"ჩემი ბებია-ბაბუა ქართველები იყვნენო, მითხრა... მედიკამენტებით სავსე პარკი გადმომცა: წლებია თურქებს ვეხმარები და დღეიდან ქართველებსაც დავეხმარებიო. ემოციებისგან ტირილი ამივარდა, თვითონაც ატირდა და მისი თანამშრომლებიც" - კვირის პალიტრა

"ჩემი ბებია-ბაბუა ქართველები იყვნენო, მითხრა... მედიკამენტებით სავსე პარკი გადმომცა: წლებია თურქებს ვეხმარები და დღეიდან ქართველებსაც დავეხმარებიო. ემოციებისგან ტირილი ამივარდა, თვითონაც ატირდა და მისი თანამშრომლებიც"

სუზი სოციალური ქსელის ერთ-ერთ კულინარიულ ჯგუფში აღმოვაჩინე. მადისაღმძვრელი კერძის ფოტოებს რეცეპტებით აქვეყნებდა და დავინტერესდი. მერე გარკვეული პერიოდი ვეღარ მივაკვლიე და მისი პირადი გვერდი მოვძებნე, გავიცანი და მინდა თქვენც გაგაცნოთ ქალბატონი, რომელიც უამრავ ადამიანს უსასყიდლოდ ეხმარება.

- მე გახლავართ სუსანა ნაჭყებია (ყველა სუზის მეძახის). დავიბადე და გავიზარდე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ზუმში. პროფესიით ისტორიკოსი ვარ. მყავს მეუღლე ემელიანე ბეჭვია და ქალიშვილი - ილონა. უკვე 11 წელია მეუღლესთან ერთად ვიმყოფები თურქეთში და ამ დროის განმავლობაში ჯერ ვერ მოვახერხე საქართველოში ჩასვლა, ვიზის გამო.

- სანამ ემიგრაციაში გაემგზავრებოდით აქ, სამშობლოში რას საქმიანობდით და როგორ დაიმკვიდრეთ თავი უცხოეთში?

- სანამ ემიგრაციაში წავიდოდი, მცირე ბიზნესი მქონდა. თურქეთში წამოსვლა ცოტა არ იყოს, რთული გადაწყვეტილება იყო ჩემთვის: უნდა დამეტოვებინა 13 წლის ქალიშვილი, ოჯახი, ნათესავები... მაგრამ გადავდგი ეს ნაბიჯი გარკვეული მიზეზების გამო. ზოგიერთი ქართველისგან მესმოდა, ცუდი ხალხია თურქებიო და ამის შიშიც მქონდა. საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა, არ არიან თურქები ცუდები. ჩამოსვლიდან ორ დღეში დავსაქმდი, ოფისში მივედი, სადაც ქართველი დამსაქმებელი დამხვდა. მათაც დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. ზოგი სულ არ მოგაქცევს ყურადღებას და ზოგი ზედ გადაგყვება. თავიდან ყველაზე ძნელი ის იყო, რომ ენა არ ვიცოდი. შედიხარ უცხო ოჯახში, მაგრამ ვერ საუბრობ. თუმცა, მე ყველანაირად გამიმართლა. ძალიან კარგი ბებია შემხვდა, ერთ თვეში კი თურქული ენა საკმაოდ კარგად ვისწავლე. ალბათ "გაჭირვება მანახვე და გაქცევას განახვებო" - მაგის შიშით. ვაითუ, რამე ვერ გავიგო და დავკარგო სამსახური-მეთქი. 9 თვე ვიმუშავე ერთ ოჯახში. ახლა უკვე 10 წელია, ერთსა და იმავე ოჯახში ვმუშაობ. საუკეთესო ხალხთან მოვხვდი. 2 წელი კარგად გამიცნეს და ერთ დღესაც მითხრეს, რომ მათი ოჯახის მეხუთე წევრი ვიყავი. დღეიდან ჩვენი ოჯახის უფროსი ქალიშვილი ხარ. რა უპირატესობაც ჩვენ გვაქვს ოჯახში, იგივე უპირატესობა გაქვს შენცო. ამასთან, არასდროს მიგრძნია თავი როგორც მოსამსახურეს. რომც დავტოვო ეს ოჯახი, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება, სანამ ამქვეყნად ვიქნებით. მათი შვილები საკუთარი შვილებივით მიყვარს. ჩემი ქალიშვილიც, როგორც საკუთარ სახლში, ისე ჩამოდის ჩემთან დასასვენებლად. როგორც უკვე გითხარით, ჩემი ქალიშვილი 13 წლის ასაკში დავტოვე და იმის შიში არასდროს გამჩენია, რომ მას რამე დააკლდებოდა, მის გაზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს დედამთილს ლუსია ბეჭვაიას, ძალიან მადლიერი ვარ მისი და მინდა დიდხანს იყოს ჩვენთან ერთად.

- მე სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში გაგიცანით, სადაც მადისაღმძვრელი კერძების ფოტოებს აქვეყნებდით რეცეპტებით. მაშინ გავიგე, რომ სტამბოლში ცხოვრობდით...

- სოციალურ ქსელებში წლების წინ არ ვიყავი იმდენად აქტიური, როგორც კორონას დროს. მსოფლიო რომ ჩაიკეტა, მაშინ გაიხსნა ჯგუფი "გურმანოზავრები". ვამზადებდი კერძს, ვუღებდი ფოტოს და ვდებდი ჯგუფში. მახსოვს, ზოგს ფოტო არ მოსწონდა. გაბრაზება არ ვიცი, მაგრამ ზოგჯერ ვბრაზდებოდი, განათება რაში სჭირდებათ, როდესაც რეცეპტს გარკვევით ვწერ-მეთქი. ასე ნელ-ნელა გამიცნეს ქართველებმა. ჯგუფის ადმინები სულ მეუბნებოდნენ, არ დანებდეო და სიმართლე გითხრათ, მათი და ჯგუფის ყველა წევრის დახმარებით უფრო და უფრო დავიხვეწე. მიხაროდა, ჩემ მიერ მომზადებულ კერძს, ჩემი რეცეპტით ჯგუფის სხვა წევრები რომ ამზადებდნენ. მერე ვიდეოს გადაღება დავიწყე. სტამბოლში რომ ჩამოვედი, არაფერი მეგემრიელებოდა, სულ ვეძებდი ჩემს ქართულ გემოებს. თან სურვილი მქონდა, თურქებისთვის ჩვენი სამზარეულო გამეცნო. ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემი ჰობი კულინარია იყო, მაგრამ ჩემს დროს ეს სფერო ასე განვითარებული არ ყოფილა, როგორც ახლა. მერე, უკვე წლები რომ გავიდა, კი მომეწონა ამათი კერძებიც. ძალიან ბევრი დასახელების კერძი აქვთ, განსაკუთრებული საუზმე.

- ერთ-ერთ კულინარიულ შოუში კონკურსანტს გულშემატკივრობდით, თავად არასდროს გაგჩენიათ მსგავს შოუში მონაწილეობის სურვილი?

- დიახ, თურქეთში არის მაღალრეიტინგული არხი "ტვ8". აქ გადის "მასტერშეფი". სულ ვუყურებდი და 4 წლის წინ ჩემი ყურადღება ერთმა თავსაფრიანმა ქალბატონმა მიიქცია, რომელიც ჩერქეზი - ესრა ტოკელი აღმოჩნდა. თურქულ "მასტერშეფს" ცოტა განსხვავებული პლატფორმა აქვს და ესრამ პროექტი ძალიან ადრე დატოვა. თუმცა, არა ჟიურის, არამედ მონაწილეების გადაწყვეტილებით, ესრას გამარჯვების გარეშე შეფის წოდება მისცეს. ცდა ბედის მონახევრეაო და ერთ დღესაც მესიჯი მივწერე, რომ მისი ფანი ვიყავი, მისი წასვლით ძალიან დამწყდა გული და ისიც მივწერე, რომ ქართველი ვიყავი. პასუხი რომ მომწერა, სიხარულისგან ვყვიროდი, თვალებს ვერ ვუჯერებდი. გაგრძელდა ეს მიმოწერა და ერთ დღესაც სტამბოლში, თავის რესტორანში დამპატიჟა. ძალიან ვნერვიულობდი და ჩემს მეგობარს, ჩემს უძვირფასეს მიმოზა შენგელიას ვთხოვე გაყოლა. ესრამ ისე კარგად მიგვიღო, ორივე გაოცებულები დავრჩით, თავისი საავტორო კერძები გაგვასინჯა, მეც მოვამზადე ქართული კერძები და გავასინჯე. ძალიან მოეწონა. გავუმხილე, რომ მეც მინდოდა თურქულ "მასტერშეფში" მონაწილეობა. გაუხარდა, შეძლებო. წლებია კულინარიულ შოუში მონაწილეობის მისაღებად ვემზადები. მთელი გულით მინდა 84-მილიონიან ქვეყანაში ქართული კერძები წარვადგინო. სამივე ცნობილ შეფს უკვე შევხვდი, ჟიურის წევრებსაც. ასევე ბევრ ცნობილ თურქ შეფს. სხვათა შორის, 2023 წელს ესრამ "ვარსკვლავების მასტერშეფში" მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.

ჩემი ოცნება ცოტათი ავისრულე. თურქულ არხზე აზრა შავიშვილმა - ქართველმა ტელეწამყვანმა რამდენჯერმე მიმიწვია თავის საავტორო გადაცემაში, სადაც წარვადგინე ქართული, ტრადიციული კერძები. მაყურებელს ვასწავლე მათი მომზადება. მადლიერი ვარ აზრასი და წარმატებას ვუსურვებ... ჩემს ოჯახს ყველაზე მეტად მოსწონს ხინკალი, ხაჭაპური, ნიგვზიანი ბადრიჯანი, მეგრული აჯიკა და ჩემი ნამცხვრები.

- ფოტოების მიხედვით მივხვდი, რომ ქართული კულტურის საღამო გამართეთ. მომიყევით ამის შესახებ?

