"მის სახეზე ისეთი დაღლილობა იყო აღბეჭდილი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი... ნაბიჯებს ისე დგამდა, თითქოს მხრებით მთელი მსოფლიოს ტვირთი მოჰქონდა. შესაძლოა, ეს ასეც იყო" - რას წერს ამერიკული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"მის სახეზე ისეთი დაღლილობა იყო აღბეჭდილი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი... ნაბიჯებს ისე დგამდა, თითქოს მხრებით მთელი მსოფლიოს ტვირთი მოჰქონდა. შესაძლოა, ეს ასეც იყო" - რას წერს ამერიკული გამოცემა?

„როცა ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მდიდრულად აგებულ და მოწყობილ საკონფერენციო დარბაზში შემოვიდა, მის სახეზე ისეთი დაღლილობა იყო აღბეჭდილი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რომ მას [დასვენების] დრო წავართვი. იგი ჩემთან საუბრისათვის დილის თათბირის შემდეგ მოვიდა. ნაბიჯებს ისე დგამდა, თითქოს მხრებით მთელი მსოფლიოს ტვირთი მოჰქონდა. შესაძლოა, ეს ნამდვილად ასე იყო: დასავლური დემოკრატიის მომავალი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოუვა უკრაინას“, - წერს ამერიკელი ჟურნალისტი ტრუდი რუბინი სტატიაში, რომელიც გაზეთ „ფილადელფია ინკუაირერშია“ (Philadelphia Inquirer) გამოქვეყნებული სათაურით - „ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ომში გამარჯვება შეუძლია, თუ დასავლეთი ვლადიმერ პუტინის მიმართ შიშის განცდას შეწყვეტს“. მასალაში ვრცლადაა გადმოცემული უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუს შინაარსი.

გთავაზობთ პუბლიკაციის მთავარ და მნიშვნელოვან მომენტებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია რუსეთთან ომში გამარჯვება, თუ დასავლეთი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ შიშს შეწყვეტს და ვლადიმერ პუტინის სისუსტეს აღიარებს. უკრაინელმა ლიდერმა განმარტა, თუ რას ნიშნავს გამარჯვება, მან აღნიშნა, რომ მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკებით ომი არ შეწყდება, პირიქით - კრემლი აგრესიას უფრო მეტად გააგრძელებს როგორც უკრაინის, ასევე -ევროპისა და აშშ-ის წინააღმდეგ.

„შეუძლებელია, ერთი ხელით უკრაინას დაეხმარო, მეორე ხელით კი - ვლადიმერ პუტინს მიესალმო და ჩამოართვა“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი, - "ასეთი მოქმედება უნაყოფოა, არ იმუშავებს“. საქმე ისე კი არ დგას, რომ დასავლეთი იცავს უკრაინას, „არამედ ისე, რომ უკრაინა იცავს ყველა დემოკრატიულ ქვეყანას ვლადიმერ პუტინის სამომავლო თავდასხმისაგან“.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერვიუს დროს მაინც დათანხმდა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შესაძლებლობას, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით: „ერთადერთი პირობა ისაა, რომ მოლაპარაკება შუამავლების მონაწილეობით უნდა გაიმართოს - ისე, როგორც მოხდა შავი ზღვის „მარცვლეულის დერეფნის“ გახსნის დროს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამოცანა ისაა, რომ უკრაინის მთლიანი დანგრევა არ იქნას დაშვებული. აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უკრაინელთა ამჟამინდელი და მომავალი თაობებისათვის.

მე ვკითხე ვოლოდიმირ ზელენსკის, დარწმუნებულია, თუ არა იმაში, სურს თუ არა ჯო ბაიდენს კიევის გამარჯვება? „დიახ, მჯერა“, - სწრაფად მიპასუხა პრეზიდენტმა, - "მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გამარჯვება აუცილებელია აშშ-ისათვის, ევროპისათვის, ასევე - მრავალი ქვეყნისათვის, მაგრამ გააჩნია, რას შინაარსს ჩავდებთ ყველა სიტყვაში „გამარჯვება“. მე მგონია, რომ დასავლეთს ერთი რამ სურს - ის, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მთლიანი ოკუპირება არ განახორციელოს. მე ვფიქრობ, ასეთი სიტუაცია დასავლეთისათვის უკვე გამარჯვება იქნება“.

