"ორი დისტანცია ვიცურე და ორივეზე საქართველოს ახალი რეკორდი დავამყარე. შემდეგი გაჩერება ოლიმპიადაა" - გაიცანით ბიჭი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა და ოლიმპიადის საგზური მოიპოვა - კვირის პალიტრა

"ორი დისტანცია ვიცურე და ორივეზე საქართველოს ახალი რეკორდი დავამყარე. შემდეგი გაჩერება ოლიმპიადაა" - გაიცანით ბიჭი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა და ოლიმპიადის საგზური მოიპოვა

სულ რამდენიმე წუთით მოვწყდეთ ფეხბურთს და 18 წლის თბილისელი მოცურავე ნოე ფანცხავა გავიცნოთ, ბიჭი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა და გულაღმა ცურვით ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. ნოეს სოციალურ ქსელში დავუკავშირდით და საქართველოდან შორს, საფრანგეთში, მის ცხოვრებაზე ვესაუბრეთ. 18 წლის არის, თუმცა ბევრ რამეზე აქვს ნაფიქრი, სირთულეებიც გამოუვლია და საკუთარი ოცნებისთვის ბრძოლას არ წყვეტს, თან საქართველოს თავისი შეუპოვარი ხასიათით და მიღწევებით მსოფლიოს აცნობს.

- ნოე, ბავშვობიდან ცურავ, გახსოვს შენი და წყლის პირველი შეხვედრა?

- რაც თავი მახსოვს, ვცურავ, 4 წლის ვიყავი, როდესაც მამამ საჭყუმპალაო აუზზე ცურვის სასწავლად მიმიყვანა. მამა, ირაკლი ფანცხავა ყოფილი მოცურავეა და უნდოდა, მეც კარგად მესწავლა ცურვა. 4 წლის ნოესთვის ცურვა ახალი რაღაც იყო, სურვილი მქონდა გამომსვლოდა და სხვათა შორის, მალევე ავითვისე. ბავშვობიდან მებრძოლი ხასიათი მაქვს და წყალსაც ასე მივუდექი. მოცურავედ ჩამოყალიბება სრულიად ჩემი არჩევანი იყო, მამამ ჩამისახა აზრი, რომ ცურვა მესწავლა, თუმცა ამ გზაზე ჩემი ინიციატივით დავდექი. 15 წლის ასაკში, ყველა ასაკში მოცურავეთა შორის, საქართველოს ჩემპიონი ვიყავი, ალბათ პირველად მაშინ გადავწყვიტე მოცურავე გავმხდარიყავი, როდესაც ვიგრძენი, რომ მქონდა შანსი მსოფლიო დონეზე ავსულიყავი.

image00003-1720099002.jpeg

- რაიმე სხვა პროფესიაზე არ გიფიქრია?

- ფსიქოლოგობა მინდოდა, თუმცა არა როგორც პროფესია, უბრალოდ რომ შემესწავლა. ალბათ, როდესაც ცურვიდან წავალ, ფსიქოლოგიას შევისწავლი.

- ცურვიდან წასვლა მომესმა, თავის დანებებას აპირებ?

- ცურვა ისეთი სპორტია, რომ მოცურავეები 22-23 წლის ასაკში თავიანთი თავის მაქსიმალურს აღწევენ, მეც სულ ამ პროფესიაში ვერ ვიქნები. ალბათ 23 წლის ასაკში უკვე ახალ მიმართულებას ავირჩევ, რაიმე პროფესიას შევისწავლი და სხვა ცხოვრებას დავიწყებ. არ დავმალავ და ამაზე ფიქრი დაწყებული მაქვს, მინდა, ჩემს ცხოვრებაში რაიმე ახალი ხდებოდეს. ცურვა არ არის ისეთი სპორტი, სადაც შესაძლებლობა გაქვს, ვარჯიშის პარალელურად, სხვა რაღაცები აკეთო, რაც გიტაცებს და დროს მოითხოვს. ცურვა ბევრ გზას გიბლოკავს, რეჟიმი, ვარჯიშები, დისციპლინა, ამისთვის რაღაცებს თმობს მოცურავე.

image00004-1720098755.jpeg

- კარგი თემა ახსენე, როგორია მოცურავის ცხოვრება?

