საჰაერო ვირაჟიდან ვეღარ გამოვიდა, ცხვირით შეიჭრა მიწაში, პილოტს კატაპულტირება არ განუხორციელებია - ქართული სუ-25-ის კატასტროფის დეტალები
„ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი, დაღუპული მფრინავის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში“ -აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2 ივლისს ბოლნისის რაიონში ქართული სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის ავიაკატასტოფის მეორე დღეს და ამატებენ, რომ „წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა“
ამ ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი დღის შემდეგ შეიძლება იმის დამატება, რომ მოიერიშე თვითმფრინავი მორიგი საჰაერო მანევრიდან ვეღარ გამოვიდა და ფაქტობრივად ცხვირით დაჯახა მიწას. მას ჰაერში ფრენისას ცეცხლი არ გასჩენია. მფრინავს კატაპულტირება არ განუხორციელებია, შეიძლება ვერ მოასწრო.
თვითმფრინავის რეაქტიული ძრავების ტურბინების ფრაგმენტებში აღმოჩენილი მიწა შეიძლება იმაზე მიუთითებს, რომ ძრავები გამართული იყო და მიწასთან შეჯახების მომენტისთვისაც მუშაობდნენ.
კატასტროფაგანცდილი საბრძოლო თვითმფრინავი მოდერნიზებულ „მიმინოს“ მოდიფიკაციას წარმოადგენდა და ეყენა, როგორც საშტატო „ტესტერის“ ტიპის ე.წ. შავი ყუთი, ასევე ვიდეორეგისტრატორიც, რომელიც კაბინაში მფრინავის მოქმედებებს და ხელსაწყოების ჩვენებებსაც იღებს.
თუკი ეს მონაცემები გადაურჩა 14 ტონიანი შეჯავშნული მოიერიშე თვითმფრინავის მიწასთან საშინელი ძალით შეჯახებას, მაშინ ისინი ნათელს მოფენენ თუ რამ გამოიწვია ეს მძიმე ტრაგედია...