"ასეთი ტრაგედიების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია სწორი ინფორმაციების გავრცელება, იქნებ როგორმე შევძლოთ ადამიანების დახმარება", "სპეციალისტები ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ" - კვირის პალიტრა

"ასეთი ტრაგედიების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია სწორი ინფორმაციების გავრცელება, იქნებ როგორმე შევძლოთ ადამიანების დახმარება", "სპეციალისტები ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ"

გასულ თვეს საგრძნობლად გახშირდა ე.წ. ქუჩის მეტადონით ზედოზირების შემთხვევები,

რის გამოც სოციალურ ქსელებში დიდი ხმაურია ატეხილი. როგორც ირკვევა, უმეტეს შემთხვევაში ადამიანებმა არ იცოდნენ, რას მოიხმარდნენ. სპეციალისტები ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ნატა ასპანიძე, "მანდალას" თანამშრომელი:

- ძალიან გახშირებულია მეტადონით ზედოზირების შემთხვევები. მოგეხსენებათ მეტადონი არის ოპიოიდი, რომელიც გამოიყენება ჩანაცვლებით თერაპიაში და ჰეროინის მომხმარებლებს აძლევენ იმისთვის, რომ პრობლემის დაძლევაში დაეხმარონ. თუმცა ის მეტადონი, რომელიც ბოლო დროს ბაზარზეა და რითაც ზედოზირება დაფიქსირდა, სამედიცინო კი არა, ე.წ. ქუჩის მეტადონის ვერსიაა. ქუჩის მეტადონი თეთრი კრისტალური ფორმისაა და ვიზუალურად ბევრ სხვა ნივთიერებას ჰგავს, მაგალითად, კლუბურ ნარკოტიკს, რის გამოც მარტივია ადამიანი მოტყუვდეს. საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა მან ზედიზირება გამოიწვია. ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ მეტადონი მოიხმარეს. დიდი ალბათობით, ის ან შერეული იყო სხვა სუბსტანციაში, სხვა არაოპიოიდურ ნივთიერებასთან, მაგალითად, "მდმ"-ში და შემთხვევით მოიხმარეს ან მეორე ვარიანტია, ძალიან ხშირად მოიხმარენ ნაპოვნ ნარკოტიკს.

- გამოდის, მეტადონში ურევენ სხვა ნივთიერებას და სხვა სახელით ყიდიან?

- რისი შერევა ხდება, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. ტექსტურა, სიმძიმე და ა.შ., სხვა ნარკოტიკების მსგავსი აქვს და სწორედ ეს არის ყველაზე სახიფათო. ჯერ ერთი, მეტადონი ოპიოიდია, ძალზე სწრაფად და მცირე დროში შეუძლია ზედოზირების გამოწვევა, განსაკუთრებით იმ ხალხში, რომლებსაც აქამდე არ ჰქონიათ შეხება ამ ჯგუფის სუბსტანციებთან და არა აქვთ არანაირი ტოლერანტობა; მეორეც: როდესაც ადამიანი მოიხმარს ნარკოტიკს, იცის რამდენია მისთვის უსაფრთხო დოზა და ქუჩის მეტადონსაც იმავე დოზით იღებს, იმიტომ, რომ ვერ ხვდება, რა არის და შესაძლოა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდეს. ეს ძალიან მძიმე ოპიოიდია და სწორი დოზირებისასაც კი საკმაოდ მაღალია ზედოზირების რისკი.

- რა რჩევას მისცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩიდან აღებულ ნარკოტიკს მოიხმარენ.

