შავი დღე უკრაინის არმიისთვის: შეცდომა, რომელიც დანაშაულის ტოლფასია - როგორ გაანადგურეს რუსებმა 6 უკრაინული თვითმფრინავი - კვირის პალიტრა

შავი დღე უკრაინის არმიისთვის: შეცდომა, რომელიც დანაშაულის ტოლფასია - როგორ გაანადგურეს რუსებმა 6 უკრაინული თვითმფრინავი

ომში საბრძოლო დანაკარგებისგან თავის სრული არიდება, უბრალოდ, შეუძლებელია, მაგრამ გაოცებას იწვევს, როდესაც შეცდომებისა თუ არაპროფესიონალიზმის გამო მოწინააღმდეგეს „კოჭს უგორებ“ და კარგ საშუალებას აძლევ, დიდი დარტყმა მოგაყენოს...

სხვანაირად ნამდვილად ვერ შეფასდება ის, რაც უკრაინის მირგოროდის სამხედრო აეროდრომზე მოხდა, ორი დღის წინ, როდესაც ორმა რუსულმა ოპერატიულ-ტაქტიკურმა აერობალისტიკურმა რაკეტამ - „ისკანდერმა“ თავისი კასეტური ქობინების აფეთქებით არანაკლებ ექვსი უკრაინული Су-27 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი დააზიანა/გაანადგურა...

და ამ ყველაფერს იღებდა და კორექტირებას უწევდა ამ უკრაინული სამხედრო აეროდრომის სიახლოვეს საათობით დაუსჯელად მფრენი რუსული მზვერავი დრონი...

ასეთ სერიოზულ შეცდომებს აქამდე, ძირითადად, რუსულ სამხედრო აეროდრომებზე უშვებდნენ „პუტინის არწივები“, როდესაც საბრძოლო თვითმფრინავები აეროდრომებზე, ღია ცის ქვეშ და თანაც - გვერდიგვერდ ეყენათ, რომლებიც უკრაინული კამიკაძე-დრონებისა თუ ფრთოსანი რაკეტების „გემრიელი ლუკმა“ ხდებოდნენ...

1-mir-1719997755.jpg
უკრაინული Су-27-ები მირგოროდის აეროდრომზე, ღია ცის ქვეშ, გვერდიგვერდ: ეს ფოტო ომის დაწყებამდეა გადაღებული და ახლა ასე აღარ აყენებენ, მაგრამ რუსულ „ისკანდერებს“ რამდენიმე უკრაინული გამანადგურებელი მაინც ვერ გადაურჩა...

მაგრამ იმავე ანკესზე წამოეგნენ თავად უკრაინელებიც, მირგოროდის აეროდრომზე, რომელიც 150 კმ-ზე მეტადაა დაცილებული ფრონტის ხაზიდან და ეტყობა, იმედი ჰქონდათ, რომ რუსები ვერ მისწვდებოდნენ...

აეროდრომებზე საბრძოლო თვითმფრინავების განადგურების საფრთხე ამ ომში დიდ პრობლემად გადაიქცა, როგორც რუსებისთვის, ისე - უკრაინელებისთვის, რაც გამოწვეულია ამ, ძვირად ღირებული საფრენი აპარატების ღია ცის ქვეშ დაყენებით, რადგან ზოგიერთ აეროდრომზე ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებულ თაღური კონსტრუქციის რკინაბეტონის დაცულ ანგარებში შედარებით თანამედროვე Су-27-ები, ფრთის სიგანის გამო, უბრალოდ, არ ეტევიან, რადგან საბჭოთადროინდელი 2А13 ტიპის სააეროდრომო თაღოვანი ტიპის ანგარის სიგანე 12,9 მ-ია, ხოლო Су-27-ის ფრთაგაშლილობა კი - 14,698 მ-ი...

2-mirg-1-1719997713.png

რუსული საფრონტო ბომბდამშენი Су-34-ი, რომელიც ასევე ვერ ეტევა საბჭოთადროინდელ 2А13 ტიპის სააეროდრომო თაღოვანი ტიპის ანგარში...

სამაგიეროდ, ის F-16-ები, რომლებსაც უკრაინა დასავლეთ ევროპიდან მალე მიიღებს ან პირველი პარტია შეიძლება უკვე მიიღო კიდეც, Су-27-ებზე უფრო დაცულები აღმოჩნდებიან იმის გამო, რომ F-16-ის ფრთაგაშლილობა მხოლოდ 9,45 მ-ია ანუ ათ მეტრსაც კი არ აღწევს, უკრაინისთვის გადაცემული ყველა F-16-ის საიმედოდ შენახვა-გადამალვა შეიძლება ყოფილ საბჭოთა აეროდრომებზე აგებულ, დაცულ რკინაბეტონის ანგარებში, რომლებშიც 14,7 მ ფრთაგაშლილობის Су-27-ები, უბრალოდ, ვერ ეტევიან (უკრაინელებს შველით ის ტექნიკური ნიუანსი, რომ ბრიტანული და ფრანგული ფრთოსანი რაკეტების გამშვები მათ Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენების ფრთის კონსოლების ისრისებურებად იცვლება და „ფრთების დაკეცვის“ შემდეგ ის 17,6 მ-იდან 10,3 მ-მდე მცირდება, რაც ამ ბომბდამშენების დაცულ ანგარებში მოთავსებისა და რუსული მუდმივი საჰაერო დარტყმებისგან გადარჩენის შანსს იძლევა).

ანალოგიური პრობლემები გვაქვს ჩვენც, რადგან ქართული არმიის ძირითადი საბრძოლო თვითმფრინავების, მოირიშე Су-25-ების ფრთაგაშლილობა 14,36 მ-ია და ისიც ვერ ეტევა საბ­ჭოთადროინდელი 2А13 ტიპის სააეროდრომო თაღოვანი ტიპის 12,9 მ სიგანის ანგარში.

თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ ქართული „მიმინოების“ დაცვის დონე ბაზირების აეროდრომებზე, ამაზე „კვირის პალიტრის“ 2022 წლის 26 აგვისტოს სტატიაში - „მეტრ-ნახევარი, რომელიც არ გვყოფნის ქართული "მიმინოების“ საიმედოდ დასაცავად“, დეტალურად განვიხილეთ...

3-mir-1719997773.png
რუსული „ისკანდერებით“ შეტევის მომენტში მირგოროდის აეროდრომზე, დაახლოებით, ასე ჰქონდათ განთავსებული თავისი Су-27-ები უკრაინელებს და ეხლა თავს იმით ინუგეშებენ, რომ აფეთქებული და დაზიანებული თვითმფრინავებიდან ნაწილი მაინც ჩამოწერილი გახლდათ და სატყუარას როლს თამაშობდნენ...