- ერთი-ორი წლის წინ რომ გეკითხათ, გეტყოდით, კარგია, რეჟიმში ხარ-მეთქი, იმასაც ვიტყოდი, რომ არაფერი მაკლდა, არც გართობა და არც დასვენება, თუმცა ვაღიარებ, რომ რთულია, ცხოვრებაში ბევრ რამეზე უარის თქმა გიწევს, ისეთ რამეებზე, რაც ამ ასაკში გინდა, თუნდაც 9 საათზე დაძინება, მინდა 9-ზე გარეთ გავდიოდე და გართობას ვიწყებდე, მინდა, საყვარელი ადამიანები მუდამ არ მენატრებოდნენ და მათთვისაც მქონდეს თავისუფალი დრო. ამიტომ, არ არის მარტივი, როდესაც დიდ სპორტს ირჩევ ცხოვრებაში, ფასეულობებს განსხვავებულად ალაგებ.

- სპორტსმენობას დიდი გამძლეობა სჭირდება, როგორ ახერხებ ამ გამძლეობის შენარჩუნებას?

- გამძლეობა აღზრდიდან მოდის, ადამიანზე ბევრი რამაა დამოკიდებული, როგორია, როგორად ჩამოყალიბდა მეგობრებში, სოციუმში, თუმცა დიდი ფაქტორია ისიც, როგორი ხარ შინაგანად. თუ თავიდანვე დისციპლინას გაჩვევენ და ამასთან ერთად, ყველაფერი შინაგანად გაქვს გამჯდარი, ბევრი ძალისხმევა აღარ გჭირდება, რომ სპორტში რთულ სიტუაციებს გაუძლო. ფსიქოლოგიურად მყარი უნდა იყო, უნდა იცოდე, რა გელოდება წინ.

- რა გამოარჩევს ცურვას სპორტის სხვა სახეობებისგან?

- წყალბურთის და სხვა გუნდური სპორტისგან განსხვავებით, ცურვა ინდივიდუალური სპორტია. ცურვაში მაინც ბევრ ადამიანზეა დამოკიდებული შენი წარმატება, თუმცა სტარტზე რომ დგახარ, იქ მარტო რჩები, შენი თავის იმედი გაქვს, ისევ შენ უნდა გააკეთო საქმე. ზუსტად ეს მომწონს ცურვაში, ჩემი თავის იმედს ვიქმნი და ვიცი, რა შემიძლია გავაკეთო. შენ ვარჯიშობ და შედეგსაც შენ დებ.

- კარიერის შექმნაში დიდი როლი აქვს მოტივაციას, ვინ არის შენთვის მოტივაციის მთავარი წყარო?

- მთავარი მოტივაციის წყარო, პირველ რიგში, ჩემი თავია, მინდა ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ შემიძლია რაღაც ისეთის გაკეთება, რაც საქართველოს ისტორიაში არავის გაუკეთებია. მთავარი მოტივაცია ის არის, რომ ამ სპორტიდან წასვლის შემდეგ, ჩემს თავს არ ვუთხრა, რომ მეტი შემეძლო. ჩემი თავის გარდა, სხვა მოტივატორებიც მყავს ირგვლივ. ჩემი საყვარელი ადამიანები დღემდე მეხმარებიან, რომ სტიმული არ დავკარგო.

image00002-1720098769.jpeg

- რა ფიზიკური სირთულეების გამკლავება უწევს მოცურავეს კარიერის განმავლობაში?

- დავიწყოთ იმით, რომ ცურვა ტრავმული სპორტია, ამ სპორტში რომ ძლიერი იყო, დარბაზში ინტენსიური ვარჯიში გჭირდება, მხოლოდ წყალი შედეგს ვერ დაგიდებს. ზოგადად ცურვაში, ყველაზე სტრესული პერიოდი მაშინ იწყება, როდესაც ყველაფერი ცუდად მიდის. ამის გადალახვაა რთული და ამ დროს პოზიტიური აზრების შენარჩუნება კიდევ ორმაგად რთულია.

- სად ხარ ახლა, სად ვარჯიშობ?

- ახლა ვარ შარტში, დავასრულე ასპარეზობა საფრანგეთის ღია პირველობაზე, 2 დისტანცია ვიცურე და ორივეზე საქართველოს ახალი რეკორდი დავამყარე, ერთში საქართველოს საუკეთესო შედეგიც დავდე, 823 ქულა მოვაგროვე, ეს არის საუკეთესო შედეგი, რაც აქამდე დაფიქსირებულა. შემდეგი გაჩერება უკვე ოლიმპიადაა, რომელიც აგვისტოში ჩატარდება და პარიზში ვიასპარეზებ.

image00001-1720099050.jpeg

- უკვე ოლიმპიადაზე მიდიხარ, მოგვიყევი ამაზეც...

