"ევროპაზე ყველა თამაშზე გოლი შევაგდეთ...გოლი ბოლო წუთზეც გამიტანია, მაგრამ ასეთი ბედნიერი წუთები, ნამდვილად არასდროს მქონია" - კვირის პალიტრა

"ევროპაზე ყველა თამაშზე გოლი შევაგდეთ...გოლი ბოლო წუთზეც გამიტანია, მაგრამ ასეთი ბედნიერი წუთები, ნამდვილად არასდროს მქონია"

შედეგი იყო არაჩვეულებრივი, ევროპაზეც გავედით და ყველა თამაშზე გოლი შევაგდეთ, ყველა თამაშზე განსაკუთრებული მომენტები გვქონდა , - ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა, აჩი არველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი განაცხადა.

აჩი არველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულმა წარმატების შედეგად მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც ძალიან გაიზარდნენ.

„მწვრთნელებიც გაიზარდნენ, ჩვენმა ფეხბურთელებმაც მიიღეს გამოცდილება. საბოლოო ჯაში მაყურებელმაც, გულშემატკივარმაც. აღარ არიან აგრესიულები. აღარ არიან იმით დატვირთულები, რომ მაინც და მაინც ბევრი შეტევა უნდათ ან განსაკუთრებული რამის გაკეთება, თუ საბოლოო ჯამში შედეგს მივიღებთ. ჩვენ დაგვანახა ჩვენმა თამაშმა, რომ შესაძლებელია კარგად ვითამაშოთ. ხანდახან ცუდადაც ვითამაშოთ, მაგრამ რაღაც შედეგამდე მივიდეთ. ამას არ ჰქვია „რაღაც შედეგი“, ჩემი აზრით, შედეგი იყო არაჩვეულებრივი, ევროპაზეც გავედით და ყველა თამაშზე გოლი შევაგდეთ. ყველა თამაშზე განსაკუთრებული მომენტები გვქონდა. განსაკუთრებულად შეიძლება აღვნიშნო თურქეთთან შეხვედრა, 5-6 კარგი საგოლე მომენტი გვქონდა მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით. ჩეხეთთან ურთულეს თამაშზე ქულა ავიღეთ. და რა თქმა უნდა, პორტუგალია, რომელთანაც ფაქტობრივად უშეცდომოდ ვითამაშეთ დაცვაში და ყველა მნიშვნელოვანი შეტევა, რომელიც განვახორციელეთ, იყო სახიფათო“, - განაცხადა აჩი არველაძემ.

აჩი არველაძის თქმით, მიუხედავად ფეხბურთში მის მიერ მიღწეული წარმატებებისა, ასეთი ბედნიერი წუთები, როგორც მან გერმანიაში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობისას გაატარა არასოდეს ჰქონია.

„ძალიან ბევრი კარგი წუთები განმიცდია, როდესაც ვთამაშობდი. გოლი ბოლო წუთზეც გამიტანია და მნიშვნელოვანი გოლიც გამიტანია, ჩემს ძმებსაც გაუტანიათ და მათი სიხარულით მეც გამიხარია, მაგრამ ასეთ ბედნიერი წუთები, როგორც მე გერმანიაში გავატარე ჩემს შვილებთან ერთად, ნამდვილად არ მქონია. განსაკუთრებით მინდ აღვნიშნო პირველი გოლი თურქეთთან. მე თვითონ მქონდა სრულიად განსხვავებული შეგრძნება, ვითომ ცხოვრებაში გოლი არ გაგვეტანოს, სტადიონზე არ ვყოფილვარ, ამის მსგავსი რამ მე არასდროს დამმართვია და ასეთი რამ განმიცდია, რაც განვიცხადე თურქეთისთვის გატანილ პირველ გოლზე“, - განაცხადა აჩი არველაძემ.

"ინტერპრესნიუსი"