- ყველამ კარგად იცის, რომ ქუჩაში აღებული სუბსტანციის მიღება არ არის მიზანშეწონილი, მაგრამ უნდა ირწმუნოთ, რომ ახლა ეს იმაზე მეტად სახიფათოა, ვიდრე აქამდე იყო. ამიტომ აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ყველანაირი სუბსტანცია, მიუხედავად იმისა, ნაპოვნია ქუჩაში, ნაჩუქარია თუ სხვა გზით ნაყიდია, აუცილებლად უნდა დაიტესტოს თქვენი და თქვენი ნაცნობების უსაფრთხოებისთვის. ერთი და იმავე გზით მოპოვებული სუბსტანცია, შეიძლება მე-10 ჯერზე იყოს დაბინძურებული და შეიძლება მომწოდებელმაც არ იცოდეს, რა არის მასში გარეული. ყველას გასაგონად ვიტყვი, დატესტვის გარეშე არაფერი მოიხმაროთ... მეორე საკითხი: ეფექტების დონეზე მეტადონი ძალიან განსხვავდება ნებისმიერი სხვა კლუბური ნარკოტიკისგან. ყველა მეტ-ნაკლებად სტიმულატორია, გაძლევს ენერგიას, მოჰყავხარ ლაპარაკის განწყობაზე, გაძლევს სიყვარულის სურვილს და ა.შ., თუმცა, როცა მეტადონი გაქვს მოხმარებული, სუსტად ხარ, ძილიანობა გაქვს, გცივა, შენს ორგანიზმში ნერვული სისტემა ნელდება. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შეამჩნევთ, რომ მიიღეთ სუბსტანცია და ისეთი ეფექტი არ ჰქონდა, როგორსაც ელოდით, რომ "დაიძინა" თქვენმა ორგანიზმმა, ტუჩები გაგილურჯდათ ან შეგცივდათ, უმალვე დარეკეთ "სასწრაფოში", ასეთ დროს ყველა წამი მნიშვნელოვანია. დაბოლოს: აუცილებლად ყოველთვის თან უნდა იქონიეთ ნალოქსონი, იგივე ნარკანი, რომელსაც ოპიოიდური ზედოზირებისას თქვენი ან სხვისი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! ნალოქსონი არის ნივთიერება, რომელსაც ჩვენ უფასოდ ვაძლევთ ადამიანებს. ეს არის ერთადერთი ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ოპიოიდების ზედოზირების მინიმუმ ერთი საათით შეჩერება და ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ "სასწრაფოს" მოსვლამდე ადამიანს დამატებითი პრობლემები არ შეექმნას. უნდა გახსოვდეთ, რომ ვიზუალური მსგავსების მიუხედავად, სინამდვილეში მეტადონი ძლიერი ოპიოიდია, რომლის არამომხმარებლის ორგანიზმში შეღწევამ შესაძლოა ზედოზირებით სიკვდილი გამოიწვიოს! ამიტომ არ მოიხმაროთ არანაირი სუბსტანცია დატესტვის გარეშე, მიუხედავად წყაროს სანდოობისა; არ დააყოვნოთ "სასწრაფოს" გამოძახება, თუ ზედოზირებაზე გაქვთ ეჭვი. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი ოპიოიდური ზედოზირების ნიშნებს: შენელებული ზედაპირული სუნთქვა, სუნთქვის გაჩერება, პულსის შესუსტება, თვალის ძლიერ შევიწროებული გუგები, ტუჩებისა და თითების გალურჯება, კანის სიფერმკრთალე და სიმშრალე, მოძრაობების შენელება, ცნობიერების დაბინდვა, არაბუნებრივად ღრმა ძილი, უსიცოცხლოდ მოდუნებული კიდურები, გულისრევა და ღებინება, გონების დაკარგვა...

- მომხმარებლებს მოუწოდებთ დატესტონ ის ნივთიერებები, რომელსაც მოიხმარენ, მაგრამ რამდენად ხშირია მომართვიანობა?

- მომართვიანობა ყოველთვის "ტალღისებურია", განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როცა ფესტივალები იწყება და კლუბებში სიარული უფრო გახშირებულია. განსაკუთრებით ხშირად ისინი მოგვმართავენ, ვისაც არა აქვს ნარკოტიკის მოხმარების გამოცდილება. ჩვენ ასევე გვყავს ერთგული ბენეფიციარები, რომლებიც ყოველთვის მოდიან და მოხმარებამდე ტესტავენ, რას მოიხმარენ. ზოგს თავისი ნაცნობებიც მოჰყავს და ტესტავს ნივთიერებას, მაგრამ ხშირად, ადამიანს თუ ახლობელი არ მოუკვდება ზედოზირებით ან თვითონ არ მოხვდება კლინიკაში, არ მოდის.

- უკვე ზაფხულია და გამოდის, უფრო გამწვავდება პრობლემა?

- ვფიქრობ წელს, ცოტა დაბალი იქნება რისკები, რადგან რამდენიმე ფესტივალი გაუქმებულია. დიდი ფესტივალების დროს გვაქვს კარავი, სადაც ყველაფერი იტესტება. კარგი იქნება სოცმედიამ მუდმივად შეახსენოს ხალხს, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ, რადგან ბაზარზე დაბინძურებული ნივთიერებები იყიდება და ეს ზრდის ზედოზირების ფაქტებს.

მესმის, ადამიანის ბუნებაა, სანამ შენს თავზე არ გამოცდი, ძნელია რისკების გააზრება, მაგრამ ჩვენი მომხმარებლების წრეში ეს იმდენად ცნობილი ფაქტია და იმდენ ადამიანს შეეხო პრობლემა, იმდენს დაეღუპა ზედოზირებით ახლობელი, რომ წესით უნდა გააცნობიერონ, არასდროს ხარ უსაფრთხოდ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი იმდენად "მძიმე" მომხმარებელია, რომ არ აინტერესებს შედეგი, მთავარია მოიხმაროს ნებისმიერი ნივთიერება.

- ბაზარზე კიდევ რა ნივთიერება იყიდება?

- ყველაზე ხშირად მეფედრონი გვხვდება მთელი ევროპის და ამიერკავკასიის რეგიონში. 2-3 წელია საქართველოშიც შემოვიდა მდემ-ის სახელით. ძალიან მასობრივად იყიდებოდა. განსხვავებული ეფექტები აქვს და ამიტომაც, საკმაოდ ბევრ ადამიანს შეექმნა კარდიოვასკულარული პრობლემა. უძილობა, პარანოია, აუტანლობა და ა.შ. ახლა ხალხმა ისწავლა გარჩევა და მზად არიან დატესტონ, როცა ეჭვს შეიტანენ მეფედრონზე.

- ვისაც არ აქვს ინფორმაცია, ეშინია პოლიციის და ამიტომ არ მოდის თქვენთან, რას ეტყვით მათ?

- ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მთელი ჩვენი სერვისი დაფუძნებულია აბსოლუტურ ანონიმურობაზე. ნებისმიერი ტიპის შეკითხვას შეგვიძლია ვუპასუხოთ ჩვენს გვერდზეც, პირადშიც, ასევე ინსტაგრამზე. მნიშვნელობა არა აქვს, თქვენი ანგარიშიდან გვწერთ თუ სპეციალურად შექმნილი ექაუნთიდან. ნებისმიერ ფორმატში გიპასუხებთ და არანაირი ინფორმაციას არ გავცემთ. ჩვენი მიზანი ადამიანების დახმარებაა, რათა თავიდან ავიცილოთ სავალალო შემთხვევები. ამიტომაც არასოდეს გვქონია იმის პრობლემა, რომ ან ჩვენ მიმართ ყოფილიყო რაღაც პრეტენზია პოლიციის უწყებიდან ან მომხმარებლების მხრიდან.

- მომხმარებელთა ასაკი გაახალგაზრდავდა?

- ახალგაზრდა ბენეფიციარებიც გვყავს, მაგრამ მათთან განსაკუთრებული პროტოკოლი გვაქვს, სხვანაირ კომუნიკაციის ფორმებს ვიყენებთ, ვესაუბრებით რისკებზე, ვუხსნით დეტალებს, თუმცა ვინმეს დაშინებას არ ვცდილობთ, რადგან ეს უფრო სტრესულია. თუმცა, გულახდილად ვუზიარებთ ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რომ რისკები გაითვალისწინონ. ერთია, როცა გულახდილად ელაპარაკები ზრდასრულს, რომელსაც უკვე რაღაცის გამოცდილება აქვს და მეორეა, როდესაც ელაპარაკები ბავშვს, რომელიც იყო მეგობრების, ნაცნობის გავლენის ქვეშ და ის კიდევ უფრო მეტად საჭიროებს დახმარებას.

- ყველაზე პატარა ბენეფიციარი რამდენი წლის იყო?

- 15 წლისები იყვნენ. ფესტივალზე მოიხმარეს ყველაზე მძიმე სუბსტანცია. ეს შემთხვევა მკაფიოდ ჩამრჩა მეხსიერებაში...

- პირად საუბარში თუ გიყვებიან, რომ ვთქვათ, გარდაეცვალათ ახლობელი, რომელიც ნარკოტიკს მოიხმარდა და ამ გამოცდილების საფუძველზე განკურნების სურვილი თუ უჩნდებათ?

- აქაც ორი ვარიანტია: როდესაც ადამიანს გარდაეცვალა მეგობარი, ქმარი, ოჯახის წევრი ზედოზირებით, თუ თვითონაც მომხმარებელია, იწყებენ მკურნალობას და გზების ძებნას, რომ ამ საშინელებას როგორმე თავი დააღწიონ; სამწუხაროდ, სხვებს ტრაგედიით მონიჭებული ტკივილი უფრო მეტად უღვიძებს მოთხოვნას, თანაც ამის მერე უფრო მძიმე ნარკოტიკს მოიხმარენ, რათა გაუმკლავდნენ, დაივიწყონ ეს სატკივარი და შემდეგში თავადაც ზედოზირების მსხვერპლები ხდებიან. ვფიქრობ, ასეთი ტრაგედიების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია სწორი ინფორმაციების გავრცელება, იქნებ როგორმე შევძლოთ ადამიანების დახმარება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა"