პუტინის შანტაჟი აპოკალიფსით და კიდევ ერთხელ შერყეული მსოფლიო უსაფრთხოება - ვინ გამოკრავს ხელს ჩახმახს?! - კვირის პალიტრა

პუტინის შანტაჟი აპოკალიფსით და კიდევ ერთხელ შერყეული მსოფლიო უსაფრთხოება - ვინ გამოკრავს ხელს ჩახმახს?!

შშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა განლაგებაც", - განაცხადა გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა. ეს მხოლოდ განცხადება არ არის, ეს მეორე "ცივი ომის" ახალ, უფრო საშიშ ეტაპზე გადასვლის მომასწავებელია, რაც ჩვენს პლანეტას უფრო აახლოებს ბირთვული ომის აპოკალიფსთან. ფაქტობრივად, მეორდება პირველი "ცივი ომის" 1970-იანი წლები, როდესაც მსოფლიოში ბირთვულმა სარაკეტო დაპირისპირებამ ზენიტს მიაღწია - საბჭოთა კავშირმა და აშშ-მ თავიანთი ბირთვული რაკეტები ევროპაში განათავსეს და ერთმანეთს დაუმიზნეს.

მართალია, სტრატეგიული დანიშნულების საკონტინენტთაშორისო ბირთვულქობინიანი რაკეტები მოსკოვსა და ვაშინგტონს ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან ჰქონდათ ერთმანეთისკენ მიმართული, მაგრამ მცირე და საშუალო რადიუსის ბირთვულქობინიანი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების განლაგებამ ევროპის ტერიტორიაზე ყველაფერი უკიდურესად გაართულა.

სიმართლე ითქვას, ევროპაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 1977 წლიდან საბჭოთა კავშირმა ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზე ალექსანდრე ნადირაძის "პიონერის" 300-მდე თვითმავალი სარაკეტო დანადგარი განათავსა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ალექსანდრე ნადირაძეს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა კავშირის მაშინდელ თავდაცვის მინისტრ დიმიტრი უსტინოვთან, რამაც "პიონერების" სერიული წარმოება დააჩქარა.

ნატო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ნადირაძის საშუალო სიშორის "პიონერის" რაკეტას მაქსიმალურ 5 ათას კმ-ზე 150 კილოტონა სიმძლავრის სამი თერმობირთვული ქობინი გადაჰქონდა, რაც ნიშნავდა, რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში განლაგებული საბჭოთა სამხედრო ბაზებიდან გაშვებული "პიონერები" მთელ ევროპას "დაფარავდნენ". ამასთან, "პიონერების" სარაკეტო დანადგარები მობილური იყო და მათი აღმოჩენა-განადგურება ძალზე ძნელი გახლდათ.

"პიონერების" საპასუხოდ მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ევროპაში ამერიკული საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა "პერშინგ-2"-ები გადაისროლა.

ამჯერად არასახარბიელო სიტუაციაში კრემლის ბინადრები აღმოჩნდნენ, რადგან ამერიკულ "პერშინგს" გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 10-12 წუთი სჭირდებოდა 80-კილოტონიანი ბირთვული ქობინის მოსკოვის ცენტრამდე "მისატანად".

რუსული მობილური სარაკეტო დანადგარ "ისკანდერ-M"-ის მოდერნიზებული ვარიანტი, რომელსაც ოთხი ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტის გაშვება შეუძლია - ეს რაკეტები საზღვაო ბაზირების "კალიბრების" სახმელეთო ვარიანტია და სავარაუდოდ, 2 500 კმ-მდეც მიფრინავენ, რითაც არღვევდნენ "საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის" ხელშეკრულებას, რომელიც 500-დან 5 500 კმ-მდე ფრენის სიშორის სახმელეთო სტარტის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების სრულ ლიკვიდაციას ითვალისწინებდა აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის/რუსეთის არსენალებში...

პენტაგონმა დასავლეთ ევროპაში სახმელეთო ბაზირების "ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტებიც განათავსა. მართალია, მათი ფრენის სიჩქარე დიდად ჩამოუვარდებოდა ბალისტიკური რაკეტისას, სამაგიეროდ, ბირთვულქობინიანი "ტომაჰავკი" დედამიწის რელიეფის მიყოლებით, ძალიან დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა და საბჭოთა რადიოლოკატორებს ძალიან გაუჭირდებოდათ მათი დროული აღმოჩენა.

საჰაერო-ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას რამდენიმე წუთი სჭირდება მოწინააღმდეგის სტარტაღებული რაკეტების რადიოლოკატორებით აღმოჩენის, მათი ფრენის ტრაექტორიის დადგენისა და მართვის პუნქტში საპასუხო მოქმედებისთვის (იქნება ეს ანტირაკეტების გაშვება თუ საპასუხო სარაკეტო ზალპი), თუმცა დროის სიმცირე ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის, რათა, მაგალითად, კრემლის მიწისქვეშა ბირთვულსაწინააღმდეგო ბუნკერში მოასწრონ თავის შეფარება.

