"ისინი სახლში გმირებად ბრუნდებიან" - შოკირებული ესპანეთი, "კვარას" ჭკვიანური დარტყმა და ქომაგების ტაში, დოლის ფონზე: რას წერს მსოფლიო მედია გუშინდელ მატჩზე
გარკვეული დროის განმავლობაში, მათ მართლაც სჯეროდათ", "რამდენადაც კარგი იყო ესპანეთი, ეს არ აკნინებს იმ უზარმაზარ ძალისხმევას, რაც საქართველომ გასწია", "21 წუთის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფავორიტი ნამდვილად, თვალსაჩინოდ შეძრწუნებული იყო", - ეს გამოხმაურებები იმ ფართო ანალიტიკური სტატიების მხოლოდ მცირე ნაწილია, რაც მსოფლიოში მთავარმა გამოცემებმა ევრო 2024-ზე საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებას მიუძღვნეს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ანგარიშით 4:1 წააგო, უცხოური მედიის აბსოლუტური უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ნაკრებმა ტურნირის მთავარ ფავორიტს მოკლეხნიანი პანიკა განაცდევინა, აღნიშნულ მატჩსა და მთლიან ჩემპიონატზე ასპარეზობა კი გასაოცრად გამოუვიდა და ყველა ოპონენტის პატივისცემა დაიმსახურა. გაცნობთ Guardian-ის, BBC-ის, Telegraph-ისა და Independent-ის მიერ საქართველოზე დაწერილ გამოხმაურებებს.
Guardian-ის მიერ მატჩისადმი მიძღვნილი სტატია ასეა დასათაურებული: “ესპანეთი ადრეული შოკიდან გამოდის, საქართველოს ადვილად ამარცხებს და გერმანიასთან შეხვედრას ნიშნავს”. მიუხედავად ამ სათაურისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან თამაში ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებისთვის “მარტივი” სულაც არ ყოფილა. პუბლიკაციაში ვკითხულობთ:"ესპანეთი გერმანიას შეხვდება. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. ტურნირის მასპინძელი და საუკეთესო გუნდი ერთმანეთს შტუტგარტში, ნახევარფინალში გასასვლელად შეხვდებიან, მას შემდეგ, რაც "სელესიონმა" საქართველოს წინააღმდეგ 33 დარტყმა განახორციელა და ოთხი გოლი გაიტანა. თუმცა "ადვილად" გასვლა შეიძლება ზუსტი სიტყვა სულაც არ იყოს.
ესპანელები კვლავ შთამბეჭდავები იყვნენ გამარჯვების გზაზე. ხარისხის, კონტროლისა და სისწრაფის მშვენიერმა კომბინაციამ მათი ფავორიტების სტატუსი დაადასტურა, მაგრამ ეს ოდნავ უფრო მარტივად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეში იყო - თუნდაც იმიტომ, რომ ესპანეთმა პირველად გაუშვა გოლი და საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რომ მათთან თანაბრად ეთამაშა.
საბოლოოდ, საქართველო ვერ შეედრებოდა გუნდს, რომელსაც როდრი დირიჟორობდა და რომელსაც ჰყავდა ლამინ იამალი და უილიამსი, რომლებიც დაცვას არღვევდნენ. ახლა ისმის კითხვა, შეედრება თუ არა მათ ვინმე სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა გასვლა დაიმსახურა, და განსაკუთრებით, ლამინ იამალს ალბათ შეეძლო, კიდევ ერთი-ორი გოლი გაეტანა, მეოთხე გოლი დებიუტანტებისთვის ცოტა სასტიკი აღმოჩნდა - ისინი სახლში 3.7 მილიონ ადამიანთან ბრუნდებიან, რომლებიც მათ, სრულიად სამართლიანად, გმირებად მიიღებენ.
ტურნირზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდის (მსოფლიოში 74-ე, ევროპაში კი 0 35-ე), საქართველოს გამოვარდნა გასაკვირი არაა. სიურპრიზია ის, თუ რამდენად მოგვენატრებიან ისინი. შვიდი ბანერი იყო გაჭიმული ტრიბუნაზე, რომლებზეც დიდი წითელი ასოებით ეწერა სიტყვა: "გჯეროდეს". გარკვეული დროის განმავლობაში, მათ მართლაც სჯეროდათ. გიორგი ქოჩორაშვილმა უკვე აღწერა ეს როგორც "ლამაზი, დაუჯერებელი ფილმი", და ეს იყო მანამდე, სანამ საქართველო მე-18 წუთზე პირველ გოლს გაიტანდა. ისინი რეალურად 75-ე წუთამდე არ დაცემულან, და ესეც კი მაშინ მოხდა, როცა თამაშში დაბრუნების გზას ეძებდნენ, თამაშში, რომელშიც დანებებაზეც უარ ამბობდნენ.
საქართველოს ასპარეზობა შეიძლება დასრულდა, მაგრამ რა კამპანია იყო ეს ყველაფერი. პორტუგალიაზე გამარჯვება სამუდამოდ დარჩება მათი ფეხბურთის ისტორიაში. და ესპანეთის წინააღმდეგ წინ გასვლამ შექმნა მთელი ის დრამა, რაც ამ მატჩს სჭირდებოდა”, - ვკითხულობთ გამოცემის შეფასებას.
თამაშს სტატია მიუძღვნა BBC-მაც. მათი სტატიის სათაური ასე ჟღერს: “ესპანეთმა საქართველოსთან ადრეული შოკის გადატანის შემდეგ მარტივად გამარჯვებით, ევრო 2024-ის მასპინძელ გერმანიასთან ბლოკბასტერული მეოთხედფინალური მატჩი დანიშნა”. Guardian-ის მსგავსად, სტატიაში საქართველოს ცალკე შეფასება ეძღვნება, რომელიც ასევე დადებითად აფასებს ეროვნული ნაკრების ასპარეზობას.“თავის პირველ დიდ ტურნირზე მოთამაშე საქართველოს თავიდანვე მოუწია ესპანეთის მძიმე ზეწოლის ატანა, მაგრამ კიოლნის სტადიონზე მაყურებლები გააოცა, როდესაც მე-18 წუთზე მოულოდნელად დაწინაურდა.
ამან საქართველოს თავდაჯერება შემატა, მაგრამ ესპანეთის ზეწოლამ საბოლოოდ გაამართლა, როდესაც “მანჩესტერ სიტის” როდრიმ ბურთი კარის ქვედა კუთხეში გაუშვა - და ამით მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დაამარცხა, რომელმაც მთლიანობაში კიდევ ერთი გამორჩეული თამაში აჩვენა.