"კა-გე-ბეს" სრულიად საიდუმლო დოკუმენტები":   ინდოეთის "რკინის ლედი", მეტსახელად "ვანო" - რატომ უწოდეს ინდირა განდის ქართული მეტსახელი?! - კვირის პალიტრა

"კა-გე-ბეს" სრულიად საიდუმლო დოკუმენტები":   ინდოეთის "რკინის ლედი", მეტსახელად "ვანო" - რატომ უწოდეს ინდირა განდის ქართული მეტსახელი?!

"კა-გე-ბეს" სრულიად საიდუმლო საარქივო დოკუმენტებში ინდოეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ინდირა განდი „ვანოდ“ მოიხსენიება: რატომ მაინც და მაინც „ვანო“? ჩემი აზრით ინდირა განდის ოპერატიული ფსევდონიმი საბჭოთა უშიშროების თანამშრომლის ივანე აღაიანცის (1911–1968) სახელის ქართული შემოკლებული ვარიანტიდან – „ვანო“ წარმოსდგა. ივანეს უფროსი ძმა, თბილისში დაბადებული მიხეილ აღაიანცი (1906–1959), 21 წლის იყო, როცა „ჩეკისტი“ გახდა, მუშაობდა მოსკოვში – ცენტრალურ აპარატში, ხოლო 1954–1959 წლებში სომხეთის

blogi-1719901873.jpg

ივანე აღაიანცი

სსრ "კა-გე-ბეს" თავმჯდომარის მოადგილე იყო. მის გზას გაჰყვა უმცროსი ძმაც: ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30 იანი წლების ბოლოდან ივანე აღაიანცი აქტიურად იყო ჩართული საბჭოთა დაზვერვის ოპერაციებში საფრანგეთსა და ირანში. იმ პერიოდში ძმები აღაიანცები ლავრენტი ბერიას მფარველობის ქვეშ იყვნენ.

1950 იანი წლების დასაწყისიდან ივანე აღაიანცს მაღალი თანამდებობები ეკავა "კა-გე-ბე" ს საგარეო დაზვერვის მთავარ სამმართველოში. პირველად ამ სტრუქტურაში დაიწყეს ინდირა განდის ოპერატიული დამუშავება და არაა გამორიცხული, რომ ინდოეთის მომავალი პრემიერ–მინისტრის „ნათლია“ სწორედ ივანე აღაიანცი იყო. 1959 –1967 წლებში ივანე აღაიანცი ხელმძღვანელობდა საბჭოთა დეზინფორმაციულ სპეცოპერაციებს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ინდოეთშიც.

საუკუნეების მანძილზე ინდოეთი შორეულ და საოცრებათა ქვეყანად ითვლებოდა. საბჭოთა პროპაგანდა ინდოეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკას ყოველთვის დადებით კონტექსტში განიხილავდა: იმიტომ, რომ ეს ქვეყანა მოსკოვის ერთგული მეკავშირე იყო ჩინეთთან და „დასავლეთთან“ დაპირისპირების ფრონტზე. სწორედ საბჭოთა სპეცსამსახურების მიერაა შექმნილი ინდირა განდის: „ინდოეთის ერთგული შვილის“ , „გენიალური პოლიტიკოსის“ და „განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიული რეფორმების მაგალითის“,– ლეგენდა.

საინტერესოა მართლაც ასე იყო ინდირა განდი?

საბჭოთა კავშირი და ინდოეთი განსაკუთრებით დაახლოვდნენ 1971 წელს. მაშინ ინდოელები ემზადებოდნენ პაკისტანთან ომისთვის და საბჭოთა კავშირისგან ითხოვდნენ იარაღის სასწრაფო მიწოდებას. მოსკოვი წინააღმდეგი არ იყო, თუმცა სურდა ინდირა განდი უფრო კარგად გაეხვია „ერთგულების ბადეში“. ამიტომაც იყო, რომ ჯერ 1971 წლის 9 აგვისტოს ხელი მოეწერა „საბჭოთა-ინდოეთის მეგობრობისა და თანამშრომლობის“ ხელშეკრულებას და შემდეგ დაიწყო შეიარაღების მიწოდება. იარაღის სანაცვლოდ საბჭოთა კავშირმა ინდოეთისგან მუდმივი და განუხრელი პოლიტიკური მხარდაჭერის ვალდებულება მიიღო.

blogi-1-1719901909.jpg

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გრომიკო და მისი ინდოელი კოლეგა სინგჰი. ინდოეთი, დელი, 1971 წლის 9 აგვისტო.

პოლიტიკურად შეგულიანებული და საბჭოთა სამხედრო ტექნიკით აღჭურვილი (სხვა შემთხვევაში ის ომს ვერ დაიწყებდა) ინდოეთის არმია 1971 წლის 2 დეკემბერს შეიჭრა პაკისტანში (რომელსაც ჩინეთისა და აშშ–ის მხარდაჭერის იმედი ტყუილად ჰქონდა) და ამ ქვეყნებს შორის რიგით მესამე ომი დაიწყო. პაკისტანზე თავდასხმის საბაბად გამოყენებული იქნა საბჭოთა დაზვერვის მიერ შედგენილი „პაკისტანის კუთვნილი ორი თვითმფრინავის მიერ ინდოეთის სამხედრო ბაზის დაბომბვის“ დეზინფორმაციული ოპერაცია. ხანმოკლე ბრძოლების შედეგად პაკისტანმა მძიმე მარცხი განიცადა და 16 დეკემბერს აღმოსავლეთ პაკისტანი (შემდგომში ბანგლადეში) დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. საბჭოთა კავშირის და ინდოეთის მიზანი მიღწეული იყო. თუმცა ამ ომმა გააუარესა ინდოეთის ისედაც მძიმე სოციალ–ეკონომიკური მდგომარეობა და გამოიწვია არეულობები ქვეყანაში. ამ ვითარებაში საბჭოთა სპეცსამსახურების პრიორიტეტული ამოცანა გახდა მმართველი პარტიისა ( „ინდოეთის ეროვნული კონგრესი“) და თავად პრემიერ–მინისტრ ინდირა განდის პოლიტიკური პოზიციების გამყარება. ამასთან ერთად, საბჭოთა დაზვერვა ცდილობდა ის მუდმივ დაძაბულობაში ჰყოლოდა: ქმნიდა და ავრცელებდა დეზინფორმაციულ დოკუმენტებს ინდირა განდის პოლიტიკური ოპონენტების აშშ–ის დაზვერვასთან კავშირისა და მოსალოდნელი „რევოლუციისა“ და „სახელმწიფო გადატრიალების“ შესახებ. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული "კა-გე-ბეს" მრავალწლიანი დეზინფორმაციული ღონისძიებები მიმართული იყო ინდოეთის პოლიტიკური წრეების და მოსახლეობის დასარწმუნებლად აშშ-ს “ვერაგულ” გეგმებში, რომლებიც ვითომდა ინდოეთის დაშლას ითვალისწინებდა. 1972 წლის სექტემბერში, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ინდოეთის პრეზიდენტმა ს. შარმამ საჯაროდ დაადანაშაულა ამერიკა ინდოეთში არეულობის ორგანიზებაში, ინდოეთსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობების დაძაბვაში, ოპოზიციის დაფინანსებაში და ა.შ.

blogi2-1719901984.jpg

საბჭოთა ტ–55 ტანკებით ინდოეთი პაკისტანს უტევს

ინდოეთის კონტრდაზვერვა, რომელიც თვალს ხუჭავდა საბჭოთა სპეცსამსახურების „ცელქობებზე“ , სამაგიეროდ არ ინდობდა „დასავლელ“ მზვერავებს და ხანდახან ე.წ. „სოციალისტური ბანაკის“ სპეცსამსახურების თანამშრომლებსაც. 1970 იანი წლების დასაწყისში ინდოეთის კონტრდაზვერვამ რუმინელი „დიპლომატი“ (რეალურად მზვერავი) იმ მომენტში დააკავა, როდესაც მან ადგილობრივი ჟურნალისტისგან ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები მიიღო და სანაცვლოდ ერთი ყუთი შოტლანდიური ვისკი გადასცა. ამ შემთხვევას დიდი დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა ინდოეთსა და რუმინეთს შორის: „დიპლომატი“ ინდოეთიდან პრესის დიდი „ხმაური“ ფონზე გააძევეს. "კა–გე–ბე" კმაყოფილი იყო: კონკურენტიც მოიცილა (უკვე მაშინ სერიოზული დაძაბულობა იყო საბჭოთა და რუმინულ სპეცსამსახურებს შორის) და რუმინეთის „მეტიჩარა“ ლიდერს, ნიკოლაი ჩაუშესკუს, რომელიც თავად ლეონიდ ბრეჟნევს „ეტოლებოდა“, საერთაშორისო სკანდალი აუგორა.

blogi-3-1719901964.jpg

დავუბრუნდეთ საბჭოთა მითებს ინდირა განდის შესახებ: სინამდვილეში ის იყო ძალზე ეჭვიანი და ხისტი ხელმძღვანელი, რომელიც უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა, როგორც საკუთარ პარტიაში, ასევე მთავრობაშიც. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იცილებდა მათ, ვინც ამოწურა სარგებლიანობა ან ვის ერთგულებაშიც ეჭვი ეპარებოდა. პრემიერ–მინისტრობის პირველი ხუთი წლის განმავლობაში (1966 – 1971 წლები) ინდირა განდიმ დაამყარა სრული კონტროლი სახელმწიფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სასამართლო სისტემაზე: მთავრობის წევრები მხოლოდ მისი პარტიის წევრები იყვნენ; მმართველ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ჰქონდა; უსაფრთხოებისსამართალდამცავ სტრუქტურებს თავად ინდირა განდი აკონტროლებდა, მან პარტიიდან მოიცილა ის წევრები, რომლევიც უსიტყვოდ არ უჭერდნენ მხარს მის პოლიტიკას და ა.შ.

ბუნებრივია არავინ უკარგავს ინდირა განდის იმ დამსახურებას, რაც მას ინდოეთის წინაშე მიუძღვის… თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, წარმატებებს აუცილებლად მოჰყვება „თავბრუსხვევა წარმატებებისგან“, ამგვარად დაემართა ინდირა განდისაც.

1975 წლისთვის პრემიერ მინისტრ ინდირა განდის მთავრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. გვალვის გამო გაიზარდა ფასები სურსათზე, მსოფლიოში არსებულმა ენერგეტიკულმა კრიზისმა გამოიწვია იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა და დაიწყო ინფლაცია. ამ ყველაფერს დაერთო შიდა ოილიტიკური კრიზისიც. 1971 წელს, სერიოზული დარღვევებით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ინდირა განდის პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა ოპოზიციამ შედეგები გაასაჩივრა და ოთხი წლის შემდეგ (!!!) ინდოეთის ერთ–ერთი შტატის სასამართლომ ინდირა განდი დაადანაშაულა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში (კერძოდ კი ამომრჩევლების მოსყიდვაში და სხვა კორუფციულ გარიგებებში) და მისი პრემიერ–მინისტრის პოსტიდან გადადგომა მოითხოვა. თან მისთვის პოლიტიკური საქმიანობის ექვსი წლის ვადით შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო. ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება (პრემიერ–მინისტრის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნა) ძალაში დატოვა.

„ინდოეთის ეროვნული კონგრესის” მთავრობის პოპულარობა დღითი დღე ეცემოდა, ინდირა განდის გადადგომის მოთხოვნით ქვეყანაში მიტინგები და გაფიცვები არ ცხრებოდა. მისი პოლიტიკური ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში სახეზე იყო პრემიერ–მინისტრის უმცროსი ვაჟის, სანჯაი განდის არაფორმალური მმართველობა და ინდოეთში ერთი ოჯახის დიქტატურა მყარდებაო.

ინდირა განდის მოთმინება ამოეწურა და 1975 წლის 25 ივნისს ინდოეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ოპოზიციონერები სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს და 140 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. დაიხურა ყველა ოპოზიციური გაზეთი. ორჯერ გადაიდო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მანამდე მსოფლიოში მოსახლეობით ყველაზე დიდი დემოკრატიული ქვეყანა ავტორიტარული მმართველობისკენ მიექანებოდა.

ამ პოლიტიკურ ორომტრიალში განსაკუთრებით საინტერესო, ინდირა განდის უმცროსი ვაჟის, “ინდოეთის პრინცად“ წოდებული, 29 წლის სანჯაი განდის პიროვნება იყო.

(მეოთხე ნაწილის დასასრული)