ეს პრობლემა აქტუალური იყო ჯერ კიდევ პირველი "ცივი ომის" დროს, როდესაც ამერიკულ საკონტინენტთაშორისო რაკეტებს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან მოსკოვამდე მისაღწევად 25-30 წუთი სჭირდებოდათ. ნახევარი საათი საკმარისი იყო, რომ თვით მოფახფახებული ბრეჟნევიც კი მიწისქვეშა ბუნკერში დაემალათ, მაგრამ სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც დასავლეთ ევროპაში ამერიკელებმა "პერშინგები" განათავსეს, რომლებსაც 12 წუთიც ჰყოფნიდათ, მაგალითად, ფრანკფურტის მიდამოებიდან კრემლამდე დაუპატიჟებლად "სტუმრობისთვის".

ამის შედეგად წაგებული ისევ საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა, რადგან ნადირაძის "პიონერები" აღმოსავლეთ გერმანიიდან 5 ათასი კმ-ის რადიუსში კი "ფარავდნენ" თითქმის მთელ ევროპას, მაგრამ ვერ სწვდებოდნენ ოკეანისგაღმელ აშშ-ს, სამაგიეროდ, დასავლეთ ევროპიდან სტარტაღებულ ამერიკულ "პერშინგს" ბირთვული ქობინის კრემლამდე "მიტანა" 12 წუთში შეეძლო.

სწორედ ეს გარემოება გახდა უმთავრესი მიზეზი, რომ საბჭოთა კავშირი აშშ-ის ევროპიდან საშუალო და მცირე რადიუსის (500-დან 5 500-მდე კმ ფრენის სიშორის) სახმელეთო სტარტის რაკეტების გატანასა და სრულ ლიკვიდაციაზე დათანხმდა.

პირველი "ცივი ომის" პერიოდში დაპირისპირება მნიშვნელოვნად შემცირდა 1987 წელს, როდესაც ვაშინგტონში 8 დეკემბერს აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტებმა რონალდ რეიგანმა და მიხაილ გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს "საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის" ხელშეკრულებას.

"ისკანდერ-M"-იდან სტარტაღებული ბირთვული ქობინის წაღების უნარის მქონე რუსული ფრთოსანი რაკეტა ფრთების გაშლამდე...ეს ხელშეკრულება 1988 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდა და სამ წელში, 1991 წლის ივნისამდე, საბჭოთა კავშირმა გაანადგურა 1 846, ხოლო აშშ-მა 846 ერთეული საშუალო (1 000-დან 5 500 კმ) და მცირე (500-დან 1 000 კმ) სიშორის მოქმედების რაკეტა.

თუკი ამერიკელებს მოუწიათ ევროპიდან საერთოდ გაეტანათ და გაენადგურებინათ "პერშინგ-2"-ის ტიპის ყველა ბალისტიკური და სახმელეთო სტარტის "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტა, საბჭოთა მხრიდან ლიკვიდირებული რაკეტების უმეტესობა ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძის შექმნილი მობილური "პიონერები" იყო.

მას შემდეგ ევროპა სამი ათეული წლის განმავლობაში ბირთვულ საფრთხეზე აღარ ფიქრობდა, სანამ 2019 წელს მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკული მხარე ოფიციალურად არ გამოიყვანა "საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის" ხელშეკრულებიდან, რის მიზეზადაც დასახელდა, რომ რუსეთმა ფარულად შექმნა და გამოცადა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს "ისკანდერის" ახალი ფრთოსანი რაკეტა, რომლის ფრენის სიშორე აღემატებოდა 500 კმ-ს და შესაბამისად, არღვევდა ზემოხსენებული ხელშეკრულების პარამეტრებს.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაცია რეალობას შეესაბამებოდა, რაც დადასტურდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მართლაც გამოცადა 500 კმ-ზე შორს მფრენი "ისკანდერის" ახალი რაკეტები, მაგრამ აშშ-ის ამ ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შემდეგ კრემლს ხელ-ფეხი გაეხსნა ევროპისკენ ახალი საშუალო სიშორის რაკეტების დასამიზნებლად.

მართალია, საბედნიეროდ, აღარ არსებობს ვარშავის ხელშეკრულება და აღარც ის საბჭოთა კავშირი, რომელიც დასავლეთ გერმანიამდე აკონტროლებდა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილს პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის, ჩეხოსლოვაკიისა თუ ბულგარეთის ჩათვლით, მაგრამ დღევანდელ რუსეთს ანკლავის სახით დარჩა კალინინგრადის ოლქი, საიდანაც სტარტაღებულ საშუალო სიშორის ბირთვულქობინიან რაკეტებს ნატოს წევრი თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის დედაქალაქამდე მიღწევა შეეძლებათ.

ამიტომაც მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ძალიან მტკივნეული იქნება, თუკი ევროპაში ბირთვულქობინიანი რაკეტები დაბრუნდება.

განაგრძე კითხვა