"მამარდიას ვეძახდი, მეგრული სისხლი უნდა გადმოგისხა-მეთქი, ვეხუმრებოდი. მორცხვი, თავმდაბალი ბიჭი იყო, შრომით ყველაფერი გამოუვიდა" - რას ჰყვება მამარდაზე მისი მწვრთნელი აშშ-დან - კვირის პალიტრა

"მამარდიას ვეძახდი, მეგრული სისხლი უნდა გადმოგისხა-მეთქი, ვეხუმრებოდი. მორცხვი, თავმდაბალი ბიჭი იყო, შრომით ყველაფერი გამოუვიდა" - რას ჰყვება მამარდაზე მისი მწვრთნელი აშშ-დან

"გიორგი მამარდაშვილი საქართველოს სახეა. მან ფეხბურთში სრულყოფილი განათლება მიიღო და ახალი სამყარო შექმნა"

საქართველოს ნაკრების ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეკარის გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელს ზურაბ­ ქვაჩახიას აშშ-ში დავუკავშირდით მისი მოსწავლის წარმატებაზე, მისი საქმიანობისა და ნაკრების სხვა ფეხბურთელების შესახებ სასაუბროდ:

- აშშ-ში ორი წელია ჩამოვედი, ნიუ-იორკში ვცხოვრობ და აქაც სპორტულ საქმიანობას ვეწევი - ბავშვებს ვავარჯიშებ. იმედი მაქვს, ამ მიმართულებას გავაგრძელებ.

- რამ განაპირობა აშშ-ში გამგზავრება, ოჯახთან ერთად ხართ?

- აქ ბავშვობის სიყვარულმა წამომიყვანა, შევქმენი ოჯახი - ეკატერინე ათანე­ლიშვილი ჩემი ცხოვრების აზრია, აქ უღელს ერთად ვეწევით. ჩემი შვილები პირველი ქორწინებიდან, ლიზი და ბარბარე ქვაჩახიები, თბილისში ცხოვრობენ.

ძალიან რთულია, როცა უცხო ქვე­ყანაში,­ უცხო ქალაქში ჩამოდიხარ და უცხო კულტურის ხალხთან გიწევს ცხოვრება. ძნელია იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე შეგიძლია, ბევრი უნდა იშრომო თავის დასამკვიდრებლად. ახალმა გარემომაც უნდა მიგიღოს. აქ არავინ გიცნობს შენი პროფესიით და სხვა პროფესიების დაუფლება გიწევს, რომ თავი გადაირჩინო, შემოსავალი გქონდეს. როგორც აღვნიშნე, მოსწავლეები მყავს, ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე, გიორგი ლორთქიფანიძე, ამერიკულ ფეხბურთს თამაშობს და ვეხმარები, რომ დაიმკვიდროს ამ სპორტში თავი, ჯანმრთელი და მოძრავი იყოს. მეორე მოსწავლე UFC-ში ასპარეზობს. ისევე, როგორც საქართველოში, აქაც არის სპორტული მოედნები, ძალიან კეთილმოწყობილი, სადაც ყველას შეუძლია უფასოდ ივარჯიშოს, თვითგანვითარებისთვის გამოიყენოს.

- თქვენ თუ ვარჯიშობთ?

- აბსოლუტურად ყოველდღე, დილის 5 საათიდან. მე თუ ფორმაში არ ვიქნები, სხვასაც ვერ ვასწავლი, ფიზიკურად უნდა შეგეძლოს იმის ჩვენება, რასაც თეორიულად გადასცემ. ასეთი თეორია მაქვს - მოძრაობა მოძრაობისთვის, რაც საქართველოში დინამო-თბილისის აკადემიაში დავნერგე. სხეულის სრულყოფილად ფლობა ნებისმიერი სპორტის სახეობისთვის, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის გამოსადეგია. სპეციალური ვარჯიშებია.

- თქვენ რა ასაკში დაიწყეთ სპორტული­ ცხოვრება?

- მე სოხუმელი ვარ, იქ სახლი, ჩემი კუთხე დავკარგე, ჩემი გარემო, სადაც ბავშვობა გავატარე. 20 წლამდე სოხუმში გავიზარდე და წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ჩემთვის. ცხოვრებას მაშინ ვიწყებდი... თავიდან ჭიდაობაზე დავდიოდი, 15 წლამდე, აფხაზეთის ორგზის ჩემპიონი ვარ, 16 წლიდან კი ფეხბურთზე შევედი და 2007 წელს საქართველოს საუკეთესო მეკარე გავხდი. ჯერ სოხუმის "დინამო" იყო, მერე სოხუმის "ცხუმი" გახდა, მასში მოხვედრამდე ბოჯგუამ შექმნა ჩემი სამყარო. მერე იყვნენ სხვებიც, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. თბილისში რომ ჩამოვედი, მერე რუსეთში წავედი, იქ ვითამაშე, იქიდან უზბეკეთში და ბოლოს კვლავ საქართველოში დავბრუნდი და მასწავლებლად დავიწყე მუშაობა.

თუკი საქართველოში ვინმე მეკარეა, ყველა ოთარ გაბელიასგან იღებდა მაგალითს, მისგან სწავლობდა, მის ყველა თამაშს ვუყურებდით და მის რჩევებს ვითვალისწინებდით, მან მოგვცა მოტივაცია, თუ რატომ გვინდოდა მეკარეობა. ოთარს ძალიან ახლოს ვიცნობ, ჩემი უფროსი ძმაა და ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ჩემი უშუალო მწვრთნელი ნუგზარ ბოჯგუა იყო, მან მასწავლა ყველაფერი, რაც დღეს ვიცი, მაგრამ განვითარება მხოლოდ ერთი ადამიანის ნასწავლით ხომ არ ხდება. თუნდაც ავიღოთ გიორგი მამარდაშვილი, მას მხოლოდ მე კი არ ვასწავლიდი, ერთხანს ჩემთან ვარჯიშობდა, მერე - სხვა­სთან, აკადემიაშიც ისწავლა, საკუთარ თავზე იმუშავა და მოვიდა აქამდე.

- როგორ ფიზიკურ მომზადებას გადიოდნენ ბავშვები აკადემიაში?

- აკადემიის დაარსებიდან ბავშვებმა ძალიან საინტერესო გზა გაიარეს. მათგან დღეს ნაკრებში 9 ფეხბურთელია. განათლება ჩვენც მივიღეთ, სპეციალისტი ჩამოვიდა - ანდრეს კარასკო, და ჩამოიტანა განვითარების ახალი მიმართულება, რომელიც ჯერ აკადემიის მწვრთნელებმა გავიარეთ და შემდეგ ბავშვებს ვასწავლეთ.

ამას ჰქვია ევროპული დიდაქტიკა. ეს არის სწავლა, სწავლება და დასწავლა - ეს სამი ფაზა ყველამ უნდა გაიაროს. ევროპაში­ ამ სისტემით მიდიან, მასში შედის როგორც ფიზიკური მომზადება, ისე ფსიქოლოგიური და ა.შ. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი კარგი ბავშვი აღიზარდა და გზაზე დადგა. ეს ადვილი არ არის. აკადემიაში 60 თანამშრომელია და თითოეულ მათგანს უდიდესი შრომა აქვს გაწეული ამ ბავშვების აღზრდაში, უდიდესი მადლობა მათ, პრეზიდენტს, პედაგოგებს, ექიმებს, მზარეულებს, დამლაგებლებს. მამარდაშვილმა და ამ ბიჭებმა დიდი სკოლა გაიარეს აკადემიაში. თითოეულ ბავშვს 47 საგანში ვაფასებდით, სამ თვეში ერთხელ მშობლებს ვაწვდიდით ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდებოდა მათი შვილი.

მოგეხსენებათ, როცა ბავშვები სიმაღლეში უცბად იზრდებიან, გარკვეული ფიზიკური­ დარღვევები აქვთ. მაგალითად, მამარდაშვილს ხერხემლის პრობლემა ჰქონდა - სკოლიოზი, კიდურები კი - სუსტი და როცა მოვიდა, 11-12 წლისა, თავიდან მისი სხეული არ იყო მზად დიდი დატვირთვისთვის.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ლინკზე - რას ჰყვება მამარდაზე მისი მწვრთნელი აშშ-დან