რას ჰყვება მამარდაზე მისი მწვრთნელი აშშ-დან
საქართველოს ნაკრების ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეკარის გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელს ზურაბ ქვაჩახიას აშშ-ში დავუკავშირდით შეგირდის წარმატებაზე, მისი საქმიანობისა და ნაკრების სხვა ფეხბურთელების შესახებ სასაუბროდ:
- აშშ-ში ორი წელია ჩამოვედი, ნიუ-იორკში ვცხოვრობ და ბავშვებს ვავარჯიშებ. იმედია, ამ საქმეს გავაგრძელებ.
- რამ განაპირობა აშშ-ში გამგზავრება, ოჯახთან ერთად ხართ?
- აქ ბავშვობის სიყვარულმა წამომიყვანა, შევქმენი ოჯახი - ეკატერინე ათანელიშვილი ჩემი ცხოვრების აზრია, აქ უღელს ერთად ვეწევით. ჩემი შვილები პირველი ქორწინებიდან, ლიზი და ბარბარე ქვაჩახიები, თბილისში ცხოვრობენ.
ძალიან რთულია, როცა უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში ჩამოდიხარ და უცხო კულტურის ხალხთან გიწევს ცხოვრება. ძნელია იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე შეგიძლია, ბევრი უნდა იშრომო თავის დასამკვიდრებლად. ახალმა გარემომაც უნდა მიგიღოს. აქ არავინ გიცნობს შენი პროფესიით და სხვა პროფესიების დაუფლება გიწევს, რომ თავი გადაირჩინო, შემოსავალი გქონდეს. როგორც აღვნიშნე, მოსწავლეები მყავს, ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე, გიორგი ლორთქიფანიძე, ამერიკულ ფეხბურთს თამაშობს და ვეხმარები, რომ დაიმკვიდროს ამ სპორტში თავი, ჯანმრთელი და მოძრავი იყოს. მეორე მოსწავლე UFC-ში ასპარეზობს. ისევე, როგორც საქართველოში, აქაც არის სპორტული მოედნები, ძალიან კეთილმოწყობილი, სადაც ყველას შეუძლია უფასოდ ივარჯიშოს, თვითგანვითარებისთვის გამოიყენოს.
- თქვენ თუ ვარჯიშობთ?
- აბსოლუტურად ყოველდღე, დილის 5 საათიდან. მე თუ ფორმაში არ ვიქნები, სხვასაც ვერ ვასწავლი, ფიზიკურად უნდა შეგეძლოს იმის ჩვენება, რასაც თეორიულად გადასცემ. ასეთი თეორია მაქვს - მოძრაობა მოძრაობისთვის, რაც საქართველოში დინამო-თბილისის აკადემიაში დავნერგე. სხეულის სრულყოფილად ფლობა ნებისმიერი სპორტის სახეობისთვის, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის გამოსადეგია. სპეციალური ვარჯიშებია.
- თქვენ რა ასაკში დაიწყეთ სპორტული ცხოვრება?
- მე სოხუმელი ვარ, იქ სახლი, ჩემი კუთხე დავკარგე, ჩემი გარემო, სადაც ბავშვობა გავატარე. 20 წლამდე სოხუმში გავიზარდე და წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ჩემთვის. ცხოვრებას მაშინ ვიწყებდი... თავიდან ჭიდაობაზე დავდიოდი, 15 წლამდე, აფხაზეთის ორგზის ჩემპიონი ვარ, 16 წლიდან კი ფეხბურთზე შევედი და 2007 წელს საქართველოს საუკეთესო მეკარე გავხდი. ჯერ სოხუმის "დინამო" იყო, მერე სოხუმის "ცხუმი" გახდა, მასში მოხვედრამდე ბოჯგუამ შექმნა ჩემი სამყარო. მერე იყვნენ სხვებიც, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თბილისში რომ ჩამოვედი, მერე რუსეთში წავედი, იქ ვითამაშე, იქიდან უზბეკეთში და ბოლოს კვლავ საქართველოში დავბრუნდი და მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.