„მაგრამ ჩვენთვის," - აგრძელებს ვოლოდიმირ ზელენსკი გაცხარებით, - "და ჩვენი ჯარისკაცებისათვის, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, რომლებმაც მეგობრები დაკარგეს, იმ სამოქალაქო პირებისათვის, რომლებსაც ნათესავები და ახლობლები დაეღუპათ, იმ ქალებს, რომლებიც შვილებით ახლა საზღვარგარეთ არიან, მაგრამ მათი ქმრები და ძმები წინა ხაზზე იბრძვიან, გამარჯვება კმაყოფილების განცდასა და სამართლიანობის აღდგენას ნიშნავს. ცხადია, ჩვენ მადლობლები ვართ დასავლელი მოკავშირეებისა, რომ მათ რუსეთს არ მისცეს ჩვენი ქვეყნის სრული ოკუპირების შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ სამართლიანობის პრინციპის დაცვა გვსურს“.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის პოპულარობა უკრაინელთა შორის ისეთი მაღალი აღარ არის, როგორიც ომის პირველ და მეორე წელს იყო, მაგრამ რეიტინგი მაინც 60%-იანი აქვს, უნდა გაიზიაროს თავისი ხალხის, თავისი ჯარისკაცების სურვილი და პოზიცია, რომლის თანახმად, ისინი არანაირად არ დათანხმდებიან რუსეთს მიწა-წყალი დაუთმონ იმ უბედურების შემდეგ, რაც მათ გადაიტანეს. ეს პრეზიდენტისათვის დიდი ტვირთია, რაც მის სახეზე ნაადრევ ნაოჭებს იწვევს.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ვოლოდიმირ ზელენსკისათვის „ნამდვილი გამარჯვების პირველი ნაწილი“ იმას ნიშნავს, რომ არ იქნას დაშვებული ყოველივე უკრაინულის განადგურება ვლადიმერ პუტინის მიერ. ამაში იგულისხმება უკრაინული ენა, კულტურა, ტრადიციები, უკრაინული ეკლესია და უკრაინის ისტორიის სწავლება. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნილ სკოლებში უკრაინელ ბავშვებს ასწავლიან, რომ თითქოს უკრაინა არასოდეს არ არსებობდა ლეგიტიმური სახელმწიფოს სახით.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის ჭეშმარიტი მიზანი იყო ისტორიული რუსეთის იმპერიის აღდგენა. კრემლი ამ მიზნის მიღწევას ცდილობს სხვა ადგილებშიც - ბელარუსისა და საქართველოს მიმართ. სამომავლოდ, თუ დასავლეთი კრემლს არ შეაჩერებს, ვლადიმერ პუტინი მიწვდება ბალტიის ქვეყნებს, რომლებიც ნატოს წევრები არიან.

გამარჯვების მეორე ნაწილი, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, არის ქვეყნის უსაფრთხოების ისეთი უზრუნველყოფა, რომლის მიხედვით, უკრაინა და უკრაინელი ხალხი, მომავალი თაობები, პერსპექტივაში არანაირი აგრესიის წინაშე არ დადგებიან. „მაგრამ, სამწუხაროდ, დასავლეთი და უპირველესად - აშშ, ნამდვილი გამარჯვებისათვის არ ისწრაფვის. ამერიკას ეშინია და არ იცის, თუ რა მოხდება რუსეთში ვლადიმერ პუტინის გარეშე - დღევანდელი სიტუაცია შენარჩუნდება და გაუარესდება... ამის შედეგად ვლადიმერ პუტინს უფლება ეძლევა, თავისი სტრატეგია განახორციელოს და ომში რაც შეიძლება მეტის აღება შეძლოს: ყოველი ნაბიჯი, რომელსაც რუსი ჯარისკაცი გადადგამს ჩვენს ტერიტორიაზე, ყოველი სოფელი და ქალაქი, თუნდაც დანგრეული სახით, კრემლისათვის პოზიტივი იქნება - იმიტომ, რომ მოსკოვი ვაჭრობის შესაძლებლობას იღებს“.

მე ვკითხე ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ როგორ შეუძლია უკრაინას, გადალახოს რუსეთის უპირატესობა ცოცხალ ძალასა და შეიარაღებაში. მისი პასუხი ოთხი კომპონენტისაგან შედგება: „უპირველესად, რუსეთს მეტი ჯარისკაცი ჰყავს ანუ უპირატესობა აქვს ცოცხალ ძალაში. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს, ერთ დაღუპულ უკრაინელზე ექვსი დაღუპული რუსი მოდის“ [ბრიტანული სადაზვერვო წყაროების მიხედვით, ამჟამად რუსეთის არმია დღეში 1200-მდე ჯარისკაცს კარგავს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ომის განმავლობაში ანუ კრემლისათვის ჯარისკაცები „საზარბაზნე ხორცს“ წარმოადგენენ].

მეორე მომენტი - გასათვალისწინებელია, რომ დღევანდელი ომი ტექნოლოგიურ ომს წარმოადგენს ანუ ვისი იარაღიც უფრო ტექნოლოგიურია, ის გაიმარჯვებს. დასავლეთმა რუსეთს უახლესი ტექნოლოგიებით სარგებლობის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს, რუსეთმა ვერ უნდა შეძლოს სანქციების დარღვევა და მათი გვერდის ავლა - ვთქვათ, ელექტრონულ-ინტეგრალური სქემების მიღება ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

მესამე მომენტი - უკრაინა უკვე აწარმოებს დრონებს და რაკეტებს, მაგრამ ჩვენ მეტი დაფინანსება გვჭირდება, რათა ტექნოლოგიურად რუსეთზე უფრო განვითარებულები გავხდეთ. დაგეგმილი გვაქვს, რომ დასავლურ კომპანიებთან ერთად მაღალტექნოლოგიური სამხედრო საწარმოები შევქმნათ.

და მეოთხე - უნდა გამკაცრდეს რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები: ეს ნიშნავს, რომ 2025 წლისათვის, როცა კრემლს შემოსავლები შეუმცირდება, ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება, გადასახადები გაზარდოს. თავის მხრივ, გადასახადების გაზრდით და ფინანსების დაზოგვით რუსეთის მოსახლეობას სოციალური დახმარებები შეუწყდება, რაც მღელვარებას გამოიწვევს. მისთვის ყველაზე საშიში რუსული საზოგადოების უკმაყოფილებაა. რუსების მღელვარება კრემლისათვის ბირთვულ საფრთხეს ნიშნავს“.

მაგრამ როგორ უყურებს ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის განცხადებას - მას თუ პრეზიდენტად აირჩევენ, უკრაინის მიმართ დახმარებას შეწყვეტს და ომს 24 საათში დაასრულებს?

„თუ დონალდ ტრამპს ომის დასრულების ასეთი [24-საათიანი] მოდელი აქვს, მაშინ, რასაკვირველია, ყველას მოესურვება ამ მოდელის განხორციელება, შეიძლება ომის ერთი საათით ადრე დასრულებაც“, - ხუმრობს ვოლოდიმირ ზელენსკი, - „მაგრამ თუ იდეა იმაშია, რომ ჩვენ უარი ვთქვათ საკუთარ ტერიტორიაზე, მაშინ ასეთი პირობა პრობლემას ვერ გადაწყვეტს. უბრალოდ, ტრამპის იდეა არ განხორციელდება და მშვიდობა არ დამყარდება“.

„აუცილებელია, რომ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდეს. ნატოში უკრაინის გაწევრება სასარგებლო იქნებოდა რუსეთის უსაფრთხოებისთვისაც. საზღვრები საიმედოდ იქნებოდა დაცული, რუსეთი თავდასხმას ვეღარ გაბედავდა და მოსახლეობა არ დაეღუპებოდა“.

სამწუხაროდ, ნატოს საიუბილეო სამიტი, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში უნდა გაიმართოს, უკრაინას ნატოში გაწევრებას არ შესთავაზებს: „ვაცნობიერებთ, რომ დღეისთვის თეთრი სახლი ჩვენი ალიანსში მიწვევისათვის მზად არ არის“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი და მხრებს იჩეჩავს, - "და ამ დროს დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომის დაწყებაში ნატოს ბრალიც არისო“.

„ასეთი პოლიტიკა ნიშნავს [ლენინის გამონათქვამს] - „ერთი ნაბიჯით წინ, ორი ნაბიჯით უკან“, - სინანულით აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი, - „ჩემი აზრით, მსოფლიოს ლიდერების პოლიტიკა ასეთი არ უნდა იყოს. ასე მხოლოდ ჩემი გამნაღმველები დადიან დანაღმულ ველზე“.

„თუ შეერთებულ შტატებს ვლადიმერ პუტინის განრისხების ეშინია - ალბათ, ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ არ გვიწვევენ ნატოში - მაშინ ჩვენ ვთხოვთ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს მეტი თანამედროვე იარაღი მოგვცენ - მეტი „პეტრიოტები“ (Patriot), მეტი „ფალკონები“ (F-16) და ნება დაგვრთონ, რომ დასავლური შეიარაღება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რუსეთის ტერიტორიაზე გამოვიყენოთ. მოკლედ, თუ ნატო მზად არ არის ჩვენი წევრად მიღებისა და დაცვისათვის, მაშინ ალიანსმა ყველაფერი უნდა მოგვცეს და თავს ჩვენ თვითონ დავიცავთ“.

ამჟამად ვლადიმერ პუტინი გრძნობს აშშ-ის მდგომარეობას და იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი, თუ მას პრეზიდენტად აირჩევენ, უკრაინას ნატოსაკენ გზას მოუჭრის. ამ ყველაფერს ჩინეთიც უყურებს და უკრაინას ლაკმუსის ქაღალდად მიიჩნევს, იმის გასარკვევად, შეძლებს თუ არა პეკინი ტაივანის დაპყრობას. ამიტომაც, საბოლოო ჯამში, კატასტროფა მოხდება, თუ თეთრი სახლი უკრაინას ყველაფრით არ უზრუნველყოფს, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ჩემთვის მტკივნეული სანახავი იყო, თუ როგორ გადიოდა მოქანცული ვოლოდიმირ ზელენსკი საკონფერენციო დარბაზიდან - იმ დახმარებას მოკლებული, რომელიც უკრაინას რუსეთზე გამარჯვებისათვის სჭირდება. მაგრამ განა ჯო ბაიდენს შეუძლია ისეთი მამაცობის გამოჩენა, როგორსაც უკრაინის პრეზიდენტი ყოველდღიურად ავლენს?!

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო