რატომ ბომბავს პუტინი რუსულ ქალაქებს?! - ფაქტები, რომლებსაც კრემლი მალავს: ბომბები ფრთების გარეშე - კვირის პალიტრა

რატომ ბომბავს პუტინი რუსულ ქალაქებს?! - ფაქტები, რომლებსაც კრემლი მალავს: ბომბები ფრთების გარეშე

უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამერიკულ გამოცემა Philadelphia Inquirer -თან ინტერვიუში აღიარებს, რომ დღეს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით (УМПК) აღჭურვილი სხვადასხვა კალიბრის საავიაციო ბომბების მასობრივი გამოყენება წარმოადგენს.

"მარტო ბოლო კვირას 800-ზე მეტი ასეთი კორექტირებადი ბომბი გვესროლეს, თვეში მათი რაოდენობა სამი ათასამდეც კი ადის, მათ ჩამოსაგდებად ამდენი „პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტა ჩვენ კი არა, მთლიანად ნატოსაც არ მოეპოვება, ამიტომაც სასწრაფოდ საჭიროა, ვაშინგტონმა გაგვიუქმოს აკრძალვა 300 კმ-ზე მოქმედი ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იმ სამხედრო აეროდრომებზე საჰაერო იერიშების მიტანაზე, საიდან აფრენილი რუსული თვითმფრინავებიც ასეთ კორექტირებად ბომბებს გვაყრიან", - აკონკრეტებს მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემას უკრაინის პრეზიდენტი...

1-aaa-1719836506.jpg
„პუტინის არწივების“ მიერ ჩამოგდებული პლანირებადი საავიაციო ბომბები... რუსულ ქალაქებშივე ვარდება…

ისე დაემთხვა, რომ ამ ბლოგის გუშინდელ სტატიაში - „თეთრი სახლი ისევ უკრძალავს კიევს ყველაზე „მსუყე“ რუსული სამიზნის დაბომბვას...“, სწორედ ამ თემას შევეხეთ და განვმარტეთ, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება დღეს უკრაინის სიახლოვეს მდებარე რუსულ სამხედრო აეროდრომებზე და, პირველ რიგში, ვორონეჟის ბალტიმორის საჰაერო ბაზაზე (საიდანაც აფრენილი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები ყოველდღიურად ბომბავენ უკრაინას) კასეტურქობინიანი ამერიკული აერობალისტიკური რაკეტებით შეტევას... დღევანდელ სტატიაში კი ამავე თემას გავაგრძელებთ, ოღონდ სხვა რაკურსით -უკრაინული ქალაქების დასაბომბად ჩამოგდებული რუსული პლანირებადი საავიაციო ბომბები რატომ ეცემა რუსულ ქალაქებშივე?

რუსი სამხედრო პროპაგანდისტებიც ვეღარ მალავენ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ბელგოროდის ოლქში ხუთი საავიაციო ბომბი აღმოაჩინეს და მათ შორის ის სამტონიანი ФАБ-3000-იც, რომლის მსგავსითაც უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ლიპცის საავადმყოფოს შენობა ააფეთქეს და ამის ამსახველი ვიდეოკადრებით ამაყობდნენ... (დაწვრილებით იხილეთ ამ ბლოგის 21 ივნისის სტატიაში - „ბარბაროსობა რუსულად: დაბომბილი საავადმყოფო - პირველად ომის მიმდინარეობისას რუსებმა 3-ტონიანი მართვადი ბომბი გამოიყენეს“). რუსული დასახლებული პუნქტიდან ექვს კმ-ში ჩამოვარდნილი სამტონიანი ბომბი აფეთქდა, სამაგიეროდ, 500 და 1 500 კგ კალიბრის აუფეთქებელი ბომბების გაუვნებელყოფა ისევ რუს გამნაღველებს მოუწიათ.

2-bombi-1719836455.png
პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულით (УМПК) აღჭურვილმა ამ, 250 კგ კალიბრის რუსულმა საავიაციო ბომბმა უკრაინულ ქალაქამდე ვერ მიაღწია და რუსულ სოფელთან ჩამოვარდა, მაგრამ არ აფეთქდა...

ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი რუს სამხედრო პროპაგანდიტებზე უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა და აცხადებს, რომ 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის აპრილის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც რუსეთის ავიაციამ უკრაინის წინააღმდეგ პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით (УМПК) აღჭურვილი სხვადასხვა კალიბრის საავიაციო ბომბებს მასობრივი გამოყენება დაიწყო, უშუალოდ საზღვრისპირა ბელგოროდის ოლქის რუსული ქალაქებისა და სოფლების სიახლოვეს ან უშუალოდ მათ ქუჩებში, არანაკლებ 38 ასეთი საავიაციო ბომბი ჩამოვარდა, რომელთა ნაწილიც აფეთქდა...

რუსული ქალაქების რუსულივე ბომბებით დაბომბვის თაობაზე ამ ბლოგშიც ვწერდით, 2023 წლის 21 აპრილის სტატიაში - „რუსულმა ბომბდამშენმა რუსული ქალაქი დაბომბა...“ და 2024 წლის 12 მაისის სტატიაში - „რამ ააფეთქა საცხოვრებელი კორპუსი ბელგოროდში - უკრაინულმა რაკეტამ თუ... მართვადაკარგულმა რუსულმა საავიაციო ბომბმა?“ რეალურად იმის შემთხვევები, რომ რუსული ბომბები რუსეთის ტერიტორიაზევე, ასევე - რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე უვარდებათ რუსულ ბომბდამშენებს, ბევრად მეტი იქნება, უბრალოდ, ეს ფაქტები განსაკუთრებულად იმალება და მხოლოდ მას შემდეგ ხდება ცნობილი, თუკი ასეთი „დაკარგული“ ბომბები უშუალოდ რუსული ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში ვარდება და არ ფეთქდება, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა მათ ვიდეოგადაღებას და ინტერნეტსივრცეში გავრცელებას ასწრებს, რაც აადვილებს ამ ბომბების იდენტიფიცირებას და იმის დადგენას, რომ რუსული ბომბდამშენიდანაა ჩამოგდებული.

იმ შემთხვევაში, როდესაც ასე „დაკარგული“ საავიაციო ბომბის აფეთქება ხდება, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ეს უკრაინის მხრიდან სარაკეტო დაბომბვას დააბრალოს, როგორც ეს 12 მაისს, ბელგოროდის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მთელი სადარბაზოს სექციის ჩამოშლის შემდეგ მოხდა -სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში მოჩანს, რომ აფეთქების ეპიცენტრი კორპუსის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობდა, რასაც ვერანაირად ვერ გამოიწვევდა სამხრეთის, უკრაინის მხრიდან გაშვებული რაკეტა...

3-bombii-1719836403.jpg
რუსი პილოტების მიერ „დაკარგული“ კიდევ ერთი, ნახევარტონიანი პლანირებადი საავიაციო ბომბი კი ბელგოროდის ქუჩაში აფეთქდა და მერე - როგორ...

ის, რომ რუსი მფრინავები ბომბებს რუსულივე ქალაქების თავზე „კარგავენ“, ძირითადად, ორი მიზეზითაა გამოწვეული.

პირველი - უკრაინის შორსმოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემების, პირველ რიგში კი - „მოხეტიალე „პეტრიოტის“ შიშით, რუსული ბომბდამშენების ეკიპაჟები 40-50 კმ-ზე ახლოს არ უახლოვდებიან უკრაინის საზღვარს ან ფრონტის ხაზს და ისე აგდებენ პლანირებად ბომბებს, რომელთა ფრენის მარშრუტი გადადის რუსული ქალაქებისა და სოფლების თავზე.

მეორე - პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით (УМПК) სხვადასხვა კალიბრის საავიაციო ბომბების მასობრივი აღჭურვა რუსმა კონსტრუქტორებმა მხოლოდ წელიწად-ნახევრის წინ დაიწყეს, შესაბამისად, ბევრი ტექნიკური ხარვეზიც გაეპარათ, რის გამოც თვითმფრინავებიდან ჩამოგდებულ ამ ბომბებს არ ეხსნებათ (ან ნაწილობრივ ეხსნებათ) პლანირებადი ფრენის განსახორციელებლად საჭირო ფრთები, რის შემდეგადაც ისინი ისევ უმართავ საავიაციო ბომბებად (რაც იყვნენ მათზე ამ მოდულების დაყენებამდე) იქცევიან და ძირს ქვებივით ცვივიან...

4-bombi-1719836357.png
რუსული საფრონტო ბომბდამშენის პილონებიდან მორიგი პლანირებადი საავიაციო ბომბები „ჩამოდის“, მაგრამ გარანტიას ვერავინ იძლევა, რომ ისინი უკრაინის ხარკოვის ნაცვლად, ისევ რუსეთის ბელგოროდის ქუჩებში არ აფეთქდებიან...

მესამე - რამდენიმე ათეულ კმ-ზე პლანირების შემდეგ ეს ბომბები მიზანს 10-20 მ-ის სიზუსტით უნდა მოხვდნენ, რასაც ამერიკული GPS-ის ან რუსული ГЛОНАСС-ის გლობალური თანამგზავრული სანავიგაციო სისტემა უზრუნველყოფს - ამ სისტემების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც (რაც შეიძლება განაპირობოს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა, მათ შორის - შემთხვევით იმ რუსულმა დანადგარებმაც, რომლებიც საზღვრის გასწვრივ მოქმედებენ უკრაინული კამიკაძე-დრონების მართვის სისტემების მწყობრიდან გამოსაყვანად), ასევე, გარდაუვალი ხდება მიზნიდან აცილება, მათ შორის - რუსეთის ტერიტორიაზევე დაცემაც...

მიუხედავად ყოველივე ამისა, რუსული პლანირებადი და კორექტირებადი საავიაციო ბომბები უკრიანელების, როგორც სამხედროების, ისე - მოქალაქეების მთავარ საფრთხედ რჩება, რისი განეიტრალების გზების ძებნა უკრაინასა და ნატოს ერთობლივი ძალებით სასწრაფოდ მოუწევთ...