თუკი საქართველოში ვინმე მეკარეა, ყველა ოთარ გაბელიასგან იღებდა მაგალითს, მისგან სწავლობდა, მის ყველა თამაშს ვუყურებდით და მის რჩევებს ვითვალისწინებდით, მან მოგვცა მოტივაცია, თუ რატომ გვინდოდა მეკარეობა. ოთარს ძალიან ახლოს ვიცნობ, ჩემი უფროსი ძმაა და ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩემი უშუალო მწვრთნელი ნუგზარ ბოჯგუა იყო, მან მასწავლა ყველაფერი, რაც დღეს ვიცი, მაგრამ განვითარება მხოლოდ ერთი ადამიანის ნასწავლით ხომ არ ხდება. თუნდაც ავიღოთ გიორგი მამარდაშვილი, მას მხოლოდ მე კი არ ვასწავლიდი, ერთხანს ჩემთან ვარჯიშობდა, მერე - სხვასთან, აკადემიაშიც ისწავლა, საკუთარ თავზე იმუშავა და მოვიდა აქამდე.
- როგორ ფიზიკურ მომზადებას გადიოდნენ ბავშვები აკადემიაში?
- აკადემიის დაარსებიდან ბავშვებმა ძალიან საინტერესო გზა გაიარეს. მათგან დღეს ნაკრებში 9 ფეხბურთელია. განათლება ჩვენც მივიღეთ, სპეციალისტი ჩამოვიდა - ანდრეს კარასკო, და ჩამოიტანა განვითარების ახალი მიმართულება, რომელიც ჯერ აკადემიის მწვრთნელებმა გავიარეთ და შემდეგ ბავშვებს ვასწავლეთ.
ამას ჰქვია ევროპული დიდაქტიკა. ეს არის სწავლა, სწავლება და დასწავლა - ეს სამი ფაზა ყველამ უნდა გაიაროს. ევროპაში ამ სისტემით მიდიან, მასში შედის როგორც ფიზიკური მომზადება, ისე ფსიქოლოგიური და ა.შ. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი კარგი ბავშვი აღიზარდა და გზაზე დადგა. ეს ადვილი არ არის. აკადემიაში 60 თანამშრომელია და თითოეულ მათგანს უდიდესი შრომა აქვს გაწეული ამ ბავშვების აღზრდაში, უდიდესი მადლობა მათ, პრეზიდენტს, პედაგოგებს, ექიმებს, მზარეულებს, დამლაგებლებს. მამარდაშვილმა და ამ ბიჭებმა დიდი სკოლა გაიარეს აკადემიაში. თითოეულ ბავშვს 47 საგანში ვაფასებდით, სამ თვეში ერთხელ მშობლებს ვაწვდიდით ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდებოდა მათი შვილი.
მოგეხსენებათ, როცა ბავშვები სიმაღლეში უცბად იზრდებიან, გარკვეული ფიზიკური დარღვევები აქვთ. მაგალითად, მამარდაშვილს ხერხემლის პრობლემა ჰქონდა - სკოლიოზი, კიდურები კი - სუსტი და როცა მოვიდა, 11-12 წლისა, თავიდან მისი სხეული არ იყო მზად დიდი დატვირთვისთვის.
- თქვენ საინტერესო რამ აღნიშნეთ - სიმაღლეში უცებ გაზრდის გამო ფიზიკური პრობლემები ჰქონდაო, მაგრამ სწორი ვარჯიშისა და დატვირთვის წყალობით ახლა ყველაფერი წესრიგში აქვს, ჯანსაღია. ეს სხვა მშობლებისთვისაც მაგალითი იქნება, თუ რამდენად ცვლის სპორტი ადამიანს.
- რა თქმა უნდა, სწორი მუშაობის შედეგად ყველაფერი მოგვარდა. ადრე იყო არასწორი ცნება, თითქოს სპორტი აზიანებს ბავშვებს, ევროპაში კი სხვაგვარადაა - სანამ ჩვენ ევროპულ განათლებას მივიღებდით, ბევრი რამ სხვანაირად ვიცოდით. ბავშვი ზრდასრულივით არ უნდა დავტვირთოთ. ეს წინა თაობების შეცდომა იყო. სანამ ჩვენთან სამწვრთნელო განათლება არ ჩამოყალიბდა, ასეთი მიდგომა იყო: შენ ხარ მწვრთნელი და არა მასწავლებელი, ახლა პირიქითაა - ჩვენ მასწავლებლები ვართ და არა მწვრთნელები. მწვრთნელი უკვე დიდ გუნდშია, როცა უკვე ნასწავლია, ყველანაირი ცოდნა მიღებული აქვს. ბავშვის გარემოზე უნდა იფიქრო, სახლში რას ჭამს, რას სვამს. აკადემიაში გაზრდილ ბავშვებში ეს ადვილია, იქ კვების კონტროლია, ფსიქოლოგი ჰყავთ, მასწავლებლები არიან და სხვა რეჟიმია. დილით ადრიანად ვაყენებდით, ვასწავლიდით, ვავარჯიშებდით, მოვაწესრიგებდით, ისაუზმებდნენ, მერე სკოლაში მიდიოდნენ და იქიდან დაბრუნებულებს მასწავლებელი ამეცადინებდათ, მერე ვარჯიშობდნენ და ა.შ.
ფიზიკურ მომზადებაში არის ეტაპები, რომლებსაც ბავშვი 16 წლამდე გადის, სანამ ნერვული სისტემა სწორად უნდა განვითარდეს, ის დიდი წონით არ უნდა შეაწუხო, ზედმეტი ხტუნვით, ისეთი მოძრაობები უნდა გააკეთოს, რომ მის სხეულს სწორად გაზრდის პირობა შეექმნას. ეს ეტაპები აკადემიაში გაიარეს ბავშვებმა. ამ ყველაფრის მიუხედავად, დინამო-თბილისიდან წამოვედი, განცხადება დავწერე, რადგან სათანადო ფინანსური დაფასება და განვითარების გზა ვერ დავინახე. ცუდი სათქმელია, მაგრამ შრომა უნდა დაფასდეს. ასე რომ, წავედი და "ფეოლაში" დავიწყე მუშაობა.
აშშ-ში წამოსვლამდე ორი წელი იქ ვიყავი. ამ დროის განმავლობაში, სანამ ესპანეთში წავიდოდა, მამარდაშვილი ყოველ დილის 7 საათზე მოდიოდა სავარჯიშოდ.
- როგორი ბავშვი იყო, რა თვისებებით გამოირჩეოდა, როგორ თამაშობდა ხოლმე?
- გიორგი მამარდაშვილი საქართველოს სახეა. მან ფეხბურთში ახალი სამყარო შექმნა, ისევე, როგორც ხვიჩა კვარაცხელიამ. ამ ბიჭებმა ქვეყანა წარმოაჩინეს და საქართველოს მომავლის იმედი, სიხარული მიანიჭეს, სხვა ბავშვებს მოტივაცია მისცეს.
მამარდაშვილი ერთხანს რუსთავში იყო, მერე გადავიდა "ლოკომოტივში" და იქიდან წავიდა ესპანეთში. მან ფეხბურთში სრულყოფილი განათლება მიიღო. ესპანეთში რომ ჩახვალ და იქ ფიზმომზადებასა და სამედიცინო შემოწმებას გაივლი, ეს სხვა ამბავია. ევროპაში 6 თვე რეაბილიტაციას გადიან, რომ გუნდისთვის მოამზადონ, მამარდაშვილს კი ეს პროცესი გაუადვილდა, რადგან მისი სხეული და ფსიქიკაც ამისთვის მზად იყო. ყველაფერი კარგად გაიარა, თავისი შრომის, მონდომების ხარჯზე.
მე მამარდიას ვეძახდი, მეგრული სისხლი უნდა გადმოგისხა-მეთქი, ვეხუმრებოდი. თავმდაბალი ბიჭი იყო, მორცხვი. გიორგის შრომით ყველაფერი გამოუვიდა.
- გიორგის თამაშებს როგორ შეაფასებთ, როგორც მისი მწვრთნელი?
- მე კმაყოფილი ვარ. ფეხბურთს იმიტომ თამაშობ, რომ მაყურებელი გაახარო, ესაა ყველა სპორტსმენის თვითმიზანი. მამარდაშვილმა ეს იდეალურად გააკეთა, მთელი საქართველო გააერთიანა ფეხბურთის გარშემო. გიორგი არ უნდა დასჯერდეს "ვალენსიას", უნდა განვითარდეს, ახალ გუნდში წავიდეს, სანამ ამის საშუალება ექნება, ოღონდ ცდუნებებს უნდა გაუძლოს და მაშინ მივა სრულყოფილებამდე.
- საქართველოს ნაკრები ახლა ისეთი პოპულარულია, როგორიც დიდი ხანია არ ყოფილა. ისეთი თამაში გვანახეს, ფეხბურთის არამოყვარულებიც კი ეკრანთან დასხეს.
- მინდა მათ უდიდესი წარმატება ვუსურვო. ჩვენ ურთულესი პერიოდი გადავლახეთ. ეს ის თაობაა, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ ჩვენ ფეხბურთის ქვეყანა ვართ და ვიქნებით. უდიდესი მადლობა ნაკრების ყველა წევრს იმ სიხარულისთვის, რაც თითოეულ ჩვენგანს მოგვანიჭეს. თითოეულ მათგანს ვიცნობ ბავშვობიდან, ისინი ხომ ჩემ თვალწინ გაიზარდნენ და ჩემთვის ეს სხვა თვალით დანახული ბედნიერებაა. ქართული გენი კვლავ წინა პლანზეა ევროპაში. დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებს, მწვრთნელს, რომ ასეთი ზეიმი გვაჩუქეს. ყოველი დღე ასეთი ზეიმი იქნება ჩვენთვის, ჩვენს შვილებს სულ წინსვლა ექნებათ.
აკადემიაში გაზრდილი ბავშვები ყველანი ჩვენი შვილები არიან, იქ მხოლოდ მამარდაშვილი ხომ არ იყო, ყველა ერთად გაიზარდა. როგორც მთავარ მწვრთნელებს ჰქონდათ გიორგი მამარდაშვილსა და გუნდის სხვა წევრებთან ურთიერთობა, ისე მქონდა მეც, როგორც მეკარეების მწვრთნელს. ეგენი არიან აკადემიის პირველი ვარსკვლავები. ყოველ წელს ახალი კვარაცხელია და მამარდაშვილი გვეყოლება. მთავარია მშვიდობა იყოს! ქართველებს კარგი ქვეყანა, კარგი კულტურა გვაქვს და შეგვიძლია ბევრს მივაღწიოთ.
- სიყვარულის საინტერესო ისტორია გაქვთ, მეუღლეზე გვიამბეთ, როგორ გაიცანით?
- ეკა მაშინ გავიცანი, როცა 19 წლის ბიჭი ვიყავი, ის კი - 16-ის. ჩვენი გუნდი მაშინ თბილისში ცხოვრობდა, ეკა კალათბურთს თამაშობდა. ეს იყო სუფთა და წრფელი ურთიერთობა. მერე მე მოსკოვში გადავედი და კონტაქტი დაიკარგა, ორი წელია აშშ-ში ჩამოვედი და ახლა ერთად ვართ.
- ხელახლა როგორ შეხვდით ერთმანეთს?
- იმ წლების შემდეგ ჩვენ არანაირი კონტაქტი არ გვქონია. ისე მოხდა, რომ მისი ნათესავის შვილი და ჩემი შვილი მეგობრები არიან და გვარი ქვაჩახია რომ გაუგონია, ზურის შვილი ხომ არ არისო, უკითხავს. ასე მოხდა ჩვენი თავიდან დაკავშირება. ოთხი წელი მხოლოდ ტელეფონით ვკონტაქტობდით, მერე კი წამოვედი, მექსიკიდან ის რთული გზა გადავლახე, რომელსაც ბევრი ქართველი გადის, მაგრამ სიყვარული ყველაფერს დაგაძლევინებს.
- მოზარდობის სიყვარული ხელახლა იპოვეთ.
- დიახ. ბედნიერები ვართ და ერთად ცხოვრება გვიხარია - ეს ყველაზე მთავარია. დიდი გეგმები და მომავალი გვაქვს წინ.