შექმნა მოუტანდა საქართველოს ნანატრ თავისუფლებას.

- რამიშვილი საჯაროდ აცხადებდა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა მხოლოდ ქართული და უკრაინული პატრიოტული ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელიო! - წერს პროფესორი ვლადიმირ სერგიიჩუკი, უკრაინელი ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი.

აკაკიც მჭიდროდ თანამშრომლობდა უკრაინელ ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერებთან: სტეპან ბანდერასთან, იაროსლავ სტეცკოსთან, მის მეუღლე სლავა სტეცკოსთან, სტეპან ლენკავსკისთან და ა.შ.

სსრკ-ის დაშლას აკაკი რამიშვილი მოესწრო, მაგრამ განუხორციელებელი დარჩა ოცნება, ჩამოსულიყო დამოუკიდებელ საქართველოში. ის 1999 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

სამწუხაროდ, თბილისში ჯერაც არა გვაქვს აკაკი რამიშვილის ქუჩა. ფაქტობრივად, შეუსწავლელია მისი პუბლიცისტიკური მემკვიდრეობა. იმედია მოვა დრო და ისეთ ადამიანებზე, როგორიც აკაკი რამიშვილი იყო, დაწერენ წიგნებს, ფილმებს გადაიღებენ და პიესებს დადგამენ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში კი აკაკი რამიშვილის სახელობის ქუჩებიც გაჩნდება.

ნიკა თევზაძე

ისტორიის დოქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი