"მიზანი აღმოვაჩინე": ქართველი პილოტის უკანასკნელი სიტყვები - ქართული სუ-25-ის პირველი კატასტროფა: ფრენა მარადისობაში - კვირის პალიტრა

"მიზანი აღმოვაჩინე": ქართველი პილოტის უკანასკნელი სიტყვები - ქართული სუ-25-ის პირველი კატასტროფა: ფრენა მარადისობაში

„ 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლებისდროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25 კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას. თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს“, - 2 ივლისის საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს ძალზე სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა...

საავიაციო კატასტროფები ქართულ ცაში სამწუხაროდ, ადრეც მომხდარა. გავიხსენოთ თუნდაც 2022 წლის 29 ივლისს გუდაურში სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენის ჩამოვარდნა სამაშველოსამუშაოების შესრულების დროს, მაგრამ ქართული სუ-25 მოიერიშე თვითმფრინავი ავიაკატასტროფაში პირველად დავკარგეთ...

1-1-k-1-1719922384.png

აფხაზეთის ომის დროს რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივ სეპარატისტებთან ერთად, ექვსი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოგვიგდეს. სამოქალაქო ომის დროს კიდევ ერთი დავკარგეთ(შეიძლება მეორე სუ-25-იც დანარცხებოდა მიწას, მაგრამ საზენიტო რაკეტის მოხვედრისა და ცეცხლის გაჩენის მიუხედავად, მისმა გამოცდილმა მფრინავმა არ განახორციელა კატაპულტირება და მოიერიშე კოპიტნარის აეროდრომზე მაინც დასვა - ,გადაარჩინა).კახაბერ ზურაბაშვილი გამოცდილი მფრინავი გახლდათ და ის ხელმძღვანელობდა კიდეც ახალგაზრდა პილოტების გადამზადებას სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე.

2-k-1-1719922344.jpg
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დედაქალაქის თავზე ამ სუ-25-მაც გადაიფრინა...

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დედაქალაქს დაბალ სიმაღლეზე ქართულმა სუ-25-ებმა გადაუფრინეს, საქართველოს ეროვნული დროშის თეთრი და წითელი ფერის კვამლის ცაში გაფრქვევით...ამ თვითმფრინავებიდან ერთ-ერთს კახა ზურაბაშვილი მართავდა. ამ თვითმფრინავებს შორის, ერთ-ერთი ის სუ-25-იც იყო, რომელმაც დღეს კატასტროფა განიცადა..

.საგულისხმოა,რომ 2001 წლის 21 სექტემბერს დაახლოებით ამ რაიონში ასევე კატასტროფა განიცადა L-29 „დელფინის“ ტიპის რეაქტიულმა სასწავლო თვითმფრინავმა, რის შედეგაც დაიღუპა ქართველი სამხედრო მფრინავი კაპიტანი დავით ცხოვრებაძე. დღევანდელი ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზს ან მიზეზებს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი დაადგენს, რასაც დრო სჭირდება და წინასწარ რაიმე ვერსიების გამოთქმა არ იქნებოდა გამართლებული...ისე კი გამოცდილი ქართველი სამხედრო მფრინავის კახაბერ ზურაბაშვილის ბოლო სიტყვები, რომელიც რადიოეთერში გადასცა, ყოფილა: "მიზანია ღმოვაჩინე".

დიდი გულისტკივლით ვუთანაგრძნობთ ტრაგიკულად დაღუპული კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახს, მის ახლობლებსა და ყველა იმ პატრიოტს, რომელთათვისაც ქართველი შევარდნები საამაყო და მისაბაძს წარმოადგენენ...