- გავდივარ Wild Card-ით, შევძელი საქართველოში საუკეთესო შედეგის დადება. ოლიმპიადაზე პირველად მოვხვდი, მივდივარ პარიზში, ოლიმპიადა ივლისის ბოლოს იწყება და ვნახოთ, იქ რა შედეგებს ვაჩვენებ. მსოფლიო ლეგენდებს შევხვდები, მათთან ასპარეზობა დიდი საჩუქარია ჩემთვის. ჩემი ცურვის სტილი - გულაღმაა, ამბობენ რომ გულაღმა ცურვა მარტივია, ჰაერთან პირდაპირი შეხება გაქვს, თუმცა სწორედ ეგ არის რთული, ჰაერის რეგულირება ზურგზე ყოფნისას, თან სიჩქარის აკრეფა, არაა მარტივი.

- სად ვარჯიშობ, სად გადიხარ პრაქტიკებს..

- ამ ეტაპზე ნიცაში ვვარჯიშობ, ბათუმში ვიყავი და ნიცაში ერთ-ერთ კლუბში გადმოვედი. ჩემმა მწვრთნელმა, იგორ ომელჩენკომ გამომიშვა ბათუმიდან საფრანგეთში თავის მეგობარ მწვრთნელთან, თუმცა ეს ყველაფერი დიდ ხარჯებს უკავშირდებოდა და ლადო ასლამაზაშვილმა, ჩემმა დიდმა მეგობარმა ხარჯები სრულად თავის თავზე აიღო.

- როგორც ვიცი ნიცაში ჩასვლამ შენი მოლოდინები ვერ გაამართლა, რატომ?

- ფრანგ მწვრთნელებს მიზანი აქვთ საკუთარი ფრანგი მოცურავეები განავითარონ არაფერში სჭირდებათ მათ ქართველის წარმატება. გუნდში არჩეული ჰყავთ 2-3 მოცურავე, ვისზეც მორგებულია პროგრამა, მორგებულია ვარჯიშები და ჩემნაირი მოცურავეები სპარინგ პარტნიორების როლში ჰყავთ. ჩვენზე პროგრამა არ იწერება დრო და ენერგია არ იხარჯება.

- კარიერა საქართველოში დაიწყე და კარგად იცი ეს სფერო, მოგვიყევი რა ხდება ქართული ცურვის სამყაროში?

- საქართველოში ცურვა, საწყლოსნო სპორტებიდან, ისე როგორც წყალში ხტომა და სინქრონული ცურვა დაჩაგრულია, საწყლოსნო სპორტებიდან უფრო დიდი ყურადღება ექცევა წყალბურთს. არ ცდილობენ ცურვის მიმართულების განვითარებას, აკლიათ ენთუზიაზმი, რაც ზოგად ფონსაც ეტყობა. მოცურავეები ენთუზიაზმით სავსე ხალხია, უბრალოდ ხელშეწყობა და მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ ეტაპზე საქართველოში მსოფლიო დონის კარიერას ცურვაში ვერ აიწყობ, იმიტომ რომ ელემენტარულ პირობებს არ გიქმნიან ამისთვის. გვისაუბრია ამაზე, შესაბამისი პირობების შექმნამდე მსოფლიო ჩემპიონატის მედალს გვთხოვენ, როგორ მოვიგოთ მედლები პირობების გარეშე. ცურვა ქართველებისთვის არ არის სანახაობრივი სპორტი, კულტურაში არ გვიზის და ამიტომაც უკანა პლანზეა გადაწეული. ცურვა მსოფლიოში მასობრივი სპორტია, პატარა სოფლებშიც კი საქართველოზე მეტი აუზია.

image00006-1720098979.jpeg

- ვინ გვყავდნენ საქართველოში ისტორიულად ლეგენდები ცურვაში?

- დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ირაკლი რევიშვილი, ლეგენდაა ცურვაში, გამორჩეულად კარგი მოცურავეა, დისციპლინირებული ადამიანი, მაგალითია ყველა კარგი სპორტსმენისთვის. ასევე ირაკლი ბოლქვაძე, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს პრიზიორია. თემო კობახიძე და კიდევ ბევრია. ასევე იგორ ომელჩენკო, ჩემი მწვრთნელი, უკრაინული გვარი აქვს, თუმცა ქართველია. იგორი რეკორდსმენია, მასთან გადავედი და მისივე რეკორდი მოვხსენი.