- დიახ, პირადად მე არ ვარ ორგანიზატორი, მაგრამ როდესაც ქართული ღონისძიება ტარდება, შეძლებისდაგვარად შემაქვს წვლილი. სტამბოლში ხშირად იმართება ხან საქველმოქმედო კონცერტი, ხან ქველმოქმედების გარეშე. პირველად, ვინც სტამბოლში ქართველები ჩამოიყვანა, მარი თაბორიძე იყო. ვეხმარებოდი ბილეთების გაყიდვაში, ინფორმაციის გავრცელებაში. აღებული თანხით ეხმარებოდნენ ქართველ ავადმყოფებს, რომლებიც სტამბოლის საავადმყოფოში იწვნენ. ასეთი საქმე რომ კეთდებოდა, მინდოდა, თურქებსაც გაეგოთ, თუ როგორ ერთ მუჭად ვიყავით ერი შეკრული. ამ პერიოდში ერთ გადაცემას ვუყურებდი და რამდენიმე მონაწილის ფანი ვიყავი. მაშინ პირველად ვცადე ცნობილი თურქისთვის მიმეწერა, რომ ვიყავი ქართველი, როგორ მიყვარდა და ვუყურებდი მის ყველა გადაცემას. გამზე ერდემ ხუთ წუთში მიპასუხა, ნომერიც მომცა და თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით. შანსი მომეცა, გამზე და მისი გადაცემის 4 მონაწილე კონცერტზე მომეწვია. არ მჯეროდა და რომ მოვიდნენ, სიხარულისგან არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ასეთი ნდობა რომ დავიმსახურე, მიხაროდა. ამათაც ჩემი მომზადებული კერძები გავასინჯე. ჩვენს მომღერლებზე, სიმღერებსა და ჩვენი ხალხის სითბოზე გაგიჟდნენ თურქები. მეორე დღეს მომივიდა შეტყობინება, - სუზი, ტელევიზორი ჩართე და დაელოდეო. ჩავრთე და შოკში ჩავვარდი. გადაცემაში, რომელსაც მილიონობით ნახვა აქვს, ჰყვებოდნენ ჩვენს საღამოზე, შეაქეს ჩვენი ქართველი ხალხი. ვტიროდი, არ მოველოდი, რომ გადაცემაში ამ თემაზე და ჩვენზე ილაპარაკებდნენ.

- ერთ-ერთ ფოტოზე კი გია ჯაჯანიძესთან ერთად ხართ...

- დიახ, გია ჯაჯანიძესთან 1 წლის წინ გვქონდა შეხვედრა, იზმირში. იგი ჩვენს ემიგრანტებს შეხვდა და თითოეულს გული გაუხარა. ბატონ გიას სოციალური ქსელის მეშვეობით ბევრი წელია ვიცნობ, ხშირად ვსაუბრობთ, ძალიან მიყვარს.

- ვიცი, რომ არ გიყვართ თქვენს კეთილ საქმეებზე ლაპარაკი, მაგრამ მინდა ჩვენს მკითხველს მოუყვეთ ერთ საოცარ ამბავს...

- მართალია, ადამიანი რომ სიკეთეს აკეთებს, მისი გამოჩენა არ არის საჭირო, მაგრამ ეს შემთხვევა ბევრმა უნდა იცოდეს. რაც მე საქართველო დავტოვე, მას მერე კიდევ უფრო გართულდა ცხოვრება. სულ მესმოდა, რომ მედიკამენტების საყიდელი ფული არ ჰქონდათ. ერთ დღესაც ნაცნობ აფთიაქართან მივედი და მოვუყევი, რომ ძალიან გართულდა ყველგან ცხოვრება და თუ ჩემს ქართველს მედიკამენტი დასჭირდებოდა, რომელიც საქართველოში ძვირი ღირდა, ფასდაკლებით თუ მომცემდა? არც დაფიქრებულა, ისე დამთანხმდა და თან მეუბნება, - შენ თუ იცი, რომ ჩემი ბებია-ბაბუა ქართველები იყვნენო. გაოცებისგან ვერაფერი ვუპასუხე. მეორე დღეს აფთიაქში დამიბარა, მედიკამენტებით სავსე ცელოფანის პარკი გადმომცა და მითხრა: წლებია თურქებს მედიკამენტებით ვეხმარები და დღეიდან ქართველ ხალხსაც დავეხმარებიო. როდესაც ემოციებისგან ტირილი ამივარდა, თვითონაც ატირდა და მისი თანამშრომლებიც. მას შემდეგ რეგულარულად მჩუქნის მედიკამენტებს და მეც ვაქვეყნებ სოციალურ ქსელებში, საქართველოში ვგზავნი. არიან კეთილშობილი ადამიანები, რომლებსაც უსასყიდლოდ მიაქვთ.

ყველა ქართველს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ასევე ჩვენს ემიგრანტებს გამძლეობას და მალე სამშობლოში დაბრუნებას.

რუსუდან გელაშვილი

ჟურნალი "გზა"