რჩება თუ არა ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში?! - ფრანგ სპეციალისტს კონტრაქტის 2024 წლის 31 დეკემბერს ეწურება - კვირის პალიტრა

რჩება თუ არა ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში?! - ფრანგ სპეციალისტს კონტრაქტის 2024 წლის 31 დეკემბერს ეწურება

ჯერ კიდევ მარტის პლეი-ოფებამდე ვილი სანიოლმა თქვა, რომ როგორც არ უნდა დასრულებულიყო ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან მატჩები, დატოვებდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს.

სწორედ იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგ სპეციალისტს ირლანდიის ნაკრებში ეპატიჟებოდნენ. როგორც ჩანს, სანიოლი სერიოზულად განიხილავდა ახალ გამოწვევაზე წასვლას...

მაგრამ მოვიდა 21 მარტი, დავამარცხეთ ლუქსემბურგი, ხუთ დღეში კი "დინამო არენაზ" გათამაშდა ის დაუვიწყარი დრამა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანა.

იმ მომენტში, რა თქმა უნდა, ირლანდია არავის ახსოვდა. კარგად გვახსოვს სიხარულისგან აცრემლებული სანიოლი. აკი მისმა შვილმა თქვა კიდეც მაშინ, რომ მამამისის თვალებზე პირველად ნახა ცრემლები, თუნდაც სიხარულის...

ცხადია, ამ ორი გამარჯვებით შეიქმნა წინაპირობა, რომ სანიოლი საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზეც გაუძღვებოდა...

მოვიარეთ ეს ევროპის ჩემპიონატიც, ჩვენთვის ისტორიული ტურნირი, რომლის თითოეული დღე, თითოეული მატჩი და ლამის თითოეული ეპიზოდიც კი ჩვენი ფეხბურთის ახალ ისტორიად იქცა...

რა თქმა უნდა, ევრო 2024 მარტო ემოცია და სიხარული არ იყო. პირველ რიგში, ეს გახლდათ ძალიან დიდი სკოლა გამოცდილებისთვის, რაც ასე სჭირდებოდა ჩვენს ნაკრებს.

ერთია, თამაშობდე კარგ კლუბებში და კარგ ჩემპიონატებში, და მეორეა კომპაქტური სანაკრებო ტურნირი, რომელსაც თავისი სპეციფიკა აქვს და რომელსაც აუცილებლად სჭირდება გამოცდილება. ეს გამოცდილება ჩვენმა გუნდმა ნამდვილად მიიღო, რაც ნამდვილად ფასდაუდებელი რამ არის.

...2 ივლისს, თავისუფლების მოედანზე გამართული ზეიმის დროს, სანიოლმა პირდაპირ თქვა, რომ... საქართველოს ნაკრებში რჩება. აი, მისი სიტყვები:

"გასული სამნახევარი წელიწადი ძალიან დატვირთული იყო, ბევრი ვიშრომეთ, ბევრი ოფლი დავღვარეთ... იმედია, ასეთივე იქნება შემდეგი სამნახევარი წელიწადიც".

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და მოსიე ვილი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმებულები არიან და მალე ეს ოფიციალურადაც გამოცხადდება. ცნობისთვის, ფრანგი სპეციალისტის ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლის 31 დეკემბერს იწურება.

განაგრძე კითხვა