- ფეხბურთს თუ უყურებ?

- ვუყურებ და ვქომაგობ, როდესაც ნაკრები თამაშობს ვცდილობ არ გამოვტოვო, საქართველოს როგორ არ უნდა ვუგულშემატკივრო.

- თავისუფალ დროს რას საქმიანობს ნოე ფანცხავა?

- ბევრი დრო არ მაქვს ხოლმე, თუმცა ვცდილობ რეალიზება არ შევწყვიტო, ვკითხულობ, კარგ ფილმებს ვუყურებ ხოლმე.

- წიგნი ახსენე, რომელია შენთვის საყვარელი?

- მარტინ იდენი, ბევრ რამეში ვერ ვეთანხმები ჯეკ ლონდონს, თუმცა აზრიანი წიგნია.

- რას ეტყოდი 5 წლის ნოეს, იმ ბიჭს დიდი ოცნებები რომ ჰქონდა?

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ 5 წლის ნოე ახლანდელ ნოეს ეტყობა რაშია საქმე, რა არ წავიდა ისე როგორც გინდოდაო? 5 წლის ნოეს ეგონა რომ ბევრად უფრო მეტი ექნებოდა მიღწეული ვიდრე ახლა მაქვს, 18 წლის ასაკში მეგონა მსოფლიოს დაპყრობას შევძლებდი, თუმცა, მადლიერი ვარ ყველა ჩემი მიღწევის. 5 წლის ნოეს ამ გადმოსახედიდან ვეტყოდი რომ აბა შენ იცი, არ გაჩერდე შენი მიზნებისთვის მეთქი.

- გაქვს ოცნება, რომელსაც იცი რომ მიაღწევ მაგრამ ამ შემთხვევაში აუსრულებელია?

- კი, მინდა რაც შეიძლება მალე უზრუნველი ცხოვრება ავიწყო, გვერდში ის ადამიანები მყავდნენ, ვინც მუდამ მენატრებიან. ოცნებაზე ფიქრისას მარტო ჩემი საყვარელი ადამიანები მახსენდებიან.

- გიფიქრია სპორტული კარიერის შეწყვეტაზე, სტრესის, გარემოს ან მცირედი წარუმატებლობის ფონზე?

- 2 თვის წინ, სწორედ ამ ფიქრებმა შემაწუხა. ფსიქოლოგიურად რთული პერიოდი მქონდა, ცურვისას ცუდ შედეგებს ვდებდი და მესამე წელი ერთი და იგივე შედეგზე ვიდექი. ფაქტობრივად, ცურვის გაგრძელების აზრს ვერ ვხედავდი. ვფიქრობდი, რომ ოლიმპიადამდე რასაც გავაკეთებდი ეგ იქნებოდა ბოლო და დავანებებდი თავს, თუმცა ნათელი წერტილი გამოჩნდა, გავაკეთე და რეკორდიც მოვხსენი. სპორტში ასეც ხდება, დანებების სურვილი რეალურია, თუმცა ვებრძვით და ან გამოგვდის და ვაგრძელებთ ან ვნებდებით.

- ადამიანისთვის ეს ინტერვიუ მოტივაცია იქნება, მოგისმენენ და ბავშვებსაც მოუნდებათ ოლიმპიადაზე მოხვდნენ, რამეს ეტყოდი მათ?

- ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც მშობელი, ყველაზე ახლო ადამიანი, შენ თუ იცი, რომ რაიმე გინდა, არავის მოუსმინო, ბოლომდე გაიტანე შენი აზრები და აკეთე ის, რისიც გჯერა და არ მისცე მარცხებს და დაცემებს შენზე გავლენის მოხდენის საშუალება. ცოტა ცივსისხლიანად უნდა უყურებდე მარცხს, ხანდახან საჭიროა არარეალურადაც გჯეროდეს შენი ოცნებების და მიზნების, რომ განხორციელებას და ასრულებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდე. ყველას გვაქვს ფიქრები, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც გვინდა, მაგრამ მყარად უნდა გჯეროდეს, რომ დღეს თუ არა, ხვალ გამოვა და მოთმინებით დაელოდოთ ამას. ერთი მარტივი მიდგომა უნდა გვქონდეს, მე ეს რაღაც მჭირდება, გულით მინდა, ჰოდა, გავაკეთებ კიდეც.

(სპეციალურად საიტისთვის)