"კრემლში ხიზილალის მთები და შამპანურის მდინარეები იქნება" - რას წერს ფრანგული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"კრემლში ხიზილალის მთები და შამპანურის მდინარეები იქნება" - რას წერს ფრანგული გამოცემა?

"თუ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში (რომლის მეორე ტური 7 ივლისს უნდა გაიმართოს) წარმატებას მემარჯვენეები მიაღწევენ, ხოლო აშშ-ში, თეთრ სახლში შესასვლელად საარჩევნო რბოლაში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს (რაც ამჟამინდელ მომენტში ყველაზე რეალურად მოჩანს), მაშინ საბოლოოდ გამარჯვებული ვლადიმერ პუტინი იქნება“, - აცხადებს ფრანგულ ჟურნალ „ექსპრესში“ (L’Express) გამოქვეყნებულ ინტერვიუში (სათაურით: „აშშ-ის ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლით მოსკოვი გაიხარებს - კრემლში ხიზილალის მთები და შამპანურის მდინარეები იქნება“) პოლიტოლოგი ნიკოლ ტენზე, რომელსაც ჟურნალისტი თომას მალერი ესაუბრება. პოლიტოლოგის აზრით, დასავლეთის პოლიტიკაში ასეთი მკვეთრი ცვლილება ვლადიმერ პუტინისათვის დიდი ხნის ნანატრი და, იმავდროულად - საკმაოდ მოულოდნელი საჩუქარი იქნება.

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

პროფესორი ნიკოლ ტენზე, ფრანგი პოლიტოლოგი, რომელიც ამჟამად პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობს და მხარს უჭერს „რესპუბლიკურ ფრონტს“ (ფრანგი ცენტრისტებისა და მემარცხენეების გაერთიანებას მემარჯვენე ძალების წინააღმდეგ), თვლის, რომ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის - ეროვნული კრების არჩევნებში ნამდვილი გამარჯვებული უკვე ცნობილია: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. რუსი ლიდერი, როგორც ჩანს, მთავარი გამარჯვებული იქნება თეთრ სახლში შესასვლელად გამართულ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა რბოლაშიც: დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, კრემლში დიდი ზეიმი იქნება.

ექსპერტის აზრით, ევროპაში და, კერძოდ, საფრანგეთში მემარჯვენე ძალების ლიდერული პოზიციები, ასევე, დონალდ ტრამპის პირველობა აშშ-ის წინასაარჩევნო საპრეზიდენტო რბოლაში, რუსეთისათვის დიდი ხნის სასურველ და, იმავდროულად, საკმაოდ მოულოდნელ საჩუქრად უნდა ჩაითვალოს: მოსკოვს თითქმის არანაირი გარჯა არ მოუწევს ევროპისა და აშშ-ის დასასუსტებლად, მათ მარინ ლე პენი და დონალდ ტრამპი მშვენივრად დაასუსტებენ.

"ერთი რამ შეიძლება დარწმუნებით ითქვას: საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ნამდვილი გამარჯვებული ვლადიმერ პუტინია. [ემანუელ მაკრონის] გაუაზრებელი და სარისკო გადაწყვეტილების შედეგად საფრანგეთი - ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო ევროკავშირში და გაეროს უშიშროების საბჭოს ერთადერთი წევრი ევროკავშირიდან - ახლა უკვე საბოლოოდ და შეუქცევადად დასუსტებულია. უფრო მეტიც - თუ დონალდ ტრამპი 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, კრემლში ხიზილალის მთები დაიდგმება და შამპანურის მდინარეები დაიწყებენ დინებას. ეს ჩვენი მხრიდან აბსოლუტური თვითმკვლელობით მოქმედებას ნიშნავს", - აცხადებს ნიკოლ ტენზე ინტერვიუში.

გარდა ამისა, პროფესორმა მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც, პარლამენტის (ეროვნული კრების) დათხოვნის დროს „თვალი დახუჭა საფრანგეთის მდგომარეობაზე ევროპაში და მსოფლიოში, მხედველობაში არ მიიღო რუსეთის ეგზისტენციალური საფრთხე და უკრაინის ომი, რომელიც პარიზიდან სამი საათის ფრენის მანძილზე მიმდინარეობს. ანალიტიკოსის აზრით, მსგავსი მოქმედებით დასავლეთი სწრაფად უახლოვდება იმ კატასტროფას, რომლის შედეგად ბნელი საუკუნეები დაბრუნდება“.

წყარო