შოკი, რომელიც მსოფლიოს ტრამპისგან ელოდება - როგორ შეიცვლება პლანეტაზე ძალთა ბალანსი დონალდის გაპრეზიდენტების შემთხვევაში?! - კვირის პალიტრა

შოკი, რომელიც მსოფლიოს ტრამპისგან ელოდება - როგორ შეიცვლება პლანეტაზე ძალთა ბალანსი დონალდის გაპრეზიდენტების შემთხვევაში?!

ამერიკულ ჟურნალ „ფორინ ეფეარსში“ (Foreign Affairs) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „ტრამპი - რეალისტი: ყოფილი პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ აშშ-ის ძლიერებას თავისი ზღვარი აქვს“ (ავტორები - ენდრიუ ბაიერსი, ტეხასის უნივერსიტეტის ალბრიტონის ცენტრის პროფესორი; რენდალ შველერი - ოჰაიოს უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია აშშ-ის საგარეო პოლიტიკა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში და 21-ე საუკუნეში - დონალდ ტრამპამდე, ტრამპის დროს და ტრამპის შემდეგ. მასალაში ასევე განხილულია ყოფილი პრეზიდენტის გეგმები, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, თუ მას კვლავ პრეზიდენტად აირჩევენ - ლოზუნგის ჩარჩოებში „დავუბრუნოთ ამერიკას დიდება“.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-მა უდიდესი და უკონტროლო ძალაუფლება მიიღო, კაცობრიობის ისტორიაში პირველად გახდა ისეთი სახელმწიფო, რომელსაც, პრაქტიკულად, კონკურენტები არ ჰყავდა. ამერიკა დომინირებდა მეზობლებზე, გავლენა ჰქონდა მსოფლიოს ყველა რეგიონში და უკვე 1992 წლისათვის დედამიწის ყველაზე უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა.

„ძალაუფლებით მთვრალი“ ვაშინგტონი, ბუნებრივია, აჰყვა ცდუნებას - გამოეყენებინა შექმნილი სიტუაცია თავისი გლობალური გავლენის კიდევ უფრო გასაფართოებლად. ამიტომაც ვაშინგტონმა დაიწყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და რუსეთის ინტერესების იგნორირება.

ვაშინგტონმა დაიჯერა, რომ მის მიერ ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგი ერთადერთი და ყველაზე სწორია. შესაბამისად, ამერიკელმა ჩინოვნიკებმა მიზნად დაისახეს, მსოფლიოში ისეთი ღირებულებები გაევრცელებინათ, როგორიც აშშ-ის ფასეულობებს შეესაბამებოდა. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების შუახანებამდე ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.

როცა ძალაუფლება მხოლოდ ერთი სახელმწიფო-ჰეგემონის ხელშია მოქცეული, ამ დროს დომინირებადი სუბიექტის ყველა წარმატებას თუ წარუმატებლობას სხვა დანარჩენებიც ჰარმონიულად იზიარებენ... მაგრამ იმის კვალობაზე, რომ როცა ჰეგემონის ბატონობა სუსტდება, ინტერესთა ჰარმონიაც ქრება. ვიღაც უკმაყოფილობას გამოხატავს თავისი მდგომარეობით, ვიღაცას პრეტენზიები უჩნდება არსებული წესებისა და ნორმების მიმართ. მალე თვით ჰეგემონიც გრძნობს დაუკმაყოფილებლობის გრძნობას, რადგან ამჩნევს - სხვები ეურჩებიან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მა, ნატოს ჩარჩოებში, ევროპის უსაფრთხოება და აღდგენა უზრუნველყო. თავის მხრივ, ევროპელი მოკავშირეები მხარს უჭერდნენ შეერთებულ შტატებს მოსკოვთან დაპირისპირებაში და ნებას აძლევდნენ ამერიკას, თავისი არმია ევროპის კონტინენტზე ჰყოლოდა.

მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვაშინგტონისთვის უკვე აღარ იყო საჭირო ნატოს ხარჯების 70%-ის საკუთარ თავზე აღება, მით უმეტეს, რომ ალიანსის არსებობა და მიზნები თანდათან მნიშვნელობას კარგავდა. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. ამ ფონზე გასაკვირი არაა, რომ ბევრი ამერიკელი ზურგს აქცევს პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ექსპანსიური საგარეო პოლიტიკის მომხრენი არიან და მხარს უჭერენ მათ, რომლებიც სამხედრო ხარჯების შემცირებას ქადაგებენ - მაგალითად, დონალდ ტრამპს.

დონალდ ტრამპი არ თვლის, რომ ამერიკამ თავისი ლიბერალური ფასეულობები ყველგან უნდა გაავრცელოს. იგი არც იმის მომხრე არაა, რომ პლანეტაზე მიმდინარე ყველა პროცესში ამერიკა უნდა ჩაერიოს. ამის ნაცვლად დონალდ ტრამპი გადაერთო მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში აშშ-ის გლობალური გავლენის აღდგენაზე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დონალდ ტრამპი რეალისტია და თუ იგი პრეზიდენტი გახდება, მისი ადმინისტრაცია ყველაზე თავშეკავებულ საგარეო პოლიტიკას გაატარებს აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში.

რესპუბლიკური პარტიის შიგნით დისკუსია მიმდინარეობს, საერთაშორისო ურთიერთობებში აშშ-ის როლსა და მნიშვნელობაზე, მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით. ისტებლიშმენტის ნაწილი მხარს უჭერს უკრაინისადმი აშშ-ის მასშტაბურ დახმარებას, რუსეთის შესაჩერებლად. მეორე მხრივ, დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები კიევისადმი დახმარების გაფართოების წინააღმდეგ გამოდიან - ისინი არ თვლიან, რომ პოლიტიკა გრანდიოზული იდეოლოგიური შეჯიბრების ადგილი უნდა იყოს.

ნეოკონსერვატორებისაგან განსხვავებით, ტრამპი და მისი თანამოაზრეები აცხადებენ, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა საკუთარი უსაფრთხოება დიდწილად თვითონვე უნდა უზრუნველყონ სათანადო დონეზე. საიდუმლო არაა, რომ რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ის კონგრესის ზედა პლატაში - სენატში ნეოკონსერვატორები (ანტიტრამპისტები) დომინირებენ, მაგრამ ტრამპის მომხრეები მათ სულ უფრო ავიწროვებენ. გარდა ამისა, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა იდეები სულ უფრო მეტ პოზიტიურ გამოძახილს ჰპოვებს ამერიკელ საზოგადოებაში. ამას საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებიც მოწმობს.

აშშ-ის საგარეოპოლიტიკური ელიტის უმეტესი წარმომადგენლისათვის იდეა, რომ ამერიკამ სხვების საქმეებში ჩარევა უნდა შეამციროს, საშინელებას ნიშნავს. მათ ცნობიერებაში აშშ-ის ძლიერება - ეს სწორედ სხვა ქვეყნებზე ზეწოლასა და მათ დაშინებაში გამოიხატება. მათ არ ესმით, რომ დონალდ ტრამპის პროგრამა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ სწორედ აშშ-ის გაძლიერებისაკენ ანუ გავლენის გაფართოება-აღდგენისაკენ არის მიმართული და არა - მხოლოდ იარაღის ძალით.

პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს დონალდ ტრამპის პოლიტიკას ძალისმიერი აქტიურობისაგან თავშეკავება განაპირობებდა. მან დაიწყო მოლაპარაკება ავღანეთთან, აშშ-ის ჯარების გამოყვანაზე (რაც ჯო ბაიდენმა ყველაზე უარესი სცენარით განახორციელა). დონალდ ტრამპმა დაიწყო ურთიერთობების მოგვარება ჩინეთთან, ირანთან... იგი ხისტად ლაპარაკობდა, მაგრამ თავს იკავებდა იარაღის ჟღარუნისაგან.

აქედან გამომდინარე, მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს დონალდ ტრამპი უფრო დამაჯერებლად იმოქმედებს. ამერიკა, მისი ლიდერობით, ზურგს კი არ შეაქცევს მსოფლიო პროცესებს, როგორც ამას მისი ოპონენტები ამტკიცებენ, არამედ - უარს იტყვის გადაჭარბებულ ამბიციებზე ახლო აღმოსავლეთში და კვლავ მოუწოდებს თავის შეძლებულ, მდიდარ ევროპელ მოკავშირეებს, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ასევე დიდია იმის ალბათობა, რომ დონალდ ტრამპი ყურადღების კონცენტრირებას ჩინეთზე მოახდენს, რათა პეკინი ეკონომიკურად დაჯაბნოს ანუ სამხედრო კონფლიქტისა და ახალი ცივი ომის თავიდან აცილების გზით.

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი მეტ ძალისხმევას მიმართავს იმისკენ, რომ აშშ უზრუნველყოფილი იყოს საკუთარი ენერგიით და ენერგეტიკული რესურსებით. იგი გააუქმებს რიგ კანონებს ენერგეტიკის სფეროში. ეს ნაბიჯი იმ შედეგს გამოიღებს, რომ ამერიკა აღარ იქნება დამოკიდებული სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობზე. ბოლო 50 წლის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტები იძულებულნი იყვნენ, ანგარიში გაეწიათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის სწორედ ნავთობის გამო. დონალდ ტრამპს შეუძლია ისეთი პოლიტიკა გაატაროს, რომ რეგიონში ამერიკის ჯარების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდეს.

რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის მოწინააღმდეგეებს სათანადო პასუხის გაცემის გარეშე დატოვებს (ჩინეთს და რუსეთს). მას შეუძლია მოკავშირეების მიმართაც სიმკაცრე გამოიჩინოს (ვთქვათ, საუდის არაბეთის მიმართ). მაგრამ დონალდ ტრამპი არავითარ შემთხვევაში არ ჩაითრევს ამერიკას ახალ ცივ ან ცხელ ომში. მან იცის, რომ ომები და კონფლიქტები აშშ-ის (და საერთოდ არავის) ინტერესებში არ უნდა იყოს. ამას ადასტურებს დონალდ ტრამპის პოლიტიკა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს. ამას ადასტურებს ისიც, რომ ექსპრეზიდენტი მსოფლიო პოლიტიკას განიხილავს, არა როგორც გეოსტრატეგიული, არამედ - გეოეკონომიკური ტერმინებით და ცდილობს, კონფლიქტები დაარეგულიროს ეკონომიკური და არა - სამხედრო საშუალებებით. „ჩვენ დიდი ეკონომიკური ძალა გვაქვს, მაგრამ თუ მე შევამჩნევ, რომ რომელიმე პრობლემას ეკონომიკური საშუალებით მოვაგვარებ, პრიორიტეტს სწორედ მას მივანიჭებ“, - ამბობდა დონალდ ტრამპი 2019 წელს.

დონალდ ტრამპი ჩინეთთან ურთიერთობაში, სავარაუდოდ, ტაივანის ფაქტორის მნიშვნელობას შეამცირებს. ტაივანი ამერიკის მოკავშირე არ არის და ამიტომ არ ღირს მის გამო ჩინეთთან ომის გარისკვა. ამერიკამ უნდა მოახერხოს, რომ აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებმა ჩინეთის შეკავება, გაერთიანებული ძალებით, აშშ-ის უშუალო ჩარევის გარეშე შეძლონ.

რუსეთი, რასაკვირველია, შეერთებული შტატების ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. კრემლს ჯერ კიდევ აქვს სამხედრო ძალა, მაგრამ ვაშინგტონმა იმასაც უნდა გაუწიოს ანგარიში, რომ რუსეთი აშშ-ის არსებობას უშუალო და პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის. ამიტომაც უაზრობა იქნებოდა, რომ ვაშინგტონმა უკრაინისათვის ჩეკების გამოწერა უსასრულოდ გააგრძელოს. დაე, რუსეთ-უკრაინის პრობლემა ევროპამ თავისი შესაძლებლობებით მოაგვაროს, ეს ევროპელების საქმეა და მათ უნდა იზრუნონ. თუ ისინი თვლიან, რომ მოსკოვი მათ ემუქრებათ, მაშინ მათ მეტი დახმარება უნდა გაუწიონ უკრაინას და გააძლიერონ. ამერიკამ „მეგობრული“ ზეწოლა უნდა მოახდინოს ევროპელებზე. ანალოგიურად უნდა იმოქმედოს სამხრეთ კორეამაც - იგი უფრო მდიდარია, ვიდრე - ჩრდილოეთი კორეა, ამიტომ მან საკუთარი ძალებით უნდა შეძლოს ჩრდილოელი მეზობლის შეკავება. აშშ-ის არაბმა პარტნიორებმა კი უნდა მოახერხონ, რომ ისრაელთან ერთად შეაჩერონ ირანი, ამერიკა კი რეგიონიდან თავის ჯარს გაიყვანს.

რეალობა ისეთია, რომ მსოფლიო ძალთა ბალანსის აღდგენის ფაზაში შედის ანუ აშშ-ის ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება. ლოგიკური იქნება, რომ ამ ფაზაში მოხდება გარკვეული უთანხმოება, დისჰარმონია, მეტოქეობა (რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდ.კორეიდან), მაგრამ ამ ეტაპზე სტაბილურობის მზარდი საფრთხე თვითონ ჰეგემონიდანაც მოდის, რომელიც სხვას გადაჭარბებულად ეხმარება და საკუთარ სისტემას ანგრევს. შეერთებული შტატები სწორედ ასეთი ტიტანის როლშია, რომელსაც სხვების დახმარებაში საკუთარი თავისთვის ძალა აღარ შესწევს. მას საგარეო ვალდებულებების შესრულების უნარი უსუსტდება. სწორედ ამით აიხსნება დონალდ ტრამპის უპირატესობა და მიმზიდველობა თავისი მხარდამჭერებისათვის, რომლებთაც ეზიზღებათ ამერიკის მმართველი კლასის კორუმპირებული წარმომადგენლები - ისინი, რომლებიც მზად არიან სხვებს დაეხმარნონ, ამით კიდევ უფრო გამდიდრდნენ და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები უყურადღებოდ დატოვონ.

დონალდ ტრამპი, თავისი მოქმედებით, ვაშინგტონში ბევრს შოკში ჩააგდებს, რაც, უეჭველია, საზოგადოებაში გარკვეულ უთანხმოებას გამოიწვევს. მაგრამ იგი დაპირებას იძლევა, რომ თავის ქვეყანას, თავის სამშობლოს დიდებას დაუბრუნებს, რომ ამერიკა ისევ დიდებული ქვეყანა გახდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო